№34 თვალის გარშემო კანის გამოსაკვები და მოსავლელი ნიღბები
თვალის გარშემო კანი ნაზია, ადვილად შრება და ეშვება. მასზე ადრეულად ჩნდება წვრილი ნაოჭები, მოუწესრიგებელი ძილისა და ორგანიზმში სითხის შეკავების გამო კი – შეშუპება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ თვალის კანის მოვლას, მით უკეთესია. მაკიაჟი ყოველი დღის ბოლოს კოსმეტიკური რძით ან ორფაზიანი სითხეებით მოიცილეთ ბამბის ნაზი ფირფიტებით. არ დააწვეთ, არ დასრისოთ და მოერიდეთ კანის უხეშ მექანიკურ დაზიანებას. ბამბის ფირფიტები დაასველეთ მაკიაჟის მოსაცილებელი სითხით და ცოტა ხნით დაიდეთ თვალებზე. ამის შემდეგ, კოსმეტიკა უფრო ადვილად მოსცილდება და კანიც ნაკლებად დაზიანდება. ვინც ლინზებს ატარებს, უმჯობესია, არ გამოიყენოს წყალგამძლე ტუში, კოსმეტიკის მოსაცილებლად კი უცხიმო ლოსიონია რეკომენდებული.
ყოველდღიურად თვალის გარშემო კანის დასარბილებლად და გამოსაკვებად კარგია კრემები, ლოსიონები და გელები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად თვალის გარშემო კანისთვის. ლოსიონები კანის მდგრადობისა და ერთგვაროვნებისთვისაა, ხოლო კრემი მას საჭირო ცხიმებს აწვდის, რაც ხელს უშლის წვრილი ნაოჭების გაჩენას. ლოსიონები ადვილად დაიტანება და კანს უფრო ხავერდოვანს ხდის, ხოლო გელები კი, იდეალურია ხშირად შეშუპებადი და მგრძნობიარე თვალებისთვის.
ნუ გამოიყენებთ საშუალებებს, რომლებიც 4 თვეზე მეტია, გახსნილია. ამან შეიძლება, კონიუნქტივიტი და ალერგია გამოიწვიოს.
თუ თვალის გარშემო კანი გაღვიძების შემდეგ შეშუპებულია, დაიტანეთ თვალზე გელი გაგრილების ეფექტით. ან დაიდეთ ბამბის ტამპონები, რომელბიც შავი ჩაის ცივ ნაყენშია დასველებული და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. დაელოდეთ, სანამ კანი გაშრება და შემდეგ, დაიტანეთ კრემი. ასევე, კარგია ახალი ოხრახუშის ფაფის დადება 15-20 წუთის განმავლობაში.
თუ თვალის გარშემო კანი ხშირად შებერილია და „ტომსიკები“ ჩნდება, როცა გძინავთ, თავი ტანზე მაღლა უნდა იყოს. გაღვიძებულმა კი, გამოიყენეთ არაცხიმოვანი ტექსტურის მქონე კოსმეტიკა. ასევე, გადახედეთ რაციონს, რადგან ალკოჰოლს, მწარე და მარილიან საკვებს შეუძლია, ორგანიზმში სითხის დაგროვება გამოიწვიოს, რაც არა მარტო ქუთუთოებს, ფეხებსაც საფრთხეს უქმნის. „ტომსიკების“ დასაფარავად ქვედა ქუთუთოზე თხელ ფენად დაიტანეთ ტონალური კრემი, რომელიც თქვენი კანის ბუნებრივ ფერზე ოდნავ მუქი იქნება. კარგია ნიღბებიც. კერძოდ, გახეხილი კარტოფილის მასა მოათავსეთ მარლაში და 10-15 წუთით გაიჩერეთ შესიებულ თვალის ქუთუთოზე. დაძინებამდე, 10 წუთით ადრე შეიძლება გაიკეთოთ გვირილის ან კამის ნაყენის ცივი და თბილი საფენებიც. თუ ქვედა ქუთუთო და თვალები რეგულარულად გიშუპდებათ, სავარაუდოდ, თირკმლის პრობლემა გაქვთ და ყურადღება მიაქციეთ.
თვალის კანის მოსავლელად კარგია შინაურ პირობებში მომზადებული ნიღბები:
პურის ნიღაბი
თეთრი პურის გული ჩაალბეთ შემთბარ ზეითუნის ზეთში და მიღებული ფაფისებური მასა თვალების ირგვლივ დაიფინეთ. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ბანანის ნიღაბი
1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ბანანი და 1 სუფრის კოვზი ნაღები ერთმანეთში აურიეთ და მიღებული მასა თვალების ირგვლივ დაიფინეთ. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხის ნიღაბი
1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა თვალების ირგვლივ დაიფინეთ.10 წუთის შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ხაჭოს ნიღაბი
1 სუფრის კოვზი ცხიმიანი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი თბილი რძე, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და ამდენივე ცხიმიანი ნაღები ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიღებული მასა თვალების ირგვლივ დაიფინეთ. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თვალების ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ ეფექტურია ალოეს წვენის, ატმის, გარგარის, ნუშის, ჟოჟობასა და ზეითუნის ზეთის გამოყენება, ასევე, E ვიტამინის წასმა.