№33 სტალინის ხელით დაწერილი პროკლამაცია ევროპულ აუქციონზე 115 ათას დოლარად გაიყიდა
მიუხედავად იმისა, რომ სტალინს არანაირი სპეციალური ლიტერატურულ-ფილოლოგიური განათლება არ მიუღია, საბჭოთა ბელადს წერის, განსაკუთრებით – კრიტიკულად წერის, უნიკალური ნიჭი გააჩნდა. პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სარა სინიცინა წერს: „როგორც ცნობილია, იოსებ სტალინს არანაირი უმაღლესი სპეციალური განათლება არ ჰქონდა მიღებული. ის „დაუმთავრებელი სემინარისტი“ იყო და თანამედროვე სტანდარტებით რომ ვიმსჯელოთ, საშუალო განათლების მხოლოდ რვა კლასი ჰქონდა გავლილი... თუმცა, იოსებ ბესარიონის ძე ბუნებრივად ხალასი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ის ყველა დისციპლინას მომენტალურად ითვისებდა და სრულ არსში სწვდებოდა. ყველაფერ ამას კი, ერთვოდა უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მან არალეგალური რევოლუციური მოღვაწეობისას დააგროვა. საგულისხმო და ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ჯერ კიდევ სემინარისტი სოსო ჯუღაშვილი კრიტიკულ გამოხმაურებებს წერდა მისივე პედაგოგების საღვთისმეტყველო წერილებზე, რომლებიც მრავალგვერდიან გაზეთ „მართლმადიდებლურ უწყებაში“ იბეჭდებოდა. სტუდენტი სოსო საგნების ღრმა ცოდნით სუსტ წერტილებში ურტყამდა თავის განსწავლულ პედაგოგ-ღვთისმეტყველებს და ამ ანონიმურ მორალურ-თეოლოგიურ პაექრობაში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ანონიმურ პუბლიკაციებს სტალინი „ღვთის მახვილის“ ფსევდონიმით აწერდა ხელს. ამ კრიტიკულ წერილებს საკანცელარიო ფურცლებზე 20-30 ეგზემპლარად ხელით წერდა და არალეგალურად, ინკოგნიტოდ ავრცელებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მცირე რაოდენობის გამო სტუდენტები იწერდნენ ხოლმე „ღვთის მახვილის“ პუბლიკაციებს და მათი ტირაჟი იმდენად იზრდებოდა, რომ ზოგჯერ 2 ათასსაც აღწევდა. ეს არალეგალური პაექრობა სოსო ჯუღაშვილსა და მის პედაგოგებს შორის ხუთი თვე გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში „ოხრანკა“ (მეფის რუსეთის უშიშროების სამსახური) დიდი მონდომებით ცდილობდა „გველის აღმოჩენას უბეში“ (ასე უწოდა ინკოგნიტო კრიტიკოსს სემინარიის სასწავლო ნაწილმა იაბლონსკიმ), მაგრამ უშედეგოდ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სოსო ჯუღაშვილზე მიიტანეს ეჭვი და დაკითხვასთან ერთად, პროკლამაციების გრაფოლოგიური ექსპერტიზაც ჩაატარეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ვერაფერს გამორჩნენ. პროკლამაციურ წერილებს სოსო ჯუღაშვილი მარცხენა ხელით წერდა, „საექსპერტო ნიმუში“ კი, მან თბილისის ჟანდარმერიაში მარჯვენა ხელით დაწერა.
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ 1973 წელს ერთ-ერთ პრესტიჟულ, ევროპულ აუქციონზე სტალინი-სემინარისტის მიერ მარცხენა ხელით დაწერილი ორგვერდიანი კრიტიკა-პროკლამაცია 115 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა, რაც იმ პერიოდში კოლოსალური თანხა იყო. აუქციონზე ის პოლკოვნიკ კონრად ხოლუისკის ვაჟმა, ანტონმა გაიტანა. პოლკოვნიკი თბილისის ჟანდარმერიის გამომძიებლად მუშაობდა და რევოლუციის შემდეგ, ცოლ-შვილთან ერთად საფრანგეთში გაიქცა. სტალინის მიერ დაწერილი პროკლამაცია კი სხვადასხვა საბუთებთან ერთად ერთ-ერთ მის საქაღალდეში აღმოჩნდა და ჟანდარმერყოფილის ოჯახს სოლიდური შემოსავალი მოუტანა.
