№33 რაზე გადის მოღალატე ქმრის ცოლის მოთმინების ზღვარი
მამაკაცების უმრავლესობას, ალბათ, აქვს ღალატის სურვილი, თუმცა ცოლის ეშინია, მისი გამჟღავნება კატასტროფად მიაჩნია. ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს. რატომ მალავენ მამაკაცები, როცა მათ ცხოვრებაში სხვა ქალი ჩნდება? მიზეზი რამდენიმეა: ერიდებიან ცოლის ისტერიკებს (კაცებს არ უყვართ სკანდალები), დიდად არც ოჯახის დანგრევის სურვილი აქვთ (რა თქმა უნდა, ძნელად ელევიან ცოლების მზრუნველობას), არ უნდათ შეჩვეული გარემოს შეცვლა. გაგეცინებათ და მათ ცოლების მიმართ გაჩენილი საკუთრების განცდაც აიძულებთ, მოებღაუჭონ მეუღლეს. რას აკეთებს ამ დროს ცოლი?
თეონა (38 წლის): ალბათ, მკითხავთ, მიფიქრია თუ არა ქმრის ღალატზე მაშინ, როცა მის ერთგულებაში დარწმუნებული ვიყავი. რა თქმა უნდა, მიფიქრია ან რომელ ქალს არ უფიქრია. თუმცა „ლაითად“, სერიოზულად არ გამიაზრებია. რომ ამბობენ, ამისთვის წინასწარ უნდა იყო მზადო, სისულელეა. ვერაფრით იქნები მზად, გამორიცხულია. წინასწარ რამდენიც უნდა ალაგო სიტუაცია, აწყო გეგმები და მოიფიქრო, სულ ტყუილია. ეს ნამდვილი აპოკალიფსია, ნამდვილი მეხის დაცემა და ფეხქვეშ ნიადაგის გამოცლა... სრულიად წარმოუდგენელი, არაპროგნოზირებადი სიტუაცია და მდგომარეობაა. რომ გგონია, მშვიდად შეხვდები, თავს ხელში აიყვან, ცივილურად მიუდგები, შეიძლება, გაგიჟდე და ირგვლივ ყველფერი დალეწო ან პირიქით – სტრესმა საერთოდ უმოქმედო გაგხადოს. ადამიანის ნერვიულობასაც აქვს რესურსი და სტრესი რას გამოიწვევს, წინასწარ არავინ იცის.
– ჩვენ ახლა ღალატის პრევენციაზე ვლაპარაკობთ?
– არა. პრევენცია სულ სხვა რამეა და არც კი ვიცი, ღალატის პრევენცია როგორი უნდა იყოს. მით უმეტეს, რა მოუხერხო კაცს, რომელსაც ღალატის ეშინია, მაგრამ მაინც გღალატობს.
– თქვენს მეუღლეს ჰქონდა ღალატის შიში?
– ჩემი მეუღლე რა შუაშია. ზოგადად, კაცები ცოლებს რომ ღალატობენ, ეშინიათ. მალავენ ამ ამბავს, თანაც, ყველა საშუალებით. ქვიშაში თავჩაყოფილ სირაქლემებს ემსგავსებიან. ძალიან საცოდავები და უსუსურები ხდებიან, სასაცილოები, ყოვლად უსუსურები და არაადეკვატურები. აი, ამ მდგომარეობაში უნდა წარმოიდგინო და სტრესიც მაშინვე გადის.
– ქმარი რომ გიღალატებს, ეს სასაცილოა?
– გააჩნია, ამას როგორ მიუდგები. შენი ცხოვრების მთავარ ტრაგედიად თუ არ აქცევ, ალბათ, გაგეცინება – ან რა გაგაცინებს. მინდა გითხრათ, რომ მე ეს პერიოდიც გავიარე.
– პირადი ტრაგედიის პერიოდი?
– დიახ. პირველი ემოცია სწორედ ეგ იყო, როცა გავიგე, რომ ქმარმა მიღალატა. როგორ გავიგე და რატომ გავიგე, ეს საინტერესოდ არ მიმაჩნია. ზოგადად, ღალატის გაგება სტანდარტულად და ბანალურად ხდება. ყველა ისტორია ხომ ერთმანეთს ჰგავს, თანაც შეუძლებელია, დამალული დარჩეს. ეს კაცებმაც იციან და იმიტომ ეშინიათ, რომ „გაუბაზრდებათ“. თქვენ გინახავთ კაცი, რომელიც ცოლს ღალატობს და ამის გამხელის არ ეშინია? – ვერ იპოვით ასეთ მამაკაცს. ცოლი სულაც რომ სძულდეს, ვერ აღიარებს, რომ უღალატა. ეს რაღაც განსაკუთრებული ფენომენია.
– ქალების რეაქცია როგორია ღალატზე?
– ძირითადად, ისტერიკული. მე ამას ნორმალურად მივიჩნევ. იმიტომ, რომ სრულიად ადეკვატური რეაქციაა ისეთ უმძიმეს სტრესზე, როგორიც არის ღალატი. მაგრამ, თუ ასეთ დროს ორგანიზმის შინაგან ხმას მიენდობი, კატასტროფა ნამდვილად არ მოხდება. არც დეპრესიაში ჩავარდები.
– ვერ მივხვდი, რაზე საუბრობთ.
– ზღვარზე, რომელიც აქვს ჩვენს სტრესებს. ეს იცის ყველამ. ინერვიულებ, ინერვიულებ, რაღაც წერტილამდე მიხვალ და მორჩა! იმის იქით აღარც ნერვიულობა შეგიძლია, აღარც ემოციის გაღება. ალბათ, იმუნიტეტი ირთვება და გადარჩენის მექანიზმი იწყებს მუშაობას. აი, როგორც კი მექანიზმი „ჩაირთვება“, იკიდებ და ქმარს უკვე უნდა ეშინოდეს.
– რისი უნდა ეშინოდეს, რომ სახლიდან გააგდებენ?
– ამისიც. თუმცა, ამის მთავარი საფუძველი სხვა რამეა – ცოლს, რომელსაც ემოცია აღარ შერჩა, ქმარიც ფეხებზე ჰკიდია და მისი ღალატიც. ოჯახი შეიძლება, არ დაინგრეს, მაგრამ ქალს უკვე ხელ-ფეხი აქვს გახსნილი. ისე იცხოვრებს, როგორც უნდა და იმას გააკეთებს, რაც მოუნდება. ქმარს დამნაშავის სინდრომი უჩნდება, ზუსტად იცის, რა დააშავა და ხმას ვერ იღებს. მით უმეტეს, რომ არც არაფერი აქვს სათქმელი. სხვათა შორის, მე საკმაოდ მალე მივედი ამ ზღვრამდე. ვერ ვიტყვი, რომ არ ვინერვიულე, მაგრამ თავს ვუთხარი – ვერ მოვკვდები. ახალგაზრდა ვარ, ლამაზი, შვილები მყავს მისახედი. ერთ მოღალატე, უსინდისო კაცს ხომ არ გადავყვები-მეთქი. დავმშვიდდი და ისე შევხედე ამ ყველაფერს, უცებ, ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ქმარზე მაგრად მეცინებოდა. ირონია რომ დაინახა, ისეთი საცოდავი იყო, შეშინებული, დაბნეული, არადა, სკანდალს ელოდებოდა. სულ „ჩაფლავდა“. ამან კიდევ უფრო გამამხიარულა. შემეძლო, ამ კაცით მეთამაშა, დამემცირებინა კიდეც და საყვედურსაც ვერ მეტყოდა. ან რა უნდა ეთქვა – მე გიღალატე და შენ რა გაცინებსო? მოკლედ, „დაიგრუზა“, „დაიზმენდა“ და ისეთ დღეში ჩავარდა, მუხლებზე დაჩოქილი მეხვეწებოდა, შემირიგდიო. ჩემი მოთმინების ზღვარი, თურმე, მის თავმოყვარეობასა და პატივმოყვარეობაზე გადიოდა. შიგ გულში მოვარტყი. კარგა ხანს ეყოფა ჭკუის სასწავლებლად.