№33 რა ბიზნესი დაიწყო ვაკაჭიმ კვარიათში და რის დაფინანსებას სთავაზობენ მას ამერიკელები
ცნობილმა ტელესახემ, ვახტანგ ხიდაშელმა, იგივე ვაკაჭიმ, ახლახან ბიზნესი წამოიწყო. მართალია, ჯერ დიდი ხანი არ არის გასული, სულ რაღაც ერთი თვეა, მაგრამ თავად კმაყოფილია იმის, რასაც საკუთარი ორი ხელით და რვა თითით აკეთებს. ვინც შავი ზღვისპირეთში, მის მიერ გახსნილი „ვაკაჭის ბურგერში“ დამზადებული უგემრიელესი კერძები გასინჯა, ყველა კმაყოფილია და ამბობს, რომ ვაკაჭის „საფირმო“ ნახელვს, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
ვაკაჭი: არასოდეს, არაფერზე მიოცნებია. ამას ასე ვიზამ და იმას – ისეო, ეს „გრამაფონშია“ (იცინის). ასეთი ოცნებები არ მიყვარს, სურვილები კი მაქვს. მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი და ვარ კიდეც. თუ რამე მომწონს და სურვილი მაქვს, ვსწავლობ და თუ რამე გადავწყვიტე, ბოლომდე მიმყავს. საერთოდ, არც მიზანდასახულობა მიყვარს, არც მარკები მიგროვებია ბავშვობაში და არც არავინ მყოლია კუმირი. ისე კი, ბედისწერისაც მჯერა და იღბლიანიც ვარ.
– ცნობადი ტელესახე ხარ. საიდან გაგიჩნდა იდეა, საკუთარი ბიზნესი წამოგეწყო?
– მიყვარს ფასტ-ფუდი და მიყვარს კეთება. ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონდათ ჩემი მომზადებული. ვიფიქრე, თბილისში გამეკეთებინა სწრაფი კვების ობიექტი, მაგრამ ზაფხული დაემთხვა. ამ პერიოდში კი ხალხი დედაქალაქიდან გასულია და გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად, კვარიათში წამოვსულიყავი და აქ დამეწყო ბიზნესი.
– ახლა, დგახარ, ყველაფერს შენი ხელით აკეთებ და უმასპინძლდები სტუმრებს?
– დიახ, ვდგავარ და ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ, პურსაც ვაცხობ, ფარშსაც ვაკეთებ, „ვაკაჭუნებიც“ მოვიგონე და საკმაოდ კარგად მიდის საქმე. განსაკუთრებულად კარგი, ბურგერის პურები გამომდის და სოციალურ ქსელშიც კი დავწერე: ბურგერის პურები დავამუღამე, ორი რვათითიანი ცომიანი ხელით გელით-მეთქი. და, რაც მთავარია, ბიოპროდუქტებს ვიყენებ და პლასტმასის პომიდვრიან და კიტრიან ჰამბურგერებს არ ვთავაზობ მომხმარებელს. ჩემი მოგონილი ცომი და სოუსებია. ამიტომაცაა კარგი. ისეთ ცომს ვაკეთებ, ვეგეტერიანულ ბურგერს რომ უკვეთავენ, მარტო პურიც მოსწონთ. ამერიკელები იყვნენ და რომ გასინჯეს, მითხრეს, ასეთი ამერიკაშიც არ გვაქვს ნაჭამი და ხომ არ წამოხვალ, ჩვენ დაგაფინანსებთო.
– მერე, რა უპასუხე?
– გამეცინა.
– რატომ გაგეცინა? არ დაფიქრდი?
– ბურგერი ამერიკულია და იქ, ისეთებს აკეთებენ, გლიჯავენ და მე ვინ ვარ. ჩავთვალე, იხუმრეს. უცხოეთში რომ წახვიდე და რამე გააკეთო, კაპიტალი გინდა. თან, ამერიკაში „ვაკაჭის ბურგერი“ სულაც არ არის საინტერესო, აქ კი – პირიქით. მოკლედ, მე საქართველოში ვაკეთებ გემრიელ ბურგერებს, თუ გასინჯავს და მოეწონება, ხომ კარგი, თუ არა და ყველას თავის პირის გემო აქვს და ნუ მოეწონება. თუმცა, ჯერჯერობით არავის დაუწუნია, აღფრთოვანებულები არიან და მეც მიხარია. თან, ჩემთან, ხარისხს რომ თავი დავანებოთ, ფასიც იმაზე დაბალია, რაც ნამდვილი ჰამბურგერი უნდა ღირდეს. 10 ლარი ჩიზბურგერი და ჰამბურგერი არსად არ ღირს. არ ვცდილობ მაღალი პროცენტები მოვიგო, მირჩევნია „ჩესტნი“ ბიზნესი ვაკეთო. შეიძლება, თბილისში რომ გავაკეთებ, მეტი ხარჯი მქოდეს და მაშინ გავზარდო ფასი. აქ კი, მარტო ვამზადებ და როცა მომსახურე პერსონალიც მეყოლება, მერე ხარჯიც და ფასიც, თავისთავად, გაიზრდება. თუმცა, შეიძლება, ფასი გაიზარდოს, მაგრამ გემო არ შეიცვლება. აქ რომ სეზონი დასრულდება, ოქტომბრის თვეში თბილისში გავხსნი, ლოკაცია უკვე მოძებნილი მაქვს და „ვაკაჭი ბურგერის“ წყვეტა არ იქნება.
