№34 რა მდგომარეობით განიცდის ტკბობას ანი გიუნტერი და რატომ გაუმართლა მას ყოფილ ქმარში
ტელეწამყვან ანი გიუნტერის ცხოვრებაში სიახლეებისა და აღმოჩენების ეტაპი დაიწყო. ის ახლა, შვილებთან ერთად, თავისუფლებით ტკბება და ვიდრე ქალაქის დამქანცველ რუტინას დაუბრუნდება, დადებით ემოციებს აგროვებს. როგორ მოიწყო ახალი წელი აგვისტოში, როგორ გამოიგონა „ტალახის თხილამურები“ და რატომ ფიქრობს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ყველაზე ბედნიერია, თავად გვიამბობს.
ანი გიუნტერი: ახლა ვარ აქტიური დასვენების პერიოდში, ძალიან ბედნიერი და თავისუფალი. ბევრჯერ გამიგია, მთავარია, დაისვენო, გამოიძინო და სხვანაირად შეხედავ მოვლენებსო, მაგრამ ეს სულ მითი მეგონა, რადგან მიმაჩნია, რომ ყოველთვის ადეკვატური ვიყავი კონკრეტულ სიტუაციაში და ჯანსაღად ვაზროვნებდი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამის საშუალება ხშირად არ მაქვს და ვერც კი წარმომედგინა, რომ თურმე, ადამიანს, რამდენიმედღიანი გამოძინების შემდეგ, სხვანაირად გეხატება სამყარო – ბევრად ლაღი, მხიარული და კარგია, ლამაზ სიზმარს ჰგავს... ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ეს პერიოდი დასვენებისთვის გამოვიყენო...
– ამჯერად სად ისვენებ?
– დღეს ჩამოვედი სიონიდან ჩემს შვილებთან ერთად და უახლოეს დღეებში სადმე ზღვის კურორტზე გამგზავრებას ვაპირებთ. სიონში დასვენება ჩვენს ოჯახში საზაფხულო ტრადიციაა, იქ სახლი გვაქვს, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, რომელიც ალბათ, უფრო დანგრევას ექვემდებარება, მაგრამ ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. ჩემთვის დასვენებაა ჩემს შვილებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, რომლებიც ხშირად სიურპრიზად დამადგებიან ხოლმე თავზე და ამით მარწმუნებენ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვუყვარვარ. სიონი არც ახლოსაა და არც ისე შორს, მაგრამ სრულიად უპირობოდ რომ გაახარო ადამიანი და ჩახვიდე, ამას სიყვარული სჭირდება.
– ცივი დღეები იყო, სიონში კი, ალბათ, ძალიან ციოდა...
– ჰაერის ტემპერატურა12 გრადუსი იყო და სიონი ზამთრის კურორტად გადაიქცა. სამაგიეროდ, ახალი წელი მოვიწყვეთ, ნაძვის ხე მოვრთეთ, მაცივარი, თავისი „სამოვარით“, ბუხარივით მოვხატეთ, ცეცხლი რომ დავახატეთ, ფსიქოლოგიურად ვთბებოდით... სახლის გარე ფასადიც შევალამაზეთ და ეს უსახური შენობა ნამდვილ სადღესასწაულო სახლად ვაქციეთ... ისეთი ტალახი იყო, რომ „ტალახის თხილამურებიც“ გამოვიგონეთ, ბოტებით დავდიოდით და ამას თხილამურებით სრიალს ვეძახდით, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ბოტები გვეცვა თუ თხილამურები! ტბაზე გავდიოდით, ტყეში გასვლასაც ვახერხებდით, სადაც კოცონზე ვთბებოდით. ბავშვები კარგად ერთობოდნენ. ნამდვილად ექსტრემალური დასვენება გამოგვივიდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიურად მივუდგე სიტუაციას და არც ამჯერად მოგვიწყენია.
– ზაფხულისთვის შეუფერებელ ამინდშიც ისე შესაშურად აღწერე ყველაფერი, რომ ვფიქრობ, ზღვის კურორტებს მთა გირჩევნია..
– ზღვა მალე მბეზრდება, თუმცა, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები არიან, ყველგან ბედნიერი ვარ. ეს ის პერიოდია, როცა დარდის და პრობლემებზე ფიქრის უფლება არ გაქვს, მხოლოდ დადებითი ემოციები უნდა შეაგროვო და შემდეგ, უკვე, ეს მარაგი გამოიყენო. გინდა-არ გინდა, ქალაქში მაინც სტრესული გარემოა, მაინც გიწევს ნერვიულობა, შფოთვა...
– ბავშვებიც, ალბათ, მუდმივად დედასთან ყოფნის დეფიციტს განიცდიან და ახლა შენთან სიახლოვე აბედნიერებთ!
