№33 როგორ მოგზაურობდა პაატა ბერიკიშვილი ბაიკით ცოლთან და თვეების ბავშვთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში და როდის ქმნიდა ის გერმანიაში უნიკალურ ინსტრუმენტებს
პაატა ბერიკიშვილმა მოგზაურობა ცხრა წლის წინ მეუღლესთან ერთად დაიწყო და ძალიან ბევრი ქვეყანა მოიარა, გზად უამრავი თავგადასავლით. ბოლო რამდენიმე წელი კი გერმანიაში გაჩერდა და უნიკალურ ინსტრუმენტს ქმნიდა, რომლის დაპატენტებასაც აპირებს. თუმცა მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ მეუღლეს დაშორდა და ახლა გზის გაგრძელებას მარტო აპირებს.
პაატა ბერიკიშვილი: გოგონა გავიცანი, ის არქიტექტორად მუშაობდა, მე – უშიშროებაში. მერე, გარკვეული მიზეზების გამო, მუშაობას თავი დავანებე, ამ გოგოს უფროსმა თავი მოიკლა, რადგან ბიზნესი „აახიეს“ და მოკლედ, აქაურობაზე „გავჭედე“. უკვე ოთხი წელი იყო გასული, რაც ერთად ვიყავით და შეუღლება შევთავაზე, თუ რამე ფინანსი მქონდა, შევკრიბე, საჭირო ნივთები, ერთ მანქანაში შევყარე და ბათუმში წავედით. აქ იმდენი სტრესი მივიღე, მინდოდა, ქალაქი გამომეცვალა. ბათუმში ჯერ სეზონი არ იყო და გადავწყვიტეთ, თურქეთში წავსულიყავით, სადაც სეზონი ადრე იწყება. მე და ზაზა კორინთელს ჯგუფი გვქონდა – „ზუმბალენდი“ და ხშირად მივდიოდით თურქეთის სხვადასხვა ქალაქში. ავტობუსის ფულიც არ გვქონდა, თვე-ნახევარი ვიყავით ბათუმში და რაც აქედან წავიღეთ, დავხარჯეთ. ბარებში მუშაობით ოცი დოლარი შევაგროვე, ამ თანხით და ორი ველიკით, ერთი ნათხოვარით და ერთი ჩემით, გადავკიდეთ ჩვენი ბარგი და წავედით, მაგრამ ნინოს გაუჭირდა ტარება და ამიტომ ნახევარი ნივთები გადავყარეთ. ტრაპიზონში ძლივს ჩავაღწიეთ, რამდენჯერმე ძალიან დავსველდით და ვიღაცებმა სახლში აგვიყვანეს, გაგვაშრეს და დაგვაპურეს. მეორე დღეს უკვე სხვა საზრუნავი მქონდა – ფული უნდა მეშოვა, რადგან მხოლოდ ორი ლირა დაგვრჩა. ქალაქის ცენტრში დავინახე გრძელთმიანი ტიპი, წინ მოლბერტით, გამიხარდა, ჩემიანი, ხელოვანი კაცი ვიპოვე-მეთქი. მივედი და ვკითხე, სად შეიძლებოდა დაკვრა, რომ ოცი ლირა მაინც მეშოვა და მეუბნება – არ ვიცი, მე მხატვარი კი არ ვარ, მერია მიხდის თვეში რვაას ლირას, აქ რომ ვიჯდე და ვითომ ვხატავდეო. ამ დროს ორი ხელოვანი მოვიდა მასთან, ერთ-ერთი უცბად მიხვდა, რა მინდოდა და ბარში გაგვაქანა. იმ საღამოს ორმოცდაათი ლირა, ფაქტობრივად, მან გადაგვიხადა და დიდი პატივიც გვცა. იქიდან გერასუნში ჩავედით, ისევ ორი ლირით (იცინის). ეს სამხედრო ქალაქია და მუსიკა საერთოდ აკრძალულია. ცუდ დღეში აღმოვჩნდით, არ ვიცოდი, სხვანაირად ფული როგორ მეშოვა. თხილის საკრეფად