№33 როგორ ეხმარებოდა გიული ჭოხონელიძეს „ანთიმოზ ივერიელის“ გადაღებებზე მამა გაბრიელი
ცნობილი ქართველი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი გიული ჭოხონელიძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიული ჭოხონელიძეს გადაღებული აქვს ექვსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: „ანთიმოზ ივერიელი“, „სპირალი“, „ბაგრატიონი“, „წინაპართა მიწა“, „გაზაფხულის მიწა“ და „ქოჩორა“. მსახიობი და რეჟისორი თბილისში 1929 წლის 10 აპრილს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, დრამის მსახიობის სპეციალობით, 1953 წელს კი – მოსკოვის სახელმწიფო საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი. 1953 წლიდან მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, 1958 წლიდან კი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი და რეჟისორი იყო. გიული ჭოხონელიძემ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიებში 60-მდე მთავარი როლი განასახიერა.
„… ერთი შეხედვით მკაცრი კაცი გეგონებოდა. ყველა ტკივილი და უსამართლობა, რომელიც გამოსცადა, თითქოს ნაიარევს უტოვებდა სულზე და სწორედ ეს ეტყობოდა სახეზე. თავგადადებული ცდილობდა, საქმე გაეკეთებინა, მოესწრო უფულობის გამო გაჭიანურებული ფილმის გადაღება, მერე მისი დისკზე გადატანა და თარგმნა... გიული ჭოხონელიძის გასახსენებლად მის მხიარულ, არტისტულ მხარესაც ვერ ავუვლით გვერდს…“ (ლ. ჯიყაშვილი) მამა უამბობდა გადასახლების დროინდელ ამბებს... ტკივილით გული ეწურებოდა, რომ იხსენებდა, ორი თვე როგორ აწამებდნენ ციხეში იასონ ჭოხონელიძეს, მერე კი შორეულ ციმბირში უკრეს თავი... გიული ჭოხონელიძის ერთ-ერთი დაუვიწყარი „როლი“ მამის დაჭერას უკავშირდება. იხსენებდა: „უკვე ცნობილი მსახიობი ვიყავი. ერთ დღეს მამაჩემი ისევ დააპატიმრეს. ბევრი ექიმი მეგობარი მყავდა, მოვუყევი მათ ჩემი გასაჭირი. გამაცნეს ბაბი სვანი, ფსიქიატრი – პოლიკლინიკაში მასთან მიჰყავდათ პატიმრები შესამოწმებლად. შემპირდა, მამას შეგახვედრებო, ოღონდ, რაიმე რომ არ ეეჭვათ, ექიმად უნდა გარდავსახულიყავი. ერთხელაც დამირეკა, მოდი სათვალით და თეთრ ხალათში გამოწყობილიო. ასეც მოვიქეცი. მივუჯექი ქალბატონ ბაბის გვერდით. ცოტა ხანში ორმა ზედამხედველმა მამაჩემი შემოიყვანა. ბაბიმ მთხოვა, გამაცანით დანაშაულის საქმეო. გადავშალე საქაღალდე. მოვახსენე ბაბის საქმის არსი. მამაჩემი სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა: დამნაშავე არ ვარო. მერე გადმომხედა და ცრემლი გადმოუგორდა. ბაბიმ შეუტია, ცრემლი არ შეგფერით, არ გატყდეთ და ვერაფერს აგკიდებენო, ჯანმრთელობის ისეთ
ისტორიას ვწერ, ამის საფუძველზე უთუოდ გაგათავისუფლებენო. თითქოს ყველაფერი ბრწყინვალედ შევასრულე... უცებ ერთ-ერთი ზედამხედველი გასვლისას შემობრუნდა და აღფრთოვანებულმა ხელი ჩამომართვა. ბოლომდე ვერ მივხვდი, მიცნო და არ გამცა, თუ ეს დასამშვიდობებელი ჟესტი იყო”.