– ასე ვერ ვიტყოდი. გარკვეულწილად, ვისი დედაც მუშაობს, ყველა ბავშვი განიცდის ამას, მაგრამ ასე რომ არ იყოს, ან ბევრი უშვილო ქალი უნდა გვყავდეს, ან ბევრი უმუშევარი დედა! ჩემი სამუშაო რეჟიმი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ოჯახი მეტ-ნაკლებად შევუთავსო სამსახურს. დღის განმავლობაში თავისუფალი ვარ და დროს ვანაწილებ, მაგრამ რომ დამდგარიყო არჩევნის საჭიროება შვილებსა და კარიერას შორის, უპირობოდ, შვილებს ავირჩევდი. თუმცა, მე გამიმართლა, ჩემს შვილებს ისეთი მამა ჰყავთ, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფთ, მაგრამ იმ ქალებმა რა ქნან, რომლებსაც შვილების სარჩენად ბევრი მუშაობა უწევთ.
– სასიამოვნოა, რომ ყოფილ მეუღლესთან მეგობრობ. ამით, ალბათ, ბავშვებს იმ ტკივილსგანაც იცავ, რასაც მშობლების განქორწინების შემდეგ განიცდიან.
– არა მხოლოდ მასთან, ყველა იმ ადამიანთან ვმეგობრობ, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, მისი ოჯახის წევრებს ვგულისხმობ. არ არის დასამალი და ამით არც ვტრაბახობ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ცივილურ სამყაროში ეს ჩვეულებრივი ურთიერთობაა ადამიანებს შორის იმისთვის, რომ ბავშვებს კონკრეტულ სიტუაციაში ნაკლები ტრავმა მიადგეთ. ამ საკითხზე ჩემი შეხედულება მაქვს და მიხარია, რომ ჩემი ყოფილი მეუღლეც იმავეს ფიქრობს. კარგია, რომ შემხვდა შეგნებული ადამიანი, რომელიც ასევე, თვლის, რომ პასუხისმგებლობა მშობლებს შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ბედნიერი ვარ, და პატივს ვცემ ჩემი შვილების მამას, რადგან მაშინ, როცა ოჯახი გვერქვა, ჩვენ შორის არ ყოფილა ტყუილი და ღალატი. დარწმუნებული ვარ, მას არასდროს მოვუტყუებივარ და სანამ ჩემთან იყო, იყო მართალი! ეს ძალიან დასაფასებელია. თანაცხოვრების ეტაპი დასრულდა, მაგრამ ამით ცხოვრება არ სრულდება, კონკრეტულად რა სჯობს და როგორ, თითოეული წყვილი ინდივიდუალურად წყვეტს.
– ვიდრე შევხვდებოდით, მითხარი, რომ საინტერესო სიახლე გაქვს, რაზეც ჯერ არაფერი გითქვამს...
– როგორც გითხარი, სიახლე და აღმოჩენა ჩემთვის ის იყო, რომ არ მეგონა, თუ ადამიანი შეიძლებოდა ასეთი ბედნიერი ყოფილიყო თავისუფლებით. დღესდღეობით მაქვს მიღებული კონკრეტული მოცემულობა და ვტკბები იმ მდგომარეობით, როგორიც მაქვს. ეს არის ძალიან დიდი თავისუფლების შეგრძნება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს მქონია ამის დეფიციტი და არც მარწუხებში ვყოფილვარ მოქცეული.
– მე კი ჩავთვალე, რომ პირად ცხოვრებაში გქონდა სიახლე!
– მარტო არასდროს ვარ და არც მაქვს სიმარტოვის შეგრძნება, იმიტომ რომ ჩემ გვერდით არის უამრავი ძალიან ძვირფასი ადამიანი, ვარ ბედნიერი და თუკი მაქვს საშუალება, რომ ჩემი ბედნიერება, დადებითი ემოცია სხვებს გავუზიარო და ვაჩუქო, ეს სიხარულს მანიჭებს. სხვაზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ და მაშინაც, როცა გვერდით სასურველი მამაკაცი არა მყავს, ვალდებული ვარ, ვიყო ბედნიერი!
– ანი, ლამაზი და ყველასთვის სასურველი ქალი ხარ, მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი არ გყოლია?
– რით უნდა შეწუხდე, ყურადღებით? ყურადღებას ყოველთვის დიდი მადლიერებით ვიღებ! თუნდაც, „ტაქსისტი“, რომელიც გაგიღიმებს, თანამშრომელი, რომელიც გეტყვის, რომ ლამაზი ხარ და იცი, რომ გულწრფელია. თუ ქალი ხარ, ეს უნდა გაბედნიერებდეს, უნდა იყო მადლიერი! ზედმეტობაში ვერავინ ვერასდროს გადავა, თუ ამის უფლებას არ მივცემ.