№32 ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემი პატარა 1 თვის ხდება. ბოლო პერიოდი საღამოს ძუძუთი კვების დროს იწყებს ტირილს, თითქოს, თან შია, თან აწუხებს რაღაც. მუცელზე წოლა სიამოვნებს, ვასმევ ესპუმიზანს და კუპლატონს. ჰუმანაც კი მივეცი რამდენიმეჯერ, მეგონა, რძე არ ყოფნიდა. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ბავშვს აქვს გაზები და ძუძუს წოვის დროს მას უძლიერდება პერისტალტიკა, სწორედ ამიტომ ეწყება ტკივილი, თან შია და თან სტკივა. ეს მდგომარეობა საშიში არ არის, თუმცა შეგიძლიათ, დაეხმაროთ პატარას. დღის განმავლობაში ასვით კამის წყალი, ჭამის დაწყებამდე ეცადეთ, გაიყვანოთ კუჭში და გაზებზე. რამდენიმე თვეში, როდესაც კუნთოვანი სისტემა და ნაწლავური ფლორა ჩამოუყალიბდება, პატარა დახმარების გარეშე შეძლებს, გაუმკლავდეს ამ პრობლემებს.
კითხვა: ვარ 19 კვირის ორსული, 3 დღის წინ გავიკეთე შარდის ანალიზი, მითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. დღეს დილიდან დამეწყო შარდის ბუშტის წვა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? რა ანალიზი ჩავიტარო, რომ გავარკვიო რისი ბრალია?
პასუხი: მოშარდვის დროს წვის შეგრძნებისას აუცილებლად უნდა გამოირიცხოს საშარდე გხზების ინფექცია, ამისთვის აუცილებელია ჩაიტაროთ არა მხოლოდ შარდის საერთო, არამედ შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზიც. მწვავე ცისტიტი ორსულებში ზოგჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდება.
კითხვა: ვარ 48 წლის. თმის გადაპარსვის შემდეგ თავზე მაქვს გამონაყარი. რა შეიძლება იყოს ეს და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: ეს არის ალერგიული რეაქცია გაპარსვის შემდეგ. გაღიზიანებულ არეში თხელ ფენად წაისვით გიოქსიზონი, დღეში ორჯერ. მიიღეთ ერიუსი – 1 აბი ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში. თუ 2-3 დღეში უკეთესობას არ იგრძნობთ, მიმართეთ დერმატოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე