№34 როგორ აერიათ გიორგი მეგრელიშვილი დარენ არანოვსკიში და რატომ დაუთმეს მას სხვისთვის გამზადებული საფლავი
გიორგი მეგრელიშვილი ცნობილი მსახიობი და ამავე დროს, რეჟისორია. ამერიკის კინოაკადემიამ, ტრადიციულად, თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2019 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან „ოსკარის“ ნომინაციისთვის – „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს ექვსი ქართული ფილმი იბრძოლებს: მათ შორის ერთ-ერთია „ექვთიმე“, სადაც გიორგი მონაწილეობს, და მეორე, მობილური ტელეფონით გადაღებული – „ჰამლეტი“, რომლის რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც თავად გიორგია. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, არა მარტო ფილმებზე, არამედ თავისი ცხოვრების სხვა საინტერესო ეპიზოდებზე.
გიორგი მეგრელიშვილი: შეიძლება ვინმესთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ფილმი „ჰამლეტი“ „სამსუნგ გალაქსი ექვსით“ არის გადაღებული. ამ ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ მობილურის ღირებულება, მსახიობების ენთუზიაზმი და შექსპირის პიესის ჩემეული ადაპტირებაა. ცოტა რაღაც შევცვალე, თანამედროვე დროში გადმოვიტანე და „ქართული ფილმის“ დახმარებით გადახმოვანდა. ესაა ამ ფილმის შექმნის მთავარი წერტილები და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრს მოიგებს, თუ წარადგენს ფილმს, რომელიც კლასიკაა – პატარა ქვეყანა სთავაზობ ასეთ ნაწარმოებს, თან თანამედროვეს, თან მობილურით გადაღებულს, ისეთ ფილმს, რომელიც შენს ქვეყანას შეესაბამება. ჩემი მხრიდან ძალიან ამბიციური, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა.
– რომელს დაუჭერ მხარს ამ ორი ფილმიდან, „ექვთიმეს“, რომელშიც მონაწილეობ თუ „ჰამლეტს“, რომელიც შენი გადაღებულია?
– ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასეა ხოლმე, ორს შორის არჩევნის გაკეთება მიწევს. როგორც მსახიობი, ძალიან ვქომაგობ ფილმს „ექვთიმე“. თუმცა „ჰამლეტშიც“ ვთამაშობ, ხოლო, როგორც რეჟისორი – აუცილებლად „ჰამლეტს“. რეჟისორებს თავიანთი ფილმი მეტად უყვართ. მე ვიცი, მათ გულში რა ხდება და არ შეიძლება, რომ ეს კეთილი ენერგია არ გავუგზავნო ამ ფილმს. მე სასწაულების მჯერა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– მომხდარა შენს ცხოვრებაში ისეთი რაღაცები, რაც სასწაულად ჩაგითვლია?
– პირველი სასწაული ჩემი შვილია. სასწაული არ არის, ეს ფილმი რომ გავაკეთე? შენს თავს თუ არ შეაქებ, სხვა ვინ შეგაქებს. „ჰამლეტი“ ჩემი სასწაულია. ზოგიერთ მსახიობს პრობლემა ჰქონდა, როდესაც კამერის ნაცვლად, მობილურს ხედავდნენ. მეც კი მიჭირდა ამის დაჯერება. ერთ-ერთი სცენის გადაღება აეროპორტში გვქონდა და დაცვა მოგვვარდა. რომ გაიგეს, ფილმს ვიღებდით, იკითხეს კამერა სად არისო. ოპერატორმა რომ უთხრა, კამერა ესააო. ძალიან დიდი პაუზა ჰქონდათ – ეს როგორო? რომ გაიგეს, რასაც ვიღებდით – შენ, ალბათ, ისე ძალიან გინდა, ეს რომ გააკეთო, გამოგივაო. ჩემთვის ეს დამოკიდებულებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მახსოვს, ახალ წელს ყინვაში, ზამთრში, დილის ექვს საათზე საფლავში ვიღებდი სცენას. გამზადებული იყო ვიღაცისთვის საფლავი და სასაფლაოს დირექტორმა მოგვცა ერთი საათი. ერთი მსახიობი საფლავში იყო, ერთი – ზევით, თან მობილურით გადაღება... შექსპირი, „ჰამლეტი“ მობილურით გადაეღო ვინმეს, ეს ჯერ არ მომხდარა. ხომ არის, როცა არ გჯერა და მოხდება ის, რაც სასწაულია.
– როგორ ისვენებთ ამ ზაფხულს?
– მთელი ოჯახი მივდივართ ბარსელონასა და მადრიდში. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ – შვილს უნდა „ბარსელონას“ თამაშზე წასვლა. რომ გადახედოთ, რა ღირს ბილეთი, მგონი, მთელი ბიუჯეტი ამაზე წავა, მაგრამ იმედი მაქვს, გავუშვებთ. თუმცაღა კამათი გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს.
– როგორც ვიცი, ბევრს მოგზაურობ...