2003 წელს გერმანულმა ფილმმა „არსად აფრიკაში“, რომელშიც მერაბ ნინიძემ ითამაშა, „ოსკარი“ მიიღო. ეს ქართველის მონაწილეობით პირველი ოსკაროსანი ფილმიაო... არადა, ბატონ გიულის ძალიან სწყდებოდა გული, რომ არავის უხსენებია „ომი და მშვიდობა“, რომელმაც 1966 წელს „ოსკარის“ პრემია დაიმსახურა. ფილმში ის პეტრე ბაგრატიონის როლს ასრულებდა... გიული ჭოხონელიძეს სამოცამდე მთავარი როლი აქვს ნათამაშები, მათ შორის თავის გადაღებულ ფილმებშიც: „წინაპართა მიწა“, „ბაგრატიონი“, „სპირალი“, „ანთიმოზ ივერიელი“, ამ უკანასკნელში წმიდა მამა გაბრიელიც გადაიღო. „მცხეთაში, დედათა მონასტერში ერთ ეპიზოდს ვიღებდით. მამა გაბრიელი ხელს გვიმართავდა, გვლოცავდა. სტამბოლის ქართული მონასტრის ერთ-ერთ ბერს გოგი გეგეჭკორი თამაშობდა... ერთხელ გადაღების დროს მამა გაბრიელი წამოხტა, მოხადა გოგი გეგეჭკორს ქუდი და თავისი დაახურა, – სად
გაგონილა, ბერს ასეთი გაკრიალებული ქუდი ეხუროსო... ბერი და მღვდელი მზისა და ღვთის შვილები არიან და თავსაბურავიც მზისაგან გახუნებული უნდა ეხუროთო. მამა გაბრიელი ერთ ეპიზოდში გადავიღე – ბერი ესტატეს დაკრძალვის პროცესიას წინ მიუძღვის. გული მწყდება, რომ ეს სცენა საერთო პლანზეა გადაღებული“.
გიული ჭოხონელიძე სერგო ფარაჯანოვთან მეგობრობდა. „ერთხელ მოსკოვში, სტუდენტობისას, სერგომ მთხოვა, „მოსტორგში“ წამყევიო. თურმე იქ, ბოლო სართულზე, ულამაზესი თათარი გოგონა მუშაობდა გამყიდვლად. გრძელნაწნავიანი, დიდთვალება და ლამაზი პირისახისა. სერგომ გამაცნო, – ჩემი საცოლეაო. ხელიც მოაწერეს, მაგრამ... თურმე ბავშვობაში გოგონა თავისი რჯულის კანონით სხვა მამაკაცზე დაუნიშნავთ, ამიტომ მოკლეს თავისიანებმა... სერგო დილით ჯერ სასაფლაოზე მიდიოდა, შემდეგ კი ინსტიტუტში. პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ უკრაინელი სვეტლანა შეირთო ცოლად. სერგომ მშობლებს უდეპეშა – ცოლს ვირთავო. მეორე დღესვე დედამისმა სირანუშამ უპასუხა:"Серго-джан, сообщи не медля, есть ли дырки у Светы"
. ეს დეპეშა ჩვენ, ბიჭებმა, ჩავიგდეთ ხელში და ქალბატონ სირანუშას პასუხი გავუგზავნეთ:"Сирануш-джан, у Светы есть дырки" . ამაზე ბევრს ვხუმრობდით, სინამდვილეში, სერგოს დედას აინტერესებდა, გახვრეტილი ჰქონდა თუ არა სვეტას ყურები, რათა ბრილიანტის საყურე გაეგზავნა. სერგო ბოლოს „ლეჩკომბინატში“ ვნახეთ მე და ჩემმა დამ, დოდომ. ფილტვის კიბო ჰქონდა. სტუდიიდან ვბრუნდებოდი და ხელში სცენარი მეჭირა... რა არისო, მკითხა. რელიგიური სურათია, წარმოშობით ქართველზე, რუმინეთის პატრიარქზე-მეთქი. სცენარს ემთხვია... იცოდა, რომ დიდი დღე აღარ ჰქონდა დარჩენილი და ჩემს დას სთხოვა, ერთი ჭიქა კორკოტი გამიკეთეო. ასე კორკოტით გავაცილეთ სერგო მარადიულ სასუფეველში“…
სანადირო თოფი მაჩუქეს... ვანიჩკა (საყვარელიძე), თავგადადებული მონადირე, შემომიჩნდა: მანქანა გყავს, თოფი გაქვს, ძაღლიც დაგეშილია, საგურამოს ნაკრძალში წავიდეთ სანადიროდო... ძაღლი ისეთ დღეშია, ვერ ვაკავებთ. ცოტა ხანში ვანიჩკა მეუბნება: – ჰე, ბიჭო, მომყევი, ბუჩქებში კუდს მოვკარი თვალი. ძაღლს გეში აქვს აღებული და არ გაუშვებსო. მივრბივართ, გადავირბინეთ ერთი გორა, მეორე, ამომძვრა სული, ვანიჩკა ყვირის, – მოუჩქარეო. კიდევ გორაზე ავირბინეთ, გულამომჯდარმა ჩავხედე ხეობას და რას ვხედავ, ძაღლს დაუჭერია ძუ და განცხრომაშია... ასე დამთავრდა ჩემი ნადირობა“.
