კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-31(918)


„თუ ღმერთს უნდა ჩვენი შეხვედრა, ასეთი დაგვიანების მიუხედავად, კაფეში დამხვდება, თუ არ დამელოდა და აღარც დამირეკა, ესე იგი, არ გვიწერია მომავალში ურთიერთობა“, – გაიფიქრა ირმამ და რაღაც სინდისის ქენჯნასავით თუ უხერხულობასავით შეგრძნება გაუჩნდა, ოღონდ მირიანის კი არა, ქმრის მიმართ, თუმცა უცბად ბოღმამ იმძლავრა მის სულში, გადაფარა სინდისის ხმა და ბოროტად ჩაილაპარაკა: – მოიცადოს, ჯერ  სად არის, ნახავს, რა შეუძლია ქალს, რომელსაც გული ატკინეს და დაამცირეს! ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, მე ვიტყვი ჩემს ბედში მყოფი ყველა ქალის სათქმელს! – და თუ აქამდე, უფრო სწორად, იმ ბომჟთან შეხვედრის შემდეგ, გულის სიღრმეში არც კი ეწყინებოდა, მირიანი კაფეში თუ არ დახვდებოდა (ის კი არა, შეიძლება, გახარებოდა კიდეც), ახლა დანამდვილებით იცოდა, რომ უნდოდა, შემდგარიყო ეს პაემანიც, შემდეგიც, იმის შემდეგიც, შემდეგის შემდეგიც და, თანაც, არა მარტო მირიანთან, არამედ ყველა მამაკაცთან, ვინც კი მის ცხოვრებაში გამოჩნდებოდა. დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, სამუდამოდ დაევიწყებინა ყველა წყენა და ტკივილი, რაც კი ოდესმე რომელიმე კაცს მიუყენებია და ნამდვილ ქალად ეგრძნო თავი – ისეთად, რომელსაც ეფლირტავებიან, რომლის ყურადღების მისაპყრობად ჩალიჩობენ, თავს აწონებენ და კანიდან ძვრებიან; რომელსაც რესტორანში პატიჟებენ და რომელთან ერთადაც ეამაყებათ საზოგადოებაში გამოჩენა – ყოველივე ამის განცდა ისე მოუნდა ირმას, რომ მთელი სხეული ასტკივდა და კინაღამ კივილი დაიწყო. მერე ეს ტკივილიც და კივილიც დიდი ძალისხმევით ჩაიხშო და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დასახული მიზანი აუსრულებელ მიზნად არ დარჩენილიყო... ამასობაში კაფეს კარიც შეაღო და, შედგა თუ არა ფეხი, მოპირდაპირე მაგიდიდან მისკენ მაღალი და სიმპათიური მამაკაცი დაიძრა. ირმამ კეკლუცი ღიმილი გადაიკრა სახეზე, მისკენ თამამი ნაბიჯით გაემართა და მიახლოებისთანავე მოსაბოდიშებელი სიტყვები შეაგება:
– იცით, სრულიად შემთხვევით შემხვდა სტუდენტობის დროინდელი ნაცნობი და... მაპატიეთ, ძალიან დამაგვიანდა.
– ნუ წუხხარ, ქალს დაგვიანება შეშვენის, კაცს კი – მოთმინებით მისი ლოდინი და იმაზე ფიქრი, ნეტავ რატომ აგვიანებსო, – ღიმილით უთხრა მირიანმა, დახვეწილი ჟესტით მიუთითა უკვე გაწყობილი მაგიდისკენ და ხელკავით წაიყვანა.
სხვა შემთხვევაში ირმა მოიხიბლებოდა ასეთი სიტყვებითაც და ასეთი დახვეწილობითაც, მაგრამ, რატომღაც, პირიქით მოხდა – ამ ყველაფერმა ძალიან გააღიზიანა, განსაკუთრებით შენობით მიმართვამ, მაგრამ ხმა არ ამოუღია და არ გამოუხატავს თავისი ემოცია.
მაგიდას რომ მიუსხდნენ, მირიანმა კუთხეში დადებული პატარა, მაგრამ მართლაც ულამაზესი თაიგული აიღო, თავის სტუმარს საზეიმოდ გადასცა და ტუჩებზე მიხატული ღიმილით უთხრა:
– ეს ულამაზესი თაიგული კი შენ, კიდევ უფრო ლამაზ გოგოს, რომელმაც დღეს მეც უნდა გამილამაზოს ეს საღამო.
„ნამეცადინები და დაზუთხული აქვს ყველაფერი, თორემ, სინამდვილეში ასეთი ენამჭევრი და ქალებთან გადაპრანჭული ტიპი არ უნდა იყოს“, – გაიფიქრა ირმამ, ხმამაღლა კი უთხრა:
– უკაცრავად, ბატონო მირიან, მაგრამ, მე თქვენობით და „ბატონოთი“ მოგმართავთ, თქვენ კი შენობით მელაპარაკებით, „გოგოს“ მიწოდებთ – მართალია, ლამაზს, მაგრამ მაინც გოგოს. და ლამის მხარზე ხელიც მომიტყაპუნოთ. ეს,  მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულად მეჩვენება, ასე არ არის? – და ირმამ ისეთი კეკლუცი ღიმილი შეაფრქვია თავის დაბნეულ და გაწითლებულ კავალერს, როგორიც სრულებით არ უხდებოდა მის მიერ წარმოთქმულ „ყურის აწევის“ ტონს. მირიანმა არ შეიმჩნია „შემოლაწუნება“ და ისევ „მიხატული“ ღიმილით უპასუხა:
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ახლობლებთან ურთიერთობის ასეთი სტილი მაქვს. თქვენც ახლობლად ჩაგთვალეთ და... მაგრამ, თუ გეწყინათ, შემიძლია...
– არ მეწყინა, მაგრამ, სანამ მართლა ახლობლები გავხდებით, მირჩევნია, თქვენობით მომმართოთ, – ისევ კეკლუცად გაუღიმა ირმამ, მაგრამ ამ სიტყვებითაც და ამ ღიმილითაც ერთდროულად თავის ადგილზეც მოსვა და თან ცოტა შეაგულიანა კიდეც, ცოტა არ იყოს, ნირწამხდარი თაყვანისმცემელი, რომელიც ცდილობდა, იხტიბარი არ გაეტეხა და რომანტიკულ პაემნად დაგეგმილი საღამო კრახით არ დასრულებულიყო. მირიანმა ირმას სიტყვები მაინც ერთგვარ წაქეზებად მიიღო და თავის მოწონება განაგრძო:
– ერთხელ, ხუთი წლის რომ ვიყავი, მამამ მკითხა, რა გინდა, რომ გამოხვიდეო და, იცით, რა ვუპასუხე?
– არა, – ცივად გაეპასუხა ირმა.
– აბა, თუ გამოიცნობ... თ, – კინაღამ ისევ შეეშალა მირიანს.
– რატომ უნდა გამოვიცნო, რამე განსაკუთრებული უპასუხეთ? – მხრები აიჩეჩა ირმამ და  „სულერთია“ სახით ამოიღო ჩანთიდან სიგარეტი.
მირიანმა მაშინვე მოუმარჯვა სანთებელა, საფერფლე გვერდით დაუდგა და ამაყი ღიმილით უთხრა:
– კარგი ადამიანი-მეთქი, ვუპასუხე.
– მერე, იცი, ეგ რა არისო? – მკითხა მამამ.
– კი-მეთქი, – თავი დავუქნიე.
– მართლა იცოდით? – ყასიდად გაიკვირვა ირმამ.
– დიახ, – ამაყად დაეთანხმა კაცი.
– არ გადამრიოთ! მე ახლაც არ ვიცი, – ხმამაღლა გაეცინა ირმას, ცოტა გაკვირვებულ კავალერს თვალებში გამომცდელად შეხედა და ჰკითხა: – მერე, გამოხვედით?
