№32 ვინ და რატომ მოკლა ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ბარსელონაში
მთავარი გმირების სახელები, მოქმედების ადგილი და თარიღები შეცვლილია. ვინმეს ან რაიმეს მსგავსება შემთხვევითია და წინასწარ გიხდით ბოდიშს...
მკვლელობის მცდელობა
2006 წლის 12 დეკემბერს 40 წლის ჯიმშერ მიქაიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. საღამოს 9 საათი სრულდებოდა და ბნელოდა, როდესაც მან საბურთალოზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ ავტოფარეხში „მერსედესი“ დააყენა და კარს კეტავდა. უცებ მას კისერში ტყვია მოხვდა, მოყინულ მიწაზე ფეხი გაუცურდა, თავი ფოლადის შვერილს ჩამოარტყა და თავგახეთქილი ძირს დაეცა. მსროლელი მიქაიას მიუახლოვდა და პატარა ფანარი დაანათა, თან პისტოლეტი მიუშვირა, რომ „კანტროლკა“ დაეყოლებინა. მაგრამ, როდესაც თქრიალით მომდინარე სისხლი დაინახა, გაიფიქრა, ტვინი გავასხმევინეო და იქაურობას სწრაფი ნაბიჯით გაეცალა. ოცდაათიოდე მეტრი რომ გაიარა, მისმა მობილურმა დარეკა, მაგრამ მსროლელმა ტელეფონი გათიშა და ნაბიჯს აუჩქარა.
კისერში მძიმედ დაჭრილი მიქაია მისმა მეზობელმა აღმოაჩინა, რომელსაც ავტოფარეხი გვერდით ჰქონდა და მანქანას აყენებდა. მანვე წაიყვანა ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დაჭრილი პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს.
გამოძალვის ვერსია
მიქაიას ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. მას ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, მაგრამ ექიმების დროულმა ჩარევამ სიცოცხლე შეუნარჩუნა. დაზარალებული ცნობილი და ძალიან შემოსავლიანი სავაჭრო ქსელის ერთადერთი მეპატრონე იყო. ჰყავდა მეუღლე და ქალ-ვაჟი, რომლებიც უცხოეთში სწავლობდნენ. თავდასხმამდე მიქაიას რამდენიმეჯერ შეუთვალეს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა რუსეთიდან, რომ „ქურდულ ობშჩიაკში“ ფული შეეტანა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამაზე კრიმინალებმა მუქარით უპასუხეს. მიქაიას ბეგი ზარქუამ, მეტსახელად „კოჭომ“, დაურეკა და მეგრულად უთხრა:
– ქურდების ფეხებზე დაკიდება არ შეგრჩება და გაგამწარებთ. იმაზე მეტად დაზარალდები, ვიდრე ჩვენ ვითხოვდითო...
მიქაია სამი დღე რეანიმაციაში იწვა. მალე გამოჯანმრთელდა და ინდივიდუალურ პალატაში გადაიყვანეს. პირველად მაშინ დაიკითხა ბიზნესმენი და მან სწორედ ზარქუას მუქარა გაიხსენა. გამომძიებლები გამოძალვის ვერსიაზე მუშაობდნენ, მაგრამ რადგან კრიმინალური ავტორიტეტები მოსკოვში იმყოფებოდნენ, მათი დაკითხვა ვერ ხერხდებოდა. რუსეთთან კი საქართველოს დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდა და ქართველი სამართალდამცველების მოთხოვნაზე – მოსკოვში მცხოვრები კრიმინალები გადმოეცათ, რუსები უარს აცხადებდნენ.
საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით იყო აღძრული და მას ბონდო კაციას საგამოძიებო ჯგუფი უძღვებოდა. ამ ჯგუფის წევრი იყო 24 წლის ვაჟა მელქაძე, რომელსაც კოლეგებისგან, განსხვავებით, მიაჩნდა, რომ გამოძიება არასწორი გზით მიდიოდა. მელქაძე ამბობდა: ქურდები მიქაიას მკვლელს არ გამოუგზავნიდნენ, ისინი სავაჭრო ქსელს გადააწვევინებდნენო...
უსახლკაროს ჩვენება
კოლეგებისგან განსხვავებით, ვაჟა მელქაძე ძიების სხვა გზას გაჰყვა. მან კარგად შეისწავლა ის ტერიტორია, სადაც თავდასხმა მოხდა და აღმოაჩინა, რომ ახლომდებარე მშენებარე კორპუსს უსახლკარო ადამიანები აფარებდნენ თავს. მელქაძე გამოელაპარაკა ერთ-ერთ მათგანს, ვინმე ხვიჩა ბებიაშვილს, რომელმაც თქვა:
– იმ დღეს (12 დეკემბერს) ძალიან ციოდა და ვერ დავიძინე. მეორე სართულზე ვიმყოფებოდი. „დუბლიონკაში“ ვიყავი გახვეული და ქვევით ვიყურებოდი, რომ იქნებ ვინმეს გამოევლო და სიგარეტი გამომერთმია. მართლაც, დავინახე, რომ სიბნელეში ვიღაც სწრაფად მოდიოდა და დავაპირე, მისთვის დამეძახა, სიგარეტი მომაწევინე-მეთქი, მაგრამ მან უცებ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს რაღაც მოისროლა ჭაობის მხარეს. ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა. მან ტელეფონი გათიშა და ისე აუჩქარა ნაბიჯს, სიგარეტის თხოვნა ვერც კი მოვასწარი...
„ჭაობს“ ადგილობრივები, წყლით სავსე ერთ-ერთ საძირკველს ეძახდნენ, რომელიც თავდასხმის ადგილთან მდებარეობდა. ვაჟა მელქაძის ძალისხმევით, აკვალანგისტებმა „ჭაობი“ საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი აღმოაჩინეს, რომლითაც მიქაია იყო დაჭრილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ვაჟა მელქაძემ გულდასმით შეისწავლა ყველა მობილურის ზარი, რომელიც 12 დეკემბერს, საღამოს 9 საათისთვის დაფიქსირდა იმ ანძაზე, სადაც თავდასხმის კვადრატი მდებარეობდა. ასეთი სულ ოთხმოცი ზარი იყო და მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვინმე ანეტა კორძაიამ დაურეკა თავის ვაჟს, მერაბ კორძაიას, რომელმაც ტელეფონის ზარს არ უპასუხა...
დედის მონაყოლი
ზარების გაშიფვრამ და უსახლკაროს მონაყოლის ანალიზმა ცხადყო, რომ მიქაიაზე თავდასხმა მერაბ კორძაიამ განახორციელა, რომელიც 19 წლის უმუშევარი ახალგაზრდა იყო და დედასთან ერთად აფხაზეთიდან ლტოლვილის შემწეობაზე ცხოვრობდა. დედამისი, ანეტა კორძაია კი, ჭლექის მძიმე ფორმით იყო დაავადებული და ტუბდისპანსერში იწვა. პოლიციის ოპერჯგუფმა მერაბ კორძაია სწორედ ტუბდისპანსერში აიყვანეს და ის პირველივე დაკითხვაზე გამოტყდა თავდასხმაში, თუმცა მოტივს არ ამხელდა და მხოლოდ ამბობდა: მიქაია ნაძირალაა, სიკვდილის ღირსი. ვნანობ, რომ ვერ მოვკალი და თუკი შანსი მომეცემა, მეორედ მიზანს არ ავაცილებო...
გამომძიებელმა დაჰკითხა ანეტა კორძაია, რომელმაც მელქაძეს განუცხადა: „ჯიმშერ მიქაიას ოცდაერთი წლის წინ ვხვდებოდი სოხუმში. შეყვარებულები ვიყავით და უნდა დავქორწინებულიყავით. ის უეცრად რუსეთში გაემგზავრა. მე კი მისგან ფეხმძიმედ ვიყავი და ექვს თვეში ვიმშობიარე. ჩემებმა ეს სირცხვილი ვერ აიტანეს და სახლიდან გამომაგდეს. მერაბს მარტო ვზრდიდი, ნაქირავებ ბინაში, გულრიფშში. ერთი წლის მერე ჯიმშერი სოხუმში დაბრუნდა და როდესაც მე მას მერაბის შესახებ ვუთხარი, მან თავისი შვილი უარყო და მითხრა, ეს ნაბიჭვარი ჩემი არააო. შემდეგ ჯიმშერი კვლავ რუსეთში გაემგზავრა, ჩვენ კი აფხაზეთში დავრჩით. ომის მერე იძულებით ჩამოვედი თბილისში და მერაბმა მხოლოდ შარშანწინ შეიტყო, ვისი შვილი იყო. ამას ის დაემთხვა, რომ ჯიმშერი თბილისში ფულით დაბრუნდა და ბიზნესი ააწყო. მერაბი ამბობდა, ის ნაძირალა უნდა მოვკლაო. მე მას ვუშლიდი ამის გაკეთებას, მაგრამ მან მაინც თავისი გააკეთა და თავი დაიღუპა...“
გამოძიებამ დაადგინა, რომ „მაკაროვის“ მაყუჩიანი პისტოლეტი მერაბ კორძაიას სოხუმიდან ჰქონდა წამოღებული. სასამართლომ მას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ანეტა კორძაია კი ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა.
P.S. მერაბ კორძაია 2016 წელს გათავისუფლდა ციხიდან და დღემდე საქართველოში ცხოვრობს. ჯიმშერ მიქაია კი 2017 წელს მოკლეს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, სადაც ის იმყოფებოდა. მკვლელი ვერ დაადგინეს და ეს საქმე დღემდე გაუხსნელია.