კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 საბედისწერო ფიქრები

მერი ჯოისმა არჩიბალდ კოქსი ერთ წვეულებაზე გაიცნო და მაშინვე მიხვდა, რომ ჩვეულებრივ ადამიანთან არ ჰქონდა საქმე. არჩიბალდი ისე უყურებდა, რომ ქალიშვილი მაშინვე მიხვდა – კაცს მისი კოცნის სურვილი ჰქონდა. ამ ფიქრმა შეაშინა, კიდევ უფრო დაფრთხა, როცა არჩიბალდმა სიტყვა-სიტყვით უთხრა, რაც მის თავში მომწიფდა. კაცი მის აზრებს ხედავდა. თავად კი – კაცისას. მერის პირადი ცხოვრება დალაგებული ჰქონდა. მალე იქორწინებდა საყვარელ ადამიანზე, რომელსაც იმ პრინცად მიიჩნევდა, ქალები რომ წარმოიდგენენ ხოლმე. არჩიბალდი საერთოდ ზედმეტი იყო მის რეალობაში და შეეცადა, დაევიწყებინა. მაგრამ სიმშვიდემ ერთ დღესაც არ გასტანა. მეორე დღეს ლანჩისთვის თავის საყვარელ კაფეში შევიდა და დარბაზში არჩიბალდის ცოლი, ვანესა კოქსი დაინახა. ეს ქალი არჩიბალდთან ერთხელ ჰყავდა ნანახი. სიფრიფანა და ძალიან ლამაზი კაცებს გულგრილს არ დატოვებდა. მერის გაუკვირდა კიდეც, ასეთი ქალის ქმარს სხვა რაღა უნდა, რატომ დაინტერესდა ჩემითო. ვანესა მარტო არ იყო, მაგრამ გვერდით ქმარი ნამდვილად არ ჰყავდა. მამაკაცი, რომელსაც ნაზად შესციცინებდა, არჩიბალდს საერთოდ არ ჰგავდა. წყვილი ერთმანეთზე შეყვარებულების შთაბეჭდილებას ტოვებდა და მისდა გასაოცრად, მერიმ ბრაზი და საშინელი აგრესია იგრძნო. გაუკვირდა. ცოტათი დააფრთხო კიდეც ამ ყველაფერმა. სწრაფად მიირთვა შემწვარი კვერცხი, წამოდგა და კაფედან გავიდა. სახლში იყო, მაგრამ ვანესას მიმართ საშინელი აგრესია მაინც არ ტოვებდა. ერთბაშად მერის ძრწოლის ჟრუანტელმა დაუარა: არჩიბალდმა იცოდა ცოლის ღალატის ამბავი. მერი კი არჩიბალდის ფიქრებს „კითხულობდა“. ქალიშვილი ერთიანად აკანკალდა. რა უნდა მოეხერხებინა ამ საშინელი, თავსმოხვეული უბედურებისთვის. მერის არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ არჩიბალდიც გრძნობდა იგივეს, ანუ კითხულობდა ქალიშვილის აზრებს. მერიმ თავს ძალა დაატანა, არაფერზე ეფიქრა. იქნებ კაცს ვეღარ მოეხერხებინა ქალიშვილის გონებაში „შეძვრომა“. სასწრაფოდ დაურეკა თავის საქმროს. საღამო მასთან ერთად გაატარა, ცოტათი შვება იგრძნო, მაგრამ როგორც კი მარტო დარჩა, ისევ „დაინახა“ არჩიბალდის ცოლის მიმართ სიძულვილით გაჟღენთილი ფიქრები. „მას თავისი ცოლის მოკვლა უნდა და ამას გააკეთებს“, – მიხვდა მერი. მაგრამ როგორ უნდა შეეშალა ხელი დანაშაულისთვის? პოლიციაში რომ მისულიყო, რას იტყოდა? ამა და ამ კაცის ფიქრებს ვკითხულობ და უნდა დაიჭიროთ, იმიტომ რომ ცოლის მოკვლა უნდაო? კარგად დასცინებდნენ და გამოუშვებდნენ. ვანესასაც კი ვერ გააფრთხილებდა. ქალი ან საერთოდ ვერ მიხვდებოდა, რას ეუბნებოდა მერი, ან შეეშინდებოდა, ავანტიურისტად ჩათვლიდა, ბოროტ არსებად, შანტაჟისტად, რომელსაც ამ ყველაფრიდან სარგებლის მიღება სურდა. მერი თავს ხაფანგში მომწყვდეულივით გრძნობდა. საშიშროება სულ უფრო რეალური ხდებოდა. ღამე იყო. მერი ჯერ დიდხანს იდგა შხაპის ქვეშ, მერე ერთი აბი დამამშვიდებელი დალია. აივანზე რომ გავიდა, თითქოს მანქანის საბურავების ღრჭიალის ხმა გაიგონა. ქუჩას დააკვირდა. ავტომობილის ჭაჭანება არსად ჩანდა. მაგრამ ხმა მაინც ისმოდა, თანაც ძლიერდებოდა. მერი კედელს აეკრა, თვალები დახუჭა. ცოტა ხანი სრული სიბნელე