№31 ლაშა ზამბახიძე: სინდი კროუფორდი შემოვიდა და ჯორჯ კლუნის მომზადებულ სალათაზე მარილი მოგვიყარა
ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რიკარდო სპინოტისა და ვალენტინა დე ამიჩისის გადაღებულ ფილმში – Now is Everything მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს. ფილმის დამდგმელი მხატვარი, ასევე ქართველი, ლაშა ზამბახიძეა, რომელიც წლებია, ჰოლივუდში საქმიანობს.
ლაშა ზამბახიძე: ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც სპინოტების ოჯახს ეკუთვნის. რეჟისორი გახლავთ რიკარდო სპინოტი და მისი მეუღლე – ვალენტინა დე ამიჩისი. ოპერატორი არის დანტე სპინოტი, რომელიც ძალიან დაფასებული და ერთ-ერთი წამყვანი ოპერატორია. მე ამ ფილმის დამდგმელი მხატვარი გახლავართ. კოსტიუმების დიზაინერი რამდენიმე „ოსკარის“ მფლობელი კოლინ ეტვუდია. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მსახიობების გუნდიც. მთავარ როლს ქართველი მსახიობი ირაკლი კვინიკაზე თამაშობს და მასთან ერთად, მონაწილეობს ირაკლის მეუღლე ელენე მახარაშვილი, რომელსაც ძალიან საინტერესო როლი აქვს – ელენე ფრანგ გოგონას განასახიერებს და მისი კადრები მთელი ფილმის განმავლობაში გვხვდება. ასევე, თამაშობს ძალიან დიდი ვარსკვლავი – ენტონი ჰოპკინსი და მასთან უშუალო სცენები აქვს როგორც ირაკლის, ისე ელენეს. ზოგადად, არ მომწონს ხოლმე, როცა ადამიანებს ვიღაცების, ამ შემთხვევაში ვარსკვლავების შვილების სახელებით მოიხსენიებენ, რადგან ისინი თვითონაც კარგი ბავშვები არიან და საკუთარი გზა აქვთ. ასე მოხდა ამ ფილმის შემთხვევაშიც. მასში მონაწილეობს, მაგალითად, რეი ნიკოლსონი, ჯეკ ნიკოლსონის შვილი, რომელიც ირაკლის ძმის როლს ასრულებს და სრულმეტრაჟიან ფილმში ეს მისთვისაც დებიუტია. აგრეთვე, მონაწილეობენ: ელისონ ლი ბორგესი – ალენ დელონის შვილიშვილი და სტინგის შვილი – მიკი სამნერი, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული მსახიობია. სხვათა შორის, არაჩვეულებრივი გოგოა და ძალიან დავმეგობრდით.
– თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ირაკლის რეჟისორთან რეკომენდაცია გაუწია, არა?
– ირაკლის კანდიდატურაზე ამ პროექტის ჩამოყალიბებისთანავე ვფიქრობდი. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენებს მივცეთ საშუალება. შეიძლება, ადამიანი ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ თუ მისი გამოვლენის საშუალება არ მოგეცა, ძალიან რთულია. როცა გუნდს ირაკლის შესახებ ვუთხარი, ძალიან მოეწონათ, მაგრამ უკვე თითქმის შეკრული იყო ქასთი. მთავარ როლზეც დამტკიცებული იყო საკმაოდ გამოცდილი მსახიობი. ამიტომ ირაკლი და ელენე მასში ჩართული ფრანგული ფილმის კადრებისთვის მოვიყვანეთ, მაგრამ რეჟისორი გაგიჟდა მათზე. საბოლოოდ, ელენე ჩავსვით ამ ფრანგული ფილმის ნაწილში და ირაკლი იმდენად მოეწონათ, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ მოქმედ გმირზე შერჩეულ მსახიობს უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა და რამდენიმე ეპიზოდი გადაღებულიც იყო, გადავწყვიტეთ, მსახიობი შეგვეცვალა და ირაკლი მთავარ როლზე გადმოგვეყვანა.
– თქვენთვის პირველი არ არის ამ დონის ხელოვანებთან მუშაობა, მაგრამ ირაკლიც დამწყებია და მით უმეტეს, ელენე, რა ხდება ახლა მათ თავს?
