№31 ვინ ატარებს დიაბეტის ტიპი 2-ის საწინააღმდეგო რთულ და ინოვაციურ ოპერაციებს საქართველოში
ექიმ მამუკა გონჯილაშვილის მიერ ჩატარებული რთული და ინოვაციური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს სცილდება. მისი კაბინეტის მოსაცდელში უამრავი ადამიანი იცდის. მათ ბატონი მამუკას პროფესიონალიზმის დიდი იმედი აქვთ. სწორედ მისი კვალიფიციურობის წყალობითაა, რომ ის ჩვენი მკითხველების გამოკითხვების თანახმად, რჩეული აბდომინალური ქირურგია და მას მსოფლიოს მასშტაბით არაერთი რთული და წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული. მამუკა გონჯილაშვილი 2018 წლის გამორჩეულ ექიმთა რიცხვში დასახელდა და მედია-რჩეულის წოდება მიენიჭა.
მინი დოსიე: ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ასოცირებული პროფესორი, დიაბეტის ქირურგიული მკურნალობის სკოლის ფუძემდებელი; თბილისის ცენტრალური საავადმყოფო – კლინიკური დირექტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მის მიერ საქართველოში პირველად შესრულებული ოპერაციებია: მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია ლაპაროსკოპიული მიდგომით, საყლაპავის დივერტიკულის ქვედა მესამედის ენდოსკოპიური მკურნალობა, ახალაზიის ენდოსკოპიური მკურნალობა საკუთარი მოდიფიკაციით, სწორი ნაწლავის მთლიანი ამოკვეთა ლაპაროსკოპიული მიდგომით, კუჭის ექსტრიპაცია (მთლიანი ამოკვეთა) ლაპაროსკოპიული მეთოდით. დიაფრაგმის გუმბათის თიაქრის ენდოსკოპიური მკურნალობა, გასტრიკ By-Pass (Mini) ლაპაროსკოპიული მეთოდით, ენდოსკოპიური პანკრეატო-დუოდენური რეზექცია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველად შესრულებული ოპერაცია: ილეალური (თეძოს ნაწლავის) ინტერპოზიცია ლაპაროსკოპიული მეთოდით.
– ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, რითი გამოგარჩიეს პაციენტებმა?
– ალბათ, გულისხმიერებით, რაც, ვფიქრობ, ყველა ექიმს უნდა ახასიათებდეს. აუცილებელია, თითოეულ პაციენტს საკუთარი ოჯახის წევრივით უყურებდე.
– რითი გამოირჩევა თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, სადაც თქვენ მოღვაწეობთ?
– არის მთელი რიგი ოპერაციები, რაც მხოლოდ ამ კლინიკაში კეთდება. ყველაზე დიდი გამოცდილება ამერიკული სტილის ბარიატრიულ და მეტაბოლურ ოპერაციებში გვაქვს. ამ კლინიკაში უცხოელ პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა, ჩვენთან კეთდება სრული ლაპაროსკოპიული მომსახურება ონკოლოგიის მიმართულებით მუცლის ღრუში. ლაპაროსკოპიული მეთოდით ვაკეთებთ ოპერაციებს მსხვილი ნაწლავის ყველა სექტორზე და ყველაზე დიდი გამოცდილება გვაქვს სწორი ნაწლავის ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში, ახლახან შევიმუშავეთ ღვიძლის რეზექციის ჩვენი მეთოდი და მორფოლოგიის ინსტიტუტში ვატარებთ ამ ექსპერიმენტების მთელ ციკლს. ასევე, გვაქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების შეჩერების ჩვენი ლაპაროსკოპიული მეთოდი. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი იტალიაში და შემიძლია ვთქვა, რომ ამ კლინიკაში ვაკეთებთ ოპერაციებს თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით, ევროპულ და ამერიკულ გაიდლაინებზე დაყრდნობით.
– ყველაზე მეტად რა ოპერაციას გამოარჩევთ თავისი სირთულიდან გამომდინარე?