– მოგზაურობა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით საქართველოში. უცხოეთში ბოლოს შვეიცარიაში ვიყავი და ძალიან მომეწონა. შვეიცარიას და ბრიტანეთს
გამოვყოფდი. ჩემს მოხუცებულობაში დიდი სიამოვნებით იქაც ვიცხოვრებდი. ძალიან დალაგებული ქვეყანაა. ვისურვებდი, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ეგეთი მოვლილი, ისეთი ინდუსტრია იყოს პატარა სოფლებში. სოფლები ვნახე, სადაც ისეთი იდილია იყო, ძალიან ბედნიერი სახეებით დადიოდნენ. ძალიან მიყვარს ლონდონი. სულ ვფიქრობ, იქ კიდევ როდის ჩავალ. შვეიცარიაში რომ ვიყავი, ლოზანაში, იქ იყო ძლიერი რეჟისორი დარენ არანოვსკი, „შავი გედის“, რეჟისორი, ნატალი პორტმანი რომ თამაშობს, მიკი რურკს და ბევრ დიდ მსახიობს უთამაშია მის ფილმებში. ჩვენ დაგვპატიჟეს ჩარლი ჩაპლინის მუზეუმში, ანდერგრაუნდია, ლოზანასთან ახლოს. მე, ნიკუშა ხომასურიძე და ლაშა კანკავა ვიყავით. კრისტოფერ უოლკერიც იქ იყო, ბარი ლევინსონი, ჰიუ ჰადსონი, ვინსენტ პერესიც – მთელი ელიტა. არ მჯერა რომ მე ამ ხალხთან ერთად ვარ. მანამდე დარენ არანოვსკი გავიცანი. ჯერ იყო ჩარლი ჩაპლინის შოუს წარდგენა. ვგრძნობ, რომ რამდენიმე ადამიანი ჩემით დაინტერესდა. ვფიქრობ, ალბათ, იმდენად ზრდილობიანები არიან, ყველასთან ასე იქცევიან-მეთქი. მერე, დაბლა რომ ჩავედით, იქაც გაგრძელდა, ახალგაზრდები იყვნენ, მოვიდნენ, ჩამომართვეს ხელი, მაგიდასთან მიმიწვიეს. ჩვენ კი ვიყავით სტუმრის სტატუსით ფესტივალზე, მაგრამ წესით, ამხელა ყურადღება არ უნდა გამოეჩინათ. ვიდექით იქ, მოგვიტანეს რაღაცები და ერთმა მომმართა - დარენო. რაღაცნაირად ვგავართ მე და დარენი, თან ქუდი მეხურა და ისიც ქუდით დადის. რომ ვუთხარი, მე დარენი არ ვარ, გიორგი მეგრელიშვილი ვარ, საქართველოდან-მეთქი, კაცი გაგიჟდა. ჩარლი ჩაპლინის ცენტრის დირექტორი იყო. იმ დღეს დარენი იქ არ იყო. ვიფიქრე, რა სულელი ვარ, ცოტა ხანს შემეფერებინა, იქნებ ფილმისთვის დაფინანსება მეთხოვა-მეთქი. მეორე დღეს დარენს მოვუყევი და თვითონაც მითხრა, არ უნდა გეთქვა, კარგ პატივში იქნებოდი, იქნებ დაფინანსებაშიც გამოდგმოდნენო.
– შენი აქტიურად ვარჯიში გრძელდება?
– დედას გეფიცები, ვარჯიში ჩემი ნარკოტიკია. ბოლო ათი წელია, ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სადაც ჩავდივარ, ყველა ქვეყანაში ვვარჯიშობ. საშუალებაც რომ არ იყოს, მაქვს წაღებული ჟგუტი, ვაკეთებ აზიდვებს, კვებას ვიცავ, რაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ქართევლობა არის რთული. თან, ურთიერთბებს და სუფრებს არ ვაკლდები, მაგრამ ჩემი ცხოვრების კრედოა რეჟიმი. არ მინდა, ოდესმე ვთქვა, რომ მომბეზრდა. შეიძლება, ორი-სამი დღე დავისვენო, მაგრამ სისტემატურად დარბაზი, სირბილი, მარათონები... ახლა ძალიან მოდაშია მოსაწევი და ნარკოტიკები და მე მინდა, ამ ყველაფერს დავუპირისპირო არა ძალადობა, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ნარკოტიკთან შეხება როგორ არ მქონია, ახლაც არიან ჩემ გარშემო ადამიანები, ვისაც ნარკოტიკი მოსწონთ. მე არასდროს მითქვამს მათთვის, შენ ეს არ გააკეთო-მეთქი. ჩემს შვილს მე ვაძლევ მაგალითს. ეს უფრო სწორია, ვიდრე დაუშალო. ნარკოტიკის მოხმარებაში, ერთადერთი, ხელოვან ადამიანებს ვამართლებ. შეიძლება, ეიფორიაში იყოს და სჭირდებოდეს, მაგრამ ასში ერთს გაუხსნას მესამე თვალი, დანარჩენი, ფაქტია, რომ ის ტვინის უჯრედებს კლავს.