– უკვე დიდი ხანია, მე ამ ინდუსტრიაში ვმუშაობ და დიდი პასუხისმგებლობაა ამ საქმეში, ამ ადამიანების წინაშე ქართული დეტალის შეტანა, მაგრამ მათში დარწმუნებული ვიყავი. ირაკლი ისე დავამტკიცეთ როლზე, რომ მისი ფილმი არც ჰქონდათ ნანახი, მაგრამ იმდენად მოეწონათ ამ ფრანგული ფილმის სინჯებზე მათი ორგანულობა და ქარიზმა, რომ ყველაფერი გადაწყდა. ირაკლიც და ელენეც თავდაუზოგავად შრომობენ საკუთარ თავზე. ამ ბავშვებს შედეგზეც ეტყობათ, რომ ბოლომდე იხარჯებიან. მეტსაც გეტყვით, მთელი სპინოტების ოჯახი მადლობას მიხდის, მათი მოყვანისთვის, ფილმი გადაგვირჩინესო.
– რაც შეეხება თქვენს საქმიანობას ამ ინდუსტრიაში, ცოტა შორიდან დავიწყოთ – როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
– ჩემი პირველი შეხება ვიზუალხელოვნებასთან ფოტოგრაფია იყო. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემს მეზობლად უაღრესად მნიშვნელოვანი პიროვნება ცხოვრობდა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა, ეს იყო ილო ფოტოგრაფი, რომელსაც ქუთაისმა ძეგლიც დაუდგა. ფიროსმანს მაგონებდა, მის მსგავსად, კიბის ქვეშ პატარა სტუდიაში მუშაობდა და სწორედ მან მაზიარა ფოტოხელოვნებას. შემდეგ თბილისში გადმოვედი და თეატრალურ ინსტიტუტში კინოფაკულტეტზე ჩავაბარე. ის პერიოდი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ „პირველ არხზე“ დავიწყე მუშაობა და ფილმების გადაღების ნაცვლად, გახსოვთ, ალბათ, რისი გაშუქებაც გვიწევდა. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და არქიტექტურის დიზაინზე ჩავაბარე. მისი დამთავრების შემდეგ წამოვედი ამერიკაში და კალიფორნიის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა.
– აქედან დაიწყო გზა „ჰოლივუდისკენ“...
– კი. მაგრამ ძალიან გრძელი და მტკივნეული გზა იყო. კინოსკენ ლტოლვა ყოველთვის მქონდა, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, ამაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო, უფრო დიზაინით ვიყავი დაკავებული. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ძალიან დიდი პიროვნება და ჩემი ამერიკაში დარჩენა და კინოინდუსტრიასთან დაკავშირება სწორედ მისი დამსახურებაა. ეს ადამიანია ფეიდან პაპა მაიკლი – „ჰოლივუდის“ წამყვანი ოპერატორი, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს – ეკა ჩიჩუა და ეს ადამიანი მისგან გავიცანი. გაგვიმართლა, რადგან ლოს-ანჯელესში ქართველი კინემატოგრაფების საინტერესო გუნდი ვართ თავმოყრილი: ნანუკა ჩიჩუა – ექსპერიმენტული კინოხელოვანი და შესანიშნავი მხატვარი და რეჟისორი ნიკა აგიაშვილი. ჩვენი პირველი მხატვრული ფილმი ნიკა აგიაშვილის ფილმი იყო, პროდიუსერებს მინიმალური თანხა ვთხოვეთ და 42 ათას დოლარად გადავიღეთ მხატვრული ფილმი, რომელიც ძვირად ღირებულ ფილმებს არ ჩამოუვარდებოდა და ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ ბლოკბასტერების გაქირავებაშიც კი მოხვდა. ამ ფილმმა მოგვცა საშუალება, ჩვენი შესაძლებლობები ყველასთვის დაგვენახვებინა. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა, როგორც დამდგმელმა მხატვარმა. აქტიურად ვთანამშრომლობ ფედონთან, მისი რეჟისორობით გადაღებული ფილმების უმეტესობაზე ერთად ვმუშაობთ. ფედონს დიდი წვლილი მიუძღვის არა მარტო ჩემი, არამედ ქართული კულტურის ხელშეწყობაში, ქართული კინომატოგრაფიის განვითარებაში.
– თქვენს წვლილზე ვისაუბროთ, ძალიან ბევრი ფილმი, რომელიც საქართველოშია გადაღებული, მსახიობი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობს, არაერთი პროექტი, ფესტივალი თქვენს სახელთან ასოცირდება.
– ჩემი მთავარი ამოცანაა ყველაფერი, რაზეც ხელი მიმიწვდება ჩემს ქვეყანას გავუზიარო. თუმცა საჯაროდ საუბარს ვერიდები ხოლმე, რადგან საქმე უფრო მეტს ლაპარაკობს. ახლო თანამშრომლობა მაქვს ქრისტოფერ კოპოლასთან. სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში ვასწავლი კინოკათედრაზე, სადაც ქრისტოფერ კოპოლა კათედრის გამგეა და პერიოდულად ლექციებს ვკითხულობ სან-ფრანცისკოს არტ-ინსტიტუტში, აგრეთვე ვაკეთებ საგანმანათლებლო პროგრამებს. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტთან, კოლაბორაციას ვაკეთებთ ბათუმის უნივერსიტეტსა და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტს შორის. ორი წლის წინ ბათუმელი ბავშვები დაესწრნენ სან-ფრანცისკოში ჩვენს ლექციებს. სტუდენტებმა ერთობლივი ფილმებიც კი გადაიღეს. წელს სან-ფრანცისკოს ინსტიტუტის სტუდენდები გვყავდა ბათუმში ჩამოყვანილი და არგონავტიკის თემა გადაიღეს.
– სამუშაო პროცესის ფარგლებში, ალბათ, ბევრ ვარსკვლავს შეხვედრიხართ.
– კი, მაგრამ სახელების გავლენით არ ხდება ხოლმე ჩვენი ურთიერთობა, ეს პროფესიული თანამშრომლობაა. არის რამდენიმე ფილმი, რომლზეც მიმუშავია და მაგალითადაც მომყავს ხოლმე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ ყვები ამბავს. შეიძლება, გყავდეს ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ პროექტი არ გამოვიდეს. ან გყავდეს დამწყები მსახიობები და გამოვიდეს ძალიან წარმატებული პროექტი. მაგალითად, ფილმი „მონუმენტის კაცი“, რომელზეც ვიმუშავეთ. მისი რეჟისორი ჯორჯ კლუნი იყო და თვითონვე თამაშობდა ამ ფილმში, მედ დეიმონთან, ჯონ გუდმენთან, ბილ მურთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად. გვეგონა, ეს პროექტი სასწაულ წარმატებას მოიტანდა, რადგან ასეთი ხალხი მუშაობდა მასზე. კარგი ფილმი კი გამოვიდა, მაგრამ არც ისეთი, რომელიც ისეთ რეზონანსს გამოიწვევდა, როგორი სახელებიც არის.
– შეხვედრა ჯორჯ კლუნთან.
– ზუსტად ამ ფილმის შემდეგ ვიღებდით რეკლამას სინდი კროუფორდისა და ჯორჯ კლუნის ერთობლივი ტეკილისთვის. ჩვენი მეგობრები გოგა დევდარიანი და გიორგი შველიძე იყვნენ ჩამოსულები. ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში „უნივერსალ სტუდიოში“ საცდელი გადაღებები გვქონდა და იქიდან ჯორჯთან წავედით რეკლამის გადასაღებად. ამათ არ იცოდნენ ვინ ჯორჯთან მივდიოდით და სპეციალურად არც ვუთხარი. მერე უკვე სინდი კროუფორდი რომ შემოვიდა და ჯორჯ კლუნის მომზადებულ სალათაზე მარილი მოგვიყარა, ეს უკვე ცოტა დაუჯერებელ მომენტს ჰგავდა. ბიჭები მეუბნებოდნენ, ის კი არა, ამას ვინმეს მოვუყვები და არ დამიჯერებენ, ჩვენ თვითონ როგორ დავიჯეროთ, რომ ასეთ სალათას ვჭამთო.
– ვისთან მუშაობა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ და პირიქით, ვინაა ამ ინდუსტრიაში, რთული საურთიერთო თქვენი პრაქტიკიდან?
– ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა რეჟისორ ჯეიმს მენგოლდთან მუშაობა. მისი მსახიობებთან ურთიერთობა ნამდვილი ხელოვნებაა. ყველაზე რთულ ადამიანს რაც შეეხება, ეს არის ფრენსის ფორდ კოპოლა. ურთულესი პიროვნებაა, მაგრამ აგრეთვე, ძალიან საყვარელი მეგობარი და ადამიანია. ძალიან ახლოს ვართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ყოველთვის ერთად აღვნიშვნავთ მათთან, სან-ფრანცისკოში. პატარა ქოხში ცხოვრობს გორაკის თავზე, ქვემოთ უზარმაზარი ტერიტორია მის ოჯახურ დინასტიას ეკუთვნის უზარმაზარი ვენახებით, მთელი მეურნეობით, შატო... მაგრამ თვითონ იმ ქოხშია, მეუღლესთან ერთად და იქ ასვლის უფლება სხვას არავის აქვს. რთული იტალიელია, მაგრამ ძალიან კარგი მეგობარი.