№34 როგორ მოვაგვაროთ მეტაბოლური პრობლემები
ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის აღდგენა. ამასთან, მნიშვნელოვანია, კარგად გვახსოვდეს, რომ არ მოხდეს ნივთიერებათა ცვლის აჩქარება, ის ნორმალურად, ორგანიზმის შესაბამისად უნდა ფუნქციონირებდეს. უნდა გავითავისოთ, რომ ნივთიერებათა ცვლის აღდგენისთვის საჭიროა ენერგიის დახარჯვა. ამის საუკეთესო საშუალება კი სპორტია. ჩაეწერეთ სპორტულ დარბაზებში, დაიწყეთ დილაობით სირბილი. შეგიძლიათ, ფიზიკურ დატვირთვას ყოველდღე, თუნდაც, მხოლოდ 15 წუთი დაუთმოთ, ეს ორგანიზმის მუშაობას წესრიგში მოიყვანს.
საკვების საფუძვლიანად დაღეჭვა მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს ამცირებს. მეტაბოლური სინდრომი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის მოშლის მთელ კომპლექსს, რომელიც თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობას. მეტაბოლური სინდრომის გამო ორგანიზმში იზრდება ვისცერული, ანუ შინაგან ორგანოთა ცხიმი, ვითარდება ინსულინრეზისტენტობა და ჰიპერინსულინემია – სისხლში ინსულინის დონის მატება. მეტაბოლური სინდრომის გამომწვევ მთავარ მიზეზებს შორის სპეციალისტები ფიზიკური აქტივობის დაქვეითებასა და არასწორ კვებას ასახელებენ. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრული წინასწარგანწყობაც.
ნუ მიიღებთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც სახამებელს შეიცავს. კარგია ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. დალიეთ დღეში 2-3 ლიტრი წყალი. მიირთვით დაბალკალორიული სალათები ან, უბრალოდ, ვაშლი სადილისა და ვახშმის შემდეგ. როგორც ყველა საქმეში, გახდომისასაც საჭიროა შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და ყოველთვის აკონტროლოთ თქვენი ემოციები.
პირის ღრუში საკვების ცუდად გადამუშავება მნიშვნელოვნად ზრდის მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს ასაკოვნებში. ეს კი, მეტად საყურადღებოა, რადგან ღრძილებისა და კბილების პათოლოგიური მდგომარეობის გამო სწორედ ასაკოვნებთან იქმნება საკვების ღეჭვისა და, ზოგადად, მონელების სხვადასხვა სახის დარღვევა.
დადგენილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ნივთიერებათა ცვლაც ნელდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება 35 წლის შემდეგ. ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად კარგი იქნება რამდენიმე წესის გათვალისწინება. საქმე ისაა, რომ ორგანიზმის დაბერების პროცესი მაშინ იწყება, როდესაც ირღვევა ენდოკრინული სისტემის მუშაობა. ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად საჭიროა აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ასევე, უმნიშვნელოვანესია სასარგებლო პროდუქტები და დაბალანსებული კვება. თუმცა არსებობს ცალკეული წესები, რომელთა სისტემატური დაცვით ჩქარდება მეტაბოლიზმი და ზედმეტი წონაც აღარ შეგაწუხებთ.
ფარისებრი ჯირკვალი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მაშინვე აისახება ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე: ვლინდება აპათიის გრძნობა, დაღლილობა და დეპრესია, ქვეითდება ლიბიდო. ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციობა აისახება კანის მდგომარეობაზეც – შეიმჩნევა ნაადრევი დაბერების ნიშნები. ამგვარი მოვლენების ასარიდებლად ენდოკრინოლოგები იოდის, B და C ვიტამინების, ასევე თიროზინის მიღებას გვირჩევენ. ამ აუცილებელ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს კარტოფილი, პომიდორი, შვრია, ლობიო, ბოლოკი, ლუდის საფუარი და ზღვის პროდუქტები.
პარათირეოიდული ჯირკვლები – ამ ჯირკვლების დისფუნქცია ვლინდება მომატებული გაღიზიანებით, აუხსნელი, უკონტროლო სიფიცხითა და აღგზნებით. ფარისებრახლო ჯირკვლების გამართულად მუშაობისათვის ორგანიზმს უნდა მიეწოდოს D ვიტამინი, რომელსაც თევზის ქონი და კვერცხის გული შეიცავს.
კუჭუკანა ჯირკვალი – საყოველთაოდ ცნობილია, რომ პანკრეასის ფუნქციის დარღვევა ორგანიზმს მრავალგვარ პრობლემას უქმნის. პანკრეასის ჯირკვლის დისფუნქციამ შეიძლება, შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს. ამ დაავადების პროფილაქტიკისთვისა და მეტაბოლიზმის აღსადგენად საჭიროა გლუტამინის მჟავას, ცისტინისა და B ჯგუფის ვიტამინების მიღება.
სასქესო ჯირკვლები – როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჯირკვლები დაბერების პროცესზე არიან პასუხისმგებელნი (ქალებთან – საკვერცხეები, მამაკაცებთან კი – სათესლეები). ამიტომ ექიმები არ გვირჩევენ მკაცრი დიეტის დაცვას, რადგან აუცილებელი ელემენტების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების მდგომარეობასა და მუშაობაზე. მათი ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტების მიღება.
თირკმელზედა ჯირკვალი ორგანიზმის ენერგიით მომარაგებაზე პასუხისმგებელ სეკრეტს გამოყოფს. თირკმელზედა ჯირკვლების სწორი მუშაობა დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე. მათი ტონუსისა და აქტივობის შესანარჩუნებლად საჭიროა A, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტების მიღება.