მომიწია წასვლა, სხვა რა გზა მქონდა. სახლში დამერეკა და ჩემებისთვის ფული მეთხოვა, გამორიცხული იყო. მით უმეტეს, ჩემები და ნინოსიანები ჩვენს ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან 12 წლით პატარაა ჩემზე. მოკლედ, პირველ დღეს თხილის საკრეფად წავედი. კრეფა კი ვიცოდი, მაგრამ იქ ისეთი მთები იყო, ვერ მივხვდი, როგორ მოვქცეულიყავი. ამიტომ სხვებს ვუყურებდი, როგორ აკეთებდნენ, რომ ჩემზე არ ეფიქრათ: მაგარი გოიმიაო. თურმე, ისინი მე მიყურებენ, რომ იგივე მათზე არ ვიფიქრო და მოკლედ, ერთმანეთს ვასწრებდით და სამი დღის გასაკეთებელი საქმე ერთ დღეში გავაკეთეთ. საღამოს ძაღლებივით ვეყარეთ და ტიპი მეუბნება, ასე რატომ გარბოდი, ჩვენც შენ გიყურებდით და სამ დღეზე გასაყოფი სამუშაო ერთ დღეში გაგვაკეთებინეო. ტიროდნენ, ორი დღის ფული დაგვაკარგვინეო (იცინის). გამწარებული ავტობუსის ფულს ვაგროვებ და ყველა რომ უარს ამბობდა, მოცელვაზე მე წავედი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. კაცი ოთხმოც ლირას იხდიდა და უარს როგორ ვიტყოდი?!.
– შემდეგ რომელი ქალაქი იყო?
– იქიდან კუშადასში ჩავედი. ტრადიციულად, ორი ლირა ჩამყვა ამ ფულიდან და საერთოდ, მთელ ამ ისტორიას „ორი ლირა“ ჰქვია (იცინის). გადავწყვიტე, ქუჩაში დამეკრა, რადგან დილა იყო და ბარები არ მუშაობდა. მინდოდა, ვინმეს მოესმინა და სურვილი გასჩენოდა, რომ მის ბარში დამეკრა. დავჯექი, გიტარა დავაძრე და სარეკლამო ნომრის შესრულება დავიწყე (იცინის). სამ წუთში პოლიცია მომადგა, არ შეიძლება აქ დაკვრაო და მეც უპრობლემოდ დავთანხმდი. მაგრამ ჩემ გარშემო ხალხი უკვე შეიკრიბა, მათ შორის, ბარის წარმომადგენლებიც და მოკლედ, მიზანს მივაღწიე. ჩეჩმეში შემომთავაზეს დაკვრა და იქ რომ ჩავედი, მათი წყალობით სრულ ნეტარებაში ვცხოვრობდი. თითქმის ორი თვე დავრჩი მათთან კლუბში და სამიათასი ევროც დავაგროვე. იქიდან ბაიკით მინდოდა ევროპაში გადასვლა. მოვიარეთ ამსტერდამი, ბრიუსელი, გერმანია. ამასობაში გავიგეთ, რომ ნინო ფეხმძიმედ ყოფილა. ბავშვი საქართველოში დაიბადა და მომდევნო რამდენიმე თვე აქ გავატარეთ.
– რამდენიმე თვეში ბავშვთან ერთად გააგრძელეთ გზა?
– რვა თვის იყო, ისევ თურქეთისკენ რომ დავიძარით. ბოდრუმში კაცი გავიცანი, რომელსაც რესტორანი ჰქონდა. სტამბულელი სტუმრებისთვის მთხოვა დაკვრა და კარგადაც გადამიხადა. მასთან თვე-ნახევარი დავრჩი. ყველაფერი მე ჩამაბარა – საუნა, აუზი, კატერი. საღამოობით ვუკრავდი ხოლმე და ყველაფერი უფასო მქონდა. ნამდვილ ნეტარებაში აღმოვჩნდით. ახალი ბაიკები ვიყიდეთ, ჩანთები და ნივთებიც განვაახლეთ და იგივე მარშრუტით გავაგრძელეთ გზა.
– ბავშვთან ერთად მოგზაურობა რთული არ იყო?
– ერთადერთი სირთულე პამპერსების შეკვრის ზომა იყო. გზაში ცალობით ხომ ვერ ვიყიდდით, ამიტომ გვიწევდა ბევრის ტარება. დანარჩენი პრობლემას არ წარმოადგენდა. ისეთი სამგზავრო დუში მქონდა, სახლში რომ არ მაქვს, თან, ყველაფერი – ძალიან მსუბუქი. გზაშიც ძალიან მაგარი ხალხი გვხვდებოდა. სახლში გვეპატიჟებოდნენ და გვიმასპინძლდებოდნენ. განსაკუთრებით იტალიაში – „ავე მარიას“ ვუკრავდი ქუჩაში და ერთმა ბებომ უამრავი ხალხი გააჩერა, სამჯერ დამაკვრევინეს. მთელი მოგზაურობის განმავლობაში ძალიან მაგარ იდეაზე ვფიქრობდი. სრულიად ახლებური ინსტრუმენტი უნდა გამეკეთებინა და ამას ერთ ადგილას გაჩერება სჭირდებოდა. ამიტომ გერმანიაში გადავწყვიტე ჩასვლა, რადგან იქ მეგობრები მყავდა და საშუალებაც მეტი იყო. ეს საკრავი ევოლუციურია – ფაქტობრივად, რვაასი ინსტრუმენტია ერთად. აქამდე გიტარასა და ჰარმონიკაზე ვუკრავდი. ახლა ჩემს ჰარმონიკას ყველა ინსტრუმენტის ხმის გამოცემა შეუძლია. გერმანიაში, ქალაქ გლაუხაუში სახელი მაქვს, ტელევიზიები მაშუქებენ. ეს ქალაქ ლაიპციგიდან ოთხმოც კილომეტრშია. ერთი გიტარისტი გავიცანი, რომელმაც თავის საღამოზე დამპატიჟა. აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერიც იქ იყო. მეც მთხოვა, დამეკრა და დავუკარი კიდეც. მესამე დღეს მერი ანგარიშს აბარებდა მთავრობას და მოკლედ, დავუკრი რვაასკაციან დარბაზში – ულაპარაკოდ მიხდიან ოთხას ევროს ორ სიმღერაში. დარბაზი სავსე იყო მაღალი თანამდებობის პირებით, გენერლებითა და ასე შემდეგ, მთელი პოლიტიკური ელიტა იქ იყო. სცენიდან ჩამოვედი თუ არა, წამოვიდა და წამოვიდა შემოთავაზებები.
– მეუღლე რატომ დაგშორდათ?
– მისი და ჩამოვიდა გერმანიაში, არ ვიცი, რა უთხრა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა. ძალიან მომთმენი და უკონფლიქტო ადამიანი ვარ და დიდი ხანი არაფერი მითქვამს, მაგრამ სამი თვის თავზე, სხვა ხერხმა რომ არ გაჭრა, ვიჩხუბეთ. ქალი რომ რვა წელი ჩემ გვერდითაა და მერე მეტყვის, არ მიყვარდიო, საწყენია, აბა, რა არის? იქ ძალიან კარგი სამსახური ჰქონდა. როცა თვეში 2 800 ევრო გაქვს შემოსავალი, აქ ჩამოდიხარ და ათას ლარზე მუშაობ, მგონი, ცოტა რთული შესაგუებელია. ბავშვზეა ძალიან მიჯაჭვული, მარტო არ მატანს, როცა ვნახულობ, ისიც მთელი დღე ჩვენთან ერთად უნდა იყოს, არ ვიცი, ასე რამ შეცვალა. ალბათ, დრო სჭირდება, მაგრამ მე უკვე შეყვარებული ვარ. მალე ისევ მივდივარ გერმანიაში და ისევ დავიწყებ ველოსიპედით მოგზაურობას.