№33 როგორ იჩემებენ რუსეთი, თურქეთი და ირანი თავის ტერიტორიად საქართველოს, რატომ არის თბილისი არაბული ქალაქი და რა საფრთხედ შეიძლება, შემოუტრიალდეს სახელმწიფოს საქართველოში გიდების თვითნებობა
რაკი საქართველოში შეიძლება, ითქვას, რომ ტურისტული ბუმია, ტურისტების უმეტესობისთვის კი ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ადგილად კვლავ თბილისი რჩება, გიდებზე დიდი მოთხოვნაცაა და არც უცხოელი გიდები თაკილობენ ამ საქმიანობას. ისინი, იმას გარდა, რომ ადგილობრივებს სამუშაო ადგილებს ართმევენ, საქართველოს ისტორიის თავისებურ ვერსიებს ყვებიან, თავიანთი ეთნიკური წარმოშობის მიხედვით. ასე რომ, ეს თბილისი ხან არაბული ქალაქია, ხან – ირანული და ხან, ღმერთმა უწყის – ვისი და როგორი. ისტორიის დამახინჯებას არც ჩვენი მეზობლები აკლებენ ხელს და ვინაიდან რუსი ტურისტების სიმრავლეა, ჩვენებურ გიდთა გაერთიანებას გადაწყვეტილება მიუღია, რომ ტურისტებს ოკუპაციაზე არ ესაუბრონ. მეორე მხრივ, გაუგებარია, როგორ უნდა მოყვე საქართველოს ისტორია, თუ არ ახსენე ყველა ოკუპაცია (რომლებსაც ადრე დაპყრობა ერქვა) დღევანდელის ჩათვლით და როგორ უნდა ახსნა ან შეთეთრებული ეკლესიები, ან, სულაც, დანგრეული. ისიც სათქმელია, რომ არც ჩვენებური გიდების ტექსტები მოწმდება (სულ მცირე, მათი შესაბამისობა ისტორიულ ფაქტებთან). ცხადია, რომ ტურისტებისა და გიდების ურთიერთობა ქვეყანამ შეიძლება, სახალხო დიპლომატიის ერთგვარ ფორმადაც გამოიყენოს. ამ პრობლემაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.
– როგორ უნდა დავიცვათ თავი ისტორიის გაყალბებისგან და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები საკუთარ ქვეყანაშივე?
– მეტსაც გეტყვით, საქართველოში მომრავლდნენ ირანელი, არაბი, ერაყელი, სირიელი მაკლერები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლებს საკმაოდ წარმატებით მიჰყიდიან ბინებს. თბილისში ხომ ბინათმშენებლობის ბუმია, ქართველს ფული არ აქვს, რომ იყიდოს, ვისაც ჰქონდა, მან უკვე იყიდა და ახალი კორპუსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ადამიანებმა შეავსეს. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, რომ უცხოელი გიდებიც გამრავლდნენ. ამას წინათ სტუმრები მყავდნენ, ირანელმა გიდმა არ იცოდა, რომ ქართველი ვიყავი და თქვა, რომ საქართველო იყო სპარსეთის ტერიტორია, დიდი ირანის ნაწილი და პროვინცია. როდესაც გაიგო, რომ ქართველი ვარ, სცადა მდგომარეობის გამოსწორება და სპარსელებისა და ქართველების მეგობრობაზე დაიწყო ლაპარაკი. თურმე, სპარსელებსა და ქართველებს არასდროს უომიათ ერთმანეთთან და ყველა შაჰი, რომლებიც იპყრობდნენ საქართველოს, იყო თურქმანი. არაბებთან ომის შემდეგ, თურმე, თურქმანებმა დაიპყრეს სპარსეთი და შემდეგ ირანის სახელით დაიპყრეს დანარჩენები. ისეთ აბსურდებს ლაპარაკობდა, გულწრფელად გეტყვით, არ მგონია, რომ თავისი დაწერილი ყოფილიყო. მგონია, რომ რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურის ინფორმაციას ავრცელებდა. ქართველი ხომ ყველგან გაჭირვებულია, საქართველოს ისტორიის მასწავლებელს ვთხოვე, რომელიც იძულებულია, ტურისტებს სდიოს, გიდობა გაეწია და მან უკვე ძალიან კარგად უამბო მცხეთის შესახებ. საქართველოს ისტორიის ისეთი დეტალები გააცნო, რაც ქართველი პოლიტიკოსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, მათ მხოლოდ საკუთარი საბანკო ანგარიშების ისტორია იციან.
– კარგა ხანია, მოსახლეობა ეჭვობს, რომ მედია-სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას ქართული სპეცსამსახური აკონტროლებს. ამიტომ უცხო ქვეყნის სპეცმსამსახურები, ეგრეთ წოდებულ, სახალხო-საინფორმაციო აქტივობებზე გადავიდნენ, სადაც გაკონტროლება უფრო რთულია, თუმცა მაინც შესაძლებელია იმის კონტროლი, რას ყვებიან გიდები, ოღონდ ეს დიდ რესურსს მოითხოვს.
