№32 რატომ უყვარს გიორგი გასვიანს აფხაზები და რატომ არ განიცდის ის შეყვარებულთან დაშორებას
ნიჭიერი და სიმპათიური მსახიობი, ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოხუმიდან გახლავთ. აფხაზეთის ომის დროს ის ექვსი წლის იყო და ამბობს, რომ ბავშვობაც ექვსი წლის ასაკში დაკარგა. მან ომის დროს და ომის შემდგომ, საერთო საცხოვრებელშიც მძიმე პერიოდი გადაიტანა, მით უმეტეს, რომ გიორგის მამისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ომის დროს მიღებული ტრავმა. გიორგი იხსენებს თუ რა გზა გამოიარა ომიდან დღემდე.
გიორგი გასვიანი: გადაცემის სეზონი დავხურე. როგორც კი გადაცემის სეზონი იხურება, აანალიზებ, აჯამებ განვლილს, მაგრამ ყველაზე მეტად მაყურებლის განწყობა გეხმარება, რაც სოციალური ქსელიდან, გადაცემის გვერდიდან, პირადი შეტყობინებებიდან მოდის. მას შემდეგ, რაც ვთქვი, რომ მე აფხაზები მიყვარს, ერთმა ემიგრანტმა ქალმა უზარმაზარი წერილი მომიძღვნა. ეს იყო ინკოგნიტო ქალბატონის ძალიან საინტერესო, ანალიტიკური წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში არ გამოუგზავნია, არც სახელი და გვარი მოუწერია. ის ტელევიზიის ოფიციალურ იმეილზე მოვიდა, გიორგი გასვიანისთვის გადასაცემადო. არ ვიცი, რატომ მოუნდა ინკოგნიტოდ დარჩენა, მაგრამ მინდა, იმ ქალბატონს მადლობა გადავუხადო. ეს საოცარი წერილი კარგი ანალიტიკური მიდგომებით იყო სავსე. ეს სეზონი ჩემთვის კარგი იყო იმითაც, რომ „პრაიმ-შოუმ“ არაჩვეულებრივი საჩუქარი, სასწაული რაღაც გამიკეთა და ბავშვობის ოცნება ამიხდინა. მეც მედიაში ვმუშაობ, თავად ვერ მოვახერხე და უცებ სხვა ტელევიზიის წარმომადგენლები გიკეთებენ, რაღაც შოკია.
– გიორგი, რატომ გიყვარს აფხაზები?
– არ შეიძლება მძულდეს აფხაზი – როდესაც ომი დაიწყო, ისიც იმავე მდგომარეობაში იყო, როგორშიც მე. მარტო დევნილებზე არ არის. ომი შეეხო ნებისმიერ ოჯახს, ვისი ოჯახის წევრებიც იბრძოდნენ. ჩვენ ორივე მხარე გავხდით მსხვერპლი იმ დიდი მონსტრის, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერი ქვეყანა იყოს. მე ვარ აფხაზეთიდან და ეს არის ჩემთვის გაუნელებელი მშვიდობიანი ბრძოლის რეჟიმი, ეს არის დაკარგული ბავშვობა, ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში რაც არ უნდა კარგი მოხდეს – დაქორწინდი, შეიძინე მანქანა, სეზონი კარგად დახურე, პოპულარული ხარ თუ არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გახსოვს, რომ სანამ არ დაბრუნდება ის სოხუმი, როგორც არ უნდა გამდიდრდეს ქვეყანა, ეკონომიკურად გაძლიერდეს, ბედნიერება სრულფასოვანი ვერ იქნება.
– შენ ამბობ, რომ ბავშვობა ექვსი წლის ასაკში დაკარგე...
– ექვსი წლის ასაკში, როდესაც სოხუმში პირველი ჭურვი ჩამოვარდა, დავასრულე ბავშვის აზროვნებით ფიქრი და დავიწყე ზრდასრულის ცნობიერებით ცხოვრება. მესმოდა სიტყვა ევაკუაცია, რომლის მნიშვნელობა არ ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც ავისმომასწავებელი იყო.
– რა საბედისწერო ტრავმა მიიღო მამამ ომში?
– ჩვენ ვტოვებდით სოხუმს, მაგრამ ვერ ავდიოდით თვითმფრინავებში, იყო ჭყლეტა, ისროდნენ ჰაერში. მახსოვს, დაყრილ ტყვიის ბუდეებს ვაგროვებდი. მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით ღამის თვითმფრინავს, გადმოიფრინა ღია საფრენმა აპარატმა, გაუკვირდა ხალხს – ეს რა არისო, ჩამოაგდო ნაღმი და აფეთქდა. ხალხი დაიშალა, ბავშვს ვინ დაეძებდა... იყო სროლა აეროპორტის ირგვლივ. როდესაც აეროპორტის ტერიტორიიდან გავედით, მამაჩემმა მანქანა დაქოქა, ჩაგვსვეს ბავშვები, დაგვაფარეს „ბრონის“ ჟილეტები. მანქანის ფარები რომ აინთო, დავინახე, გამშვებ პუნქტში ჯარისკაცმა როგორ ჩაარტყა კონდახი მამაჩემს, რაც საბედისწერო აღმოჩნდა. დედა და მამა იქ ჩარჩნენ და იქ ხომ საავადმყოფოში ვერ დააწვენდნენ, დაჭრილებს ეხმარებოდნენ. მამაჩემი შტაბშიც იყო ჩაწერილი, ეტყობა, ტვინში გაჟონვა მოხდა და 36 წლის კაცმა ინსულტი მიიღო, ხელ-ფეხი წაერთვა, თუმცა მეტყველების უნარი არ დაუკარგავს. მერე ცოტა მოამჯობინეს, კოჭლობით დადიდოდა. მაგრამ შემდეგ, გაჟონვის შედეგად, თავში კისტა განვითარდა. ასე იწვალა ექვსი წელი. 90-იანი წლები... ჩვენ ვართ დევნილები, არაფერი გაგვაჩნია, ჩამოვედით თბილისში, დავსახლდით დევნილთა საერთო საცხოვრებელში და ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება.
სანამ დედა და მამა სოხუმში ჩარჩნენ, მე ხან ჭიათურაში ვიყავი, ხან აბაშაში ნათესავებთან, დედა და მამა ომში მეგულებოდა, არ ვიცოდი, როგორ იყვნენ... თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუს მართმევს. თქვენი მოგვარე იყო ბავშვი, რომელიც ჩემმა მშობლებმა გადაარჩინეს მისმა მშობლებმა ვიღაც ავადმყოფი ენგურს აქეთ გადმოიყვანეს და სოხუმისკენ რომ ბრუნდებოდნენ, საზღვარი ჩაიკეტა და ბავშვი, რომელიც მეზობელს დაუტოვეს, ვეღარ გამოჰყავდათ. დედაჩემმა და მამაჩემმა ჩაისვეს ბავშვი მანქანაში და ისე გამოიარეს პუნქტი, ეშინოდათ, რომ რუსებს, თუ დაქირავებულ ჩრდილოკავკასიელებს რაიმე უბედურება არ ჩაედინათ. დედაჩემი ყვება, რომ იმ ბავშვის გადმოყვანაში ნერვიულობით თმა გამითეთრდაო.
– როგორ ცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში?
