№31 რა პრინცესული თვისებები აქვს ნინო ჩხეიძეს და რატომ ნატრობდა ის თაფლობის თვეში ყოველდღე სახლში დაბრუნებას
მიუხედავად ზაფხულის სიცხეებისა, ნინო ჩხეიძე აქტიურად მუშაობს და ახალ-ახალ პროექტებს აკეთებს. მან ცოტა ხნის წინ საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა და სექტემბერში მსმენელს არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.
ნინო ჩხეიძე: ზაფხულში ვარ დაბადებული და ყოველთვის მიყვარდა ეს დრო. მერე ცოტა შემეცვალა დამოკიდებულება და უფრო სიცივისკენ გადავიხარე. მაგრამ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა, მსიამოვნებს. ისევ ზაფხულის გოგო გავხდი და ეს ამბავი ძალიან მომწონს. თან, მთელი ზაფხული აქტიურად ვმუშაობ: გავაკეთე ბენდი და ჩემს მსმენელს ახალ, განსხვავებულ პროექტს შევთავაზებ. გარდა ამისა, ბევრი საინტერესო კონცერტი დავგეგმე – 11 აგვისტოს ბორჯომში მაქვს, შემდეგ ბათუმში მივდივარ, ბუბა კიკაბიძის კონცერტზე... გარდა ამისა, ჩემი ახალი ალბომიც გამოვიდა, რომელიც მსოფლიოს ყველა ონლაინ-მარკეტზე იყიდება, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
– აქამდე ბენდთან ერთად არ გიმუშავია. როგორია ეს პროცესი და რამდენად რთული იყო წევრების შერჩევა?
– ეს უდიდესი სიამოვნება ყოფილა, აქამდე მე მსგავსი გამოცდილება არ მქონია. არაჩვეულებრივი ადამიანები შეიკრიბნენ ჩემ გარშემო და ახლა ვფიქრობ: რატომ აქამდე არ გავაკეთე-მეთქი. აბსოლუტურად სხვა რამ არის – დიდი ბედნიერება, სიამოვნება და დიდი ნაბიჯი ჩემს კარიერაში. რაც შეეხება ბენდის წევრების შერჩევას, ბექა ნიკოლეიშვილმა შეარჩია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩემთან მუშაობს. ამაში მე არ ვარ გამოცდილი და ახლაც და ყოველთვის თავიდან ბოლომდე მასზე ვარ მინდობილი.
– დაბადების დღე ახსენე. ამ დღისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადები ხოლმე?
– ყოველთვის მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. წელს მოკრძალებული გამომივიდა. იმ დღეს ვმუშაბდი, გვიან მოვედი და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნე. რამდენიმე მეგობარიც გვესტუმრა.
– რომელიმე დაბადების დღე იყო განსაკუთრებულად გამორჩეული?
– ასე ვერ გამოვარჩევ. ალბათ, 20 წლის რომ გავხდი, ვიფიქრე: ძალიან დიდი ვარ-მეთქი. დავპატიჟე 20 ადამიანი, სახლში გადავიხადე და 20 სანთელი ავანთე ყველგან. ისე ცხელდა, იხვითქებოდა ხალხი, მე კი ბედნიერი ვიყავი. ურმავლესობამ 20 ვარდი მომიტანა.
– როგორ გილოცავს ხოლმე მეუღლე?
– ამ მხრივ, განებივრებული ვარ. მეუღლეს არასდროს ავიწყდება ჩემი დაბადების დღე, არც მეგობრებს. ყველა ცდილობს ამ დღეს ორიგინალური საჩუქარი გამიკეთოს. ბევრი ადამიანია, ვინც ერთმანეთს ეჯიბრება ორიგინალობაში.
– გავიგე, წლების წინ, როდესაც გათხოვდი, საშინელი თაფლობის თვე გქონია.
– ძალიან რთულია გოგოსთვის, როცა თხოვდება და მის გარშემო ყველაფერი იცვლება: სამეგობრო წრე, ოჯახი, ადგილსამყოფელი და როცა ამას თან სდევს მოგზაურობა, მერე უკვე ნერვიულობის პიკში ხარ. ყველაზე რთული ის იყო, რომ კუშადასში ჩასვლის პირველი წუთებიდან, მთელი ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობდი, უკან როგორ დავბრუნდე-მეთქი. ერთი სული მქონდა, წამოვსულიყავი, თან, ჩემს ქმარზე ვფიქრობდი: ჩავალ და ამას რას ვუზამ, დედაჩემს მოვუყვები ყველაფერს-მეთქი. ბოლოს ყველაფერმა ამოხეთქა. არ მიყვარს ზღვაზე დასვენება და საბოლოოდ ყველაფერს აეხადა ფარდა. გიორგი მშვიდად ეკიდებოდა ყველაფერს და თვითონაც მიხვდა, რომ ეს არ იყო ნორმალური.
– როდესაც გათხოვდი, მაშინ რამდენად იყავი მზად ამ ყველაფრისთვის?
– საერთოდ არ ვიყავი მზად გათხოვებისთვის. 30 წლის მერე რომ ქმნი ოჯახს, უფრო გაცნობიერებული გაქვს, უფრო დაღვინებული ხარ, ვიდრე მანამდე. შესაბამისად, მაშინ იმხელა პასუხისმგებლობები მოდიოდა ჩემზე, თუნდაც დედობა, რომ ვერ ვაცნობიერებდი. სასურველია, ქალმა ოჯახი 30 წლის მერე შექმნას. მე გამიმართლა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ოჯახები ინგრევა ხოლმე.
– ბევრი თაყვანისცემელი გყავდა?
– არა, ვერ ვიტყვი, რომ სერენადებს მიმღეროდნენ, ძალიან ბევრს მოვწონდი. თითო-ოროლა მყავდა და მათთანაც რაღაც ხიფათები მემართებოდა. გათხოვებამდე გიორგის და მე, დაახლოებით, ერთი თვე გვქონდა ფლირტი, გაპრანჭვები და ამ ერთ თვეში გადავრჩი, არაფერი დამმართნია.
– ამ გადასახედიდან, რას ფიქრობ, რამ გადაგაწყვეტინა გიორგის ცოლობა?
– ჩანდა, რომ კარგი პიროვნება იყო. ალბათ, ბედიც იყო. მე ვერ გადავწყვეტდი, გიორგის რომ არ „მოვეტაცე“. ნაბადი არ გადაუფარებია, მაგრამ ყველაფერი გააკეთა. ჩემს ოჯახში იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რომ ამ ნაბიჯს დიდხანს არ გადავდგამდი. არასდროს ავხტებოდი, არ გავთხოვდებოდი, რომ არა გიორგის თამამი ნაბიჯი. რადგან ეს ვარიანტი იყო, მეც უკან აღარ დავიხიე. ყველას გაუკვირდა, მაგრამ ჩემს მშობლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. გიორგი რომ ნახეს, გამიშვი-გამატარე აღარ ყოფილა.
– პრინცესასავით გაზრდილ გოგონას ქმარიც პრინცესასავით გექცეოდა?
– კი, ნამდვილად ასე იყო – პრინცესასავით გამზარდეს და ამ კუთხით, გიორგისთანაც ძალიან გამიმართლა. ყოველთვის ვარიდსფერი სათვალე მეკეთა, ყველაფერი მარტივი მეგონა. მაგრამ რაც ასაკი გემატება, ცხოვრება ხან ერთხელ შემოგარტყამს, ხან ორჯერ და უფრო ნაკლებად გაქვს პრინცესული თვისებები. რაღაცები შემომრჩა, მაგრამ გამოცდილება მაინც თავისას შვება. ცხოვრებისგან ბევრი შემორტყმა მივიღე, ადამიანები, ქცევები და ასე შემდეგ. მთავარია, რომ არ დავითრგუნე, ასეთი მომენტი არ მქონია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადვილი არ იყო.
– მეუღლეს დღემდე ეპრანჭები?
– აუცილებლად. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ყოველთვის გეჭიროს საკუთარი თავი, მით უმეტეს, ამ ყოფიერებაში, მაგრამ აუცილებელია. ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარი თავის დაჭერაა იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც გინდა, რომ გიყურებდეს შენი მამაკაცი. პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა მოგწონდეს და მერე მოეწონები ყველას და რა თქმა უნდა, შენს მამაკაცსაც. ქალი მხოლოდ ერთი მამაკაცისთვის არ უნდა ცდილობდეს, ყველასთვის უნდა იპრანჭებოდეს. რა მარაზმია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის გამოიყურებოდე კარგად, მით უმეტეს, ჩემს პროფესიაში.
– საყვედურების თქმა გახასიათებს მეუღლის მიმართ?
– რას ლაპარაკობ, როგორ არა?! არც ისეთი მარტივი და მსუბუქი ხასიათი მაქვს, როგორც გარედან ვჩანვარ. ბევრს ჰგონია, რომ პასუხის გაცემა არ ვიცი. თუ მაწყენინებენ, პასუხის გაცემაც ვიცი და საყვედურის თქმაც. ასეთი პრინცესული და ვარდისფერი გოგოც არ ვარ. საკმაოდ მკაცრი ვარ.