– თქვენ და თქვენი მეუღლე მრავალი წელია ერთად ხართ. რა არის მთავრი იმისთვის, რომ თანაცხოვრებაში ურთიერთობა არ გაუფერულდეს?
– დაუჯერებლად მრავალი წელია ერთად ვართ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა. 15 წელია, ერთად ვართ და ალბათ, მოთმინება, პატივისცემაა ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა. მატერიალურ მდგომარეობასაც მნიშვნელობა აქვს. მე მსახიობი ვარ და რა მატერიალური... ზოგჯერ ისე ვარ, გაქცევა მინდება ხოლმე. ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოიცავს სიყვარულსაც... მეგობრობაც მთავარია წყვილს შორის – როდესაც შენ იცი, რომ იმ ადამიანთან კარგად ხარ, ესმის შენი, შენი სიგიჟეებისაც... ჩვენს ქვეყანაში რთულია, იყო ხელოვანი და როდესაც პრობლემები გვაქვს, რთულია ჩვენი გაძლება. ემოციური ხასიათი გვაქვს, ჩვენი სიგიჟეებით. ზოგჯერ ძალიან სუსტები ვართ, ზოგჯერ – ძლიერები. ჩემებური ხასიათი მაქვს, მაგრამ ბოროტი არ ვარ. რაღაცებში ძალიან მომთხოვნი ვარ. რაც მინდა, სწორად გამოვიდეს, ის უნდა გამოვიყვანო; რაღაც რომ უნდა გამოვიდეს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოვიდეს.
– ადრე თქვი, რომ ქართევლი კაცები აზიატები ვართო. შენი აზიატობა რაში გამოიხატება?
– ქართველი კაცები აზიატები ვართ. მთლად ძალიან ტრადიციულს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც ყველა კაცს მოსწონს ქალში, ის მოთხოვნილებები მაქვს. რომ ვიტყვი ერთხელ, მინდა, რომ ის ისე იყოს. შეიძლება, ახლა სხვა მოდაა და „მოსულა“, მაგრამ ქართველი კაცი ქალს არასდროს დაუჩოქებს, ხელის თხოვნის „პონტში“. ცოლი დაჩოქილს არ მოგვყავს. უცხოეთში ეს მთელი რიტუალია. ჩვენ შეიძლება, „ცოლად წამომყევიც“ არ ვუთხრათ, ის მიხვდეს თვალებით და სამუდამოდ შენი გახდეს.
– ბევრ კაცს დაჩოქება კი არა, ყვავილის ჩუქებაც ეუხერხულება ქალისთვის. შენ არ უთხარი შენს მეუღლეს, ცოლად წამომყევიო?
– ალბათ, ვუთხარი, აუცილებლად ვეტყოდი. მახსოვს, რომ ნინომ მითხრა, სულ ველოდებოდი ნაცნობი სიტყვებით ამიხსნიდი სიყვარულს ან რაღაც როლით. სულ ვშიშობდი, თამაშს ხომ არ დაიწყებს, მსახიობურადო, მაგრამ ამაში მე თვითონ გამიმართლა, რადგან ვცდილობ, ცხოვრებაში, თუნდაც ამ სიტუაციებში არ ვითამაშო, არ არის ლამაზი. ყვავილების ამბავშიც გამიმართლა. ნინოს ყვავილები არ უყვარდა და მახსოვს, ერთ ვარდს ვჩუქნიდი ხოლმე, მასაც სიამოვნებდა და მეც იაფად გამოვდიოდი. მე არ მიყვარდა სიარული. ვერ წარმომედგინა, რომ ერთი-ორი კილომეტრი გოგოსთან ერთად გამევლო. მეგონა, შიშველი ვიყავი და ყველა მე მიყურებდა. ნინომ რომ მკითხა, რატომ არ სეირნობო, ვუთხარი: როდესაც გოგოსთან ერთად დავდივარ, მით უმეტეს, თუ გრძნობა მაქვს, ასეთი შეგრძნება მაქვს-მეთქი. ნინომ მითხრა, დრო გავა და შეეჩვევიო. მართლაც, გავიდა ერთი წელი და ისე ვიყავი, თითქოს ჩავიცვი. როდესაც შენ მართლა კარგად ხარ იმ ადამიანთან, არ გაინტერესებს, ვინ როგორ შემოგხედავს და ვინ რას იფიქრებს. მერე მახსოვს, ათ კილომეტრსაც გავივლიდი ხოლმე, ოღონდ მასთან ერთად ვყოფილიყავი და ეს იყო სიგიჟე. სანდრიკოს გაჩენამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა, დაგვამეგობრა და გაგვაერთიანა. უფრო მეტად გიყვარდება ის ადამიანი, რომელიც შვილს გჩუქნის, მით უმეტეს, როდესაც შვილი შენ და სიდედრს გგავთ ერთად, ძალიან მაგარია. მიმაჩნია, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ.