№32 კვირის რომელი დღეებია ყველაზე იღბლიანი მგზავრობისთვის და როდის უნდა ჩაიცვათ ტანსაცმელი უკუღმა
საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია. ყველა ცდილობს, ქალაქს გაეცალოს – ზოგმა მთას მიაშურა, ზოგმა ზღვას. წინ გრძელი გზაა, უმეტესობა საკუთარი ავტომანქანით მიემგზავრება... ლურჯად ლივლივებს უკიდეგანო ზღვა... დასვენების, გართობის, ახალი ნაცნობობის, შრომითი სეზონის დაწყებამდე ძალისა და ენერგიის აღდგენის დროა. ამ ყველაფერმა კი, კარგად რომ ჩაიაროს, წინაპართა გამოცდილებას უნდა ვენდოთ – ვნახოთ, რა სიურპრიზს გვიმზადებს ბედი: რას მივაქციოთ ყურადღება გამგზავრების წინ თუ უშუალოდ გზაში; რა გავითვალისწინოთ საკუთარი ავტომობილის საჭესთან და რა მინიშნებები არ უნდა გამოგვეპაროს პლაჟზე. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ქეთევანი.
– გადავწყვიტე დასასვენებლად წასვლა. რას გვირჩევთ უპირველესად?
– ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარიო, ნათქვამია, მაგრამ მთლად მამლის ყივილამდე გამგზავრებაც არ ვარგა, გზაზე ხიფათია ჩასაფრებული. წასვლა გადადეთ გრიგალის ამოვარდნისა თუ ყვავის დაჩხავლების გამოც. გზაზე თუ რამეს იპოვით, არ აიღოთ, უფრო მეტს დაკარგავთ. თუ ძაღლი გყავთ და გამოგედევნათ, სახლში დარჩენა არ სურს, ეს ორივესთვის სახიფათოა. ამიტომ, ქუდი ან რასაც ტანსაცმლიდან უცებ გაიძრობთ, უკუღმა პირიდან ჯერ ძაღლს დაუქნიეთ, შემდეგ, ამოუბრუნებელივე ჩაიცვით და გზა განაგრძეთ, ყველაფერი მოგვარდება. კვირის დღეებიდან სამგზავროდ კარგია სამშაბათი და შაბათი, ორშაბათსა და პარასკევს კი – არ გირჩვთ. დილით ქუჩაში პირველი მეეზოვე თუ შემოგხვდათ, თავი სამჯერ დაუქნიეთ და იღბალიც თქვენი თანამგზავრი გახდება. ასევე, გაგიმართლათ, თუ გზა მამაკაცმა გადაგიკვეთათ, რასაც ვერ ვიტყვი ქალის შემთხვევაში – ჯობია, იმ დღეს ყველაფერი გადადოთ. მშვიდობიანად იმგზავრებთ, თუ წასვლის წინ არავის არაფერს მისცემთ. რაიმე ნივთის სახლში დარჩენა, შინ მშვიდობით დაბრუნდებას ნიშნავს, ხოლო თუ მოულოდნელად, გზაში გაგიწვიმდათ, დაუბრკოლებლად ჩახვალთ დანიშნულების ადგილამდე. მაგრამ, ცუდია, თუ სახლიდან გასვლისას გასაღები დაგივარდათ ან სხვის ნაკვალევს გაჰყევით – ხიფათი გელით. ოჯახიდან ვინმეს გამგზავრების წინ არც დაგვა ვარგა და არც იატაკის მორეცხვა, თორემ მასაც ნაგავთან ერთად, სამუდამოდ მოისვრით სახლიდან. თუ ღამით გიწევთ წასვლა, ეცადეთ, ეს 12-მდე მოასწროთ ან მერე, პირველ საათს დაელოდოთ. წასვლამდე კი, სველი წესით, საგულდაგულოდ დაალაგეთ სახლი და მორეცხეთ კიბე.
– საკუთარი მანქანით მგზავრობისას რა მინიშნებებია აუცილებლად გასათვალისწინებელი?
– უპირველსად, არ მიუჯდეთ საჭეს ცუდი განწყობით, მით უმეტეს, თუ წინ გრძელი გზა გაქვთ გასავლელი. მანქანა ისე მჭიდროდაა დაკავშირებული პატრონთან, რომ თქვენი განწყობა მასაც გადაედება. შესაბამისად, მხიარულად მიუჯექით საჭეს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტობანზე მაღალი სიჩქარით ქროლვისას, ავტომობილის საქარე მინას ჩიტი შეასკდა, რაც უბედურების ნიშანია, არ დაიბნეთ. გადმოდით მანქანიდან და საათის ისრის მიმართულებით, ირგვლივ შემოუარეთ მას. საფრთხე ჩავლილია, მაგრამ გზაზე შავი ძაღლი თუ შენიშნეთ, აუცილებლად ისევ გაჩერდით და დაისვენეთ. მისდიეთ ამ რჩევებს და ისე მიადგებით მშობლიურ სოფელს თუ ნანატრ ზღვის სანაპიროს, დაღლასაც ვერ იგრძნობთ.
– რაც შეეხება ზღვას და პლაჟს, გარდა იმისა, რომ იქ დასვენება დიდი სიამოვნებაა, ბედის წინასწარმეტყველებაც შეიძლებაო, ამბობენ...
– ზღვა რომ შესანიშნავია დასასვენებლად და ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, ფაქტია, მაგრამ ბედის კარნახიც თუ შეეძლო, ეს ბევრმა არ იცის. ამის მინიშნება კი იქ უამრავია. პლაჟზე მონეტა ვის არ უპოვია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. ამ დროს კი ეს იღბლიანობის ნიშანია. თქვენს ფეხებთან ტალღამ ბოთლი გამორიყა? – მთელი წელი ბედის წყალობა არ მოგაკლდებათ. ამასთანავე, ბოთლი თუ მწვანეა, შეგიძლიათ, სურვილიც ჩაიფიქროთ – აუცილებლად შეგისრულდებათ. პლაჟზე ჩაძინება კარგ ამინდს გპირდებათ, ქვიშაში ჩაფლული თევზის ფხა კინაღამ ფეხში შეგერჭოთ? – თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ძალიან კარგია: უმნიშველოვანეს სტარტს აიღებთ ცხოვრებაში, რისთვისაც ახლავე დაიწყეთ ფულის გადადება. არც ისე სასიამოვნო შესახედია თოლია, მაგრამ თუ პლაჟზე დატოვებულ თქვენს ტანსაცმელს დააფრინდა, ნუ დააფრთხობთ, წინ დიდი ამბები გელით: იმ საქმეს წამოიწყებთ, რისთვისაც განსაკუთრებით ემზადებოდით. საკურორტო განწყობა არც მზის სათვალის დაკარგვის გამო გაიფუჭოთ, რადგან ზარალზე მეტად, იხეირებთ: ზოგ ადამიანსა თუ მოვლენას სულ სხვა მხრიდან დაინახავთ, რაც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდება თქვენთვის. პირველივე დღეს თუ საცურაო კოსტიუმმა გიმტყუნათ – გაირღვა, გაიხა ან დაისვარა, არ იფიქროთ, რომ ვიღაცამ გაგთვალათ. უფრო პირიქითაა, ვნებიან საკურორტო რომანს გააჩაღებთ. მზეზე მიფიცხებულს თუ პლაჟზე ვიღაცამ გადაგაბიჯათ, ფრთხილად იყავით, თქვენს ნათქვამს შეიძლება, კუდი გამოაბან და გაგჭორონ. ამიტომ, ძალიანაც ნუ გადაუშლით გულს ახალგაცნობილებს. ზღვაში წვიმამ მოგისწროთ? ესე იგი, ეს დასვენება გაგაკაჟებთ. დილაუთენია წვეტიან ქვას დაჰკარით ფეხი? – უნდა გიხაროდეთ, თქვენი ფინანსები გაიზრდება – საქმიდან კარგი მოგება დაგრჩებათ, ან ფულად ჯილდოს მიიღებთ. ასე რომ, დაისვენეთ და ისიამოვნეთ, ყველაფერი კარგადაა.