№32 როგორ გახდა გიორგი სისაური „შანელის“ კალიგრაფი და მისი რომელი ნამუშევარი ინახება ვატიკანში, პაპის საკუთრებაში
ქართველი კალიგრაფი გიორგი სისაური, ცნობილი მოდის სახლის, „შანელის“ ყურადღების ცენტრში მოექცა და მისი კალიგრაფი გახდა. თუმცა ეს გიორგის პირველი წარმატება არ არის. ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის იყო, როცა „ლუვრის“ ექსპერტებმა ვირტუოზად აღიარეს და მას შემდეგ, საკუთარი შემოქმედებით ბევრის გაოცებას ახერხებს.
გიორგი სისაური: დამიკავშირდა პიროვნება, რომელსაც შეხება აქვს მოსკოვში არსებულ „შანელის“ სახლთან და მთხოვა, მათთვის სანიმუშო ვერსიები შემექნა, რომელიც მოსკოვში გავგზავნეთ. ჩემამდე ოცდაათამდე აპლიკანტი შეარჩიეს სამხატვრო აკადემიიდან, მაგრამ არ მოეწონათ. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და იქიდან ჩემთან გადმოამისამართეს. ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, მით უმეტეს, აქამდე რუსულად საერთოდ არ მიწერია.
– როგორი იყო ემოციები, „შანელისგან“ ასეთი შემოთავაზება რომ მიიღეთ?
– ბოლო დროს, სრულიად მოულოდნელად, იმდენ რამეს გადავაწყდი, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად მივიღე. სასიხარულია, მაგრამ ძალიანაც არ აღვფრთოვანებულვარ. მიხარია, რომ ნამუშევრები საზღვრებს გარეთ გადის. ეს სფერო ჩვენთან მკვდარია და სულ რამდენიმე წელია, რაც გამოცოცხლებას ცდილობს. „შანელი“ საიუბილეო წვეულებისთვის ღია ბარათებს ამზადებდა და მისი გაფორმება უნდოდა
ხელნაწერებით ინგლისურ და რუსულ ენებზე. ჩემი დასრულებული ნამუშევრები რომ ნახეს, აღფრთოვანდნენ. ყველა ბარათი სხვადასხვანაირი იყო. არ მიყვარს კლიშეები და ინტერპრეტაციებს მივმართე. მითხრეს, რომ ჩემი ნამუშევრები ყველას ძალიან მოეწონა და ჩვენი თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება. როცა ეს გამოწვევა მივიღე, დარწმუნებული ვიყავი, ასეთი შედეგი იქნებოდა. ეს საქმე ჩემთვის გატაცება არ არის. მასში ყველაფერს ვდებ. არასდროს ვაკეთებ ხელნაწერების ასლებს, ყოველთვის ვცდილობ, მათში ჩემეული ინტერპრეტაცია შევიტანო. უკვე რვა წელია, ამ საქმით
ვარ დაკავებული. რაც შეეხება ზოგადად ხელოვნებას, თორმეტი წლიდან ამ სფეროში ვარ. ამ ასაკიდან პროფესიონალურ დონეზე დავიწყე გრაფიკული ნამუშევრების შექმნა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იყიდებოდა. ჩემს ოჯახში ბევრი მხატვარია: მამა, ბიძა, და. შესაბამისად, მეც ამ წიაღში გავიზარდე. ადრეული ასაკიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ მხატვარი უნდა ვყოფილიყავი. 15 წლის ვიყავი, როცა საფრანგეთიდან, პარიზის ხელოვნების სკოლიდან მომივიდა მოწვევა. გრანტი მქონდა, მთელი სწავლის პროცესს მიფინანსებდნენ – ამ ბავშვმა აქ უნდა ისწავლოსო.
– რით დაიმსახურე მათი ყურადღება?
– ჩემი გრაფიკული ნამუშევრები ლუვრის ექსპერტებმა ნახეს და გაოცებულები იყვნენ, 12-13 წლის ბავშვისგან სრულიად წარმოუდგენელია ასეთი ნამუშევრების შექმნაო. 13 წლის ვიყავი, როცა ჩემი გამოფენა მოეწყო გალერეა „აკადემია პლიუსში“. როცა ნამუშევრებს ვკიდებდით, დამთვალიერებლები მამაჩემს და ბიძაჩემს ეკითხებოდნენ, დიდი ხანია, მუშაობთო? და როცა ისინი პასუხობდნენ, ეს ყველაფერი მათი კი არა, ჩემი შექმნილი იყო, გაოცებულები იყვნენ. იმდენი რამ არის შექმნილი, რთულია, ვინმე კიდევ ახლით გააოცო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, სხვისი არ გავიმეორო, არ მივბაძო და ჩემეული შევქმნა. როცა კოსმოსიდან იღებ უდიდეს ენერგიას, მერე მისი გამოვლინების ნაირგვარობა ამოუწურავია. ლუვრის ექსპერტებმა თქვეს, ეს ბავშვი ვირტუოზიაო. 15 წლის ასაკში, ბუნებრივია,
უმაღლეს სასწავლებელში ვერ დავჯდებოდი, მაგრამ როგორც ჩანს, როცა ტალანტს ხედავენ, გამონაკლისს უშვებენ. ხუთი ათასი ევრო მჭირდებოდა პირველადი ხარჯებისთვის, პირადად მე ამ ასაკში უამრავ ბიზნესმენს შევხვდი, პრეზიდენტთანაც მქონდა შეხვედრა, მაგრამ უშედეგოდ, არავინ დამაფინანსა და ვერ წავედი, მაგრამ სამმაგი ძალებით გავაგრძელე მუშაობა. გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ – ძირითადად, ამ ქვეყნებში იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები.
