№33 როგორ გახდა პირველი ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ „ოსკარის“ მფლობელი და როგორ ბრუნდება ის ყველა ფესტივალიდან გამარჯვებული
საქართველოში პირველი მაღალხარისხიანი 3D ანიმაციური ფილმის შემქნელი ანიმატორი დათო კიკნაველიძეა. მისმა ანიმაციამ – „ჯინო“, მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი პრიზი და დიდი აღიარება დაიმსახურა. მათ შორის „პალმ სპრინგსის“ საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეც, რაზეც დათო თავად მოგიყვებათ.
დათო კიკნაველიძე: ეს „ჯინოსთვის“ პირველი ჯილდო არ არის, აქამდეც არაერთი დაიმსახურა. თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზია. უფრო კონკრეტულად, ამერიკულ საბავშვო ფილმების ფესტივალზე „ჯინო“ საუკეთესო საბავშვო 3D ანიმაციური ფილმი გახდა. ეს არა მხოლოდ ჩვენი სტუდიისა და ფილმისთვისაა წარმატება, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ანიმაციის ინდუსტრია ყველაზე მაღალ დონეზე ამერიკაშია განვითარებული, იქ რომ ქართული ფილმი გაიმარჯვებს, მართლა რაღაც ძალიან კარგს ნიშნავს. თუმცა აქამდე „ჯინომ“ დიდი გზა გაიარა. იყო „პალმ სპრინგსის“ კინოფესტივალზე, რომელიც ძალიან პრესტიჟულია და ამერიკაში ტარდება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია. წელს ორას ორმოცდაათამდე ქვეყანა და ათასობით ფილმი მონაწილეობდა,
შესაბამისად, უზარმაზარი კონკურენცია იყო. ასეთ პირობებში გახდა „ჯინო“ გამარჯვებული. ამის გარდა, ჩვენი ანიმაცია აბსოლუტურად ყველა ტოპ-ფესტივალზე იყო ნაჩვენები. მისი პრემიერა ანესის ანიმაციის ფესტივალზე შედგა. ეს იმ დონის ფესტივალია, კინოში რომ „კანი“ და თქვენ წარმოიდგინეთ, „ოსკარი“ აიღო. ანიმაციის საუკეთესო ფესტივალია, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. პრემიერა 2017 წელს შედგა და მას ასორმოცდაათი ათას ადამიანზე მეტი ესწრებოდა. ქართული ფილმი პირველად მოხვდა ანესის საკონკურსო პროგრამაში და ესეც უზარმაზარი წარმატება იყო. პრემიერა რომ ამ დონის ფესტივალზე შედგა, ეს უკვე დიდი მიღწევა იყო და ამის შემდეგ, ფესტივალებისგან თვითონ წამოვიდა შემოთავაზებები. ინდოეთშიც ძალიან მაგარი პრიზი მოვიგეთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოგვივიდა. საერთო ჯამში, ათამდე ჯილდო გვაქვს მიღებული და კიდევ ვაგრძელებთ საფესტივალო გზას. რაც ყველაზე მაგარია, ამ ყველაფერმა საფუძველი ჩაუყარა „ჯინოს“ სრულმეტრაჟიან ფილმს. სცენარი უკვე მზად არის და ნელ-ნელა ვვითარდებით. ახლა ის ეტაპია, როცა საქართველო მსოფლიო ანიმაციის რუკაზე თანდათან იკვეთება.
– როგორ შეიქმნა „ჯინო“?
– ყველაფერი 2012 წელს დაიწყო. საქართველოს კინოცენტრმა გამოაცხადა პროექტების კონკურსი. ჩვენი პრეზენტაციით გერმანელი პროდიუსერი დაინტერესდა და წარმოების თანხა „რობერტ ბოშის“ უზარმაზარმა ფონდმა გამოგვიყო. განაცხადი 2013-ში გავაკეთეთ და მოვიგეთ კიდეც. ჯერ ნომინაცია მივიღეთ, რაც უკვე ძალიან მაგარია და სივს სერიოზულ წონას მატებს, ჩვენ კი იმ წელსვე მოვიგეთ კიდეც, რაც ძალიან მაგარი იყო. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ იმ წელს დოკუმენტურშიც ქართულმა ფილმმა გაიმარჯვა. პირველი ის გამოაცხადეს და ვიფიქრე, რომ ჩვენ შანსი აღარ გვქონდა, ორ ქართულ პროექტს ხომ არ გაუშვებენ-მეთქი, მაგრამ ზუსტად ასე გამოვიდა, რაც სრული სიგიჟე იყო. ეს იყო ჩვენი ნახევარი ბიუჯეტი, დანარჩენი თანხა კინოცენტრმა მოგვცა. სამი წელი დასჭირდა „ჯინოს“ შექმნას. როცა დავიწყეთ, არც კომპიუტერების ბაზა იყო და პროფესიონალებს სანთლის შუქზე ვეძებდი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ამ სფეროში ვმუშაობ, ამხელა ფროდაქშენის შეკვრა, რომელიც საერთაშორისო ხარიხსის პროდუქტის შექმნას
შეძლებდა, ძალიან გამიჭირდა. ეს არის პირველი ქართული 3D ანიმაცია, რომელიც საერთაშორისო ხარისხისაა.