– საერთო საცხოვრებელში ადამიანები იტანჯებოდნენ, მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი აცხოვრებდათ. როდესაც მთელი ქვეყანა დენზე და გაზზე გადავიდა, ჩვენ ისევ შეშის „ფეჩით“ ვთბებოდით. დენი კოლოსარულ ხარჯებს წერდა, იმიტომ რომ გამრიცხველიანება არ იყო. რადგან ჩვენ დროებითი დევნილები ვიყავით, ეს ფართი ჩვენზე არ მტკიცდებოდა. თუ ფართი შენზე არ მტკიცდება, ხარ ჰაერში, ხარ დევნილი, კომპაქტურში შესახლებული, შენ მრიცხველი არ გეკუთვის. ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა. მხოლოდ ოცი წლის შემდეგ დაგვიდგეს პირველი მრიცხველი. რატომ? იქ რომ სახლები დავკარგეთ და დავტოვეთ, მრიცხველის ფასი არ ვიცოდით თუ რამდენიმე სახლის, აგარაკის, ეზოს მოვლის და ლამაზად ცხოვრების შნო არ გვქონდა? შეყარეს საერთო საცხოვრებელში ეს ნერვებდაგლეჯილი ხალხი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ კომუნალურები მოეწესრიგებინათ, რაღაც მოეშენებინათ, რემონტი გაეკეთებინათ, რომ ადამიანურად ეცხოვრათ და ამას წლები დასჭირდა. სახელმწიფოს ამ ხალიხსთვის არაფერი გაუკეთებია, უხდიდა თერთმეტ ლარს და იმასაც ყინავდა.
– გიორგი, ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ტელეწამყვანი ხარ და შენი პირადი ცხოვრებაც აინტერესებთ გოგონებს?
– პირად ცხოვრებას არასდროს ვასაჯაროებ. ერთადერთი, თუ დავქორწინდები, ამას არ დავმალავ და ხმამაღლა ვიტყვი. კი მყოლია შეყვარებული და დავშორებივარ, მერე ისევ მყოლია და დავშორებივარ, ოღონდ ტკივილით არა. რაღაც გრძნობები იყო, მაგრამ მე ისეთ სიყვარულში არ ჩავებმები, სადაც ვიღაც მიღალატებს და მიმატოვებს. ადვილი არ არის ჩემი მოტყუება, ასე იოლად აღარ ვტყუვდები, ძალიან ფრთხილი ვარ. ვიღაცამ ზურგში დანა ჩამარტყა, მიღალატა და ჩემს თავს დავაბრალო – ეს ტიპი არ ვარ. რატომ უნდა დავაბრალო ჩემს თავს, მოღალატე ბუნება აქვს და გიღალატა. კარგად გრძნობდა შენთან თავს, მერე ამოწურა ეს რაღაც და გიღალატა, მიგატოვა, ასეთთან მე ვერ გავძლებ, მექნება ერთჯერადი ურთიერთობა და მორჩა. შეიძლება, მართლა ვიარო მასთან ერთად სამი კვირა ან ხუთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცასთან მქონდა რომანი და დამთავრდა, მასთან ხუთი თვით ვიყავი. არა, მე ის მიყვარდა. ყველა რომანს აქვს დასაწყისი და დასასრული და აუცილებელი არ არის რომანი ერთი იყოს ცხოვრებაში.
– რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში, რომანტიკული ხარ?
– რომანტიკულობა ჩემთვის არ გამოიხატება დაჩოქებასა და ყვავილების მირთმევაში. რომანტიკულობა ჩემთვის არის არასტანდარტული და უცნაური. ეს უფრო გრძნობებთან არის დაკავშირებული და ცხოვრებისეულია. მაინტერესებს, მე რომ მჭირდება, ამ დროს ის როგორ იქცევა. ვთქვათ, უცებ ცუდად გავხდი და ის როგორ შეიგრძნობს ამას. პროფესიაში როგორ დამიდგება გვერდით, მე როგორ ვიდგები მის გვერდით. მსახიობი ვარ. ჩემი შეყვარებული თუ დაჯდება და ტაშს შაბლონურად დამიკრავს, ეს არაფერია. აბა, რას მეტყვის, როგორ მომიყვება, იქ რა დაინახა რეალურად, ამას რომ ჩაუღრმავდება და დავინახავ, როგორ მგულშემატკივრობს, აი, ეს არის ბედნიერება. იგივენაირად – მე მის საქმეში. ეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ურთიერთობაში.