№34 თეზისები მამაკაცებისთვის
თეზისები
მამაკაცებისთვის
სიყვარული უნდა ყველას. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას დანახვა, დაფასება და შენარჩუნება სჭირდება. სიყვარულით ოჯახის შექმნა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მთავარი ოცნებაა. ხშირად, დაოჯახების შემდეგ, შეყვარებული წყვილი ისეთი აღარ არის, როგორიც ქორწინებამდე იყო. ოჯახური რუტინა სიყვარულს ელფერს უკარგავს. თუ მამაკაცი არ დაიზარებს და ოჯახურ ცხოვრებაში სადავეებს ხელში აიღებს, ადვილი შესაძლებელია, სიყვარული არ გახუნდეს. მოინდომეთ და სიყვარულს სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებთ. გთავაზობთ თეზისებს, რომლებიც ნამდვილმა მამაკაცმა ოჯახში უნდა გამოიყენოს:
* იყავით ფაქიზი და ყურადღებიანი ქორწინების პირველ თვეს, პირველ წელს და პირველ ათწლეულში. ცოლებს ქმრების ყურადღება და სითბო ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდებში სჭირდებათ (საერთოდაც; ყოველთვის სჭირდებათ);
* ეცადეთ, ცოლს ხშირად უთხრათ ალერსიანი სიტყვები. ქალის ხასიათი პლასტელინს ძალიან ჰგავს – რაც უფრო ხშირად შეეხებით ხელით, მით უფრო რბილი და მოქნილი გახდება;
* ეცადეთ, იყოთ მრავალფეროვანი კომპლიმენტებსა და ცოლისთვის მირთმეულ საჩუქრებში. ერთი და იგივე სიტყვები დროთა განმავლობაში ფასს კარგავს (რაც მთავარია, თქვენს საჩუქრებს უნდა ეტყობოდეს, რომ როცა მას არჩევდით, ბევრი იფიქრეთ);
* სამსახურში წასვლისას და სახლში დაბრუნებისას ცოლს აკოცეთ. ამისთვის დიდი შრომა არ მოგეთხოვებათ და არც ფინანსებია საჭირო. კოცნა ცოლს თქვენს სიყვარულში დაარწმუნებს. თუ დილით ამბორით დაემშვიდობებით, საღამოს კარგ ხასიათზე დაგხვდებათ. არ გჯერათ? ჯერ სცადეთ;
* თუ გინდათ, რომ ცოლმა უფრო მეტად შეგიყვაროთ და პატივი გცეთ, ოჯახში ყველაზე მძიმე სამუშაო საკუთარ თავზე აიღეთ;
* ნუ ეცდებით, გაანალიზოთ ქალის ლოგიკა, ნუ იქნებით პრინციპული ოჯახურ კონფლიქტებში. გახსოვდეთ, რომ კონფლიქტის დროს, დათმობა სჩვევია მას, ვინც ჭკვიანი და კეთილია;
* ოჯახში მუდმივად ცუდ ხასიათზე ნუ იქნებით. ქალისთვის ყველაზე მძიმე ასატანი უხასიათო მამაკაცია;
* ხანდახან ცოლს სხვა მამაკაცის თვალით შეხედეთ;
* ნურასოდეს იჩქარებთ გაყრას. გახსოვდეთ, იდეალური ცოლი არ არსებობს, ყველა ქალს თავისი უარყოფითი თვისება, უცნაურობა და ჭირვეულობა ახასიათებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ცოლთან დაშორების შემდეგ, მეორე უფრო უკეთესი იქნება. ამ მხრივ, გარანტიები არ არსებობს;
* გახსოვდეთ, რომ ყველა ქალს, მათ შორის ცოლსაც, თავისი ხიბლი აქვს, ზოგს შეიძლება – მეტად გამოხატული, ზოგს კი – ნაკლებად. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეთ ცოლის ხიბლი, ესე იგი, ცუდად ეძებთ.
მოაჯადოვე
მამაკაცი...
ყველა ქალს, თუნდაც ამას ხმამაღლა არ აღიარებდეს, გულის სიღრმეში სურს, ისე მოაჯადოვოს საყვარელი მამაკაცი, რომ სამუდამოდ თავისთან დაიტოვოს.
