№32 რა დაავადებებს იწვევს კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა და როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა
სადღეისოდ აშკარაა ნევროზულ და ფსიქიკურ დაავადებათა შემთხვევების მატება. ინტერნეტ-ტექნოლოგიები კი ფსიქიკურ დარღვევათა სიმპტომების გამოვლენასა და გამწვავებას უწყობენ ხელს. ინტერნეტით სარგებლობამ შესაძლოა, შეცვალოს ფსიქიკურ დარღვევათა კლინიკური სურათი, გამოიწვიოს უფრო მძიმე ფორმების განვითარება. ინტერნეტით გადაჭარბებულმა სარგებლობამ შეიძლება ჩამოაყალიბოს ქცევითი დარღვევების სრულიად ახალი ფორმების, როგორიცაა კიბერბულინგი, კიბერსუიციდი, კიბერსექსი.
უდავოა ის, რომ ციფრულ სივრცეში ჩაძირვა ცვლის ტვინის ფუნქციობას. ბავშვებს, რომლებმაც მობილური ტელეფონი ბევრად ადრე დაიჭირეს ხელში, ვიდრე ფანქარი და კალამი, რამდენადმე ეცვლებათ თავის ტვინის უბნების აქტივობა, როგორც საფეთქლის, ასევე ფრონტალური ქერქის. ეს ყოველივე დადასტურებულია ნეიროვიზუალიზაციის მეთოდით. ასე რომ, ინტერნეტდამოკიდებულების გამო ბავშვებს სოციალური ინტელექტიც ეცვლებათ. ისინი ნაკლებად ემპათიურები არიან, სხვა მხრივ კი, ერთდროულად შეუძლიათ დაკავდნენ რამდენიმე საქმით.
გარდა ამისა, კომპიუტერთან ხანგრძლივმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (არასწორად სხედან, ხშირად ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში). აგზნების რეაქციას კი შეიძლება, მოჰყვეს უძილობა, ჩაძინების პროცესის გართულება, ხშირი ავადობა, იმუნიტეტის დათრგუნვის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავება; მხედველობის კომპიუტერული სინდრომი: თვალების წვა, ქავილი, გაორება; თავის, სახსრების ტკივილი, ყაბზობა ჰიპოკინეზიის გამო, ფსიქოემოციური სფეროს შეცვლა. ბავშვებს ექმნებათ ვირტუალური სამყარო, რომელშიც ისინი იმყოფებიან, განსაკუთრებით – თამაშებში, სადაც ისინი ხშირად პირველები არიან, ხოლო როდესაც რეალურ სამყაროში მოხვდებიან, შეიძლება, იგივე თამაში, რომელშიც ლიდერი იყო, ვერ ითამაშოს, თანატოლების დაცინვის ობიექტი გახდეს და არასრულფასოვნების კომპლექსი განუვითარდეს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევის შედეგებმა დაგვარწმუნა, რომ ერთსაათიანი მუშაობის შედეგად გულისცემის სიხშირე ათი დარტყმით იმატებსს, წნევა კი – საშუალოდ, 5-10 ერთეულით.
ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური მდგომარეობა, კვების რეჟიმი, რამაც შეიძლება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ჩვენ მიერ შესწავლილი მოზარდების თმებსა და ფრჩხილებში გაზრდილი იყო მძიმე მეტალის დონე.
კომპიუტერთან მუშაობისას აუცილებელია დავიცვათ წესები და ის ნორმა, რაც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ მოზარდებში სხვადასხვა ფუნქციური და ორგანული დარღვევების განვითარება.
მონიტორის ქვედა კიდე ოდნავ წინ უნდა გახლდეთ წამოწეული; სკამი, რომელზეც ზის მოზარდი, სასურველია, ბრუნავდეს. კისერი და ხერხემალი ერთ დონეზე უნდა იყოს. ჯდომის დროს ტერფი აუცილებლად ეხებოდეს იატაკს. 6 წლამდე ბავშვები კომპიუტერთან 1 საათზე მეტხანს არ უნდა ისხდნენ.
აუცილებელია ყოველ 20 წუთში ჩავატაროთ სპეციალური თვალის ვარჯიშები – გადავიტანოთ მზერა კომპიუტერის მონიტორიდან და თვალის კაკლის მოძრაობით აქეთ-იქით გავავარჯიშოთ მხედველობის ორგანო. ასევე, საჭიროა ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება – ყოველ 1 საათში, თუნდაც, თითოეული სახსრის მოძრაობით.
თუ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა გიწევთ, ხშირად გაანიავეთ ოთახი და აუცილებლად სველი წესით დაალაგეთ. თუ გსურთ, რომ მშვიდად ჩაგეძინოთ, გვიანობამდე ნუ იმუშავებთ, შეეცადეთ, 8 საათი მაინც სრულყოფილად იძინოთ, რადგან კომპიუტერთან მუშაობისას დომინირებს ტვინის აგზნების მექანიზმი.
მშობლებს აინტერესებთ, როგორ მოაცილონ მოზარდი კომპიუტერს. აუცილებელ პირობას წარმოადგენს სუბლიმაცია, მათი ყურადღების გადატანა სპორტზე, ცეკვაზე, სიმღერაზე, სხვა სამუშაოებზე. გავუშვათ ბავშვი ეზოში, რათა მან თანატოლებთან ერთად რეალურ სამყაროში ითამაშოს, გაერთოს და დახარჯოს ენერგია, რაც ნაკლებ დროს დაუტოვებს კომპიუტერთან ურთიერთობით მიღებული სტრესებისთვის.