კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ გადაიღეს ელენ ორიენტალი ცნობილი როკ-ჯგუფის ვიდეოალბომში და რატომ შესთავაზეს ჯგუფის წევრებმა მას საკუთარი კონცერტის გაფორმება

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ელენა ჩიხლაძე, იგივე ელენ ორიენტალი, ცოტა ხნის წინ ტუნისში იმყოფებოდა, ძალიან წარმატებული და ცნობილი ტუნისური როკ-ჯგუფის, Myrath-ის მიწვევით. ელენმა კართაგენის ფესტივალზე, რომლის სცენაზეც სხვადასხვა დროს ლუი არმსტრონგი, ჯო კოკერი, ჯეიმს ბრაუნი მღეროდნენ, პოპულარული როკ-ჯგუფის 7 ნომერი გააფორმა.
ელენ ორიენტალი: ჩემი ნაცნობი ქართველი გოგონა ტუნისელ მუსიკოსზე გათხოვდა და მე დამირეკა: თუ გაქვს დრო, ჩვენს ქორწილში რომ იცეკვოო. მივედი, ჩვეულებრივი პროგრამით ვიცეკვე და რომ დავასრულე, მის მეუღლეს ძალიან მოეწონა. აღნიშნა: ასეთი პროფესიონალი მე ტუნისშიც არ მინახავსო. ამ გოგონას მეუღლეს ანისი ჰქვია, ბას-გიტარისტია და ძალიან წარმატებულ ფრანგულ-ტუნისურ როკ-ჯგუფ Myrath-ში უკრავს. მეტალის, როკის მოყვარულებმა ამ ჯგუფის შესახებ ყველაფერი იციან. მე მათი კლიპებიც მქონდა ნანახი. ჯგუფი ხარისხიან მუსიკას აკეთებს, ლამაზ კლიპებს, რომელსაც მილიონობით ნახვა აქვს. თუმცა თვითონ ეს პიროვნება ვერ ვიცანი და მხოლოდ შემდეგ გავიგე ყველაფერი. მოკლედ, დამირეკეს გაზაფხულზე და შემომთავაზეს თანამშრომლობა. თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია – ტუნისში, საფრანგეთში, სადაც არაბული ცეკვების ძალიან ძლიერი სკოლაა, ამდენი მოცეკვავე... სერიოზულად არ მივიღე. მთხოვეს, ვიდეო ჩამეწერა მათ კომპოზიციაზე და გამეგზავნა. გავუგზავნე, ნახეს და მომწერეს: ძალიან მაგარია, უნდა ვიმუშაოთ ერთადო. იმდენად მაგარი ჯგუფია, იმდენად წარმატებული, რომ ვიფიქრე, მეხუმრებოდნენ. თან კონცერტი უნდა გამართულიყო კართაგენში, ფესტივალზე, რომელსაც თავად ტუნისის სახელმწიფო  და არაბული გაერთიანების იუნიონი აწყობს. ერთთვიანი ფესტივალია და არაბულ სამყაროში თუკი ვინმე წარმატებული მომღერალი და მოცეკვავეა, ყველა მონაწილეობს.
– შენ პირდაპირ სცენაზე უნდა გაგეფორმებინა ამ ჯგუფის სიმღერები?
– კი. 15 სიმღერა იმღერეს. შოუ მე გავხსენი და თითქმის ყოველ მეორე სიმღერაზე სცენაზე ვიყავი, 9 სიმღერაზე ვიცეკვე. აბსოლუტურად ყველა ცეკვა მე დავდგი, კოსტიუმებიც თავად შევარჩიე. ამ სამყაროში რომ ტრიალებ, ბევრ ადამიანს იცნობ. მომწერეს კიდეც: არიან მოცეკვავეები, მათი ფანები, უნდათ, რომ უფასოდ გამოვიდნენ მათ კონცერტზე, აინტერესებთ ასეთი დონის ღონისძიებაო.
– შენს შემთხვევაში როგორ იყო?
– მე თავად დამაფინანსეს და აეროპორტში „ვიაიპ“ დახვედრაც მომიწყვეს, პირველად ცხოვრებაში გავიარე დიპლომატების პასპორტის კონტროლზე... ძალიან კარგი სასტუმრო, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. რაც მთავარია, როდესაც ჯგუფის წევრებმა ჩემი ვიდეო, ჩემი კოსტიუმები ნახეს, აბსოლუტური ნდობა გამომიცხადეს. წასვლამდე 2 დღით ადრე ისეთი სტრესი მივიღე, ვფიქრობდი: არ უნდა ჩავიდე, არ მახსოვს არცერთი კომპოზიცია, ეს იქნება ჩემი სირცხვილი, უნდა გავაუქმო-მეთქი... მაგრამ კართაგენში რომ ჩავედი, ყველაფერი დამავიწყდა... რეპეტიცია 18 ივლისს გვქონდა. პარტერში ყველა რიგი გავიარე, დავათვალიერე, ცოტა ვერ მიხვდნენ – რას დადისო. კულისებში, სცენაზე ყველა სანტიმეტრი შევისწავლე და დავწყნარდი. დავდიოდი სცენაზე და ვფიქრობდი: აქ იდგა ჯეიმს ბრაუნი, ლუი არმსტრონგი და ახლა მე ვიცეკვებ, თან კართაგენში, იმ კართაგენში, სკოლაში რომ ვისწავლე; იმ არენაზე, სადაც გლადიატორები გამოდიოდნენ... კონცერტს ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ათასობით, პლუს ჟურნალისტები. კონცერტის პარალელურად, ჯგუფს დივიდი დისკის ჩაწერაც უნდოდა და კონცერტს 17 კამერა იღებდა. 5 ოპერატორი დარბოდა სცენაზე, პლუს „კრანი“, „დრონი“, საოცარი ხარისხით იყო გაკეთებული. ნამდვილი პროფესიონალები მუშაობდნენ, ყველაფერი ჰქონდათ სწორად გათვლილი.
– როდესაც ასეთი ცნობილი, წარმატებული ჯგუფი დგას სცენაზე, უამრავი ფანი, დიდი შანსია, რომ მოცეკვავე დაიჩრდილოს.
– მე მინდოდა, სოლისტი წინა პლანზე ყოფილიყო, ზახერს ისეთი ხმა აქვს, უძლიერესი, თან ვარსკვლავია, ათასობით ფანი ჰყავს. მე გვერდზე გავდივარ და
ის პირიქით მე მეძახის: შუაში იყავი, შენ ისეთი ესთეტიკური ხარ, იმდენად ავსებ სცენას, რომ მირჩევნია შენ იდგე შუაშიო. დარბაზსაც ისეთი რეაქცია ჰქონდა, როდესაც გახსნაზე გამოვედი... ძალიან თბილი ხალხია. როგორ შეიძლება ადამიანმა მუშაობის დროს მიიღოს უმაგრესი „კაიფი“ – აი, ასე ვიყავი სცენზე. ასეთი „კაიფი“, ენერგეტიკა, ცოცხალი მუსიკა – სასწაული იყო. სხვათა შორის ყველა რეპორტაჟი, რომელიც ტელევიზიებმა გადმოსცეს, ინტერნეტ-პორტალებზე დაიდო, ჩემი გამოსვლით იწყებოდა. მთავარმა ორგანიზატორმა მითხრა: სად ისწავლე ეს ცეკვები, ინტერნეტში ვნახე შენი ნამუშევრები და ძალიან ხარისხიანია. სცენა ძალიან გაალამაზეო. ხმის რეჟისორმა ისიც კი მითხრა: ცეკვის რეპეტიცია არ გაგვივლია და საიდან იცოდი, სად და როგორ უნდა დამდგარიყავი, განათება სად იქნებოდაო. როგორ თუ საიდან, ეს არის ჩემი საქმე-მეთქი. ამაზე არც მიფიქრია, ჩვეულებრივი ამბავია, უნდა მიხვდე, სად ხარ საჭირო და სად უნდა დადგე. მიპასუხა: დავიღალე, ადრე ყველას ვუხსნიდი: აქ უნდა დადგე, ან იქო.
– თქვენი თანამშრომლობა გაგრძელდება?
– მითხრეს, ძალიან გვინდა, მომავალშიც ვითანამშრომლოთო. ვნახოთ – ეს არის მოლაპარაკება, რადგან ერთთვიან ტურნეებში გადიან და ჩემთვის რთული იქნება. სკოლა მაქვს, სამსახური, ოჯახი. კონცერტის შემდეგ ქაიროში ჩავფრინდი, სადაც ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. მე ვორკშოპს ვატარებ ხოლმე და გამოვდივარ გალა კონცერტზე. 23 ივლისს ჩემი დაბადების დღე იყო. დილით ვორკშოპი მქონდა და რომ დავამთავრე, უცებ ჩართეს მუსიკა – დაბადების დღე მომილოცეს. ძალიან სასიამოვნო იყო. საღამოს იყო კონცერტი და რომ დამთავრდა, მოულოდნელად ოფიციაენტები გამოვარდნენ სცენაზე მრგვალი მაგიდით, ტორტით და ოფიციალურად მომილოცეს დაბადების დღე. თან, უზარმაზარი დანა დამაჭერინეს ნაჯახივით: ბასრი პირით არ დაჭრა, მეორე მხრიდან დაჭერიო. ძალიან სასიამოვნო იყო.
– ძალიან ბევრი ლამაზი აქსესუარი გაქვს: ფრთები, შანდალი სანთლებით და როგორც ვიცი, ამ ყველაფერს შენი მეუღლე გიკეთებს.
– თავიდანვე გვერდში მიდგას და მან დამაჯერა, რომ მეტი შემიძლია. არ ვიყავი ასეთი თავდაჯერებული. ფრთები, შანდელები, ყველაფერი მისი გაკეთებულია. თუმცა ისეთი კრიტიკულია, ზოგჯერ მაცოფებს. კოსტიუმებს თვითონ ვკერავ მანეკენზე. ვფიქრობ, იდეას ვეძებ, დავუძახებ, რომ რჩევა ვკითხო და ამ დროს მეუბნება: როგორ უნდა დამაგრდეს, ტექნიკურ საკითხებზე გადადის, რადგან ინჟინერია. სხვა რამეს გეკითხები-მეთქი.
– არასდროს ჰქონია ეჭვიანობის მომენტი?
– არა, პატარა ბავშვები არ ვართ. თან, არ გავთხოვდებოდი ისეთ ადამიანზე, ვისაც ადეკვატური აზროვნება არ გააჩნია. ეჭვი კომპლექსია. ჩემი მეუღლე ძალიან ჭკვიანია, კომპლექსების გარეშე და იცის, რას ნიშნავს ჩემთვის ცეკვა, ამ საქმის როგორი ფანატი ვარ და როგორ მაბედნიერებს.
скачать dle 11.3