– „ვაკაჭუნები“ ახსენე და ეს რა არის?
– „ვაკაჭუნები“ არის პატარა ვაკაჭები (იცინის). პელმენს ჰგავს, მაგრამ პელმენი არ არის. ზოგი მოფერებით, ვაკაჭუნებს მეძახის და ამიტომ, გადავწყვიტე საფირმო „ვაკაჭუნები“ დამერქმია. თავისი სოუსით უნდა მიირთვათ, გემრიელია, ვინც გასინჯა, ძალიან მოეწონა. ასეთი არავის აქვს, მე მოვიგონე და ამიტომ, ჩემს „ვაკაჭუნებს“ ვერც ვერავინ მომპარავს (იცინის).
– ანუ, შენი ბიზნესით კმაყოფილი ხარ? გაამართლა იდეამ?
– ერთი თვეა, რაც „ვაკაჭის ბურგერი“ გავხსენი და გაამართლა. ინსტაგრამზე ხუთი ათასი ლაიქი აქვს ორ დღეში, ესე იგი, მოთხოვნადია. ფასტ-ფუდზე დილიდან შემოდის ხალხი, თუმცა ბურგერი ღამის პირველ საათზეც გამიყიდია.
– როგორ ფიქრობ, ბიზნესში ნიჭიერი აღმოჩნდი?
– ბიზნესს ნიჭი არ უნდა. უფრო სწორად, ნიჭი კი უნდა, მაგრამ რასაც აკეთებ, კარგად უნდა აკეთებდე და გამოგდიოდეს. ბიზნესი, იცით, როგორი რაღაცაა? ადამიანივითაა, როგორც მოექცევი, ისე მოგექცევა. თუ „ჩესტნად“ აკეთებ ბიზნესს, „ჩესტნად“ გაგიმართლებს. მე ასე ვფიქრობ. მაიმუნობებს და ინდურ ხორცებს არ ვურევ ფარშში, ჩემით ვამზადებ სოუსსაც და კეტჩუპსაც, არც ფქვილს ვაკლებ ცომს, არც კარაქს და არც რძეს, სულ ესაა. „ჩესტნად“ ვაკეთებ და ამიტომაცაა გემრიელი, კარგი და უსაფრთხო. ბავშვებსაც შეუძლიათ მიირთვან და არ მოიწამლებიან, არც კუჭი აეშლებათ და არც გულისრევა დაეწყებათ. ასე რომ, სახელმაც გაამართლა და ბიზნესმაც.
– მეგობრებზე ფასდაკლება „მოსულა“ თუ უფასოდ მიირთმევენ?
– უფასოდ არავის ვაჭმევ, სათნოების სახლიდან ხომ არ ვარ, ყველა უფასოდ გამოვკვებო? გარკვეულ მეგობრებს, ოცპროცენტიანი ფასდაკლება აქვთ. სხვანაირად, ბიზნესი არ იქნება. მეგობრობა მეგობრობაა, ბიზნესი – ბიზნესი და ყველას რომ უფასოდ გავუმასპინძლდე, რა გამოვა? „პოსლეზე“ მაჭამე, ასეთი შეუგნებელი მეგობრები არ მყავს.
– მოგება მოგიტანა თუ ჯერ არა?
– როგორ არა. ბიზნესმა გაამართლა და მოგებაზეც ვარ. მეგობრის ცოლია მუსლიმანი არაბი, იმან გასინჯა ქათმის სენდვიჩი და გადაირია, ასეთი მე საქართველოში არ მიჭამიაო.
– წარმოშობით, საიდან ხარ?
– რაჭიდან ვარ წარმოშობით, მაგრამ მეოთხე თაობის თბილისელი. თუმცა რაჭული არც სიმაღლე მაქვს, არც სიგანე და არც, სიდინჯე.
– ახლა მივხვდი, რატომ გამოგდის ასე კარგად პურის ცხობა და კერძების კეთება. რაჭული გენეტიკა გშველის.
– გენეტიკისა რა ვთქვა, მაგრამ გამოსვლით ნამდვილად გამომდის. რაჭველობის რა მოგახსენოთ, მაგრამ, მსოფლიოში ყველაზე მაგარი რესტორატორები და შეფ-მზარეულები მამაკაცები არიან.