№34 ვისგან იყიდა გერმანიაში 300 ლარად „ნასკები“ ლევან იაშვილმა და როდის დაუბრუნებს ის ილო ბეროშვილს „გულაობაში“ დახარჯულ ფულს
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიებში გამოჩნდა ჩიკას მაზლი, შაგუს ძმა და რუსკას შვილი – გერა, რომელსაც საკმაოდ სახასიათო როლი აქვს, თუმცა, პროფესიით მსახიობი არ გახლავთ. ბავშვობიდან სცენაზე დგას, მაგრამ, პროფესიით ინჟინერია. ლევანს ორი შვილი ჰყავს – 16 წლის ვაჟი და წლის და რვა თვის გოგონა. შვილებისთვის კარგი მამაა და ამბობს, რომ ღმერთმა გოგოს სახით დიდი საჩუქარი გაუკეთა. თუ როგორ მოხვდა ლევან, იგივე იაშკა, იაშვილი სერიალში, როგორ გადაურჩა რამდენიმეჯერ სიკვდილს და როგორი ძმაა და შვილი ის რეალურ ცხოვრებაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ლევან, სანამ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდებოდი, თუ უყურებდი, მოგწონდა და წარმოიდგენდი შენს თავს ამ სერიალში?
– ეს სერიალი იმდენად კარგად ასახავს ჩვენი ცხოვრების რეალობას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, წარმოიდგინოს მასში თავი. ერთადერთი სერიალია, რასაც ვუყურებდი და აზარტში ვიყავი (იცინის). არა მარტო მე, ჩემს გარშემო ისეთი ტიპებიც უყურებენ, საერთოდ რომ არ აინტერესებთ ტელევიზორი. ამ სერიალში ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს და სულ მეუბნებოდნენ, წამოდი ჩვენთანო. თავიდან არც ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ძალიანაც მომწონს ჩემი გმირი.
– პროფესიით მსახიობი არ ხარ, თუმცა, საკმაოდ კარგად თამაშობ და ირგებ ამ როლს.
– ჰო, მეც ასე მგონია. თუმცა, ჯერჯერობით გაუხსნელი ვარ და ნელ-ნელა გავიხსნები (იცინის). პროფესიით ინჟინერი ვარ და ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. ადრეულ ასაკში სპექტაკლებშიც ვთამაშობდი. ზოგადად, ამ ცხოვრებაში ყველა მსახიობები ვართ და თუ დაგვჭირდა, კარგადაც ვთამაშობთ. სულ ვამბობ, ისეთი თბილისელი ვარ, სიგარეტი ქუჩაში არ გადამიგდია. ვაკეც, სოლოლაკიც და საბურთალოც ჩემი სახლია და როცა ქუჩაში ასფალტს, როგორც სახლის პარკეტს ისე უვლი, ესაა შენი კაცობაც, ვაკელობაც და თბილისელობაც.
– ალბათ, ბაბუის სახელი გქვია – გერასიმე და შემოკლებით გერას გეძახიან.
– ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია (იცინის). თუმცა, ცხოვრებაში, ნამდვილად ბაბუის სახელი მქვია – ლევანი. რუსკა ჩემი მეორე დედაა, ძალიან მიყვარს და ვკითხავ, ვისი სახელი დამარქვა. ზოგადად, არ გამჭირვებია მისი შვილობა, ბავშვობიდან ვიცნობ და მეგობრები ვართ. მართალია რუსკასთან, როგორც დედასთან, უცნაური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ რეალურად, დედას ასე ვერ მოვექცევი. ვერც ცივი ვიქნები მასთან და ვერც ამდენ ხანს გავძლებ, რომ გავებუტო, გამორიცხულია. რუსკა იმის გამოა განაწყენებული და აღშფოთებული, რომ რემონტი ვერ დავუსრულე, დედაჩემი კი, სულ რომ დავუნგრიო სახლი, მაინც არ გამებუტება (იცინის). არ დამავიწყება, სახლში მქონდა რემონტი და იმ დონეზე გამაგიჟა მუშამ, აივანზე გავიყვანე და ფეხებით გადავკიდე, მეორე მუშა რომ არ გამოსულიყო, ნამდვილად გადავაგდებდი. ასე რომ, რეალურ ცხოვრებაში, რემონტის გამო, ციხეს ავცდი და სერიალში კი, შაგუს რისხვას – ვერა (იცინის). თუმცა, ჩემი ძმა მართალია, ახლა შევრიგდით და იმედია, მომავალ სეზონზე ურთიერთობას დავალაგებთ. მეცინება ხოლმე, ლევანი მქვია, იაშკას მეძახიან და ახლა, ქუჩაში რომ გავივლი, მესმის: ნახე, გერა მოდისო.
– შაგუს ფული შეჭამე, გადააგდე, დედა მის სახლში ჩაასახლე და ამაზე რას იტყვი?
– ვიფიქრე, წავალ ცოტას „ვიგულავებ“ და მერე, რომ ჩამოვალ სიტუაციას დავალაგებ-მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა და რა ვქნა? ძმის ფულებზე „გულავი“ კარგი იყო და ღირდა, თუმცა, არ „გადამიგდია“, ვეცდები, ვალი დავუბრუნო (იცინის).
– შენს ძმას, შაგუს, ანუ ილო ბეროშვილს, მანამდე იცნობდი?
– კი. რამდენიმეჯერ შევხვედრივარ. ძალიან მაგარი კაცია, უნიჭიერესი და მაგარ ძმობასაც მიწევს. ერთი და მყავს რეალურ ცხოვრებაში და ნამდვილად არ ვარ ისეთი ძმა მისთვის, როგორიც შაგუსთვის. დის ფულებს კი არა, ვერავის ფულს ვერ „შევჭამ“. მარტო ჩემს ფულებს „ვჭამ“ კარგად, სხვის ფულს გემო არ აქვს. სხვათა შორის, გართობაში და შოპინგში ფულის ხარჯვა არ მენანება, ამაში თანხის ხარჯვა „მოსულა“.
– ზოგადად, მამაკაცებს შოპინგი არ უყვართ და ამბობენ, ეს ქალის საქმეაო. ესე იგი, შენ საკუთრი თავისთვის ფულის ხარჯვა არ გენანება?
– რატომაა ქალის საქმე, რა, კაცს კარგად ჩაცმა არ უხდება? კარგი საათი თუ არ გიკეთია, კარგი პერანგი და ფეხსაცმელი თუ არ გაცვია, მაშინ საკუთარი თავის პატივისცემა არ გაქვს. რომ ვამბობ, გერმანიაში, ბერლინში, „ნასკში“ 300 ლარი გადავიხადე-მეთქი, ყველას უკვირს.
– მეც გამიკვირდა, ამხელა ფული როგორ გადაიხადე „ნასკში“? რა იყო ამისთანა, თვითონ დადიოდა?
– ქუთაისელი, მაგარი კაი ტიპი ყიდდა და რომ მითხრა, ლარზე ვყიდიო, გამიკვირდა, გადავუხადე 300 ლარი და ვიყიდე (იცინის).
– შენი გმირი, გერა, ვაკელი „ტიპია“, ისეთი, ქუჩაც რომ ესმის და ძმაკაცური „რაზბორკებიც“. რეალურ ცხოვრებაში „ქუჩის აკადემია“ გავლილი გაქვს?
– ყველაფერს თავისი „კაიფი“ აქვს „ქუჩის აკადემიასაც“, ქუჩასაც და ძველბიჭობასაც. ჩემს დროს ჩხუბიც იყო, იარაღიც, ნარკოტიკიც და „რაზბორკებიც“ და ახლანდელ თაობას რომ ვუყურებ, მიხარია. ესენი ბუნებრივად გაღიმებულები დადიან და არა გოიმური ნარკოტიკით. უფრო მეტი პატივისცემაც აქვთ ერთმანეთის მიმართ, ვიდრე ჩვენ დროს იყო. არ არსებობდა თავშეყრის ადგილი, სადაც ჩვენ არ ვიჩხუბებდით და საშინელება არ მოხდებოდა. ჩვენს დროს იარაღი მობილურივით დაჰქონდათ და ბევრი ძმაკაცი წამართვა ნარკოტიკმა. ელემენტარულ რაღაცაზე ბევრჯერ იარაღითაც დამმუქრებიან, თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველაზე მაგარი თაობის წარმომადგენელი ვარ და მსოფლიოში არ არსებობს ისეთი „გახედნილი“ თაობა, რა თაობისაც მე ვარ. ჩვენ ერთმანეთს ვირტუალურად არ ვეკონტაქტებოდით, პირისპირ ვისხედით და ისე ვსაუბრობდით. ნარკოტიკიც გამისინჯავს, იარაღიც მდებია ჯიბეში, თუმცა, არც ნარკოტიკზე დამოკიდებული გავხდი და ვერც იარაღმა მაცდუნა. ზოგადად, ცხოვრებაში, რაც საკუთარი თავისადმი პატივისცემას მართმევს, ვერაფერზე და ვერავიზე დამოკიდებული ვერ გავხდები. ვინც თავის დროზე ნარკოტიკმა წამართვა, იმდენად კრეატიულები და ნიჭიერები იყვნენ, იმათი ცხოვრება ახლა დაიწყო და ამაზე მწყდება გული, რომ ახლა, ჩემ გვერდით არ დგანან.
– ლევან, აფხაზეთის ომშიც იყავი და ამბობენ, სიკვდილსაც რამდენიმეჯერ ჩახედე თვალებში. ასეა?
– ოთხჯერ ვარ სიკვდილს გადარჩენილი, მაგრამ იღბლიანი ვარ. ვხუმრობ ხოლმე, სვანი ვარ, გვარად იღბლიანი-მეთქი (იცინის). აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, 17 წლის ვიყავი, ავტობუსში შევხტი და გავიპარე. ოჩამჩირეში სიკვდილს სასწაულად გადავურჩი. სიგარეტის მოკიდების გამო იარაღით კინაღამ მომკლეს. შენიშვნაზე გავეჭიმე და ორი კვირის ომში წასული, თბილისში, უკან ტროლეიბუსით გამომიშვეს. ფაქტობრივად, გამომაგდეს (იცინის). ერთხელ, იარაღს ვატრიალებდი ხელში, ჩემმა მეგობარმა მოკიდა ხელი, გავარდა და ბეწვზე ამცდა. მესამე შემთხვევაც იარაღს უკავშირდება, მეოთხე კი, სასწაული იყო – სვანეთში, სიმაღლიდან გადმოვხტი. მითხრეს, ათამდე დაითვალე და გახსენი „პარაშუტიო“. მე კი ისე გამისწორდა ჰაერში, რაჭული გენეტიკა „ჩავრთე“ და მიწაზე რომ დავეცი, რვა მაშინ ვთქვი, ვერ ავედი ათამდე (იცინის). ხომ ვთქვი, რაჭველი კი ვარ, მაგრამ სვანურიც მირევია. უფრო ფეთქებადი ვარ და ემოციის ჩაყლაპვა არ შემიძლია.