კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რატომ აუშენა ჰერაკლე კეისარმა ტაძარი აწყურის ხატს და რა შეურაცხყოფა მიაყენეს მას ტფილისში

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

დაახლოებით 600 წელს გუარამ ერისმთავრის გარდაცვალების მერე, ერისმთავრის ტახტზე დაჯდა გუარამის ძე, სტეფანოზი. მანაც ვერ დაირქვა მეფის სახელი, სპარსთა და ბიზანტიელთა შიშით. თვითონ ერისმთავრები ტახტს, რომელზეც ისხდნენ, „მეფის ტახტს“ უწოდებდნენ. სინამდვილეში, ასეც იყო, ოღონდ ძალაუფლება ნაწილობრივ შეზღუდული ჰქონდა სახელმწიფოს პირველ პირს.
ბიზანტიაში დიდი არეულობები დაიწყო. ჯერ მავრიკიოს კეისარი დაამხო ცენტურიონმა ფოკამ, მისი ოჯახის წევრები გაანადგურა და დაიპყრო იმპერატორის ტახტი. შემდეგ, სპარსეთის შაჰმა, ხოსროვ მეორე ფარვიზმა გაილაშქრა ბიზანტიაში და მრავალჯერ დაამარცხა ბიზანტიელები. 610 წელს ფოკას ხალხი აუჯანყდა და ჩაქოლა. ტახტზე ავიდა ჰერაკლე კეისარი. მაგრამ, ისე დასუსტებული იყო ბიზანტია და სპარსეთი კი – ისე გაძლიერებული, რომ წინააღდეგობას ვერ უწევდნენ ბიზანტიელები სპარსებს.
611 წელს სპარსელებმა აიღეს ანტიოქია. შემდეგ დაიკავეს მთელი მცირე აზია. 615 წელს სპარსებმა აიღეს იერუსალიმი, ორ წელიწადში – ეგვიპტე. შემდეგ აიღეს ქალკედონი და 619 წელს კონსტანტინოპოლს დაემუქრნენ და საზღვაო ფლოტი რომ ჰქონოდათ, აიღებდნენ კიდეც.
სპარსეთის შაჰს იერუსალიმიდან მაცხოვრის ჯვარი ჰქონდა გატაცებული. ჰერაკლე კეისარს დახმარება გაუწია იერუსალიმის პატრიარქმა, სერგიმ, გამოიტანა ტაძრებიდან საეკლესიო საგანძური და იმპერატორს გადასცა არმიის მოსამზადებლად.
ჰერაკლე კეისარმა მიზნად დაისახა მაცხოვრის ჯვრის გამოხსნა და რომის იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენა.
622 წლისთვის შეკრიბა დიდი ჯარი ჰერაკლემ და აღმოსავლეთისკენ გამოემართა. შეუთანხმდა დასავლეთის თურქული სახაკანოს მმართველებს, ხაზარებს, სპარსელების მტრებს და აღმოსავლეთის საკითხის მოგვარება დაიწყო. სპარსელების მოკავშირედ იქცნენ ავარები, რიმლებიც ბიზანტიას უტევდნენ.
კეისარმა ორად გაყო ჯარი, ერთი ნაწილი წინა აზიაში დატოვა, მეორე ნაწილით ამიერკავკასიიდან სპარსელების განდევნა გადაწყვიტა. შემოიჭრა სამცხეში. სადაც იხილა ანდრია პირველწოდებულის მიერ მობრძანებული ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, აწყურის ხატად წოდებული. კეისარმა თაყვანი სცა ხატს და მისთვის შესაბამისი ტაძრის აშენება ბრძანა. აღნიშნულ ადგილას საეპისპიკოსო აღორძინდა.
ჰერაკლემ დაიკავა მესხეთი და ლაზიკა. მერე მოადგა ტფილისს. დერბენტიდან (დარუბანდის კარიდან) ალბანეთში შემოიჭრნენ დასავლეთ თურქები, ჯიბღუს მეთაურობით. ჯიბღუმ გაანადგურა ალბანეთის მხარე. სპარსეთის შაჰის მოხელე,  მარზპანი გაიქცა.
მოკავშირეები ტფილისთან შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა პომპეზურად მოხდა. ხაზართა ხაკანი ჯიბღუ ჩამოხტა ცხენიდან, გადაკოცნა იმპერატორი, რომელიც ასევე, ჩამომხტარიყო ცხენიდან და მის წინ მუხლები მოიყარა. ჯიბღუ ხაკანის ქვეშევდომებმაც დაიჩოქეს. ჰერაკლე კეისარმა თავიდან მოიხსნა სამეფო გვირგვინი, დაახურა ის ჯიბღუ ხაკანს და უწოდა შვილი. გაიმართა დიდი ქეიფი. თურქთა დიდებულებს საჩუქრები გადასცეს კეისრის სახელით. ჰერეკლე შეჰპირდა ხაკანს, რომ თავის ასულს, ევდოკიას მიათხოვებდა.