რომელ ქალს არ უნდა ისეთი სასურველი იყოს, რომ ვერ დათმონ, ვერ მიატოვონ, ვერ გაუშვან…. მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ატმოსფერო, რომელსაც თავის გარშემო ქმნიან. ადამიანებს სწორედ ატმოსფერო გვიპყრობს და გვიზიდავს. როგორც ყვავილები იხრებიან მზისკენ, ადამიანებიც ისე მივილტვით თავისუფლებისკენ, სითბოსა და პატივისცემისკენ. გავურბივართ სიცივეს, დაძაბულობასა და უპირატესობის დამტკიცების მცდელობას.
რამდენად ხშირად პასუხობთ კითხვებს: როგორია თქვენთან ყოფნა? სად ხართ მაშინ, როდესაც თქვენს მამაკაცთან ერთად ხართ? რა ხდება თქვენში ამ წუთებში?
ატმოსფეროს ვერბალურად ვერ შექმნი. სულაც არ არის სავალდებულო ხმამაღლა საუბარი, რომ ადამიანებმა თქვენი შინაგანი მდგომარეობა გაიგონ. ამას ვერ გაითამაშებ. ადამიანები სიმშვიდეს დაეძებენ! აი, რა უნდა იცოდეს ქალმა, რომლისგანაც მამაკაცები გარბიან. ატმოსფეროს შექმნის საიდუმლო კი ისაა, რომ გადასცე საკუთარი შინაგანი სიმშვიდე მას, ვინც გვერდით გყავს.
მამაკაცს სიმსუბუქე სჭირდება, რომ თავისი მიზნებისკენ იაროს. ქალის სიმძიმეს და დაძაბულობას აღიქვამს, როგორც ტვირთს, რომელიც უნდა ჩამოიფერთხოს, თუკი ლაღად ფრენა სურს.
ნამდვილმა მამაკაცებს, რომელთაც რაღაცის მიღწევა შეუძლიათ – ზრდასრული, ძლიერი ქალი სჭირდებათ, რომელთაც დამოუკიდებლად სიარული შეუძლიათ, იციან საკუთარი თავის ფასი და პარტნიორს არ ,,ეკიდებიან“, არ ამძიმებენ, არ უშლიან ხელს წინსვლაში, „ახალი მიწების დაპყრობაში“.
* აივსეთ საკუთარი თავის სიყვარულით;
* მოიპოვეთ სულიერი სიმშვიდე;
* გამოდით საზოგადოებაში;
* აკეთეთ ყველაფერი, რაც გსურთ;
* მთელი არსებით ჩაერთეთ იმაში, რასაც აკეთებთ;
* შექმენით თქვენ ირგვლივ მშვიდი და მსუბუქი ატმოსფერო;
* პატივი ეცით მის სურვილებსა და საჭიროებებს;
* შეინარჩუნეთ საკუთარი თავის პატივისცემა და იცოდეთ თქვენი ფასი.
და დარწმუნებული იყავით, დიდი ხნით ვერავინ დაგთმობთ.
ის საუკეთესო
მეგობარია
რამდენჯერ დაგიშვიათ შეცდომა მეგობრის არჩევისას? ზოგჯერ რამდენიმე წელი უნდა გავიდეს, რომ ადამიანის ღირსებები დაინახო და მიხვდე, რამდენად შენიანია. თუმცა, არსებობს კონკრეტული ნიშნები, რომლებიც პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ „ის“ შენი ჭეშმარიტი მეგობარია. წაიკითხეთ ყურადღებით:
* კარგი მეგობარი ნათხოვარ ნივთს რამდენიმე დღეში დაგიბრუნებთ და მადლობასაც გეტყვით.
* კარგი მეგობარი ყოველთვის წინასწარ გითანხმდებათ, სანამ თქვენთან სტუმრად მოვა, დაუპატიჟებლად არ შემოგეჭრებათ ყვირილით: აბა, რას მაჭმევ?!
* კარგი მეგობარი, მაშინვე წამოგაყენებთ, როცა თქვენ ფეხს წამოკრავთ და დაგამშვიდებთ;
* ნამდვილი მეგობარი არ გაძლევთ სისულელეების ჩადენის უფლებას, მით უმეტეს მარტო!
* კარგი მეგობრისთვის მოყოლილი გაქვთ ყველაფერი ან არ გჭირდებათ არაფრის მოყოლა – მას ხომ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად აქვს გადატანილი!