№32 ალექსანდრე უჯმაჯურიძე – ახალგაზრდა, წარმატებული ექიმი ქართული ენდოსკოპიური უროლოგიის განვითარების სამსახურში
ახალგაზრდა ექიმი-უროლოგი – ალექსანდრე უჯმაჯურიძე 2004 წლიდან დღემდე ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია, უმცროსი ექიმის პოზიციით დაიწყო, დღეს კი ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი ექიმია და თირკმლის შარდ-კენჭოვან დაავადებებს, უმეტეს შემთხვევაში, მცირეინვაზიური ენდოსკოპიური ქირურგიის მეშვეობით ებრძვის. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სტაჟირება უცხოეთის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში, აქტიურად მონაწილეობს კონგრესებში, რაც ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.
ალექსანდრე უჯმაჯურიძე: ძლიერი ქირურგის ოჯახში ვიზრდებოდი – მამაჩემი, პროფესორი ნოდარ უჯმაჯურიძე, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობს. თუმცა, არავის დაუძალებია, რომ ექიმი გამოვსულიყავი, ყველაფერი თავისთავად მოხდა, როცა პროფესიული არჩევნის გაკეთების დრო მოვიდა, სხვა სფეროში მუშაობაზე არც მიფიქრია.
– რა გზა გაიარეთ წარმატებულ უროლოგად რომ ჩამოყალიბებულიყავით?
– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. შემდგომ კი რეზიდენტურა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გავიარე, სადაც დღემდე ვაგრძელებ მუშაობას. პარალელურად, დოქტურანტურას გავდივარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წელს კვლევას ვასრულებ და მომავალ წელს უკვე ხარისხიც მექნება.
– როგორ დაახასიათებდით უროლოგიის ეროვნულ ცენტრს?
– უროლოგიის ეროვნულ ცენტრს მრავალწლიანი წარმატებული აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც უროლოგიური პათოლოგიების მკურნალობის სრულ სპექტრს მოიცავს და დაკომპლექტებულია ევროპული გამოცდილების მქონე ძლიერი სპეციალისტებით.
– რამდენად დიდია პაციენტების მომართვიანობა?
– კლინიკა მომართვიანობის მხრივაც ძალიან დატვირთულია. პაციენტების რაოდენობა კი სწორედ უროლოგიის ეროვნული ცენტრის მიმართ ნდობაზე მეტყველებს. დღის განმავლობაში დაახლოებით 20-25 ოპერაცია კეთდება, საუბარია როგორც ენდოსკოპიურ და ლაპარასკოპიულ, ისე ღია ოპერაციებზე. ყველა საოპერაციო დატვირთულია დღეში არა ერთი, არამედ რამდენიმე ოპერაციით. მე პირადად მქონია შემთხვევა, როცა დღის განმავლობაში 12 ოპერაცია გამიკეთებია. გარდა გეგმიურისა, ურგენტულ შემთხვევებზეც მიწევს მუშაობა.
– რას იტყვით ენდოსკოპიურ უროლოგიაზე?
– დღეისათვის მცირეინვაზიური ქირურგია უკვე სტანდარტს წარმოადგენს. მაგალითად, ენდოსკოპიურ ოპერაციებს თირკმლის ან შარდსაწვეთის კენჭების
შემთხვევაში ვაკეთებთ. ეს პაციენტისთვის გაცილებით დამზოგველია, მეორე დღესვე დგება ფეხზე და 2-3 დღეში ეწერება ბინაზე. მეორე ასპექტია ლაპარასკოპია, რომელიც ასევე ფართოდ გამოიყენება უროლოგიაში. ამ ორი მიმართულებით ვსპეციალიზდები.
– რამდენად ხშირად კეთდება დღეს ღია ოპერაციები?
– ყველა ოპერაციას მცირეინვაზიური ჩარევით ვერ გააკეთებ. ღია ქირურგია კვლავ გამოიყენება. განსაკუთრებით, როცა გარკვეული მიზეზით, ოპერაცია პაციენტს ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდით ვერ უკეთდება. თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღია ქირურგიის წილი საგრძნობლად შემცირდა.
– უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი და რაში გეხმარებათ ეს?
– პროფესორ ლაურ მანაგაძის მიერ ჯერ კიდევ 80-იანი წლებში დაწყებული მჭირდო ურთიერთობა ევროპელ კოლეგებთან კვლავ გრძელდება. მეც და ჩემს კოლეგებსაც გავლილი გვაქვს ტრენინგები და პრაქტიკული სწავლება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული ოპერაციები სწორედ ასეთი მჭიდრო ურთიერთობების წყალობით დაინერგა. მუდმივად ვესწრებით სხვადასხვა კონგრესს, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს. ორი წლის წინ მქონდა რამდენიმეთვიანი ვიზიტი პოლონეთში ლაპარასკოპიულ უროლოგიაში ზოგიერთი ნიუანსის ასათვისებლად.
გარდა ამისა, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება უროლოგთა ასოცოაციის კონგრესები, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან წამყვანი უროლოგები, ხდება ინფორმაციის გაცვლა და კავშირების გამყარება.