– კალიგრაფიაზე როგორ დაიწყე მუშაობა?
– სკოლაში იყო კალიგრაფიის კონკურსი. კარგად ვხატავდი და შემოქმედებითი კონკურსები ჩემთვის რთული არასდროს ყოფილა. იქაც გავედი, მაგრამ იმ მიზნით, რომ რუსულის გაკვეთილი გამეცდინა, რადგან რუსულთან ცუდი დამოკიდებულება მქონდა (იცინის). ისე გამოვიდა, რომ ეს კონკურსი ჯერ სკოლის, შემდეგ კი საქართველოს მასშტაბით ათი ათას კონკურენტს შორის მოვიგე. ეს იყო პირველი კონკურსი, რომელიც საქართველოში ჩატარდა და ჩემი ბატის ფრთით, მელნით და საკუთარი სტილით გამარჯვებული გავხდი. 2015 წელს ამ დარგში ოსტატის წოდებაც მომანიჭეს.
– პროფესიად რომელი აირჩიე?
– 22 წლის ვარ. ახლა დავამთავრე ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი სამხატვრო აკადემიაში.
მინდოდა, სიღრმისეულად შემესწავლა სფერო, რომელშიც ვმოღვაწეობ. რაც შეეხება ჩემს შემოსავლის წყაროს, ეს კალიგრაფიული ნამუშევრებია. ეს ჩვენთან იმდენად იშვიათია, რომ ფუფუნების საგანს წარმოადგენს. ბევრმა საერთოდ არ იცის, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, ვინც ხელნაწერებს აკეთებს. სამწუხაროდ, ისიც ცოტამ იცის, რომ ჩვენმა წინაპრებმა უდიდესი საგანძური დაგვიტოვეს.
თუმცა გარკვეულ წრეებში მოთხოვნა მაინც არის. ძირითადად, ლოცვების გადაწერას ითხოვენ – ასომთავრულად, ნუსხურად თუ მხედრულად, ასევე, მინიატურებსა თუ მასშტაბურ ნამუშევრებს, ლოცვანს – თავისი გაფორმებებით, საზედაო ასოებითა და ასე შემდეგ. ვმუშაობ ეტრატზე, ფურცლოვან ოქროზე, ნახევრად ძვირფასი თვლებით. ხშირად სასაჩუქრედ მიკვეთავენ სახელებს. შეიძლება, ერთი საზედაო ასოს გაფორმება უნდოდეთ განსაკუთრებულად ან მთლიანი სახელის. ერთი საზედაო ასოს მოხატვა ასი დოლარი ღირს. შოუ-ბიზნესის სახეები მიკვეთავენ ხოლმე მსგავს სახელებს, მაგალითად, სოფო ნიჟარაძე, ანრი ჯოხაძე, პაატა ბურჭულაძე, ლელა წურწუმია. ბოლოს ყველაზე მასშტაბური რაზეც ვიმუშავე, პაპ ფრანცისკე პირველისთვის შესრულებული ხელნაწერი იყო, მისი სახელობის. უბედნიერესი ვარ, რომ ახლა ჩემი ნამუშევარი ვატიკანში ინახება და ის რომის პაპს ეკუთვნის. როცა მითხრეს, რომ ხელნაწერი რომის პაპისთვის უნდა შემექმნა, სიხარულისგან ვხტოდი. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ მთელი ბავშვობა რომის პაპობაზე ვოცნებობდი (იცინის).
– მხატვრობა ხომ არ დაგეჩაგრა?
– ცოტა – კი, რადგან გამოფენებს არ ვაკეთებ. მაინც ის ადამიანები მოვლენ, ვინც ჩემს შემოქმედებას
ისეც იცნობს. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე ხდება და ამით არაფერი იცვლება, რადგან არტბიზნესი მკვდარია. ხატწერითაც ვარ დაკავებული, მაგრამ აქაც ვცდილობ, დოგმებს არ მივყვე და ჩემი განსაკუთრებული სტილი მქონდეს. დოგმებში გამოკეტილი ადამიანები მხოლოდ ასლებს ქმნიან. მესმის, რომ რაღაც წესები არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში შემოქმედებითობა იკარგება. ამ ყველაფერთან ერთად ვწერ კიდეც, ოთხი წიგნის ავტორი ვარ. ახლახან მეხუთე წიგნზეც დავამთავრე მუშაობა. თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი წიგნი დაიბეჭდა – ფსიქოლოგიური მოთხრობა „მათხოვრის დღიურები“, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. ბევრს უკვირს, ერთი ადამიანი ამდენ სფეროში როგორ მოღვაწეობო, მაგრამ ძალიან დიდი ენერგია მაქვს, რომელსაც კოსმოსიდან ვიღებ. ზოგისთვის ეს ძალიან ჩაკეტილი სივრცეა, ჩემთვის პირიქით – ენერგიის წყარო. ხანდახან ძალიან ვიღლები ხოლმე, მაგრამ ამ დროს ისევ ხელოვნებაა ის, რაც ენერგიით მავსებს.