№33 ვინ მიართვა მერსი სულხანიშვილს სამასი ვარდი და ჰქონდა თუ არა მას ერთი ღამის ურთიერთობა
ჟურნალისტი და ტელე-რადიო წამყვანი მერსი სულხანიშვილი საზოგადოებამ სკანდალური იმიჯით გაიცნო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს მისგან დამოუკიდებლად მოხდა. დღეს მის გარშემო სკანდალები ნაკლებად ხდება, მაგრამ უამრავი ჭორი ტრიალებს: „მერსის პოლიტიკოსმა შეყვარებულმა ავტომობილი აჩუქა“, „მერსი სუხანიშვილს ბიზნესმენი შეყვარებული საჩუქრებით ანებივრებს“ და ასე შემდეგ. მასთან საუბარი საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეებით დავიწყეთ.
მერსი სულხანიშვილი: ფართო საზოგადოება ჩემგან ძალიან მალე გაიგებს საინტერესო სიახლეებს, მაგრამ წინასწარ რომ დავაკონკრეტო, ისეთი საინტერესო აღარ იქნება.
– ბოლო დროს შედარებით ნაკლებად ჩანხარ ეკრანზე, რატომ?
– ხანდახან საჭიროა, ტაიმაუტი აიღო და ნაკლებად ჩანდე, მაყურებელს რომ თავი არ მოაბეზრო. მაგრამ ვისაც მოვენატრე, ვეტყვი, რომ მალე აღარ მოგაკლდებით.
– როგორც ყოველთვის, ბევრი ჭორი უკავშირდება შენს სახელს. პირად „ფეისბუქ გვერდზეც“ გქონდა გაზიარებული ერთ-ერთი მათგანი. მერსის ავტომობილი აჩუქა თაყვანისმცემელმაო, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდნენ – ბიზნესმენია შენი შეყვარებული თუ პოლიტიკოსი.
– სინამდვილეში, ეს ავტომობილი არც შეყვარებულს უკავშირდება, არც ბიზნესმენს და არც პოლიტიკოსს. ჩვენ ყველანი ვმუშაობთ, საკუთარი შემოსავალი გვაქვს და ახალი ავტომობილის შეძენა ჩვეულებრივი პროცესია. არ ვიცი, ეს ჭორი საიდან გავრცელდა. დასაქმებული და რეალიზებული ადამიანი ვარ და მგონი, არ არის პრობლემა, რომ თავს ავტომობილის გამოცვლის უფლება მივცე. ზოგადად, ბუნებრივად მიმაჩნია, თაყვანისმცემელი რომ საჩუქარს გაჩუქებს. არ უარვყოფ, მსგავს საჩუქრებს ხშირად ვიღებ, მაგრამ არ მახსენდება, რომ გამომეფინოს, თუნდაც, სოციალურ ქსელში. ძალიან დიდი ტყუილი იქნება, რომ ვთქვა: საჩუქრები არ მიყვარს-მეთქი. მიხარია, თუმცა დიდ დატვირთვას არ ვანიჭებ. ძალიან ხშირ შემთხვევაში, არც კი ვიცი, ვისგან არის ხოლმე და მათ გამომგზავნებს მხოლოდ თქვენი ფურცლების საშუალებით თუ გადავუხდი მადლობას. ვალენტინობას მოხდა ძალიან სასაცილო ამბავი: სახლში უამრავი ვარდი მომიტანეს, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, ვისგან იყო სამასი ვარდი (იცინის). მთელი სახლი ყვავილებში იყო ჩაფლული. უცნობებისგან უფრო განებივრებული ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მხოლოდ საჩუქარი არ არის რაღაცის გამოხატულება.
– ძლიერი გოგო ხარ?
– მიმაჩნია, რომ ძლიერი ქალბატონების კატეგორიას განვეკუთვნები. იმიტომ, რომ ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომელსაც შეეძლო ჩემი მორალურად გატეხვა, ძალიან ბევრი დაბრკოლება გადამილახავს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ.
– გაბრაზებული და განრისხებული მერსი როგორია?
– ვყოფილვარ განრისხებული და ასეთიც ვუნახივარ საზოგადოებას. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე განრისხებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვიყავი.
– ალბათ, შენს ცნობილ ვიდეოს გულისხმობ, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა?
– კი, იმ ვიდეოს ვგულისხმობ. იქ ჩანს, როგორი შეიძლება ვიყო განრისხებული. ობიექტურად თუ მივუდგებით, სამართლიანად ვიყავი განრისხებული, მაგრამ ვიღაცისთვის ეს უსამართლო იყო. თუმცა, მიზეზების კვლევა არავის დაუწყია.
– ამის შემდეგ შენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – ტაძარი.
– მონასტერში ცხოვრების ერთი კვირა იყო მთელი ერთი ცხოვრება, რომელმაც სამყარო სხვანაირად დამანახვა. ყოველთვის ვცდილობდი და ვახერხებდი კიდეც, ეკლესიურად მეცხოვრა, უბრალოდ, ამ ამბამდე არ მყავდა მამაო და რელიგიურ საკითხებშიც ბევრი ცოდნა არ მქონდა.
– როცა ამბობ, ყოველთვის ეკლესიურად ვცხოვრობდიო, აუცილებლად გკითხავენ: როგორ მოდის ეკლესიურ ცხოვრებასთან თანხვედრაში შენი სკანდალური იმიჯი, საზოგადოებაში ამ ფორმით გამოჩენა, მკერდის მოშიშვლებაო? თუმცა, ამაზე საუბარი ამდენი ხნის შემდეგ, უკვე ზედმეტი მგონია.
– სხვა ადამიანი არასდროს უნდა განიკითხო. მე ვერ ვხვდები, რა შუაშია პროფესიული საქმიანობა ამასთან? ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ტაძარს – თავისი, სკანდალი კი ჩვენდაუნებურად ხდება. ვინ რას და როგორ ჩაიცმევს, ტაძართან და რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
– ბოლო დროს, ახალი თემაა აქტუალური – რა ურთიერთობა აქვს მამა პეტრეს და მერსი სულხანიშვილს?
– მამა პეტრე ჩემი მამაოა, ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი შვილივით მიმიღო, როცა რაღაცების გააზრება მჭირდებოდა. ის დამეხმარა განსაცდელის ჟამს, დამეხმარა მონასტერში წასვლაში, მაგრამ ეს არ იყოს რაღაცისგან გაქცევის სურვილი. იმ პერიოდში მე გააზრებულად მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
– პლატიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით იყო ჭორები...
– ჩემს გარეგნულ სილამაზეზე ვზრუნავ, მაგრამ პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიმიმართავს. თუმცა, არ ვმალავ, რომ ბოტოქსის მოყვარული ვარ, რაც პლასტიკურ ქირურგიად არ ითვლება.
– პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი მამაკაცების მხრიდან არ გქონია შემოთავაზებები პირად ურთიერთობაზე, არ ცდილობენ შენს მოხიბვლას?
– (იცინის) ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ჩემს მოხიბვლას. სხვადასხვა ჟესტით უგრძნობინებიათ, რომ მოხიბლულები არიან, მაგრამ მე ასე კატეგორიებად არ ვყოფ ადამიანებს. მთავარია, როგორი პიროვნებაა და არა მისი სამოღვაწეო არეალი. ზოგადად, ჩემი მეორე ნახევარი წარმატებული, შემდგარი, განათლებული, ჩამოყალიბებული და აუცილებლად კარგი მანერების უნდა იყოს.
– შენთვის რამდენად მისაღებია გართობის ისეთი ფორმა, რასაც ერთი ღამის ურთიერთობა ჰქვია?
– არ ვიცი, რას ნიშნავს ერთი ღამის ურთიერთობა. თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას, ეს გულისხმობს, რომ სწორად განვსაზღვროთ ცხოვრებისეული პრიორიტეტები. ვიღაცას უნდა და ერთი ღამის ურთიერთობით ცხოვრობს, ვიღაცას არ უნდა. მე რატომ უნდა განვიკითხო სხვა?
– სხვა არ განიკითხო, შენთვის რამდენად მისაღებია?
– მე არ მქონია ერთი ღამის ურთიერთობა. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი გადმოსახედიდან, ეს, რაღაც დოზით, მიუღებელია, მაგრამ ეს ჩემი აზრია, რომელსაც სხვას თავს არ მოვახვევ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაც ძალიან მომეწონოს, მაგრამ ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდეს.