კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ გააწნა სილა ნიკო ლორთქიფანიძემ რუს ოფიცერს და როგორ მოახდევინა მან პროფესორს ბოდიში

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

ნიკო ლორთქიფანიძეს ჩვენ ვიცნობთ, როგორც ბრწყინვალე ბელეტრისტს, თემატურად და ჟანრობრივად განსხვავებული ორასამდე ნაწარმოების ავტორს. სწორედ მისი ნიჭის პატრონს უნდა დაეწერა ერთმანეთისაგან უაღრესად განსხვავებული ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა, „თავსაფრიანი დედაკაცი“ და „რუმბი“, ღრმა ტრაგიზმით აღბეჭდილი ნოველა „ტრაგედია უგმიროთ“ თუ საოცარი ირონიითა და სატირით განმსჭვალული „ჯან ტიკო და ჯან ბაწარა“ (მ. შელეგია). ქართველი ხალხი ნ. ლორთქიფანიძეს იცნობს როგორც დიდ მამულიშვილს, რომლის უმთავრეს საფიქრალსა და საზრუნავს სამშობლო წარმოადგენს… ცნობილია ისიც, რომ ამ სულით ხორცამდე ინტელიგენტ ადამიანში უდრეკი სული და შეუვალი გაბედულება იყო დავანებული. ისეც მომხდარა, რომ ღირსებისა და პრინციპების დასაცავად საკუთარი სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩაუგდია. რაოდენ გასაოცარი და მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ის დუელშიც კი გაუწვევიათ. ქართველი საზოგადოებრიობისთვის ცნობილია ორი ასეთი ფაქტი: როგორც ახლა ირკვევა, საქმე კინაღამ მესამე დუელამდე მისულა, ამჯერად თვითონ ნიკო ლორთქიფანიძე აპირებდა მეტოქის დუელში გამოწვევას. ნიკო ლორთქიფანიძის პირველი დუელი ქალაქ ლეობენში  შედგა, სადაც სასწავლებლად იყო ჩასული. მას ერთ-ერთ პიროვნებასთან კონფლიქტი მოუხდა და ნიკომ შეურაცხმყოფელს სილა გააწნა. ამ უკანასკნელმა ნიკო დუელში გამოიწვია, რომელიც მეორე დღისთვის დაინიშნა. მეგობრებმა ნიკოს, რომელსაც ფარიკაობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, ფარიკაობის რამდენიმე ილეთი ასწავლეს. მოხდა სასწაული, ნიკომ მსუბუქად დაჭრა მეტოქე. დუელი დამთავრდა, დამთავრდა ისე, რომ მეტოქეები იმ დღის შემდეგ დამეგობრებულან. მეორე დუელი 1908 წელს შედგა. თბილისის რომელიღაც კლუბში ოფიცერ აკიმოვს სასაცილოდ აუგდია ქართველები და მასთან მოსაუბრე ნიკო, რომელსაც ეს ვერ მოუთმენია და სახალხოდ სილა გაუწნავს. სამხედრო პირისათვის ეს იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ ოფიცერთა დაუწერელი კანონის მიხედვით თუ აკიმოვი სამაგიეროს არ გადაუხდიდა, ან თავი უნდა მოეკლა, ან სამუდამოდ უნდა გადაკარგულიყო. ცხადია, აკიმოვმა ნიკო ლორთქიფანიძე დუელში გამოიწვია. „ყოველ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ისტორიას კი, თავისი კრიტიკული მომენტები. ადამიანზე შეუცდომლად შეიძლება იმსჯელო მხოლოდ იმის მიხედვით, როგორ მოქმედებდა და როგორია იგი იმ მომენტებში, როცა ბედის სასწორზე იდო მისი სიცოცხლე, ღირსებაც და ბედნიერებაც“, - ცნობილი რუსი კრიტიკოსის ეს სიტყვები ამოტივტივდება, როცა კი გვახსენდება ნიკო ლორთქიფანიძის დუელი ოფიცერ აკიმოვთან, რომლის სეკუნდანტმაც ნიკოს მეგობრებს გაოცებულმა გულწრფელად განუცხადა „მოწყალეო ხელმწიფენო, ნება გვიბოძეთ გამოვთქვა ჩემი და ჩემი ამხანაგის აღტაცება თქვენი მრწმუნებელის განსაცვიფრებელი მოქმედების გამო. ჩვენ, სამხედრო ხალხი, ისე ვართ აღზრდილნი, რომ ყრმობიდანვე ვეჩვევით, საფრთხის დროს სიკვდილს ისე ვუყუროთ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომლისთვისაც ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ როცა ვხედავთ ადამიანს პარტიკულარულ ტანისამოსში, რომელსაც საბედისწერო წამს ისე უჭირავს თავი, თითქოს სიკვდილს აბუჩად იგდებს თავისი ადამიანური ღირსების დაცვის დროს, ამას არ შეუძლიან ჩვენი აღტაცება და პატივისცემა არ გამოიწვიოს. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს თავად ლორთქიფანიძის ყოფაქცევას დუელის დროს და თვითეულმა მისმა მოძრაობამ, ფიზიკურმა და სულიერმა, აშკარად გვიჩვენა, რომ იგი ჭეშმარიტი რაინდია და უმწიკვლო. სამწუხაროდ, ჩვენ ეს პირადად ვერ განვუცხადეთ მას ბრძოლის ველზე, რადგანაც, ეს დიდი დამარცხება იქნებოდა ჩვენი ისედაც საკმაოდ დამცირებული ამხანაგისა და ამიტომ თქვენ გთხოვთ, ბატონებო, გადასცეთ მას ეს ჩვენი გულწრფელი სიტყვები და უღრმესი პატივისცემა“. როგორც ცნობილია, დუელი ორთაბრძოლაა რაიმე იარაღით და ის იმართება ერთ-ერთი მოწინააღმდეგის გამოწვევის შედეგად, რომლის პირობებსაც გარკვეული წესების დაცვით წინასწარ ადგენენ მეტოქეები ან მათი წარმომადგენლები
(სეკუნდანტები). ფორმალურად დუელი იკრძალებოდა და მის მონაწილეებს სჯიდნენ. მაგრამ ვინაიდან დუელი ხშირად ღირსების დაცვის ერთადერთი საშუალება იყო, ის მაინც იმართებოდა, თუკი პიროვნებას ჰქონდა სიმამაცე და ძალი არჩევანისა. დავით კლდიაშვილი „ჩხუბისთავი კაპიტანი“ არ ყოფილა, აუცილებლობამ აიძულა დუელში გამოეწვია ქართველთმოძულე რედაქტორი პალმი, არც ნიკო ლორთქიფანიძე იყო დიდი ჩუბინი და მუშკეტერი, უბრალოდ, მათ აღმოაჩნდათ ნება არჩევანისა და სიმამაცე, დაეცვათ თავიანთი ღირსება.
…ცნობილია, რომ ნიკო ლორთქიფანიძე 1902-1907 წლებში ლეობენის (ავსტრია) სამთო აკადემიაში სწავლობდა. მისი ცხოვრების სწორედ ამ მონაკვეთზეა საუბარი გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში პოეტისა და მთარგმნელის, მიხეილ კინწურაშვილის არქივში დაცულ ერთ დოკუმენტში, რომელსაც აწერია: „ი.ჟღენტის მოგონება ნ.ლორთქიფანიძეზე.“ აი, რა წერია ამ მოგონებაში (მოგვყავს მცირეოდენი შემოკლებით): „ნ.ლორთქიფანიძეს პირველად შევხვდი 1904 წ. ავსტრიაში, ქ.ლეობენში სამთო-მადნო აკადემიის სტუდენტობის დროს. იგი ახალგაზრდა სტუდენტების ყურადღებასა და პატივისცემას იპყრობდა მით, რომ ის მუდამ დიდ მზრუნველობას იჩენდა მათი კულტურული დონის ამაღლებისა და სამშობლოს სიყვარულის განვითარების საქმეში. ცნობილია, რომ მეფის დროინდელ სასწავლებლებში გარუსების პოლიტიკა იყო გამეფებული და ქართველი ახალგაზრდობა მოკლებული იყო მშობლიური ლიტერატურისა და ისტორის შესწავლის საშუალებას. აი, სწორედ ამ მტკივნეულ მხარეს მიაქცია ყურადღება და მისი უშუალო მეთაურობით ქ.ლეობენში დაარსდა ქართული სათვისტომო „მიჯაჭვული ამირანის“ სახელწოდებით. ახლად დაარსებული სათვისტომო რვა-ათი კაცისაგან შედგებოდა. აქ ხშირად იმართებოდა კრებები და ამ კრებებზე ერთ-ერთი წევრი აკეთებდა მოხსენებას მის მიერ დამუშავებული ქართული ლიტერატურული ან ისტორიული შინაარსის საკითხებზე. ამ კრებებს კი უმთავრესად ნიკო ხელმძღვანელობდა. სათვისტომოს წევრთა შორის შეკრებილი საწევრო გადასახადის და უმნიშვნელო კერძო შეწირულობების ხარჯზე სათვისტომო იწერდა ქართულ და რუსულ არალეგალურ პერიოდულ გამოცემებსა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ისტორიული შინაარსის წიგნებს. მიუხედავად იმისა, რომ სათვისტომოს მატერიალური სახსრები ძალზედ შეზღუდული იყო, მან წლის განმავლობაში შეძლო თავის სამკითხველოში შეეგროვებინა ასზე მეტი წიგნი, სხვადასხვა გამოცემები. აღსანიშნავია ის მდგომარეობა, რომ ქართული სათვისტომოს დაარსებას ძალზე უკმაყოფილოდ შეხვდნენ იქ მყოფი რუსი სტუდენტები და განსაკუთრებით გაილაშქრეს „მიჯაჭვული ამირანის“ სახელწოდების წინააღმდეგ. ქართველი სტუდენტების საქციელი შოვინისტურ აქტად მონათლეს და ზოგიერთი რუსული სათვისტომოს ხელმძღვანელები ნიკოს გაებუტნენ და მასთან ნაცნობობაც კი შესწყვიტეს, მაგრამ ნ.ლორთქიფანიძე ამ ბუტიაობას ყურადღებას არ აქცევდა და გულწრფელად განაგრძობდა მუშაობას სათვისტომოში. მას სწამდა, რომ თანამემამულეთა კულტურული დონის ამაღლებით საყვარელ სამშობლოს მძიმე უღელს შეუმსუბუქებდა და ამით ერთგვარი წვლილი შეჰქონდა იმის გათავისუფლების საქმეში, ვინც ამირანივით მიჯაჭვული და მეფის ჯალათებისაგან ფეხქვეშ გათელილი ეგულებოდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ დადგებოდა დრო, მიჯაჭვული ამირანი გასწყვეტდა ბორკილებს, თავს აიშვებდა და მისი სამშობლოც მონობისგან გათავისუფლდებოდა.
კერძო ცხოვრებაში იგი ზნეობრივად ზედმიწევნით სპეტაკი ადამიანი იყო. ის მუდამ ცდილობდა, რომ თავისი სისპეტაკე თავის მახლობელ ნაცნობებსა და მეგობრების წრეშიც ჩაენერგა. მოვიგონებ ერთ შემთხვევას: 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, მთელ რუსეთში და კერძოდ საქართველოში, აღვირახსნილი რეაქცია მძვინვარებდა. გენერალ ალიხანოვის დამსჯელი რაზმები ცეცხლითა და მახვილით ამყარებდნენ „წესრიგს“ აჯანყებულ საქართველოში. ცხადია, ამ დროს, როგორც მატარებლების მიმოსვლა, აგრეთვე ფოსტა-ტელეგრაფის მუშაობა, ყოველგვარ წესრიგს მოკლებული იყო. შექმნილი მდგომარეობის გამო, ჩვენ ქართველი სტუდენტები, რომლებიც ქ.ლეობენში (ავსტრია) ვიმყოფებოდით, მთელი ექვსი თვის განმავლობაში იშვიათად თუ ვღებულობდით საქართველოდან ფულს ან წერილებს. ცხადია, რომ ასეთ პირობებში უცხო ქვეყანაში ჩავარდნილი ჯგუფი რვა-ათი კაცის შემადგენლობით საგრძნობ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა. ამ დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდა სტუდენტმა მახლობელი ქალაქიდან ფოსტით ფულიანი დახურული ბარათი მიიღო. კონვერტში აღმოჩნდა 50 თუ 100 კრონა, დანამდვილებით აღარ მახსოვს და პატარა ნაგლეჯი ქაღალდი, რომელზედაც გამომგზავნის მისამართის მეტი არაფერი ეწერა, მხოლოდ მისამართიდან კი ჩანს, რომ გამომგზავნი ვიღაც უცნობი ქალი იყო. ასეთმა სრულიად მოულოდნელმა ბარათმა ეს სტუდენტი დიდ საგონებელში ჩააგდო, მით უმეტეს, რომ გერმანელისაგან ასეთი გულუხვობა ძნელად წარმოსადგენი იყო. საგონებელში ჩავარდნილმა ახალგაზრდამ ეს შემთხვევა ამხანაგებს გაუზიარა. ზოგიერთი მათგანი იმ აზრზე დადგა, რომ ფული დაგვეხარჯა ჩვენი პირადი საჭიროებისათვის და გამომგზავნისათვის გადაგვეხადა მადლობა. მხოლოდ ნიკო თავისებური სისპეტაკით მიუდგა ამ საკითხს. მან გამოსთქვა ის აზრი, რომ შევკითხოდით გამომგზავნს, თუ რა დანიშნულებისათვის გამოგზავნა მან ეს ფული. მართლაც, 3-4 დღის შემდეგ ხსენებულმა სტუდენტმა მიიღო პასუხი, რომლითაც ეს უცნობი ქალი ატყობინებდა, რომ რამდენიმე დღის წინათ ლეობენში ვიყავით და ნაცნობ ოჯახში მითხრეს, რომ ერთ ახალგაზრდას, სტუდენტს, ფულის უქონლობის გამო დიასახლისმა რძე აღარ მისცაო. ამ ამბავმა ჩემზედ ცუდად იმოქმედა და განვიზრახე ჩემის მხრივ დავხმარებოდი მასო. თანაც აიმედებდა, რომ ამ ფულის დახარჯვას ნუ მოერიდებიო, შემდეგში კიდევ გამოგიგზავნიო და ნურც იფიქრებთ იმაზე, რომ ეს ფული ჩემი შრომით მქონდეს ნაშოვნიო; ამას მე ვღებულობ გარდაცვალებული ჩემი ქმრის პენსიის სახითო და ამისათვის სიამოვნებით გიგზავნიო. ნიკომ წერილის შინაარსის გაცნობისთანავე გამოსთქვა ის აზრი, რომ რა საკადრისია ახალგაზრდა კაცისათვის იცხოვროს ვიღაც უცნობი ქვრივი დედაკაცის ხარჯზე, და ვინ იცის საბოლოოდ რა კომპენსაციას მოითხოვს ამ ფულებში ეს ქვრივიო, ამისათვის ყოველგვარი მოულოდნელი უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით ეს ფული გამომგზავნს უკანვე დავუბრუნოთო. ამ ამხანაგმა ნ. ლორთქიფანიძის რჩევა-დარიგება დაუყოვნებლივ შეასრულა. იმ დღესვე, იგივე ფულის ნიშნები
დახურული ბარათით უკანვე დაუბრუნა გამომგზავნს. ამითი უცნობ ქვრივ ქალსა და ამ სტუდენტს შორის ყოველგვარი კავშირი გაწყდა. ნიკო რაინდული თავმოყვარეობისა იყო. მოვიგონებ ერთ შემთხვევას. ლეობენის სამთო-მადნო აკადემიაში მანქანათმშენებლობას გვიკითხავდა გამოჩენილი პროფესორი ბაუერი, რომელიც იმავე დროს აკადემიის რექტორიც იყო. მანქანათმშენებლობასთან დაკავშირებით სტუდენტებს მიჩნეული ჰქონდათ დიდი დარბაზი, სადაც საღამოობით იკრიბებოდნენ და იმავე პროფესორის ხელმძღვანელობით მანქანის დეტალების ხაზვას სწავლობდნენ. პროფესორმა ბაუერმა მკაცრი ირონიით ლაპარაკი იცოდა და თუ რომელიმე სტუდენტის ნამუშევარში შეცდომას შენიშნავდა, რაც იშვიათი შემთხვევა არ იყო, სრულიად მოურიდებლად, ხმამაღლა, მთელი დარბაზის გასაგონად გამოლანძღავდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი. სტუდენტები მიჩვეული იყვნენ მის მკაცრ შენიშვნებს და მორჩილებით მოუსმენდნენ მას. ერთ საღამოს, როდესაც ნიკო ნახაზებზე მუშაობდა, მასთან მივიდა პროფესორი და ნახაზებში შეცდომა შენიშნა. მან ჩვეულებისამებრ მიმართა ნიკოს მკაცრი შენიშვნებით. ნიკომ მცირე ხანს უსმინა მას და შემდეგ კი სრულიად აუღელვებლად მიმართა პროფესორს: „ბატონო პროფესორო, თქვენ მე შეურაცხყოფას მაყენებთ“. პროფესორი არ იყო ნაჩვევი ასეთ შენიშვნებს, მან მაშინვე შეანელა შენიშვნები და დაუყოვნებლივ მოშორდა ნიკოს მაგიდას და შემდეგ მაგიდაზე გადაინაცვლა. შეურაცხყოფილმა ნიკომ მაშინვე თავი დაანება მუშაობას და გადასწყვიტა პროფესორის დუელში გამოწვევა, მაგრამ არსებული წესების მიხედვით, სტუდენტს არ ჰქონდა უფლება თავიანთი პროფესორის დუელში გამოწვევისა, თუ იგი სასწავლებლიდან არ გამოირიცხებოდა და თავის საბუთებს აკადემიიდან არ გამოიტანდა. მეორე დღეს ნიკო საამისო განცხადებით მივიდა აკადემიის რექტორთან, იმავე პროფესორ ბაუერთან. პროფესორმა თავაზიანად მიიღო ნიკო თავის კაბინეტში და გაეცნო რა განცხადების შინაარსს, მიხვდა ნიკოს განზრახვას, მაგრამ არ შეიმჩნია. პროფესორმა განცხადება დაიტოვა და აღუთქვა ნიკოს მეორე დღისთვის მოსულიყო აკადემიის კანცელარიაში, სადაც ყველაფერი მზად დახვდებოდა, მხოლოდ გამომშვიდობებისას პროფესორმა მიმართა ნიკოს: „მე იმედი მაქვს, რომ ამ საღამოს სახაზავ დარბაზში მობრძანდებით“. საღამოს, როდესაც ნიკო თავის სახაზავ მაგიდაზე მუშაობდა, მასთან მივიდა პროფესორი ბაუერი და მთელი დარბაზის გასაგონად ბოდიში მოიხადა. პროფესორის ასეთმა საქციელმა კონფლიქტი სავსებით ამოწურა და, ცხადია, მეორე დღეს ნიკო საბუთების გამოსატანად აკადემიის კანცელარიაში აღარ მისულა.”   

скачать dle 11.3