კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ ვერ უსწორებს ზუკა ხუციშვილი ცხოვრებას თვალს მამის გარდაცვალების მერე და რა ოცნება აუსრულა სიკვდილის შემდეგ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ ბევრ ადამიანს ატკინა გული. მართალია, მძიმე სენს ებრძოდა, იმედი ჰქონდა, ფეხზე დადგებოდა, მაგრამ სიკვდილმა დაამარცხა, ეს ბრძოლა წააგო. როგორც მისი შვილი, ზუკა ხუციშვილი ამბობს, მამაზე საუბარი უჭირს, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს მის გარდაცვალებას, თუმცა ცდილობს, ისწავლოს ამ ტკივილით ცხოვრება და ყველა ის ოცნება აუსრულოს, რაც მან სიცოცხლეში ვერ შეძლო.
ზუკა ხუციშვილი: დიდი დრო არ არის გასული, რაც მამა გარდაიცვალა და ამ ტკივილით ცხოვრება ძალიან რთულია. ამბობენ, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას მერე ეგუები და ამ ტკივილით სწავლობ ცხოვრებასო. ძნელია შეგუება, მაგრამ ალბათ, ვისწავლით მის გარეშე ცხოვრებას. რასაც შევხედავ სახლში, ქუჩაში გავალ თუ სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერი მის თავს მახსენებს. ბოლო ერთი წელი, როცა მძიმედ იყო ავად, ისეთი საქმეების გაკეთება მოასწრო, რასაც კაცი ათი წლის განმავლობაში ვერ გააკეთებს. სახლშიც ყველა ნივთს მისი ისტორია აქვს. ქუჩაშიც იდგა, საქმეებშიც იყო ჩართული, ომშიც წავიდა და უამრავი პროფესიაც ჰქონდა. ისეთი კვალი დატოვა, მის არსებობას ახლაც ვგრძნობ. რომც მომინდეს, ვერ ავარიდებ თავს მოგონებებს, მისი საქმეები, სულ მამას მახსენებს. იქიდანაც გვივლის და გვეფერება.
– ამბობენ, რომ მამას ჰგავხარ. როგორ გგონია, რაში გამსგავსებენ?
– სულ ვამბობდი, თუ ვინმეს მინდა დავემსგავსო, ეს მამაა, თავისი ხასიათით, საქმეებით, ენერგიით-მეთქი. საზოგადოება გიო ხუციშვილს მომღერლად იცნობდა, თუმცა მამა ბევრად უფრო ღრმა იყო. ომიც მოიარა, მსახიობიც იყო, ფილმებიც გადაიღო, რეჟისორიც გახლდათ, მეღვინე, მებაღე, სპორტის სასახლის დირექტორი, სპორტსმენი... მოკლედ, იმხელა იყო, ერთ კაცში ვერ ეტეოდა. რაც მამამ გაიარა, გააკეთა და მოასწრო, მე იმ გზას ვერ გავივლი, ჩემთვის წარმოუდგენელია ეგეთი ვიყო. მაგრამ რასაც გავაკეთებ, მინდა, იმქვეყნად იამაყოს.  წარმატებული, მოსიყვარულე კაცი იყო, ცხოვრება ნულიდან დაიწყო და ყველაფერი შეძლო. მე 27 წლის ვარ, ის კი 17 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და დამოუკიდებლად მოუწია ცხოვრება. ესეც მაძლიერებს, სტიმულია და პასუხისმგებლობა, რომ ამაშიც მივბაძო და მის გარეშე ვიცხოვრო ისე, როგორც მან მამის გარეშე შეძლო. რაც შეეხება მსგავსებას, ძალიან მინდა მისი ენერგია მქონდეს, ახალგაზრდა, ბავშვივით იყო. დილით შვიდ საათზე დგებოდა, ვარჯშობდა, მერე საქმეზე გარბოდა, საღამოს გაისეირნებდა, არც ოჯახი ავიწყდებოდა და არც მეგობრები. ასეთ ენერგიულ, ოპტიმისტ, ლაღ და ცხოვრების მოყვარულ ადამიანს, სხვას არ ვიცნობ. ასეთი მხოლოდ მამა იყო, უცნაურად სიცოცხლით სავსე, დასვენება და დაჯდომა არ უყვარდა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ეს ენერგია მამისგან გენეტიკურად არ დამყვა. ცხოვრებაში ვერაფერმა შეაჩერა, რა მიზანიც ჰქონდა, აღწევდა. მისი შინაგანი სამყარო ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის და იმედია, ეს მამამ გენეტიკურად გადმომცა. ვნახოთ, იმედია, დროთა განმავლობაში, გამომჟღავნდება.
– თქვი, ოპტიმისტი იყო, ცხოვრება უყვარდაო. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, მაინც სცენაზე იდგა, წერდა ახალ სიმღერებს, სამსახურშიც დადიოდა. სიკვდილის მოახლოვებასაც ასე ოპტიმისტურად შეხვდა? რა იყო მისი ბოლო ოცნება და სიტყვები?
– ბოლომდე საღ გონებაზე იყო და სჯეროდა, რომ დაავადებას დაამარცხებდა, არ ეგონა, სიკვდილი თუ მოერეოდა. პირიქით, ოჯახის წევრებს გვამხნევებდა. სიკვდილზე ფიქრობდა კი არა, არც კი დაუწუწუნია. პროცედურებზე სულ იმ იმედით მიდიოდა, რომ კარგად გახდებოდა. ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია. წარმოიდგინეთ, სასწაული იყო, ორთვიანი დიაგნოზი ჰქონდა და ნებისყოფითა და შემართებით ერთი წელი იცოცხლა. არასოდეს არაფერი აჩერებდა და სანამ ფიზიკურად შეძლო, იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია. ფიზიკურად, სახის ფერზე ეტყობოდა, თორემ მის მხიარულ ხასიათზე დაავადებამ ვერ გაიმარჯვა. ძალიან სტკიოდა, ძალიან უჭირდა, მაგრამ, ერთხელ არ დაუწუწუნია და ბოლო დღემდე ყველაზე ზრუნავდა.
– არის ისეთი რამ, რასაც მამასთან ურთიერთობაში ნანობ?
– სხვანაირი მამაშვილობა გვქონდა, ძმაკაცურ-ოჯახური. ძალიან მენატრება და რამდენი წელიც უნდა გავიდეს, სულ მომენატრება. სიტყვები არ სჭირდებოდა იმას, როგორ მიყვარდა და როგორ ვუყვარდი. ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, თუმცა,  წავკამათებულვართ. მაგრამ, სერიოზული კონფლიქტი არასდროს გვქონია. ახლა ის წაკამათებაც მენატრება. ჩვენი ურთიერთობა უკვე ისტორიაა და გული მტკივა. მაგრამ, სინანული, რომ მამას რაღაც ვერ ვუთხარი ან, პირიქით, ვუთხარი, არ მაქვს. უბრალოდ, იმას ვდარდობ, რომ წინ ერთად გასავლელი დიდი გზა გვქონდა და მან იმქვეყნად გადაუხვია. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საათებიც კი ერთი გვქონდა. ერთი დღე მომცემდა, მერე მოეწონებოდა და უკან წამართმევდა. მერე, ისევ მე ვართმევდი.
– ხშირად, გარდაცვლილი ადამიანები იმქვეყნიდან, სიზმრის სახით, სტუმრად მოდიან, გვახსენებენ თავს, დარიგება-რჩევებს გვაძლევენ და ერთგვარ შვებას გვგვრიან.  მამა დაგსიზმრებია?
– დასიზმრებით არა, მაგრამ მის გვერდით ყოფნას და მის აურას, სულ ვგრძნობ. ჯერ კიდევ ბურანში ვარ, რეალობას ვერ ვუსწორებ თვალს. თითქოს ის კედელი დაინგრა, რასაც ვეყრდნობოდი და ამის გააზრება, მიჭირს. დედას ხშირად ესიზმრება – კარგად ვარ, არ ინერვიულოთო. უცხო ადამიანებმაც მომწერეს, გიო დაგვესიზმრაო. იქიდანაც ჩვენზე ფიქრობს და გვამხნევებს, რომ არ ვინერვიულოთ. დედა ძალიან განიცდის. ოცდაათწლიანი თანაცხოვრების მერე, საყვარელი მამაკაცი გამოეცალა გვერდიდან. „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაზე რომ დაურეკეს, ვერ წავიდა, მე მთხოვა წასვლა. მეც ჯილდო ავიღე და მალევე წამოვედი.
– გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნაზე ყველამ იცოდა, რომ სცენაზე ეს მისი ბოლო გაელვება იყო. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა კიდეც.  თავად როგორ ემზადებოდა და თუ ხვდებოდა ამას?
– მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო და იწვა, ვარსკვლავის გახსნასა და კონცერტის სამზადისში მაინც აქტიურად იყო ჩართული. ფიზიკურად, მისთვის რთული იყო სცენაზე დგომა, მაგრამ შეძლო. დარბაზში ყველა ტიროდა, მამას კი სახეზე მადლიერება ეწერა, ბედნიერი იყო და იღიმოდა. მიუხედავად იმისა, ყველაფერი ვიცოდი და ვხედავდი, ცუდზე მაინც არ ვფიქრობდი. მამის სიკვდილი ვერ წარმომედგინა. მადლობა ყველას, ვინც გიო ხუციშვილი სიცოცხლეშივე დააფასა და დღესაც ახსოვს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, მამას აუხდენელი სურვილები მისი სიკვდილის მერე ავუხდინოთ. უნდოდა და აპირებდა სახლში რემონტის დაწყებას და ვერ მოასწრო. ამის თავი არ გვქონდა ახლა, მაგრამ მაინც დავიწყეთ და ეს სურვილი ავუხდინეთ. წავკისში, აგარაკზე, ხეები დარგო, ულამაზესად მოაწყო, რომ ზაფხულში ამოსულიყო და დაესვენა, მაგრამ ვერ მოასწორო და ახლა, ჩვენ ამოვედით და ვუვლით. ისევ გიოს ცხოვრებით ვცხოვრობთ, როგორც მას უნდოდა. ვსწავლობთ ცხოვრებას მის გარეშე, რთულია, მაგრამ, ვიცი, მამა იმქვეყნად იგრძნობს, დაინახავს. მე კი ყველა სურვილს ავუსრულებ და იმ პირობასაც, რომელიც მამის წინაშე დავდე – დედასაც და ოჯახსაც მოვუვლი.
скачать dle 11.3