№31 როგორ გარისკა ანა მამულაშვილმა აგრესიული სიმსივნის დამარცხების შემდეგ შვილის გაჩენა და ვინ გაუტეხა მას ხელკეტით თავი
ჟურნალისტ ანა მამულაშვილს უკვე მეორედ უწევს რთულ დაავადებასთან ბრძოლა. მელანომის დიაგნოზი მას პირვლად 2013 წელს დაუსვეს და რამდენიმეთვიანმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო, ანამ დაავადება დაამარცხა, თუმცა წლების შემდეგ, ამ პრობლემამ ხელმეორედ იჩინა თავი და გამარჯვებისთვის ბრძოლაც თავიდან დაიწყო. გარდა რთული ეტაპისა, ანას მის კარიერულ წარმატებაზეც ვესაუბრეთ.
ანა მამულაშვილი: 17 წლის ვიყავი, „იმედზე“ რომ დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში, ჯერ კიდევ არ გადიოდა ეთერში. თავიდან მედიატორი ვიყავი და ჟურნალისტიკაზე სწავლის პარალელურად ვმუშაობდი. მერე ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ გადავედი, მოგვიანებით – „ქრონიკაში“. 2007 წელს, დარბევის დროს, „ნიუსრუმში“ ვიყავი. შემოვიდნენ, გვიბრძანეს, რომ ძირს დავწოლილიყავით და გვაგინებდნენ, უხეშად მოგვმართავდნენ. სულ რომ არაჩვეულებრივად მოგვქცეოდნენ, ამდენი ავტომატიანი და ნიღბიანი ადამიანი დიდი სტრესი იყო, მით უმეტეს, 21 წლის გოგოსთვის. მერე გარეთ გამოგვყარეს, გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიებს ისროდნენ. მე პირადად ხელკეტი ჩამარტყეს და თავი გამიტეხეს. ამის შემდეგ ჟუნალისტობა კი არა, ასეთ საქართველოში ცხოვრება აღარ მინდოდა. მაგრამ შვილი მყავდა და ასე მარტივად ყველაფერზე უარს ვერ ვიტყოდი. რაღაც პერიოდის შემდეგ „რუსთავი 2-ზე“ დავიწყე მუშაობა კოორდინატორად. რამდენიმე წელი ვმუშაობდი გასართობ შოუებზე, მერე – სხვადასხვა საინფრომაციო სააგენტოში და ბოლოს – „ჯიდიესზე“ მივედი. „იმედის“ მსგავსად, იქაც ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები არ იყო დასრულებული, როცა ამ გუნდის ნაწილი გავხდი. ძალიან მიყვარს ეს ორი არხი, რომელიც ჩემს თვალწინ შეიქმნა. „ჯიდიესზე“ დილის გადაცემა მიმყავდა, ექვსზე ვიღვიძებდი, მაგრამ ბედნიერი ვიყავი. სხვანაირი აურა იყო. ტელევიზიაში ცუდი ამბები, ბოღმა და შური ხშირად მინახავს, იქ მსგავსი არაფერი იყო. ერთმანეთის მეგობრები, ერთი დიდი ოჯახი ვიყავით და დღემდე ერთმანეთს ვუდგავართ გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ აღარ ვმუშაობთ. როცა ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, დილის გადაცემის სტაფმა საოცარი თანადგომა გამომიცხადა და ასე გრძელდება დღემდე, მათი გაცნობით ძალიან ბედნიერი ვარ. 2013 წელს, როცა პირველი ოპერაცია გავიკეთე, ეს არხი დამეხმარა მორალურად და რაც ყველაზე აუცილებელი იყო – მატერიალურადაც. ორ დღეში მხოლოდ თანამშრომლებმა ძალიან დიდი თანხა მომიგროვეს, მათი წყალობით წავედი თურქეთში სამკურნალოდ და ათთვიანი მკურნალობა ჩავიტარე. როცა ეს პრობლემა აღმომაჩნდა, ზუსტად იმ პერიოდში შემომთავაზეს გრანდიოზული პროექტის – „ერთი ერთშის“ წამყვანობა. უკვე ვმკურნალობდი და რომ მითხრეს, რომ ამ გადაცემის წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული გახდა. მქონდა საქმე, რომელიც მიყვარს და მოდუნების დრო არ მრჩებოდა. შესაბამისად, ჩემს დაავადებაზე ბევრი ფიქრის და მოწყენისთვის არ მეცალა.
