კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ქმარს იმიტომ ვუღალატე, რომ დამესაჯა და ახლა ვნანობ

მე და ჩემს ქმარს იდეალური ურთიერთობა გვქონდა, სანამ ჩვენს სახლში მული ჩასახლდებოდა. მობრძანდა და ჩაყო ჩვენს პირად ცხოვრებაში ცხვირი. სულ იმას იმეორებდა, ჩემს ძმას გოგოებში ისეთი გემოვნება ჰქონდა, გვეგონა საქართველოში ყველაზე ლამაზ გოგოს მოიყვანდა ცოლადო. რომ ვკითხავდი, მე რას მიწუნებ-მეთქი, ჩუმდებოდა და პასუხს არ მცემდა. ჩემი ქმარი კი, ამაზე იცინოდა და მეუბნებოდა, ნუ მიაქცევ ყურადღებასო. არ მივაქციე ყურადღება და ცხოვრება თავზე დამამხო. არასდროს გამიმახვილებია ყურადღება და არ წამომიძახებია ჩემი ქმრისთვის, სოფლიდან ჩამოხვედი და ჩემს ბინაში ცხოვრობ-მეთქი. მართალია, ბინა ჩემმა მშობლებმა მიყიდეს, მაგრამ ზურა შრომობდა, დღე და ღამე იმაზე ფიქრობდა, ფული როგორ ეშოვა და ოჯახზე ზრუნავდა. სასაყვედურო არაფერი მეთქმის. კი ბატონო, მაღალი ბიჭია, სიმპათიური, მაგრამ არც მე ვარ მახინჯი, თუ ჩემი სიდაბლე ნაკლად ითვლება, კი ბატონო. ჩემი მული, თავად ვერ თხოვდება თბილისში და ჩემზე იყრის ჯავრს.  ისეთი სიტუაცია შექმნა, ჩემს ქმარს სახლში მოსვლა აღარ უნდოდა. ადრე, როცა მარტო ვიყავით, სამუშაოს მერე სახლში გამორბოდა, ახლა სულ მეგობრებთანაა. მოკლედ, იმდენი გვეძახა, არ ხართ შესაფერისი წყვილიო, გაგვთვალა – ჩემი ქმარი ღალატში გამოვიჭირე. ტელეფონზე რომ დავურეკე, გოგოს ხმა მომესმა, არადა, მითხრა, გვიანობამდე სამსახურში უნდა ვიყოო. დავეჭვდი და მივაკითხე. იქ არ დამხვდა. მერე ტელეფონიც გადავქექე და მოკლედ, გავიგე, ვიღაც გოგოსთან დაძვრებოდა. დავუჯექი პირისპირ და ვაიძულე, ყველაფერი მოეყოლა. აღიარა, ბიჭებმა დავლიეთ და ცოტა „გავიგულავე“, ეს ხომ ღალატი არ არის, მე შენ მიყვარხარ და თუ ვინმესთან დავწექი, არაფერს შეცვლისო. ისე გავბრაზდი, ვუყვირე, სილაც გავაწანი, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მითხრა, მართალი ხარ, მაგრამ მე არსად ვარ შენგან წამსვლელი, მიყვარხარო. მე მიყვარს და ღალატს ვაპატიებდი, მაგრამ, რომ გავხედე მის დას, სახეზე ეწერა, ეგრე გინდა, ღირსი ხარო. იმასაც რომ შევუყვირე, შენ რაღას დგახარ გაჩუმებული, უთხარი შენს ძმას რამე-მეთქი, ჩაეღიმა და მიპასუხა: რა უნდა ვუთხრა, სიმპათიურია და რომელი გოგო იტყვის ამაზე უარსო. მაშინ მივაყენე პირველად შეურაცხყოფა ჩემს მულს და პირში მივაძახე: შენ ხარ ადამიანი, ვისაც სხვისი ბედნიერება შურს, თავად ვერ თხოვდები და ჩვენზე იყრი ჯავრს-მეთქი. გადაირია, ჩემი ძმის რა უნდა შემშურდესო, მაგრამ ფაქტია, იმ ჩხუბის მერე ისე დადის მხრებში გაშლილი, ბედნიერება სახეზე აწერია. მოკლედ, დიდხანს ვიფიქრე, როგორ დამესაჯა ჩემი ქმარი და იმ დასკვნამდე მივედი, მეც მეღალატა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ, ახლა ძალიან ვნანობ. ამას ვერავინ გაიგებს, მაგრამ მე ხომ ვიცი და თვალებში ვეღარ ვუყურებ. მართალია, რომ ამბობენ, კაცს ღალატი ეპატიება და ქალმა თუ იკადრა, მთელი ცხოვრება დაიტანჯებაო. ვცდილობ, დავივიწყო, რაც იყო და ჩემს ქმართან ისეთივე ურთიერთობა მქონდეს, როგორც ადრე, მაგრამ არ გამომდის. სულ ღალატზე ვფიქრობ და ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენია. რომ არა ჩემი მული, ამაზე არც დავფიქრდებოდი. უბრალოდ, ამ ღალატით, ეტყობა, ის დავამტკიცე, რომ ქმრის გარდა, სხვა კაცებსაც ვუნდივარ და სასურველი ქალი ვარ. ამ გადმოსახედიდან, სხვა გამართლებას ვერ ვუძებნი.
მარი, 29 წლის.
скачать dle 11.3