– უფრო რთულია გაკონტროლება და რომც აღკვეთო, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შევიწროება არ გამოგივა, იმიტომ რომ კონკრეტულ პიროვნებას აკავებ, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს და რომც უჩივლო, მაქსიმუმ – დააჯარიმო. ასეთი ტაქტიკა თავის დროზე ბოლშევიკებმა გამოიყენეს, ეგრეთ წოდებული, ხალხოსნური მოძრაობის სახით. მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენი აზრით, ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად უნდა მიმართოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრას, იქ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაიხსნას ტრენინგ-ცენტრი გიდებისთვის და მათთვის ტექსტებიც დაიწეროს. გასცენ სერტიფიკატი და ვისაც ეს სერტიფიკატი არ ექნება, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა და მოქალაქეობისა, გიდად მუშაობის უფლებას ვერ მიიღებს. ამის გაკეთება აუცილებელია.
– რუს ტურისტებთან უხერხულობა იქმნება, თუ ოკუპაცია ვახსენეთო, ამიტომ ქართველი გიდები შეთანხმდნენ, რომ ამაზე არ ილაპარაკებენ. მაგრამ ზუსტად იგივე უხერხულობა იქმნება სპარსელებთან, არაბებთან, თურქებთან, სხვებთან, როდესაც უამბობ საქართველოს ისტორიას. ისე, რუს ტურისტებს არ ეუხერხულებათ, რომ მათმა სახელმწიფომ ოკუპაცია მოახდინა?
– უხერხულობას ქმნის უსამართლობა და უცოდინრობა. რაც ფაქტია, ის არის სიმართლე და სანამ ტურისტი საქართველოში ჩამოვა, ის ხომ ინტერნეტით მოიძიებს ისტორიულ ძეგლებს, სად ჩამოდის და რის სანახავად?! ამიტომ ინტერნეტსივრცეში უნდა განთავსდეს ფოტოები და ანოტაცია ყველა ქართული ისტორიული ძეგლის შესახებ. როგორ უნდა დამალო, რომ აღა-მაჰმად ხანმა ააოხრა თბილისი და თავის ქალებით აავსო იქაურობა?! როგორ უნდა დამალო, რომ ჩვენმა მართლმადიდებელმა ძმებმა ჯერ გამოწვეს ჩვენი ეკლესიები, შემდეგ ჩამოფხიკეს ის ჭვარტლიანი კედლები და შეათეთრეს. ეს ხომ სიმართლეა?! და სიმართლე რატომ უნდა ქმნიდეს უხერხულობას?! როდესაც განთავსდება საქართველოს ყველა ისტორიული ძეგლის ანოტაცია… ინგლისურად, რუსულად, ქართულად, თურქულად, სპარსულად, არაბულად, საიდანაც მეტი ტურისტი შემოდის, იმ ენებზე. ანოტაციებში უნდა იყოს მითითებული, როდის აშენდა, ვის მიერ, როდის განახლდა, რამდენჯერ დაინგრა და ვინ დაანგრია. ვინ გაძარცვა. მაგალითად, თურქეთს ქართული ისტორიული ძეგლები და მათი ბედი კი არ აწუხებს, არამედ კატეგორიულად არ აღიარებენ ორჯერ მარცხს საქართველოსთან. იმ ბრძოლებმა კონკრეტულ ისტორიულ ძეგლებზე გადაიარა. რაღაც მცირე მიღწევები გვაქვს და ამაზეც არ ვლაპარაკობთ. ვიკინგებზე გამარჯვებასაც არ ასწავლიან საქართველოს ისტორიაში და კიდევ ბევრ რამეს. ჩვენ რომ არ გვასწავლიდნენ, გასაგებია, საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ ახლა რატომ არ ასწავლიან, ვერაფრით გავიგე.
– გიდების ასოციაციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებულები არიან, არ ილაპარაკონ ოკუპაციაზე რუს ტურისტებთან.
