№31 როგორ გახდა არისტოკრატი მომღერალი ქეთევან ქემოკლიძე პლასიდო დომინგოს რჩეული
მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, მიუხედავად კარიერაში დიდი წარმატებისა, მაინც თავმდაბალ ადამიანად დარჩა. ის წლებია, ბარსელონაში ცხოვრობს და რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა, ყველაფერი აიხდინა. თუმცა, თბილისის კონსერვატორიიდან დიდ სცენამდე გზის დამოუკიდებლად გავლა არც ისე მარტივი იყო. ამისთვის მას ბევრი შრომა, უძილო ღამე და განცდა მოუწია. დღეს კი მსოფლიოში აღიარებულ და არისტოკრატ ქართველ მომღერლად მოიხსენებენ. არგენტინელი ვალენტინა კარასკოს მიერ ბიზეს „კარმენის“ ახლებურმა, თანამედროვე და ეპატაჟურმა დადგმამ ბილეთების გაყიდვის რეკორდი მოხსნა. ქეთევანის შესრულებულმა კარმენმა კი მაყურებლისა და მკაცრი კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც მომღერალი ამბობს, მას არა მარტო პროფესიონალურ სარბიელზე, არამედ პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა – ჰყავს მეუღლე სანდრო შელეგია, რომელიც ბარსელონას პომპეუფაბრას უნივერსიტეტის პროფესორია და პატარა უსაყვარლესი ბიჭი – ლუკა.
ქეთევან ქემოკლიძე: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. გამიმართლა იმაში, რომ დავიბადე უსაყვარლეს ოჯახში, ვიპოვე ჩემი საქმე, ვარ წარმატებული კარიერაში, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი. ზოგადად, ბედისწერის არ მჯერა, მაგრამ მჯერა გამართლების, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრის და იმის, რომ ვის ღმერთი და ვის განგება გვეხმარება წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში. რაც დავიბადე, მას მერე ვმღერი. მგონი, ლაპარაკი სიმღერით დავიწყე. ასე რომ, მუსიკა ჩემი ცხოვრებაა და ეს გენეტიკურად ქართული ჯიშიდან დამყვა. სულ ვამბობ, მომღერალი რომ არ გავმხდარიყავი, საზოგადო მოღვაწე გამოვიდოდი ან მექნებოდა საქველმოქმედო ფონდი და ბავშვებს და მოხუცებს დავეხმარებოდი. შეიძლება, პოლიტიკაშიც წავსულიყავი. ბევრი ბავშვისგან განსხვავებით, ნაყინის გამყიდველობაზე არასდროს მიოცნებია, რადგან არ მიყვარს ნაყინი და ტკბილი (იცინის).
– ალბათ, ეს წონის შენარჩუნებაშიც გიწყობს ხელს. საკმაოდ კარგად გამოიყურები.
– დიახ, ეს ჩემს წონაზე კარგად მოქმედებს და არასდროს მჭირდება დიეტების დაცვა. მართალია, ტკბილეული არ მიყვარს, მაგრამ გურმანი ვარ და მიყვარს ჯანსაღი პროდუქტები. ჩემი მენიუდან მთლიანად გამოვრიცხე ზედმეტცხიმიანი საკვები და წონის შენარჩუნება მიადვილდება. ასევე, ბევრს დავდივარ ფეხით, ვცურავ, ვვარჯიშობ და აქტიურად ვცხოვრობ. სპექტაკლები გვიან მთავრდება, სახლში მშიერი ვბრუნდები, მაგრამ ვცდილობ, თავი მოვთოკო, არ ვჭამო და ისე დავიძინო. მართალია, რთულია, მაგრამ ეს, ძალიან მეხმარება, რომ არ გავსუქდე (იცინის). ახლა გამახსენდა, პილოტობაზე ვოცნებობდი და, წარმოიდგინეთ, ფორმაში ჩაცმული მგზავრებს, სულ სიმღერ-სიმღერით და არიებით რომ გავაფრენდი ცაში (იცინის). მართალია, პილოტობის ოცნება არ ამიხდა, მაგრამ იმდენს დავფრინავ, გავლილ კილომეტრებში ნებისმიერი პილოტი შემეჯიბროს. პირდაპირი გაგებით ვერ ავიხდინე ჩემი ოცნება, თორემ, ირიბად, – კი, ბატონო. მოკლედ, ფრენა ჩემი პროფესია არა, მაგრამ ჰობია.
– პლასიდო დომინგომ შენს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა. ფაქტია, ის დიდად არ სწყალობს პროფესიონალ მომღერლებსაც კი, მაგრამ შენ გვერდით არაერთხელ უმღერია. ხომ ასეა?
– დიახ. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაზე და ერთგვარ თილისმად იქცა. სწორედ დომინგოს კონკურსზე გამიცნეს იმ დიდი თეატრების დირექტორებმა, რომლებმაც შემდეგ უცხოეთის წამყვან სცენებზე მიმიწვიეს. მადლობა ღმერთს, წარმატებები არ მაკლია. ახლაც რომში ვიყოფები, სადაც „კარაკალას“ სცენაზე, კარმენის პარტიას ვმღერი. ეს ის სცენაა, სადაც სამი ტენორის ცნობილი კონცერტი შედგა და ეს კადრები დღესაც ყველას ახსოვს. კარმენის პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს არის თანამედროვე დადგმა, სადაც კარმენს აცვია მოკლე ჯინსის შორტები, ცეკვავს, დარბის, დახტის სცენაზე. მართალია, კარმენი ყველას ტრადიციული ჩაცმული წარმოუდგენია, მაგრამ ამ დადგმამ გაამართლა და დიდი წარმატება მოიპოვა. უამრავი როლი მომირგია, მაგრამ კარმენი ისე გავითავისე, ასე მგონია, ნამდვილად „კარმენი გოგო“ ვარ (იცინის). მადლობა ღმერთს, ბევრი წარმატებული გამოსვლა მაქვს უცხოეთის დიდი სცენებზე და ისეთ წერილებს მწერენ უცხო ადამიანები, რომ მეცხრე ცაზე ვარ. არ დამავიწყდება, კარმენის გენერალურ რეპეტიციაზე, სიმაღლეზე შევხტი, გადმოვხტი და ფეხი ვიღრძე. კოჭლმა ვითამაშე სცენაზე, მაგრამ ესეც ორგანულად მიიღო მაყურებელმა, ჩათვალა, ასეთი იყო რეჟისორის ჩანაფიქრიო (იცინის).
– საკმაოდ ბევრი გასტროლი, რეპეტიციები, გამოსვლები... ეს ყველაფერი, შენს პირად ცხოვრებაზე, როგორ აისახება?
– ვფიქრობ, მოწესრიგებული და გამართლებული პირადი ცხოვრება ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ საქმეში სტიმულია. ჩემთვის კი ისეთივე „დამტენია“, როგორც დენისა და ენერგიის წყარო. ერთი კვირაა არ მინახავს ჩემი ქმარ-შვილი და ისე მენატრებიან, ლამის გავგიჟდე. ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ორივეს. ისე, ჩემი გადარბენების გადამკიდე, ჩვენი ოჯახი წონაში იზრდება, თორემ რაოდენობრივად იგივე ვართ (იცინის). ჩემი ქმარი, ძალიან მიწყობს ხელს პროფესიონალურ საქმეში და მისი სიყვარული კიდევ უფრო მეტად მაძლევს სტიმულს, შეუძლებელი შევძლო. ყველა ოცნება ამიხდა, რაც გულით მინდოდა. არ მიყვარს არარეალურზე ფიქრი და ალბათ, ამიტომაც მიხდება ყველაფერი. ზოგადად, თუ ადამიანი ბევრს ოცნებობ, ამით ხელს უწყობ მათ ახდენას და რეალურად, აუცილებლად აგისრულდება. ასე რომ, ოცნებიდან რეალობამდე, ერთი ნაბიჯია, მთავარია მოინდომო.
– ამბობენ, უცხოეთში, არისტოკრატიულ და დახვეწილ მომღერლად მიგიჩნევენ და მაღალი საზოგადოების წრეებში მისაღები პერსონა ხარ. ასეა?
– დახვეწილ და არისტოკრატ მომღერლად, უცხოეთში ნამდვილად მიმიჩნევენ, თუმცა, ამაზე საუბარი ჩემთვის რთულია. თავმდაბალი ადამიანი ვარ და როცა მაქებენ, ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ მერიდება (იცინის). ჩემი ცხოვრება, კონკიას ზღაპარს ჰგავს. არ დამავიწყდება, ბელვედერის კონკურსზე რომ წავედი, არც კაბა მეცვა ჩემი და არც ფეხსაცმელი, მეგობრებისა და კულტურის სამინისტროს დახმარებით შევძელი გამგზავრება. ასე გამოვედი კონკურსზე, სადაც ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიე. ასე რომ, კონკიასავით ვოცნებობდი და ოცნება ამიხდა – წავედი მეჯლისზე და ჩემი პრინციც ვიპოვე როგორც პირად, ისე კარიერულ ცხოვრებაში. სულ ვხუმრობ, კონკიასგან განსხვავებით, მე უფრო გამიმართლა, ორი პრინცი ვიპოვე – წარმატებული კარიერა და ჩემი საყვარელი მეუღლე-მეთქი (იცინის).