კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ ავარიდოთ თავი „ფეხის ხაფანგს“ – ფრთხილად, პოდაგრა!

თუ თქვენ ღამე გაგაღვიძათ გაუსაძლისმა ტკივილმა ტერფის დიდი თითის არეში და გაქვთ ისეთი შეგრძნება, თითქოს რომელიღაც მტაცებელი ცხოველი გიღრღნით ფეხს, შესაძლებელია, ეს პოდაგრა იყოს. ცხელ აბაზანაში მდგომარეობა უარესდება, სიცივემ კი ოდნავ შეიძლება შეამციროს ტკივილი. ასეთ შემთხვევებში არ დაელოდოთ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის. აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
პოდაგრაზე ჩვენთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებს საქართველოს აკადემიკოს ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის ცენტრის ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მარინა თევზაძე.

– ქალბატონო მარინა, რას წარმოადგენს პოდაგრა, ვის ემართება უფრო ხშირად?
– პოდაგრა უძველესი დაავადებაა. პირველად ის ჰიპოკრატემ აღწერა და მიუთითა, რომ „პოდაგრა უტევს ძლიერ მამაკაცებს,  დიდი სხეულით და თავით, უხეში კანით“, „ქალები იშვიათად ავადდებიან“.  – უძველესი დროიდან პოდაგრას „დაავადებათა მეფეს და მეფეთა დაავადებას“ უწოდებენ. ის აღიარებული იყო, როგორც მდიდრების, არისტოკრატებისა და გენიოსების დაავადება. მისი მსხვერპლნი იყვნენ ისეთი ისტორიული პირები, როგორიცაა იულიუს კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი, ქრისტეფორე კოლუმბი, ისააკ ნიუტონი, ლეონარდო და ვინჩი, ბენჟამენ ფრანკლინი, უინსტონ ჩერჩილი და მრავალი სხვა წარჩინებული ადამიანი. 100 წლის წინ პოდაგრით ავადობა პრესტიჟულად ითვლებოდა, ვინაიდან მისი არსებობა მდიდრული ცხოვრების ერთ-ერთი ნიშანი იყო.
– რა იწვევს პოდაგრის განვითარებას?
– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პოდაგრა არ არის მხოლოდ სახსრების პათოლოგია. ის წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და მოქმედებს აგრეთვე, თირკმელზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრეობას, კვებას, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას.
პოდაგრა უფრო ხშირად სტუმრობს „სამეფო“ სუფრის მოყვარულებს, ვისაც უყვარს ჭარბად წითელი ხორცის, ცხიმიანი თევზის, მოლუსკების, ალკოჰოლის (განსაკუთრებით ლუდის) მიღება. ეს გახლავთ პურინებით მდიდარი საკვები, რომელიც სხეულში საბოლოოდ გარდაიქმნება შარდმჟავად. შარდმჟავა, ჩვეულებრივ, თირკმლით გამოიყოფა, მაგრამ ჭარბი წარმოქმნის ან შეფერხებული გამოყოფის პირობებში, იწყება მისი კრისტალების – ურატების სახით დალექვა და დაგროვება სხვადასხვა ქსოვილში. პირველ რიგში, ზიანდება სახსრები. შარდმჟავას კრისტალები ილექება სახსრის ქსოვილებში და იწვევს ანთებით პროცესს. მწვავე შეტევის დროს აღინიშნება ძლიერი ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ტემპერატურის მატება სახსრის არეში. ყველაზე ხშირად ზიანდება ტერფის დიდი თითის, მუხლის, მაჯისა და იდაყვის მიდამო. თუ დროულად არ მოხდა მომატებული შარდმჟავას დონის კორექცია, შეიძლება, მოხდეს სახსრების დეფორმიცია, ეგრეთ წოდებული, „ტოფუსების“ სახით, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების, სისხლძარღვებში ათეროსკლეროზის განვითარება. განსაკუთრებით საყურადღებოა გულის კორონარული არტერიების დაზიანება, ვინაიდან ის რთულდება მიოკარდიუმის გავრცობილი ინფარქტით. პოდაგრის გამოვლენა ხდება სისხლში შარდმჟავას დონის განსაზღვრით. ეს გამოკვლევა საკმაოდ ხელმისაწვდომია და მისი ჩატარება საქართველოს მრავალ კლინიკაში თავისუფლადაა შესაძლებელი. აგრეთვე, აუცილებელია სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
– როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი იმისთვის, რომ თავი აარიდოს პოდაგრას?
– პოდაგრის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა აქვს სწორ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს. უცილებლად უნდა შეიზღუდოს პურინებით მდიდარი საკვების მიღება: წითელი ხორცის (განსაკუთრებით არასასურველია ნახარში, შებოლილი და დაკონსერვებული ნაწარმი), გულ-ღვიძლის, მოლუსკების, ცხიმიანი თევზის, ლობიოს, მაგარი ყავის, შავი ჩაისა და შოკოლადის. რეკომენდებულია რაციონში საერთო ცილისა და ნაჯერი ცხიმების შემცირება. დაუშვებელია მაღალი პროტეინის/დაბალი ნახშირწყლების შემცველი მკვეთრი დიეტა, ისევე, როგორც შიმშილი, ვინაიდან, როდესაც ორგანიზმი არ იღებს საკმარისი რაოდენობით საკვებს, ის იწყებს საკუთარი მარაგების ხარჯვას. პირველ რიგში, ეს ეხება ცილებს. საქმე იმაშია, რომ შიმშილის დროს მასიურად ხდება შარდმჟავის გამოყოფა და პოდაგრის გამწვავება.
სამკურნალო-პროფილაქტიკური დიეტა მოიცავს მოხდილი რძის ნაწარმს (მაწონი, კეფირი, ხაჭო) და მცენარეულ საკვებს. სასარგებლოა როგორც უმი, ასევე მოხარშული ბოსტნეულის კერძები, ხილი, ბურღულეული, ტუტე მინერალური წყლები, ასკილის ნახარში, მწვანე ჩაი. აუცილებელია 2-3 ლიტრი წყლის დალევა დღის განმავლობაში.
ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ დიეტა არ არის საკმარისი. ცნობილია, რომ  პოდაგრა არის ერთადერთი დაავადება ართრიტების ქრონიკულ ფორმებს შორის, რომელიც იკურნება სწორად შერჩეული თერაპიის შედეგად. გამწვავებისას ინიშნება კოლხიცინი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
მწვავე შეტევის შემდგომ პერიოდში ტარდება შარდმჟავა მარილების დამაქვეითებელი თერაპია, რომელიც უზრუნველყოფს მწვავე შეტევების, ტოფუსების განვითარებისა და რეციდივების პროფილაქტიკას. მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესარჩევად აუცილებელია სისხლში შარდმჟავას დონისა და რისკის ფაქტორების (თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ზედმეტი წონის, დიაბეტის) კონტროლი.
შარდმჟავა მარილების დამაქვეითებელ მედიკამენტებს შორის ერთ-ერთი გამოცდილი საშუალებაა მილურიტი (ალოპურინოლი). მილურიტი მაღალი ხარისხის უნგრული ალოპურინოლია, რომელიც ეფექტურობასთან ერთად, საკმაოდ ხელმისაწვდომია. შარდმჟავას დონის დადგენის შემდეგ ექიმი ნიშნავს მილურიტს საწყისი დოზით – 50-100 მილიგრამს დღეში, მისი შემდგომი ზრდით 2-4 კვირის განმავლობაში, სანამ არ იქნება მიღწეული შარდმჟავა მარილების დაქვეითება თერაპიულ სამიზნე მაჩვენებლამდე.
მაშასადამე, დღესდღეობით პოდაგრასთან ბრძოლის მრავალი ეფექტური მეთოდი არსებობს. ამიტომ, მიაკითხეთ ექიმს, განისაზღვრეთ შარდმჟავის დონე სისხლში და ჩაიტარეთ დანიშნული თერაპია, რადგან სწორად შერჩეული და დროული მკურნალობა საუკეთესო შედეგების საწინდარია.скачать dle 11.3