– აფხაზეთი წაგვართვეს, ცხინვალის რეგიონი წაგვართვეს, დაგვამცირეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, 10 000-მდე დახოცილი გყავს და 400 000 დევნილი. ჩვენ არ გავბრაზდით?! თუ ჩვენ თავმოყვარეობა არ გვაქვს, თუ უფლება არ გვაქვს, გავბრაზდეთ და საკუთარ სახლში უკმაყოფილება გამოვხატოთ?! ჩვენ ხომ ტურისტს პასუხს არ ვთხოვთ მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების გამო?! მე გეტყვით, რატომ არ უნდათ, რომ რუს ტურისტებს ოკუპაციაზე ველაპარაკოთ: რუსეთში ხომ საინფორმაციო ვაკუუმი და ისევ საბჭოთა კავშირია, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები კი, როდესაც უკან ბრუნდებიან, აქ მოსმენილ ინფორმაციას ყვებიან. ეს არ მოსწონს რუსეთის სპეცსამსახურებს. ამიტომ, ჩვენი აზრით, მათი გავლენით აკრძალეს აქ ოკუპაციაზე ლაპარაკი. რამდენადაც ჩვენ ვიცით ყველა, ვინც რუსეთიდან მოდის, რუსული სპეცსამსახურის ინტერესის ქვეშაა. იციან, ვინ მოდის და რა ინფორმაცია ჩააქვთ აქედან. იგებენ ხალხის განწყობას საქართველოში, მათ დამოკიდებულებას რუსეთისადმი, დასავლეთისადმი. სოციალური ქსელებიდან და მედია-საშუალებებიდან ვერ იღებენ ისეთ ინფორმაციას, როგორიც უნდათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ამიტომ ცდილობენ, პირდაპირი გზით მიიღონ ინფორმაცია. აქედან ჩასული რუსი ტურისტები, რომლებმაც ამბავი ჩაიტანეს საქართველოს მოსახლეობის დადებით განწყობაზე და თქვეს, რა გახდა ეს ცხინვალი და სოხუმი, რატომ ვაწყენინებთ ამის გამო ქართველებს, თუკი ჩეჩნებს არ აქვთ უფლება, იყვნენ დამოუკიდებლები, რატომ ვაღიარეთ ცხინვალი და აფხაზეთი...
– გიდებმა თავისუფლად შეიძლება, შეასრულონ სახალხო დიპლომატიის როლი. ეს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებაა და მგონია, რომ, პირიქით, უნდა მონახო საჩვენო ფორმა და ელაპარაკო ოკუპაციაზე, რომ აზრი შეაცვლევინო.
– დიახ, ეს მეთოდი შეიძლება, გამოიყენო მათ წინააღმდეგ. შენ, უბრალოდ, მართალი ხარ და იმას ამბობ, რაც არის. ასევე, ძალიან კარგი იქნება, თუ ეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდება. ოღონდ უნდა იყოს ძალიან კვალიფიციური, სამართლიანი და ობიექტური.
– ეს თუ არ იქნა ცენტრალიზებულად ორგანიზებული სახელმწიფოს მიერ, ხომ შეიძლება, ჩვენ წინააღმდეგ იმუშაოს?
– ეს თუ არ გააკონტროლა სახელმწიფომ, ოღონდ დემოკრატიულად, კიდევ ვიმეორებ, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიის კათედრის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ წინააღმდეგ იმუშავებს. ისევე, როგორც თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აფხაზეთში ჩერქეზულმა დიასპორამ იმუშავა ჩვენ საწინააღმდეგოდ. ეს იქნება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის ღერძი და საზოგადოებაში ცრუ აზრისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ისევე, როგორც ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირების შესახებ კავკასიის გარეთ არსებული კავკასიურ დიასპორებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და 10-15-წლიანი მუშაობა დასჭირდა იმას, რომ მათ გაეგოთ, სინამდვილეში რა მოხდა აფხაზეთში. ჩვენ, რატომღაც, მოვეშვით, გულს ხელი დავიკრიფეთ და ვფიქრობთ, რომ, რადგან დასავლეთი სერიოზულად გვიჭერს მხარს და, მართლაც, სერიოზულად გვიჭერს მხარს, კავკასიაში გავლენების გაზრდით დაინტერესებული ქვეყნები არაფერს მოიმოქმედენ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის. მაგალითად, თურქეთის ზოგიერთი ნაციონალისტური ორგანიზაციის განცხადებებს თუ ნახავთ და მათ მიერ ინტერპრეტირებულ ისტორიებს, გამოდის, რომ საქართველო ოსმალეთს დაპყრობილი კი არ ჰყავდა, არამედ საქართველო იყო ოსმალეთის პროვინცია.
– ირანელებიც იმავეს ამბობენ, არაბები აცხადებენ, რომ თბილისი არაბული ქალაქია, იმავეს ამბობენ რუსებიც. სულ იმაზე ვდარდობ, როგორ გაგვინაწილებენ-მეთქი.
– რუსები წერენ, რომ საქართველო იყო დაქცეული, გაუბედურებული. ფაქტობრივად, ველურები ვიყავით, ერთმანეთს ვჭამდით და მათ შეგვიქმნეს სახელმწიფო, მოგვცეს განათლება და გვაქციეს ნაციად. ამ პროპაგანდას ახლაც ეწევიან. უკვე გენეტიკური კვლევებითაც დადასტურდა, რომ ის, რასაც ჩვენი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, სიმართლეა, რაც კიდევ უფრო გაააქტიურებს საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობას.