№32 როგორ შეხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ნათესავების „ჩემი სამზარეულოს წესებში“ გამოჩენას და რაზე ნერვიულობდნენ ისინი განსაკუთრებით
„ჩემი სამზარეულოს წესების“ გამარჯვებული პანკისელი წყვილი გახდა. ნატა ქავთარაშვილისა და მედიკო მაჩალიკაშვილისთვის ამ პროექტში მონაწილეობაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორიც გამარჯვება. პანკისის ხეობის შესახებ ძირითადად ნეგატიური და მძიმე ინფორმაციის მიღებას ვართ მიჩვეული, ამ ქალბატონებმა კი მოახერხეს, საკუთარი ხეობისთვის სხვა ფერები შეეძინათ და მაყურებლისთვის პოზიტიური მხრიდან დაენახვებინათ.
ნატა ქავთარაშვილი: პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ვცხოვრობ. ამ პროექტში გამარჯვება სრულიად მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო იყო. განზრახული გვქონდა, ქართველი მაყურებლისთვის ჩვენი კულტურა გაგვეცნო, მაგრამ ასეთ შედეგს ვერ წამოვიდგენდით, პირველივე ტურიდან გამოვარდნაზე ვფიქრობდით. თუმცა ამ ხუმრობა-ხუმრობაში ფინალამდე მოვედით. ჩვენმა ტრადიციულმა, ნაციონალურმა კერძებმა, რომელიც გასინჯული კი არა, ნანახიც არავის ჰქონდა, ძალიან კარგი ეფექტი მოახდინა. ძალიან სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა გამარჯვება, მაგრამ მოულოდნელი სიხარულისგან გავშრით და ჩვენი ბედნიერების გამოხატვაც ვერ შევძელით.
მედიკო მაჩალიკაშვილი: მოგებაზე არც გვიფიქრია, უბრალოდ, გვინდოდა ჩვენი ტრადიციული სამზარეულო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო, რაც შევძელით. ჩვენი გამარჯვება ხალხის მხარდაჭერის შედეგია, სხვანაირად ამხელა გამბედაობა ვერ გვექნებოდა. ძალიან ძლიერი კონკურენტები გვყავდა, მაგრამ უფროსის თხოვნით მივიღეთ მასში მონაწილეობა. ძნელი იყო, მაგრამ გამარჯვებას მივაღწიეთ და ძალიან მიხარია.
– მოიფიქრეთ უკვე რაში დახარჯავთ ასი ათას ლარს?
ნატა: რადგან არ გვეგონა, რომ მოვიგებდით, არც ის დაგვიგეგმავს, რაში გამოვიყენებდით ამ თანხას, მაგრამ ახლა უკვე დავიწყეთ ფიქრი და ძალიან გვინდა, პატარა ვაინახური რესტორანი გვქონდეს სადმე, რადგან უკვე ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა.
– როგორ გადაწყვიტეთ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება?
– პანკისელი ქალები მაინცდამაინც არ გამოვირჩევით მსგავს პროექტებში აქტიურობით და ვერც ამ შესაძლებლობას წარმოვიდგენდით. მე და ჩემი მეწყვილე – მედიკო ერთ-ერთ არასამთავრებო ორგანიზაციაში ვმუშაობთ კახეთის რეგიონალურ განვითარების ცენტრში, რომელიც პანკისში საქმიანობს. მე ახალგაზრდებთან ვმუშაობ, ქართველი და ქისტი ბავშვების ინტეგრაციაზე. მედიკო კი კულინარიას ასწავლის. ჩვენმა დირექტორმა ერთ საღამოს დაგვირეკა,
რეკლამა ვნახე, „ჩემი სამზარეულოს წესების“ ახალი სეზონი იწყება და ხომ არ მიიღებდით მონაწილეობასო. მეორე დღესვე გაგზავნა ჩვენი ანკეტები, პატარა ვიდეოც გადავიღეთ, მაგრამ არ მეგონა, თუ დაგვირეკავდნენ, თან განაცხადის შეტანის ბოლო ვადა იყო. მაგრამ მეორე დღესვე დაგვიკავშირდნენ და „რუსთავი 2-ში“ მიგვიპატიჟეს. პირდაპირ საბოლოო ათეულში აღმოვჩნდით და ამაში პანკისელობამ ითამაშა ლომის წილი, ამ პროექტში მონაწილეობა რომ გავბედეთ.
სახლში რომ მოვედი და ამის შესახებ მეუღლეს ვუთხარი, ჩემდა გასაკვირად, დამთანხმდა, არც სხვა რამეში მიშლის ხელს, მაგრამ ბევრს დაუშლიდნენ. დასამალი არაა, ბევრი ვერ გაბედავდა, რადგან ადვილი არაა მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება.
– „საზოგადოება როგორ მიგვიღებს, ხომ არ მოჰყვება უარყოფითი კონტექსტი“ – ამაზე არ ღელავდით?
– ყველაზე მეტად ჩვენი ქისტების მეშინოდა. რამე კარგად რომ არ გაგვეკეთებინა, აუცილებლად იტყოდნენ, თავის იმედი თუ არ ჰქონდათ, რატომ მიდიოდნენო, მაგრამ ყველა მხარში დაგვიდგა, რამაც ძალიან დიდი სტიმული მოგვცა.
– თქვენი მეგობრობის შესახებ რას მოგვიყვებით?
– დილიდან საღამომდე ერთად ვართ, სამუშაო ოთახები გვერდიგვერდ გვაქვს და ერთად ვატარებთ კულინარიულ ექსპერიმენტებს, ამიტომაც მოვხვდით
გადაცემაში ერთად.
– ოჯახიც გაგვაცანით.
– მეუღლე და სამი შვილი მყავს. ყველაზე მეტად უმცროსი შვილი მგულშემატკივრობდა. ბოლოს თბილისელ ცოლ-ქმართან ერთად რომ დავრჩით, გვითხრა, რა გეშველებათ, ყველაზე ძლიერების პირისპირ აღმოჩნდითო. სახლში ძირითადად ქართულ სამზარეულოს კერძებს ვამზადებ, მაგრამ ჩეჩნური კერძებიც ვისწავლე იქ ცხოვრებისას. ჩეჩნეთის ომის შემდეგ ჩვენთან ბევრი ქალბატონი იყო ჩამოსული და მათგანაც ავითვისე ტრადიციული კერძები. ჩეჩნეთში ვსწავლობდი ჟურნალისტიკაზე, მაგრამ ჩეჩნეთის ომის შემდეგ იძულებული გავხდი, სწავლა მიმეტოვებინა. პანკისში ჩამოვედი და გავთხოვდი.
– ჩეჩნეთში სასწავლებლად წახვედით თუ იქ დაიბადეთ?
– არა, აქ დავიბადე და გავიზარდე, მერე წავედი ჩეჩნეთში სასწავლებლად, სანამ ომი დაიწყებოდა. ოჯახით ვცხოვრობდით იქ, ომი რომ დაიწყო, ჯერ ბავშვები გამოგვარიდეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ დამშვიდდებოდა ყველაფერი და უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ პირიქით მოხდა, ძალიან ცუდი პერიოდი იყო. როცა იქ ყველაფერი აწყობილი გაქვს, მეგობრები და ახლობლები გყავს და მერე უცებ ყველაფერი თავზე გემხობა – ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენ კიდევ იმდენად არ გაგვჭირვებია, რადგან აქ დაბადებულ-გაზრდილები ვიყავით და სახლიც გვქონდა. ყველა ოჯახში ლტოლვილები გვყავდა და ის პერიოდი როგორღაც ერთმანეთის თანადგომით გამოვიარეთ.
– როგორია ქართველი და ქისტი მოსახლეობის ურთიერთობა. მედიის მიერ ხომ არ არის გამწვავებული სურათი, როგორია რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად უყურებთ?
– ძალიან ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, არასდროს ვჭამდით ერთმანეთს. ეს სუფთა პოლიტიკური ამბავია, რომელსაც როცა უნდათ, მაშინ ამწვავებენ, როცა უნდათ – ალაგებენ. უამრავი ქართველი მეგობარი მყავს, რომლებთანაც ოჯახებით ვკონტაქტობ. ეს საზოგადოების კი არა, პოლიტიკოსების დამსახურებით გამოწვეული დამოკიდებულებაა, რასაც ტელევიზორში ვხედავთ. ზოგჯერ ისეთებს ვუყურებთ, ვფიქრობთ, ნეტავ, შიგა სამზარეულო იცოდნენ-მეთქი.
– ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ამის ფონზე ვინმემ უარყოფითად ხომ არ შეაფასა თქვენი პროექტში მონაწილეობა?
– თემირლან მაჩალიკაშვილი ჩემი ბიძაშვილია. თემირლანის ბებია ბაბუაჩემის დაა. როცა გვითხრეს, რომ პროექტში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, პირველ რიგში ამ ოჯახზე ვიფიქრეთ. შეიძლება, სწორად არ მიეღოთ ეს ნაბიჯი და საყვედური ეთქვათ, მაგრამ პირიქით მოხდა. რომ გაიგეს, ამ შოუში ვიღებდით მონაწილეობას, დიდი თანადგომა გამოხატეს. პირველი გადაცემის ჩაწერის მომენტში რომ ვიცეკვე, მაშინ ძალიან ვნერვიულობდი. ჩვენთან ყველაფრის გამოხატვა სხვა ფორმით იციან, მით უმეტეს, ასეთი ტრაგედიის. მერე პაპიდაჩემს ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი შოუს სჭირდებოდა, პირიქით მამხნევებდა. ეს ოჯახი გვერდში მედგა და ყოველი გადაცემის შემდეგ მირეკავდნენ. ერთი უარყოფითი კომენტარიც კი არ მსმენია პანკისში, ამ ტრაგედიის ფონზე რა საჭირო იყო იქ წასვლაო – ამ კონტექსტში.