„…მოსკოვში „ვგიკში“ სწავლისას, 50-იან წლებში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მაშინ ტელევიზორი არ გვქონდა, მხოლოდ რადიოს ვუსმენდით. ერთ დილას რადიოში ვისმენ: „დიდი ლომონოსოვი ანთიმოზ ივერიელისგან სწავლობდა. ანთიმოზ ივერიელი იყო დიდი ქართველი, რომელიც გაიტაცეს საქართველოდან და გაყიდეს მონათა ბაზარზე. შემდგომ იგი რუმინეთის პატრიარქი გახდა“. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს მსგავსი პრეცენდენტი, რომ უცხო ტომის შვილი გამხდარიყო ერის სულიერი წინამძღოლი. ამ ფაქტმა გამაოცა. ამის შემდეგ უამრავი რამ დაიწერა ანთიმოზ ივერიელის შესახებ რუმინეთში. სცენარი გოგლა ლეონიძემ და გვინჩიძემ დაწერეს. ფილმი კი მიშა ჭიაურელს უნდა გადაეღო, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო ფილმის გადაღება ვერ მოხერხდა. მე ამ დროს რუსეთში ვმოღვაწეობდი. რუმინეთის კინოს პრეზიდენტსა და მე გვქონდა საუბარი ამ ფილმის ერთობლივ გადაღებაზე. შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტს შევხვდი, დაიდო შესაბამისი ხელშეკრულებაც. მაგრამ, სამწუხაროდ, რუმინეთმა ვერ შეასრულა დანაპირები. ეს იყო 1992 წელი. საყურადღებოა ის, რომ მე, პარალელურად, დოკუმენტური სურათი „ანთიმოზ ივერიელის წმინდანად შერაცხვა“ გადავიღე. ეს იყო შესანიშნავი ფილმი. შვიდი ქვეყნის პატრიარქი ჩამოვიდა პრემიერაზე… „ანთიმოზ ივერიელი“ კი მხატვრული ფართომეტრაჟიანი ფილმია. თუკი ვინმე ცნობილი მსახიობი იყო ჩვენთან, ამ სურათში ყველა მონაწილეობდა… ანთიმოზი, მართლაც, გენიალური მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში თავისი უნივერსალური, ფენომენური ტალანტით: თორმეტი ენის უზადო მცოდნე, მხატვარი, ხატმწერი, მწერალი, განმანათლებელი, მოქანდაკე, უდიდესი პოლიტიკოსი. ცნობილია, რომ მან პეტრე პირველი დაძრა რუმინეთის გასათავისუფლებლად… როდესაც ვახტანგ მეექვსემ შეიტყო, რომ მთელ ევროპას ქართველი კაცი უბეჭდავს წიგნებს, „ვეფხისტყაოსნისა“ და „სახარებისთვის“ ქართული შრიფტის გაკეთება სთხოვა, რომელიც ანთიმოზ ივერიელის მოწაფემ,
იშტვანოვიჩმა, ჩამოუტანა საქართველოს მონარქს. ამდენად, მე აქტუალურად მივიჩნიე ანთიმოზ ივერიელის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღება… გაოცებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოს საპატრიარქო სრულიად ფლეგმატურად შეხვდა ამ ფილმს. არანაირი ძალისხმევა არ გამოუჩენია, რომ დაგვხმარებოდა ფილმის ქართველ მაყურებლამდე მიტანაში. არადა, გაუგებარია, რატომ?.. ალბათ, გახსოვთ, ვატიკანი, რომის პაპის უდიდესი თანადგომით, როგორ ქომაგობდა ფილმის „ქრისტე ნაზარეთიდან“ გადაღებას და უდიდესი თანხებიც გაიღო მთავარი როლის შემსრულებლისთვის, რათა მას სხვაგან აღარ ეთამაშა. თუმცა მსახიობის ცხოვრებაც