№34 ამპარტავნების სიმპტომები და განვითარება
ამპარტავნების ცოდვას განვითარების რამდენიმე სტადია აქვს, მაგრამ ის პატივმოყვარეობიდან იწყება.
პატივმოყვარეობის სიმპტომებია: შექების სურვილი, მხილების, შეგონებისა და ყვედრების დაუთმენლობა, ეჭვიანობა, ბოროტის ხსომა, სხვების განკითხვა, გასაჭირი შენდობის თხოვნისა, იოლი გზების ძიება; გამუდმებული თამაში სხვების თანდასწრებით, როგორც სცენაზე, იმ მიზნით, რომ სხვებს კეთილშობილი მხრიდან მოაჩვენოს საკუთარი თავი და, ამასთან ერთად, გულმოდგინედ მალავდეს საკუთარ ვნებებსა და ნაკლოვანებებს.
ადამიანი ვეღარ ხედავს თავის ცოდვებს, ვერ ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებებს, ამცირებს ანდა საერთოდ უარყოფს თავის დანაშაულს, ზოგჯერ მას სხვებსაც კი გადააბრალებს; აზვიადებს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, ნიჭსა და სათნოებებს. დაავადების განვითარებასთან ერთად, იზრდება მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე და დიდებას აღწევს, ამიტომ ამ დაავადებას ასეც ეწოდება – განდიდების მანია.
ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არა მხოლოდ განიკითხავს სხვებს, არამედ სძულს და უკადრისობს მათ, ბოროტებასაც კი ჩადის მათ მიმართ. გვიხსენი ამისგან, ღმერთო!
ხოლო, როდესაც ავადმყოფს ეჩვენება, რომ მისი არავის ესმის და არავის უყვარს, სდევნიან კიდეც და მისთვის ბოროტის ქმნას ცდილობენ, მაშინ ამ დაავადებას უკვე დევნის მანია ეწოდება. განდიდებისა და დევნის მანია სულიერი დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია. ეს დაავადებები საკუთარი თავის გადამეტებული შეფასებაა. როდესაც საკუთარი ღირსების აღმატებული შეგრძნება ადამიანების მიმართ სიძულვილსა და მტრულ განწყობას ბადებს.
ამპარტავანი ყოველთვის უკმაყოფილოა გარშემო მყოფი ადამიანებითა და თავისი ცხოვრების პირობებით, ამიტომ ხშირად სასოწარკვეთილებამდე, ღვთის გმობამდე, ხიბლის მდგომარეობამდე და ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც კი მიდის.
ამპარტავნების ამოცნობა დასაწყის სტადიაში, ცოტა არ იყოს, ძნელია. მხოლოდ გამოცდილ სულიერ მოძღვარს ანდა ფსიქოლოგს შეუძლია, უშეცდომოდ განსაზღვროს ეს ვნება.
ადამიანი თითქოსდა ნორმალურად იქცევა, მაგრამ გამოცდილი თვალი მასში დაავადების დასაწყისს ამჩნევს. ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით... მას კარგი განწყობა აქვს. მღერის, იღიმება და ხშირად უმიზეზოდ ხმამაღლა იცინის და ხარხარებს; სურს, ორიგინალური იყოს. მახვილსიტყვაობს, სხვადასხვა სახის მიღებებსა და წვეულებებს აწყობს, რათა გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქციოს; ბევრი ლაპარაკი უყვარს და მის საუბარში დაუსრულებლად გაისმის „მე“, მაგრამ ერთი გამკიცხავი სიტყვის მოსმენისთანავე მისი განწყობა სწრაფად იცვლება და იგი უსიცოცხლო და უხალისო ხდება. შექებისთანავე კი მეყსეულად გამოცოცხლდება. მაგრამ, ზოგადად, ამ სტადიაში მათი განწყობილება ნათელია.
შემდგომში, თუკი ადამიანი საკუთარ ცოდვილობას ვერ შეიგრძნობს, არ შეინანებს და არ გამოსწორდება, მაშინ დაავადება იზრდება და მწვავდება.
ადამიანს სხვებზე აღმატებულობის გულწრფელი რწმენა უჩნდება. ეს თავდაჯერება სწრაფად გადაიზრდება მბრძანებლობის ვნებაში, საკუთარი შეხედულებით განაგებს სხვების ყურადღებას, დროს, ძალებს; იგი თავხედი და კადნიერი ხდება: ყველაფერს თავის თავზე იღებს მაშინაც კი, როდესაც საქმეს აფუჭებს. ყველას საქმეში ერევა, თვით სხვის ოჯახშიც კი.
ამ სტადიაში ამპარტავანს განწყობილება უფუჭდება, რადგან გარშემო მყოფთაგან ხშირად წინააღმდეგობას ხვდება. დროთა განმავლობაში ის სულ უფრო და უფრო გაღიზიანებული, ჯიუტი, ბუზღუნა და ყველასთვის აუტანელია. ბუნებრივია, მას გაურბიან, მაგრამ თავად საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია და მიაჩნია, რომ უბრალოდ, მისი გაგება არავის სურს, ამიტომ ყველასთან წყვეტს კავშირს. მის გულში გაბოროტება და სიძულვილი ჩაიბუდებს და მტკიცდება. სული ბნელი და ცივი ხდება, გონება იბინდება და ადამიანი სრულიად დაუმორჩილებელი ხდება. მისი მიზანია, საკუთარი აზრი გაიტანოს, სხვები დაამციროს და თავისი „სიმართლე“ დაამტკიცოს. სწორედ ასეთი ამპარტავნები ქმნიან შემდგომში განხეთქილებებსა და ერესებს.
დაავადების განვითარების შემდგომ სტადიაში ადამიანი უკვე ღმერთთანაც წყვეტს კავშირს. ყოველთვის, რაც მას გააჩნია, მათ შორის, ნიჭსა და ზოგიერთ სათნოებასაც კი, საკუთარ თავს მიაწერს. ის დარწმუნებულია, რომ თვითონვე მოიწყობს ცხოვრებას სხვისი დახმარების გარეშე და თავადვე მოიპოვებს ყოველივეს, რაც ესაჭიროება. თვით სუსტი ჯანმრთელობის დროსაც კი იგი თავს დევგმირად წარმოიდგენს. თვლის, რომ სხვებზე „ბრძენია“, მცოდნეა და ამაყობს ყოველივეთი, რაც აქვს. მისი ლოცვა არაგულწრფელი, ცივი, გულის შემუსვრილებისგან დაცლილი ხდება, შემდგომში კი საერთოდ წყვეტს ლოცვას. მისი სულიერი მდგომარეობა წარმოუდგენლად შავბნელი და უსინათლო ხდება, მაგრამ, ამასთან ერთად, იგი საკუთარი გზის სიმართლეში დარწმუნებულია და გაჩქარებით აგრძელებს სვლას დაღუპვისკენ.