– რა თქმა უნდა! – ისე დარწმუნებით უპასუხა თაყვანისმცემლობის კანდიდატმა, რომ ირმას ისევ გაეცინა და მსუბუქი დაცინვით უთხრა: – არ ვიცი, მოესწარით თუ არა კომუნისტურ წყობას, მაგრამ, თუ მოესწარით, სანიმუშო პიონერი იქნებოდით, აი, ასეთი: „მზად ვარ!“ – საკმაოდ ხმამაღლა შესძახა ირმამ და მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი შუბლთან გვერდულად ასწია.
კაცი მიხვდა, რომ ქალი დასცინოდა, მაგრამ არ შეიმჩნია და, სიტუაცია რომ განემუხტა, ხმამაღლა გაეცინა:
– ხომ გაგამხიარულეთ?
– კი, ნამდვილად, – დაეთანხმა ირმა და შამპანური მოწრუპა.
მირიანმა აღარ იცოდა, როგორ აეწყო „სვეცკი დიალოგი“, რადგან ქალი თითქოს პრინციპულად არ აძლევდა ამის საშუალებას, რაც მას ძალიან აბნევდა და აღიზიანებდა, მაგრამ არ აპირებდა, ფარ-ხმალი დაეყარა. რამე რომ გაეკეთებინა, შამპანურის ბოთლი აიღო და ირმას ფუჟერი შეუვსო. ბოთლის დანახვაზე ქალს ბომჟი გაახსენდა და სახე შეეჭმუხნა.
– რამე ისე არ გავაკეთე? – შეშფოთდა მირიანი.
– არა, თქვენ არაფერ შუაში ხართ, უბრალოდ, რაღაც გამახსენდა და... – ქალს შეეცოდა კანიდან ამომხტარი კავალერი.
– რამე ცუდი ამბავი? – ჩაეკითხა კაცი.
– ჰო, არც ისე  კარგი.
– გინდათ, გამოვიცნო? – ისევ სიტუაციის განმუხტვა სცადა კაცმა.
– ვერ გამოიცნობთ, – ნაღვლიანად უპასუხა ქალმა.
– თქვენ არ იცით, რომ მე ცნობილი ნათელმხილველი ვარ და, წარსულის დანახვაც შემიძლია და მომავლის განჭვრეტაც?
„ღმერთო ჩემო, რაღა ჩემს ხელში უნდა გაგიჟდეს ყველა“, – ისევ გაიფიქრა ირმამ, რაც ბომჟთან საუბრისას, ახლა ამან დამიწყო ფიქრების ამოცნობა“, – და თავის კავალერს დაუფარავი ინტერესით შეხედა.
მირიანმა, მუნჯი კინოს მსახიობივით, ჯერ მრისხანედ დააბრიალა თვალები, შემდეგ ისე მოწკურა, ჩინელს დაემსგავსა, ბოლოს კი სახე ახლოს მიუტანა და საიდუმლო ჩურჩულით ჰკითხა:
– გინდა, გითხრა, რაზე ფიქრობ ახლა?
– მინდა, დიდო ნათელმხილველო, – ირმას ყურადღება არ მიუქცევია იმისთვის, რომ მირიანმა ისევ შენობით მიმართა, თამაშში აჰყვა და მორჩილად დახარა თავი.
– არ ინანებ? – ისევ „მრისხანედ“ ჰკითხა მირიანმა.
– არა, დიდო ნათელმხილველო! – ირმა აშკარად გახალისდა.
– მაშ, ყურადღებით მომისმინე! – თეატრალურად გამოაცხადა მირიანმა, მაგრამ უცებ ქალის თვალებში რაღაც შიშნარევი დადარაჯება ამოიკითხა და ისე ძალიან მოუნდა გაეგრძელებინა და მასზე გამარჯვება ეზეიმა, რომ, ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე უთხრა ჩურჩულით:
– შენ ფიქრობ კაცზე, რომელიც შეგხვდა აქ მოსვლამდე... შენ შეგაშფოთა ამ კაცის დანახვამ... შენ ახლაც მასზე ფიქრობ... ის შენი წარსულიდან არის და ამან შენ აგაღელვა... – მერე უცებ ჩვეულებრივი ხმით დაასრულა: – იცით, ნათელმხილველურ ტექსტს თქვენობით ლაპარაკი არ უხდება, თორემ, თქვენი შენიშვნა არ დამვიწყებია.
ცუდ ხასიათზე დამდგარ ირმას ისევ გაეცინა, მაგრამ მოულოდნელად წამოდგა, ჩანთას ხელი წამოავლო და კარისკენ გაემართა, მან მირიანს მიაძახა:
– მე მივდივარ, თქვენ თუ გინდათ, დარჩით!
კაცი, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ წამოდგა, ფული მაგიდაზე დატოვა და ქალს დაეწია, კარში გაატარა და მკლავი შესთავაზა, მაგრამ ირმამ არ ისურვა ხელკავით სიარული და მისგან ერთი ნაბიჯის დაშორებით განაგრძო გზა.
– არ გიყვართ ხელკავი? – ოდნავ წყენით ჰკითხა მირიანმა.
– ჰო, პრინციპში, არ მიყვარს. ეს ჟესტი თუ რაც არის, ჩემი აზრით, საკმაოდ ინტიმურ ურთიერთობას ან რაიმე ნათესაურ კავშირს გამოხატავს, ამიტომ ჩემთვის მიუღებელია თითქმის უცნობ მამაკაცთან ხელკავით სიარული, – საკმაოდ ცივად აუხსნა ირმამ და ამ ცივი ტონის გამო სულაც არ  გრძნობდა უხერხულობას, რადგან მირიანთან პაემნის ამ ხანმოკლე პერიოდში სულაც გაუქრა არა მარტო მისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა მამაკაცისთვის თავის მოწონების სურვილი და, ამდენად, შინაგანად თავისუფლად გრძნობდა თავს; მაგრამ, ამავე დროს, ჯერ კიდევ იმ ბომჟთან შეხვედრის მომენტიდან, თითქმის გამუდმებით ჰქონდა უცნაური შეგრძნება – თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა და ეს შეგრძნება ძალიან ძაბავდა.
კაფედან რომ გამოვიდა, შეეცადა, ბომჟზე აღარ ეფიქრა და თავის მდგომარეობაში გარკვეულიყო. თავდაპირველად კი მირიანის რეალური ვინაობის დადგენა გადაწყვიტა. იფიქრა, ამისთვის ყველაზე ბუნებრივი და უშუალო მეთოდი შინაურულად კითხვების დასმა არისო და, ის იყო, დააპირა კიდეც გეგმის განხორციელება, რომ მირიანმა დაასწრო:
– ძალიან მინდოდა, უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, ამჯერად არ გამოგვივიდა.
ირმა მიხვდა, რომ კაცი დაემორჩილა მის ნებას, ხელკავის გარეშე ევლოთ და სხვა მიმართულებით შეეცადა საუბრის წარმართვას. ამ ფიქრმა ქალს ღიმილი მოჰგვარა  და შინაურულად უპასუხა:
– მკითხეთ, რაც გაინტერესებთ, დასამალი არაფერი მაქვს.
– ქმარს რატომ გაშორდით? – პირდაპირ მიახალა მირიანმა.
– მეგონა, ცოტა შორიდან  დაიწყებდით.
– მე მხოლოდ ორი დღის წინ წამოვედი მისგან, ოფიციალურად ჯერაც ცოლ-ქმარი ვართ და ასე უცებ საიდან გაიგეთ? –  ცოტა არ იყოს, ბოროტად ჩაეცინა ირმას და კაცს თვალებში შეხედა, მას აშკარად არ ესიამოვნა ამ თემის წამოწევა.
– ჩიტმა მომიტანა ამბავი, –  გახუმრება სცადა კაცმა.
– ზედმეტად ცნობისმოყვარე და ჭორიკანა ჩიტი გყოლიათ. მაგრამ, იცით, რა მაინტერესებს? ჩემი წამოსვლა ჯერ დედაჩემსაც არ გაუგია, ამის შესახებ ჯერ ჩემმა ქმარმაც კი არ იცის და, იმ თქვენმა ჩიტმა საიდან გაიგო, ჩემს ფიქრებს კითხულობს თუ... – ირმას უცებ გონება გაუნათდა, – თუ კუდში დამდევს და ჩემი ყოველი ნაბიჯი იცის? ან, იქნებ, მიხვდა, ჩემი ქმარი, რომ სახლიდან წამოედი, ახლა იმის გაგებასც ცდილობს, მომავალში რას ვაპირებ და ამაში თქვენ უნდა დაეხმაროთ?
მირიანი შეაცბუნა ასე პირდაპირ დასმულმა კითხვებმა, მაგრამ თავის დასაძვრენად ვეღარაფერი მოიფიქრა და ერთმანეთთან დაუკავშირებელი უაზრო სიტყვები ამოყარა თავის გასამართლებლად.
– არა, რას ამბობთ... იცით, მართლა ისე უხერხულად გამომივიდა... მე მინდოდა... – და უმწეოდ შეაჩერდა ქალს.
– კარგი, ნუღარ იტანჯებით, – ისევ შეეცოდა ირმას დაბნეული კავალერი და დამცინავი ღიმილით ჰკითხა: – კიდევ ხომ არ გაინტერესებთ რამე?
მირიანი ირონიას ვერ მიუხვდა და შეეცადა, ოდნავ მაინც ინტიმური გაეხადა თითქმის ჩაშლილი საუბარიც და მთლიანად პაემანი და მოგონილი დარდიმანდობით ჰკითხა:
– როგორი კაცები მოგწონთ?
– თქვენ მე ისევ მაოცებთ, – ხმამაღლა გაეცინა ქალს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ამ კითხვას უფრო ხშირად კაცებს უსვამენ და, მეორეც, თავისთავად არის ძალიან დაბალი დონის შეკითხვა, მით უფრო, ჩვენს სიტუაციაში. მე თქვენგან უფრო მაღალ დონეს მოველოდი, –  ირმამ თვალებში შეხედა უარესად დაბნეულ თუ საკუთარი თავით უკმაყოფილო თაყვანისმცემელს და ბოლომდე არ დაინდო: – ყველაფრის მიუხედავად.
– ჰო, მართალი ხართ, რატომღაც, თქვენთან ისე ვიბნევი, რომ არაფერი გამომდის, – აღიარა მირიანმა და ხელები უმწეოდ გაშალა, – არადა...
– არადა, ყოველთვის ყველა ქალთან ყველაფერი გამოგდიოდათ, – შეაწყვეტინა ირმამ, – ანუ ყველა ქალს იოლად „აბამდით“ თქვენი იმპოზანტური გარეგნობით, დახვეწილი მეტყველებით და ასე შემდეგ... ასე არ არის?
– ჰო, პრინციპში ასეა, – გვერდზე გაიხედა მირიანმა, – მე თვითონაც არ ვიცი, რატომ დამემართა ასე.
– მე გეტყვით: პაემანი იმიტომ კი არ დამინიშნეთ, რომ მართლა მოგეწონეთ. ასე თუ ისე, მაინც რაღაც დონეზე წესიერი კაცი ჩანხართ და გათხოვილ თანამშრომელთან საჭორაო ურთიერთობის გაბმას მოერიდებოდით, მით უფრო, რომ თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი სახელი და ავტორიტეტი მაქვს. თქვენ ეს აუცილებლად გექნებოდათ გაკითხულ-გამოკითხული და გაგებული, მაგრამ მაინც გადადგით ეს ნაბიჯი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახური კონფლიქტით ისარგებლეთ – ეს  ნამდვილად არ გეცოდინებოდათ, იმიტომ რომ სახლიდან სპონტანურად წამოვედი. ანუ, რჩება ერთადერთი მიზეზი თუ მიზანი: რაღაცისთვის დაგჭირდით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ  ვხვდები, რისთვის, რა გამორჩენას ელით ჩემგან.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3