სამწუხარო ეპილოგით დასრულდა. ამით იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ არსებობს საკრალური ცნებები, რომელთა აღქმა სრულიად სხვა ფასეულობებით უნდა რეგულირდებოდეს. რუმინელთა პატრიარქი თეოკლისტე ქრისტიანულ სამყაროში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. როდესაც მან შეიტყო ფილმის გადაღების შესახებ, შეიძლება ითქვას, მთლიანად დამაფინანსა, გარდა ამისა, სამჯერ დამთანხმდა შეხვედრაზე, რომელიც თვითონვე უზრუნველყო. როდესაც დამჭირდა პატრიარქის სამოსი და მივმართე ილია მეორეს, მან დამაკვალიანა და მითხრა: „გიული, ამისთვის მოსკოვში უნდა ჩახვიდე და იყიდო“. სახტად დავრჩი, რადგანაც ეს გზა თითქმის ფილმის ხარჯებს უტოლდებოდა. ამ დროს რუმინეთში ჩამიყვანეს ეკლესიის მუზეუმში და პატრიარქმა გასცა განკარგულება, რომელი სამოსიც მჭირდებოდა, ნება დაერთოთ, გამომეყენებინა კინემატოგრაფიული საჭიროებისათვის… რვა წელიწადი ვიმუშავე, რაშიც არც ხელფასი და არც ჰონორარი არ ამიღია. სამი ქვეყნის სახალხო არტისტი ვარ. ვითამაშე 60-მდე ფილმში. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორი ანარქიაა ირგვლივ… მე ვესაუბრე ილია მეორეს და ვუთხარი, რომ ამ ფილმის პროპაგანდით მხოლოდ სიკეთეს მოვუტანდით ქართველობას, მომავალ თაობას თავისი ზნეობრივი და სარწმუნოებრივი დატვირთვით. მთელი 70 წელიწადი გაშარჟებული იყო სარწმუნოებრივი ასპექტი ქართულ კინემატოგრაფში. ჩემი მეგობრები: რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე მუდმივად ასახიერებდნენ პამპულა მღვდლებს. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მოვიტანოთ ის რაციონალური, სარწმუნოებრივი ასპექტი სწორედ იმ კუთხით, რომელიც ზეგავლენას იქონიებს ქართველობაზე… (წყ: „ახალი 7 დღე“) როდესაც 1992 წელს ფილმის გადაღება დავიწყე, მაშინ გამაფრთხილეს: „შენ ისეთ წამებულ ადამიანზე იღებ ფილმს, ბევრი წინაღობა შეგხვდება“. ასეც მოხდა, დღემდე მოყოლებული, სულ პრობლემების წინაშე ვდგავარ. ფილმი, წესით, 15 მილიონი უნდა დამჯდარიყო, მე 400 ათას ლარად გადავიღე. წამებით, მათხოვრობით, მუდარით, მაგრამ საქმე ბოლომდე მაინც მივიყვანე. 13 მსახიობი მომიკვდა ფილმის გადაღებისას, აქედან ნახევარი შიმშილით. თითქმის ყველა ჩემი მეგობარი უფასოდ მუშაობდა. უბედურება, იცით, რა არის? მოსკოვში გადავიღე „ბაგრატიონი“, მთელი რუსეთი გვერდით მედგა. სტუდიამ დამაფინანსა, აღჭურვილობით უზრუნველმყო, 4 500-კაციანი ჯარი მომცა და ამის გარდა – 600 ცხენოსანი. ეს ჯარი რომ მყავდეს დღეს, აფხაზეთს დავიბრუნებდი… რუმინეთის პატრიარქს ვთხოვე, ნება მოეცა, ანთიმოზ ივერიელის სამოსელში ჩაცმულს, ლოცვები აღმევლინა ეკლესიაში. პატრიარქმა ნება დამრთო. მთელი დღე რიტუალის ეპიცენტრში და ჩემი გმირის განცდების ტყვეობაში გახლდით.“