– როგორ გაიგე ამ პრობლემის შესახებ?
– მქონდა ხალი ფეხზე, რომელიც ცოტა გაიზარდა და ფერი შეეცვალა. ექიმთან მივედი, მაგრამ მან ყოველგვარი ანალიზის გარეშე, ერთი შეხედვით მითხრა, რომ ამაში პრობლემა არ იყო. ერთი წლის შემდეგ, ამ ხალიდან სისხლი წამომივიდა და მეორე დღესვე ონკოლოგიურში მივედი გია ლეჟავასთან. ანალიზებმა აჩვენა, რომ მელანომა მქონდა და სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, რაც მეორე დღესვე გავიკეთე. მერე წავედი თურქეთში უფრო სერიოზული კვლევებისთვის. საქართველოშიც იგივე აპარატურა გვაქვს გამოკვლევებისთვის, რაც თურქებს, მაგრამ არ გვყავს სპეციალისტი, რომელიც აპარატის მიერ ნაჩვენებ სურათს გაშიფრავს. თურქეთში ყველაფერი შემიმოწმეს, მაგრამ მეტასტაზები არ აღმომაჩნდა. საქართველოში დავბრუნდი და მკურნალობა დამინიშნეს. ვმკურნალობდი ინტერფერონით, რაც ერთი წელი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ათ თვეში შევწყვიტე, რადგან მორალურად ძალიან რთული იყო – ეს პრეპარატი ნერვულ სისტემაზე ძალიან მძიმედ მოქმედებდა. დეპრესიული და გაღიზიანებული ხარ, საერთოდ არაფერი აღარ გინდა. სუიციდის მცდელობაც მქონდა და ამის შემდეგ გადაწყდა, მისი მიღება უნდა შემეწყვიტა. თან, პროცესი კარგად მიმდინარეობდა და შესაძლებელი იყო მკურნალობის შეწყვეტა. ეს იყო ივლისის თვეში და მარტში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი მეორე შვილზე.
– რაც ძალიან დიდი რისკი იყო.
– ჩემს მკურნალ ექიმს რომ ვუთხარი ფეხმძიმობის შესახებ, საოცარი რეაქცია ჰქონდა. დაიბნა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა აეღო საკუთარ თავზე. თავიდან იყო საუბარი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგავდი, მაგრამ შევთავაზე, გვენახა, როგორ განვითარდებოდა პროცესი. პირველ რიგში, ბავშვზე გვქონდა აქცენტი. მეშინოდა, რომ წამალს მის განვითარებაზე უარყოფითად არ ემოქმედა. შეიკრიბა კონსილიუმი, მიიწვიეს ჩემი გინეკოლიგი და ბოლოს მითხრეს, მოდი, გავრისკოთო. მარტივი არ იყო, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადებოდა და ასეც მოხდა. ანდრე რომ დაიბადა, მისი ჯანმრთელობა ათი ქულით შეაფასეს. სანამ გავიგებდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ტომოგრაფია გადავიღე და კატემ აჩვენა, რომ ფილტვში წერტილი მქონდა. 2017 წლამდე მისი ზომა არ გაზრდილა. მერე ოთხიდან ათ მილიმეტრამდე მოიმატა და ექიმმა მითხრა, რომ მისი ამოღება იყო საჭირო. არ ვიცოდით, რა იყო, თუმცა დიდი ალბათობით მეტასტაზი უნდა ყოფილიყო.
– როცა შვილი გააჩინე, მაშინ პირველი დიაგნოზი დამარცხებული გქონდა, არა?
– კი, ყველაფერი ჩავლილი იყო. არსად არაფერი აღარ მქონდა. პირველი დიაგნოზი იყო მელანომა, ანუ კანის სიმსივნე. პირველ ეტაპზე არა, მაგრამ ახლა უკვე აგრესიული ფორმა მაქვს. 11 ივლისს გავიკეთე ფილტვზე ოპერაცია და აღმოჩნდა, რომ რაც ამოვიღეთ, მეტასტაზი იყო. მერე საქართველოში გავიკეთე კვლევები მუცლის ღრუზე და მითხრეს, რომ არაფერი მქონდა, მაგრამ თურქეთში რომ ჩავიტარე გამოკვლევები უჯრედულ დონეზე, აღმოჩნდა, რომ ღვიძლზე, საშვილოსნოზე და საკვერცხეზე მაქვს მეტასტაზები. ფილტვშიც მაქვს ძალიან პატარა მეტასტაზები დარჩენილი. დამიწყეს მკურნალობა ტარგეტული თერაპიით. ორ წამალს ვსვამ, რომელიც მეოთხე თაობისაა და როგორც მითხრეს, ძალიან კარეგი შედეგები აქვს, უბრალოდ, ძალიან ძვირია. თვეში 7 500 ლარი მხოლოდ მკურნალობისთვის მჭირდება. სამ თვეში ერთხელ უნდა წავიდე თურქეთში საკმაოდ რთული კვლევებისთვის. მეგობრების, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების დახმარებით მოხერხდა ამ ყველაფრის მატერიალურად უზრუნველყოფა. ამ დაავადებამ მასწავლა, როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანები. დავრწმუნდი, რომ ადამიანზე კეთილი ქმნილება ღმერთს არ შეუქმნია. ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ. რომ არა ამდენი ადამიანის თანადგომა, ახლა აუცილებლად სასოწარკვეთაში ვიქნებოდი. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის.
– ახლა ამ ამბავს ძალიან ჩვეულებრივად ყვები, პირველ ეტაპზე, ამ ფაქტის წინაშე აღმოჩენილმა, როგორ შეძელი შეგუება?
- როცა მითხრეს, რომ მელანომა მქონდა და მეორე დღეს ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, მკვეთრი რეაქცია არ მქონია, ჯერ ერთი, არ ვიცოდი რა იყო მელანომა და ამასთან ერთად არ ვარ პანიკიორი ადამიანი. მხოლოდ მაშინ ვნერვიულობ, როცა გაუკვევლობაში ვარ. ახლაც, რომ გავიგე ფილტვზე უნდა გამეკეთებინა ოპერაცია, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ. ბოლოს თურქეთში მეტასტაზების შესახებ რომ მითხრეს, მე და ჩემი ქმარი ვისხედით, გადავხედე და გავუღიმე. ის მოკვდა ამ დროს, მაგრამ მე ვიცი, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. 21-ე საუკუნეში არცერთი დაავადება არ არის განაჩენი.
– მკურნალობას ცოტა სისუსტე ახლავსო, მითხარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ცხოვრების რიტმი შეგეცვალა?
– არანაირად. ვმუშაობ სამშენებლო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად. მთელი დღე სამსახურში ვარ და სისუსტის უფლებას თავს მხოლოდ სახლში თუ მივცემ (იცინის). ბევრი მოსაზრება არსებობს, უნდა იაროს თუ არა ამ დროს გასართობად ადამიანმა. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. ვიღაც რომ გეხმარება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ სახლში უნდა ჩაიკეტო. ზოგი ფიქრობს, თუ დასახმარებლად აქვს საქმე, მაშინ გასართობად რა უნდაო? მე ვმუშაობ, ხელფასი მაქვს, უბრალოდ, ვერ შევძლებ 7 500-ლარიანი წამალი ვიყიდო, თორემ ფინჯან ყავაზე ადამიანის დაპატიჟება შემიძლია. ამის ახსნაც რომ მიწევს, უხერხულად ვგრძნობ თავს. როცა ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, სახლში არ ჩაიკეტო, იმუშაო, დრო მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად გაატარო, რომ ფიქრისთვის ნაკლებად გეცალოს. ადამიანმა, ვინც რთულ დაავადებას ებრძვის, თუ იფიქრა, რომ ამ დიაგნოზით ცხოვრება დამთავრდა, მაშინ აუცილებლად დამთავრდება. მაგრამ თუ არ დანებდები და კარგ ექიმებს დაუჯერებ, სიცოცხლე აუცილებლად გაგრძელდება.
– ოჯახისთვის უფრო რთულია ხოლმე ასეთ დროს.
– ოჯახის წევრებისთვის უფრო რთულია. ცდილობენ, ჩემთან არ შეიმჩნიონ, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობ. ფილტვზე რომ ოპერაცია გავიკეთე და დაადასტურეს, რომ მეტასტაზი იყო, ირაკლის შეშინებული თვალები დავინახე და პირიქით, მე ვამხნევებდი. მოსაკითხადაც რომ მირეკავენ, იქეთ ვამხნევებ ყველას. მეგობარი დედაო მყავს, პირველად ამ ამბის შემდეგ რომ დამირეკა, ტირილი დაიწყო და მერე მითხრა, მე სასულიერო პირმა გასამხნევებლად დაგირეკე და ტირილი დავიწყე, შენ თვითონ დამიწყე გამხნევება, რის გამოც ძალიან მრცხვენიაო. ყველას ვარწმუნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ ვნერვიულობ-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცი, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებ, კარგად ვიქნები. ისიც ვიცი, რომ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, განწყობის გამო ვიყო ცუდად და არა დაავადების. დარწმუნებული ვარ, სექტემბერში რომ ჩავალ, გაცილებით უკეთესი პასუხები იქნება. ამას მოჩვენებითად არ ვაკეთებ. მარტო რომ ვრჩები, მაშინაც არ მეტირება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ძალიან მტირალა ვარ. ვინც იგივე პრობლემას ებრძვის, ყველას შეუძლია დამიკავშირდეს და რითაც შემიძლია, აუცილებლად დავუდგები გვერდში. თუ დილით გაიღვიძებ და შენს თავს ეტყვი, რომ შენ ხარ ჯანმრთელი, მაგრამ გინდა უფრო ჯანმრთელი გახდე, აუცილებლად ასე იქნება. განწყობას და კარგ ექიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ონკოლოგი ნია შარიქაძე არის ექიმი, რომელმაც მეორედ დამინიშნა იგივე მკურნალობა, რაც თურქებმა თურქულ-ამერიკულ კლინიკაში.
– ოჯახიც მაგ პერიოდში შექმენი.
– აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მე და ირაკლი შეყვარებულები ვიყავით, როცა ჩემს კლინიკასთან ჩავიარეთ შემთხვევით და ჩვენს საერთო მეგობარზე ვკითხე, გითხრა, რომ მე კიბო მაქვს-მეთქი? გაოცდა, რა კიბოო და მაშინ მოვუყევი ყველაფერი. ეს ამბავი არასდროს დამიმალავს და არც ტრაგედია შემიქმნია მისგან. ვიღაცას გრძელი ცხვირი აქვს, ვიღაც კოჭლია და მე მელანომა მაქვს. ჩემთვის ეს ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს, რადგან არსებობს წამალი, რითაც შემიძლია ვიმკურნალო და არსებობენ ადამიანები, რომლებიც მის შეძენაში მეხმარებიან.