იყო, მერე კი ვანესას სილუეტი გამოიკვეთა. ქალი მშვიდად გადადიოდა ქუჩაზე. თვალებიც კი უბრწყინავდა. „ჯიპი“ კუთხიდან გამოვარდა. ვანესამ გვერდზე გახტომა ვერ მოასწრო. მერიმ თითქოს ძვლების მტვრევის ხმაც კი გაიგონა და სახეზე ხელები აიფარა. მეორე დღეს გაზეთის კრიმინალურ სვეტში საშინელი ავარიის შესახებ იუწყებოდნენ: „მძღოლმა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. საცოდავი, სავარაუდოდ, ადგილზე გარდაიცვალა. მას ვეღარაფერი უშველეს. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყოლია“. მერიმ გაზეთი გადადო და ამოიოხრა. პოლიცია, ალბათ, უკვე ეძებდა მკვლელს. ქალიშვილმა ზუსტად იცოდა, ეს ვინ ჩაიდინა, მაგრამ საქმე რთულად იყო. პატარა აქტიურობა მერის მხრიდან და უკვე თავად მას შეექმნებოდა საფრთხე. არჩიბალდ კოქსი ხომ მის ყველა ფიქრს კითხულობდა. თითქოს ამის დასტურად მერის ტელეფონზე ზარი გაისმა. „მერი, საყვარელო, არჩიბალდი ვარ. ჩვენი შეხვედრის მერე ორივემ ვიცით, რომ ცხოვრება შეიცვალა. ერთ ტალღაზე ვართ და ეს უკვე ყოველთვის ასე იქნება, მოგწონს შენ ეს თუ არა. გაშინებ, მაგრამ იცოდე, რომ თუ ერთნაირად ვიფიქრებთ, ორივე ბედნიერები ვიქნებით. სისულელე არ ჩაიდინო. იცოდე, ვერსად დამემალები, ვერც ვერაფერს შეცვლი. არ გინდა პანიკა, უბრალოდ, მენდე.
მერი აკანკალდა. ტელეფონი გათიშა. ნეტავი ფიქრების „გათიშვაც“ შეძლებოდა. სწრაფად გამოიღო ჩემოდანი და ნივთები ჩაყარა. გადაწყვეტილება ელვის სისწრაფით მიიღო. ახლა მთავარი აზრების კონცენტრაცია იყო. არჩიბალდი მის ფიქრებში უნდა დარწმუნებულიყო, ეფიქრა, რომ ქალიშვილი გაქცევას აპირებდა, თანაც, კონკრეტული მიმართულებით. თავში ერთი პატარა, ქალაქგარეთა სოფლის სახელი ჩაიბეჭდა. ფიქრებით სახლიდან გამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა და მისი მიმართულებით აიღო გეზი. იგრძნო, რომ არჩიბალდი ანკესზე წამოეგო. გაუხარდა, მაგრამ ემოცია მალევე აღკვეთა. ეს სახიფათო იყო. დინჯად გამოვიდა სახლიდან, მანქანა გამოიყვანა და გზას გაუდგა. თუმცა ფიქრებით უკვე იქ იყო. აი, პატარა ხის ხიდი გადაიარა, რომლის ფიცრებიც მისი მანქანის სიმძიმისგან აჭრაჭუნდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ: ასე როგორ გარისკე, ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა, ვეღარ გაგვეძლოო. მერიმ უკვე იცოდა, რაც მოხდებოდა. არჩიბალდის დიდი „ჯიპი“ სამჯერ უფრო მძიმე იყო მის ერთი ციდა ავტომობილზე. კაცის ბოლო ფიქრები იყო... „როგორ მომატყუა, ვერ შევაფასე“. მერი ავარიის ადგილზე ათი წუთის შემდეგ მივიდა. ჩანგრეულ ხიდს შავად დაეღო პირი, როგორც საბედისწერო უფსკრულს. არჩიბალდი უკვე მკვდარი იყო. მისი ტვინისგან წამოსული იმპულსები შეწყდა. „ჯიპს“ წყლიდან მხოლოდ უკანა ნაწილი მოუჩანდა. ყველაფერი დასრულდა. პოლიცია რომ მივიდა, ქალიშვილი ისევ იქ იყო.
– თქვენ დაინახეთ, რა მოხდა? – ჰკითხა პოლიციელმა.
– ვერა, მაგრამ ხმა გავიგე. იცით, მე აქ ბევრჯერ ვყოფილვარ, ხიდი ძალიან დამპალი იყო. ვერ გაუძლო. თან დიდი სისწრაფით მოძრაობდა.
– ასეა. თითქოს ვიღაცას მისდევდა. უცნაურია, აქ არავინ ჩანს. ადგილობრივებმა ხიდის ამბავი იცოდნენ და ალტერნატიული გზით სარგებლობდნენ. ესე იგი, არ იცნობდით?
 მერიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3