სოსო ჯუღაშვილის ინკოგნიტო კრიტიკოსობას სასულიერო სემინარიაში ვლადიმირ ჩუდოვმა დაუსვა წერტილი. ჩუდოვი სემინარიაში სწავლობდა და შემთხვევით გაიგო, რომ იმ პროკლამაციების ავტორი, ვისაც „ოხრანკა“ დაეძებდა, სოსო ჯუღაშვილი იყო. იმ დროს, როდესაც სტალინი ერთ-ერთ სასწავლო აუდიტორიაში მერხებზე აწყობდა პროკლამაციებს, ჩუდოვი უზარმაზარ კარადაში იყო შემძვრალი ძვირფასი ბიბლიის მოსაპარად, რომ შემდეგ გაეყიდა და და სტალინიც მაშინ გაიშიფრა. ჩუდოვმა თავისი თანაჯგუფელი „ჩაუშვა“ და დაწესებული ჯილდოც (100 ოქროს მანეთი) მიიღო. სტალინი „ოხრანკამ“ დააკავა. საგანგებო აღრიცხვაზე აიყვანა და სწორედ მაშინ გახსნა მეფის რუსეთის უშიშროების სამსახურმა მასზე საიდუმლო დოსიე.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სტალინის გარიცხვიდან ერთი წლის მერე სასულიერო სემინარიიდან ჩუდოვიც გარიცხეს. განსხვავება კი ის იყო, რომ თუკი სტალინი რევოლუციური მოღვაწეობის გამო გაუშვეს, ჩუდოვს უსწავლელობის გამო დაატოვებინეს სასწავლებელი. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულს ვლადიმირ ჩუდოვი „ჩეკას“ მაღალჩინოსანი კომისარი იყო და შორეულ აღმოსავლეთში თანამდებობაზე მუშაობდა. ეჟოვის ბრძანებით, ის მავნებლობის ბრალდებით დააპატიმრეს და უნდა დაეხვრიტათ. ლეფორტოვის ციხეში მჯდომმა ჩუდოვმა ერთ-ერთი ზედამხედველის მეშვეობით სტალინს წერილი მისწერა, სადაც თავისი მდგომარეობა აღწერა, თან თავიც გაახსენა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ძველ „ჩამშვებს“ სტალინმა აპატია სიჭაბუკის ცოდვა. დაინტერესდა მისი „ჩეკისტური“ საქმიანობით და როდესაც დარწმუნდა, რომ არანაირი მავნებელი და ხალხის მტერი არ იყო, გაათავისუფლა. სულ მალე კი ეჟოვის მაგივრად ბერია დანიშნა და ყოფილი „ჩამშვები“ ბერიას ერთ-ერთი მოადგილე გახდა...“
ნიშანდობლივი, მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო დეტალია ის, რომ უკვე საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მქონე სტალინი აგრძელებდა თავის სამწერლო-კრიტიკულ საქმიანობას და კვლავ – ინკოგნიტოდ. ამჯერად საბჭოთა ბელადი ხელოვნების კრიტიკოსის რანგში მოღვაწეობდა და ძირითადად, გაზეთ „საბჭოთა კულტურასა“ და ჟურნალ „ხელოვნებაში“ აქვეყნებდა წერილებს კინოფილმებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებზე.
სარა სინიცინა წერს: „სტალინის კრიტიკული წერილები სვეტლოვის (არ აგერიოთ ცნობილ მწერალ-პუბლიცისტ მიხეილ სვეტლოვში) გვარით ქვეყნდებოდა და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სტალინის კრიტიკოსობასთან დაკავშირებით ცნობილია ერთი ისტორია: სტალინის კაბინეტში შეკრებილიყვნენ ცნობილი საბჭოთა ხელოვანები. მათ შორის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მიხეილ შოლოხოვიც იყო. სხვადასხვა საკითხის განხილვისას შოლოხოვი შეეხო „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც კრიტიკოსი სვეტლოვი დადებით შეფასებას აძლევდა მწერალ მიხეილ ბულგაკოვის შემოქმედებას. შოლოხოვმა პირდაპირ სტალინს მიმართა:
– ამხანაგო სტალინ, გთხოვთ, ჩაერთოთ და აღკვეთოთ ბურჟუაზიული მიმართულების მწერლის, ბულგაკოვის რეკლამირება. ხოლო კრიტიკოსი სვეტლოვი კი – დასაჯოთ, რადგან მავნებლობას ეწევაო.
სტალინს გაეცინა და ნობელიანტ მწერალს მიუგო:
– ამხანაგო შოლოხოვ, ხალხის მტერი მე ვარ, ხოლო ბულგაკოვი კი – გენიალური მწერალია“.