კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რატომ არ ჰქონდა ზურა ხაჩიძეს წლების განმავლობაში დედის ნახვის სურვილი და რატომ გადაწყვიტა მისმა შვილმა ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა

ნინო კანდელაკი ნონა ქარქაშაძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე, ოჯახთან ერთად, ურეკში ისვენებს. პარალელურად კი, „ქუჩის ბიჭები“ კონცერტებს სხვადასხვა საკურორტო ზონაში მართავს. ზურა „თბილისელებთან“ ცხოვრების სამ უმნიშვნელოვანეს ქალბატონზე – დედაზე, ქალიშვილსა და მეუღლეზე საუბრობს:
ზურა ხაჩიძე: როცა სხვა ადამიანები ისვენებენ და ერთობიან, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ ვმუშაობთ. მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორის გამო, კარგა ხანს „ვისვენებდით“, ახლა კი დატვირთული გრაფიკით ვაგრძელებთ მუშაობას. სექტემბრის ბოლომდე ყველა დღე გაწერილი გვაქვს ბათუმში,  რაჭასა და სხვადასხვა საკურორტო ზონაში... მე, ოჯახთან ერთად, ურეკში ვისვენებ, კონცერტებზე აქედან დავდივარ.
– ზურა, ცოტა ხნის წინ ანასტასია „დედაენის ბაღში“ საკუთარი ხელნაკეთი ნივთებით გამოჩნდა, რასაც ყიდის და ამით გაჭირვებულებს ეხმარება. ვინ შთააგონა ეს იდეა პატარა გოგონას?
– ბევრს უკვირს, რომ  ბავშვი, რომელსაც არაფერი აკლია, ხელნაკეთ ნივთებს ყიდის... ეს დედამისის დამსახურებაა. ხათუნა ბავშვობიდან ქსოვს, კერავს, აკეთებს ჩანთებს, ფეხსაცმელს, სხვადასხვა აქსესუარს... ანასტასია ამას დაბადებიდან ხედავს და, ბუნებრივია, გაუჩნდა ინტერესი, თვითონაც იგივე აკეთოს. გადაწყვიტა, ეს საქმე შეესწავლა და  ისწავლა კიდეც. საქმეში მეც ჩამრთო, წამიყვანა ბაზრობებზე, შეიძინა ნივთები, შეკერა ჩანთები... შემდეგ კი, საიდანღაც გაიგო, რომ თბილისის მერიის ინიციატივით, ორ კვირაში ერთხელ გამოფენა-გაყიდვა იმართება ხან „დედაენის ბაღში“, ხან სად, ხან სად და ამგვარად აღმოჩნდა თავისი ხელნაკეთი ნივთებით ამ გამოფენაზე.
სიმართლე გითხრათ, არც მე ვყოფილვარ მანამდე ასეთ გამოფენა-გაყიდვაზე და აღფრთოვანებული დავრჩი... ძალიან მაგარი ადამიანები და ბევრი ხელით ნაკეთი საოცრება ვნახე. ამ ადამიანებს შორის ყველაზე პატარა ანასტასია იყო.
– და ამ თანხას, როგორც ვიცი, გაჭირვებულ ადამიანებს გადასცემს...
– ჩემთვის ამ თემაზე საუბარი უხერხულია. განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, ვის და როგორ ეხმარება, ეს თვითონ იცის. ანასტასიასაც ისეთივე მიდგომა აქვს ადამიანებთან, როგორიც ჩვენ, მის მშობლებს. კეთილია და გულგრილად ვერ უყურებს მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. მრავალმხრივი ინტერესი აქვს. თავის დროზე, თვითონ აირჩია, რომ საოპერო ვოკალზე შესულიყო, მაგრამ რომ წამოიზარდა, სხვა ინტერესები გაუჩნდა და ახლა, ქალბატონ დოდო დიასამიძესთან, სამუსიკო სკოლაში ჩვენი ხათრით დადის. გვინდა, ამ მიმართულებითაც განვითარდეს, თუმცა, კარგად ხატავს, იცის რამდენიმე უცხო ენა და ძალიან ძლიერია მათემატიკაში. წელს „კომაროვში“ ჩააბარა, შედეგი ჯერ არ გაგვიგია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ წარმატებით გაართვა თავი. ეს ყველაფერი ხათუნას დამსახურებაა, რადგან ანასტასიასთან ძირითად დროს ის ატარებს. მის განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ძიძას, ტატიანა ოკუჯავას, რომელიც ანასტასიას 6 თვიდან ზრდის. ეს ქალბატონი, ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრია.
– თქვენ კი, დაახლოებით თქვენი გოგონას ასაკში, კანფეტების ქურდობისთვის დაგიჭირეს, ციხეს ძლივს გადაურჩით...
– ჩემი თაობის ბავშვობა სრულიად განსხვავდებოდა თანამედროვე ბავშვების ცხოვრებისა და აზროვნებისგან. ჩვენც რომ სხვადასხვა საკითხის მიმართ ასეთი მიდგომა გვქონოდა, ალბათ, დღეს ჩვენი ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. „ბაუნტი“, „სნიკერსი“ და „ტვიქსი“ მაშინ ახალი შემოსული იყო. არ გვიჭირდა და ბებიაც არაფერს მაკლებდა, მაგრამ მორიდებული ბავშვი ვიყავი და ბებია-ბაბუას არაფერს ვთხოვდი. ბორჯომში, ჩემი სახლიდან ვიდრე სტადიონზე ავიდოდი, ერთი მაღაზია უნდა გამევლო. ერთხელაც, ღამით, როცა მაღაზიას ჩავუარე, საოცარი სურვილი გამიჩნდა, გამეტეხა და ის ახლად შემოსული კანფეტები მომეპარა. მართლაც, გავტეხე და გამოვზიდე მთელი მაღაზია, სრულიად მარტომ. ნაქურდალი წავიღე და უბნის გოგო-ბიჭებს დავურიგე. ბუნებრივია, ამის გამო პრობლემები შემექმნა, მაგრამ რადგან არასრულწლოვანი ვიყავი და ეს პირველი შემთხვევა იყო, ციხეს გადავურჩი. ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი ვიყავი, 90-იან წლებში ბორჯომში სხვანაირად ვერც იცხოვრებდი. ან „დედიკოს ბიჭი“ უნდა ყოფილიყავი, ან – ქუჩის. მე მეორე ავირჩიე.
– მშობლების გარეშე იზრდებოდით. ეს, ალბათ, მძიმე განცდა იყო ბავშვისთვის.
– ჩემს აღზრდაში უდიდესი დამსახურება ბებიას, ანასტასიას მიუძღვის, რომელიც 50 წელზე მეტი სამედიცინო სფეროში მუშაობდა. ბორჯომში ღვაწლმოსილი ადამიანი იყო. ბებია-ბაბუამ და მამიდამ გამზარდეს. მამაც ჩვენთან ცხოვრობდა, მაგრამ ის მძღოლი იყო, ხშირად ქვეყნის გარეთ დადიოდა და თითქმის ვერ ვნახულობდი... ბებია დილიდან დაღამებამდე სამშობიაროში იყო. მეც იქ ვიზრდებოდი.  ხან სამშობიაროში მეძინა, ხან სად და ხან სად... ბებია ახალშობილთა ექიმი იყო და დედებს შეექმნებოდათ პრობლემა თუ ჩვილ ბავშვებს, რაიონის მასშტაბით, ყველგან მას იძახებდნენ. ხშირად ღამის 2-3 საათზე აღვიძებდნენ და მიჰყავდათ, მეც მასთან ერთად ვიღვიძებდი და მივდიოდი... რამდენიმე თვის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედის ნახვის სურვილი ძალიან დიდხანს არ მქონდა. ალბათ, ჩემი ნებით არც შევხვდებოდი, მეზობელს მოტყუებით რომ არ წავეყვანე მის სანახავად. ამგვარად, 13 თუ 14 წლის ვიყავი, როდესაც დედა პირველად ვნახე. მაშინ მას მეორე ოჯახი ჰქონდა და პატარა გოგონაც ჰყავდა, რომელიც 4 წლისა გარდაიცვალა. ეს შეხვედრა ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმე იყო, სიტყვით ვერც კი გადმოგცემთ, რა ვიგრძენი. ჩემი ბავშვობიდან ყველაზე მძაფრად რაც მახსოვს, ის დღე იყო. თავიდან გაგვიჭირდა ურთიერთობის აწყობა – ჯერ „ქალბატონობით“ მივმართავდი, შემდეგ ლალის ვეძახდი, ბოლოს დედაც დავუძახე, მაგრამ, სამწუხაროდ, დედა მალევე გარდაიცვალა.
– მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ მართალია, ბებიამ დიდი სიყვარული მოგცათ, მაგრამ დედის სითბო და მზრუნველობა სულ სხვა აღმოჩნდა...
– ბებია თბილია, ბაბუა ტკბილია, მაგრამ ბავშვს სრულფასოვანი ოჯახი სჭირდება, მამაც უნდა და დედაც. და როცა ბავშვობას ამ ტკივილით გაატარებ, ის ილექება და ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხში მოზრდილ ასაკში ავლენს თავს. გული მწყდება, რომ ჩემი საქმიდან გამომდინარე, დედას იმდენ ყურადღებას ვერ ვუთმობდი, როგორც მინდოდა. ერთხანს, ბორჯომში ცხოვრობდა, ჩვენი ქორწილიდან ერთ კვირაში ჩამოვიდა ჩემთან და ხათუნასთან თბილისში. იმ ღამით სახლში დავტოვე, კონცერტზე უნდა წავსულიყავი, გვიან დავბრუნდი და ხათუნამ მითხრა, დედა ახლობელთან წავიდაო, დილით კი გავიგე, რომ იმ ახლობლის სახლში დედა გაზით გაიგუდა... დედას და ხათუნას ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ერთადერთი, ვისაც ჩვენი სიყვარული ახარებდა და ვისთანაც ხათუნაზე ვსაუბრობდი, დედაჩემი იყო... ბევრი ასეთ რამეზე არ ლაპარაკობს, მაგრამ მე ჩემს ოჯახზე საუბარს არასდროს ვერიდები, რადგან მინდა, მაგალითად ვიქცე, თუნდაც ერთი იმედგაცრუებული ადამიანისთვის, რომ არ დაიჩაგრონ თავი, არ ჩაიძირონ ჭაობში და არ დანებდნენ ცხოვრებას, რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი! ეს გამოსავალი მე ეკლესიის მეშვეობით ვიპოვე, ფსიქოლოგის დახმარებაც დამჭირდა.
– თუმცა, თქვენ გაგიმართლათ და თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდით...
– რა თქმა უნდა, ბევრ რამეში გამიმართლა. ხათუნასთან ჩემი შეხვედრა კი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ხათუნა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ასეთი რომ ვარ, მისი დამსახურებაა. მატერიალურ ფაქტორს არ ვგულისხმობ, როგორც ბევრი ფიქრობდა. როცა ასეთი დამოკიდებულებაა ცოლ-ქმარს შორის, მათი ურთიერთობა ძალიან მალე მთავრდება, ხოლო, როცა ძლიერი სიყვარულია – ღმერთამდე კაცი ხარ, მიწაზეც მყარად დგახარ და ვერავინ ვერაფერს გაკლებს. მას შემდეგ, რაც დავქორწინდით ძალიან რთული წლები გავიარეთ და პირდაპირ გეტყვით, ვიდრე „სიმართლის დროში“ დეტექტორმა არ დამიდასტურა, რომ ხათუნა გულწრფელად მიყვარს, საზოგადოების ნაწილს არ უნდოდა ამის დაჯერება. ამის შემდეგ დაიჯერეს. ამ გადაცემის შემდეგ ქუჩაში მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, შენ მართლა გყვარებია ხათუნაო, რაც ცოტა შეურაცხმყოფელი და გულსატკენია... ბოლოს კი, „თბილისელების“ საშუალებით, ვეტყოდი ჩემს ხალხს, ჩემს ემიგრანტებს, რომ ოქტომბერში, ამერიკაში, გრანდიოზულ სოლო კონცერტებს ვგეგმავ. პირველი სოლო კონცერტი 20 ოქტომბერს ნიუ-იორკში, რესტორან „ინტერნაციონალში“ გაიმართება, შემდეგები კი – ფილადელფიასა და ვაშინგტონში. ველი ყველას, დიდი სიყვარულით.
скачать dle 11.3