ტფილისში, კალას ციხეში სპარსელების დიდი გარნიზონი იდგა. ტფილისის თავდაცვას ხელმძღვანელობდა სტეფანოზ ერისმთავარი, სპარს სარდალთან ერთად. სტეფანოზმა გაამაგრა ქართლის ციხე-ქალაქები. მან ვერ შეძლო ან, რაღაც მიზეზით, ვერ გადაუდგა სპარსებს. სპარსელებმა მის დასახმარებლად დამატებითი ძალები გადმოგზავნეს. პირადად შაჰის გვარდიიდან მოუვიდა 1 000 რჩეული მხედარი. სტაფანოზ ერისმთავარი, რომელიც ზოგიერთი წყაროს მიხედვით, შეიძლება, ბაგრატიონი ყოფილიყო, მაგარი მეომარი ყოფილა, „სტეფანოზ იყო ქუელი მხედარი და შემმართებელი“. ის გამოდიოდა ქალაქიდან და გააფთრებით ებრძოდა ბიზანტიელებს და ხაზარებს. ერთ-ერთ ასეთი შეტაკების დროს ბრძოლაში მოუკლავთ ქართლის ერისმთავარი.
ალყა ორი თვე გაგრძელდა. ბიზანტიელმა ინჟინრებმა კატაპულტები (სატყორცნი მანქანები) ააგეს და ესროდნენ ქვებს ტფილისის გალავანს და ქალაქს. მტკვარში ჩაყარეს ქვებითა და სილით სავსე ტომრები, მდინარეს მიმართულება შეუცვალეს და გალავანზე მიუშვეს. გალავნის ნაწილი მოინგრა, მაგრამ, ქალაქს მაინც ვერ იღებდნენ. ჰერაკლე კეისარი ვეღარ ითმენდა, მას ეჩქარებოდა ირანის სიღრმეში შეტევა და გადაწყვიტა მოეხსნა ალყა და წასულიყო. ამ დროს ტფილისელმა მეომრებმა გადაწყვიტეს დაეცინათ მტრებისთვის. გამოკიდეს დიდი გოგრა გალავანზე, მიახატეს წვრილი წარბები, იშვიათი ულვაშები, დიდი ნესტოები, მეჩხერი წვერი – ხაკანს მიამსგავსეს და შუბებს ურჭობდნენ. შემდეგ გადმოდგა ციხისთავი გალავანზე და აგინა ბიზანტიელთა კეისარს: „ვაცისა წვერი და ვაცბოტის (მამალი თხის) კისერი გაქვსო“.
კეისარი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ, რაღაც გაახსენდა და ამაში დაინახა მინიშნება: „თუმცა, ამ კაცმა გამლანძღა და მიწოდა ვაცბოტი, მაგრამ, მისი სიტყვები მაინც ცუდი არ უნდა იყოსო“. გადაშალა დანიელის წინასწარმეტყველება და იქ იპოვა შემდეგი ფრაზა: „გამოვიდნენ დასავლეთის ვაცები და შემუსრეს აღმოსავლელი ვაცების რქები“. ამან დაარწმუნა კეისარი ჰერაკლე, რომ ის გაიმარჯვებდა სპარსეთზე. უცნაურია, მაგრამ შეურაცხყოფა გაუხარდა კეისარს.
კეისარმა ჯარის გარკვეული ნაწილი დატოვა ტფილისთან, ხაზარებთან ერთად, რათა მათ განეგრძოთ შეტევა კალას ციხეზე. ტფილისი უმნიშვნელოვანეს ქალაქად ითვლებოდა კავკასიაში. თვითონ კეისარი გაემგზავრა შუამდინარეთისკენ, სადაც ასევე მიმდინარეობდა ბრძოლები სპარსელებსა და ბიზანტიელებს შორის. ქართლის ერისთავად ჰერაკლემ ადარნასე გამოაცხადა. „კეისარმა მოუწოდა ქართველთა მეფის, ბაკურის ძეს, ვახტანგის ძის, დაჩის, ნათესავს, რომელიც კახეთის ერისთავი იყო და ადარნასე ერქვა, მისცა ტფილისი და ქართლის მთავრობა“. მასთან ერთად იყო ხაზარი ჯიბღუ (ჯიბღა).
ადარნასემ და ჯიბღუმ გააგრელეს შეტევა და ბოლოს და ბოლოს აიღეს კალას ციხე. შეიპყრეს ციხისთავი. ჯიბღუმ ციხისთავს პირი აუვსო ოქროს დრაჰკანით, რადგან შენმა სიტყვებმა გაახარა კეისარიო. შემდეგ კი ტყავი გააძრობინა მისთვის და ჰერაკლე კეისარს დააწია გარდაბანში, მალემსრბოლის მეშვეობით. ასე რატომ შეჰბედე კეისარსო.
ჰერაკლე კეისარმა ნინევიასთან ბრძოლა გაუმართა სპარსებს. გენერალურ ბრძოლამდე მიმდინარეობდა, თურმე, ერთი ერთზე შერკინებები. ამ შერკინებებში ორჯერ დაუჭრიათ ჰერაკლე, მაგრამ, მაინც მოახერხა სპარსთა სარდლისთვის თავი მოეკვეთა. შემდეგ კი ბრძოლაში სპართა ჯარი დაამარცხა.
ბიზანტიელებმა დაიკავეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორიები, სპერი და კლარჯეთის ბოლო, ზღვისპირი. სტეფანოზის შვილები გამაგრდნენ კლარჯეთის კლდეებში. ქართლი ადარნასე ბაკურის ძემ დაიკავა მთლიანად, მაგრამ მანაც ვერ გაბედა მეფის სახელი მიეღო. ერისთავები ისევ ერისთავობდნენ და ადარნასე ვერ ცვლიდა მათ, თუმცა, ერისთავები მაინც  მას ემორჩილებოდნენ.
скачать dle 11.3