– როგორ გადაწყვიტე ანიმატორობა?
– ფაქტობრივად, რომ გავჩნდი, ვიცოდი, რომ ანიმატორი უნდა ვყოფილიყავი (იცინის). ძალიან ადრეული ასაკიდან ვხატავდი და მთელ დროს ამაში ვატარებდი. მერე დავიწყე კომიქსებისა და ანიმაციების გაკეთება. რვა წლის ვიყავი, როცა კამერას ვდგამდი და პლასტელინისგან გამოძერწილ გმირებს ვიღებდი. შემდეგ აკადემიაში ჩავაბარე, მაგრამ იქაურობამ ვერაფერი მომცა. დღეს რამის სასწავლად მთავარი წყარო ინტერნეტია და მეც ეს რესურსი გამოვიყენე. ამ ყველაფერს პროფესიად არ აღვიქვამ. არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ საკუთარ სამსახურს ვერ იტანენ ან მუშაობის პროცესი დამღლელია. ოცდაოთხი საათი ვმუშაობ, მაგრამ უბედნიერესი ვარ. თუმცა ძალიან შრომატევადი საქმეა. ოცდახუთი კაცი სამი წელი ცამეტწუთიანი ფილმის მარტო ვიზუალზე ვმუშაობდით, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ.
– ძალიან ხშირად განიხილავენ ხოლმე კეთილი და ბოროტი მულტფილმების გავლენას ბავშვებზე.
– ანიმაცია უნიკალური ენაა. შეგიძლია, მისი საშუალებით ბავშვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისთვის გასაგებად და თავში ჩარტყმის გარეშე მიაწოდო. მიახვედრო, რა არის ცუდი და რა კარგი. ჩვენს მშობლებს უყვართ ხოლმე თქმა, ადრინდელი მულტფილმები კარგი იყო, ახალი არაფრად ვარგაო. რეალურად კი, უბრალოდ, კონტენტში არ ერკვევიან. არადა მშობლებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რას უყურებს მათი შვილი და მხოლოდ მათი თავიდან მოცილების მიზნით არ უნდა დახუჭონ თვალები. უამრავი კარგი ანიმაცია არსებობს, რომელსაც ძალიან ბევრის მიცემა შეუძლია ადამიანისთვის და ბავშვმა მაინცდამაინც საშინელებას და მკვლელობას რატომ უნდა უყუროს?! ცუდიც არსებობს და კარგიც, მაგრამ ეს მშობლის პასუხისმგებლობაა და არა მისი შემქმნელის.
– „ჯინომდე“ როგორი იყო შენი მიღწევები?
– 17 წლის ვიყავი, როცა პირველი ანიმაციური ფილმი გავაკეთე, „ვაკუუმი“ ერქვა და სიძუნწით შეპყრობილ ადამიანზე იყო. მანაც ძალიან ბევრ ფესტივალზე მოიპოვა წარმატება და ფაქტობრივად,
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რითაც ძალიან ვამაყობ. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ამ სფეროში არაფერი ხდებოდა. ამის შემდეგ, „ჯინოს“ გარდა, კიდევ რამდენიმე პროექტზე ვიმუშავე. მათ შორის იყო „დისნეისა“ და „ნიკოლოდიონის“ პროექტები. ამ სფეროში შედეგებამდე დიდი გზა უნდა გაიარო, რომელზეც დიდი ადგილი ინტერნეტსა და ფრილანსერულ საიტებს უჭირავს. როცა იქ შენს ნამუშევრებს ათავსებ, მერე თვითონ გიკავშირდებიან. „ნიკოლოდიონი“ მთავარი ანიმაციური არხია და ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, როცა მათ თვითონ მომწერეს და საკუთარი ინიციატივით შეკვეთაზე დაიწყეს საუბარი. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ამერიკულ კომპანიასთან ვთანამშრომლობდი კომპიუტერული თამაშების მიმართულებით. ეს ჩვენი მეხუთე საერთო პროექტი იყო. ზუსტად იმ პერიოდში დაუკავშირდა მათ „ნიკოლოდიონი“ და მათ ჩემთან გადმოამისამართეს.
– „დისნეისთან“ თანამშრომლობა როგორ დაიწყო?
– აქაც ასე, გადმომისამართებით. ამ ინდუსტრიაში პირად კავშირებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არ გიცნობენ, სერიოზულად არ გიყურებენ. დღეს არაერთი დაკვეთა გვაქვს რუსეთიდან და უკრაინიდან. ვიმუშავეთ „დისნეის“ არაერთ პროექტზე. როცა ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, საქართველოს შესახებ საერთოდ არავინ იცოდა. მაგრამ „ჯინოს“ პრემიერისა და კიდევ ბევრი წარმატების შემდეგ, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გაჩნდა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ კარგად უნდა
გაიგოს, რომ საქართველოში ხარისხიანი პროდუქტი იქმნება.
– რაც შეეხება კომპიუტერულ თამაშებს?
– ჩვენი კომპანია კომპიუტერული თამაშების სფეროშიც ძალიან აქტიურად არის ჩართული და საერთაშორისო მასშტაბების კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, იქნება ეს „იუბისოფტი“, „მაიკროსოფტი“ თუ სხვა. ამინაცია და კომპიუტერული თამაშები მომიჯნავე სფეროებია და ამიტომ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.