– ძალიან რთულია პანკრეასზე ოპერაციები, რომელიც როგორც წესი, საქართველოსა და ამიერკავკასიაში ღია წესით კეთდება, საუბარია პანკრეატო-დუოდენურ რეზექციაზე, პანკრეასის თავის სიმსივნის დროს. ბედნიერები ვართ, რომ ამ კლინიკაში გვყავს ისეთი გუნდი, რომლებმაც შევძელით ამ ოპერაციის ლაპაროსკოპიულად გაკეთება. ეს არის დაახლოებით 6-7 საათიანი ოპერაცია, რომელიც წარმატებულად იქნა შესრულებული და ამან საქართველო ევროპის წამყვანი ქვეყნების გვერდით დააყენა ლაპაროსკოპიული ქირურგიის მიმართულებით. დღეს ჩვენთვის ნებისმიერი ლაპაროსკოპიული ოპერაცია არანაირ სირთულეს აღარ წარმოადგენს.
– ბატონო მამუკა, საოპერაციოში შესვლამდე რა გრძნობა გეუფლებათ?
– უპირველესად ეს არის ერთგვარი შინაგანი ღელვა, რადგან პასუხისმგებელი ვარ ადამიანისა და მისი სიცოცხლის წინაშე. ვიცი გამარჯვების ფასი და იმ შეგრძნებებს, რაც გამარჯვებულ ადამიანს ეუფლება, მე ბედნიერებას ვარქმევ. ბედნიერებისათვის კი დიდი ძალისხმევა და ბრძოლაა საჭირო. განსაკუთრებულად რთულ შემთხვევებში მთავარი ადრენალინი დაავადების დამარცხებაა. სამწუხაროდ, ზოგჯერ დაავადება მძლავრობს, ამ დროს მიღებული განცდებისა და ემოციების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
– ბატონო მამუკა, ცნობილია, რომ თქვენ მსოფლიოს მასშტაბით რთული და ინოვაციური ოპერაციების ავტორი ბრძანდებით....
– არ მინდა, თავის ქებაში ჩამომერთვას, მაგრამ თქვენი მოთხოვნითა და პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით გაცნობებთ, რომ ჩვენთან ტარდება ისეთი რთული და ინოვაციური ოპერაციები, როგორიცაა: საყლაპავის დივერტიკულის ქვედა მესამედის როგორც ენდოსკოპიური, ასევე ღია მეთოდით ოპერაციები. ჩვენს მიერ დანერგილია სრულიად ახალი მიმართულებები – სწორი ნაწლავის მთლიანი ამოკვეთა ლაპაროსკოპიული მეთოდით, ლაპარასკოპიული გასტრიკ By-Pass, რომლის დიდი გამოცდილება მხოლოდ ჩვენ გვაქვს საქართველოში. ძალზედ მაღალ დონეზეა ისეთი რუტინული ლაპაროსკოპიული ოპერაციები, როგორიცაა: ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა, პირველადი და ოპერაციის შემდგომი მუცლისა და საზარდულის თიაქრები, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, ელენთის ამოკვეთა, თირკმელზედა ჯირკვლის ოპერაციები. ასევე, ვამაყობთ ისეთი მნიშვნელოვანი ოპერაციით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის ქირურგიული მკურნალობა დაბალი BMI (სხეულის მასის ინდექსის) მქონე პაციენტებში. თავდაპირველად მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 14 ქირურგი ვასრულებდით ამ ოპერაციას. მოგეხსენებათ, დიაბეტის 2 ტიპი არსებობს, გენეტიკურ ფორმას ჩვენ არ ვეხებით, ხოლო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელსაც უფრო შეძენილი ხასიათი აქვს, ვებრძვით ოპერაციულად. როგორც აღმოჩნდა ინსულინს გამოიმუშავებს ნაწლავებიც, რომელსაც ინკრეტინები ჰქვია და ჩვენ ამ ქირურგიული ჩარევის შედეგად ვახდენთ ინსულინის მაგვარი ფერმენტის გამომუშავების გააქტიურებას. ამ ოპერაციის შედეგად ეფექტურობის სტატისტიკა ძალიან პოზიტიურია. აღნიშნული ოპერაციით ჩვენ ვლიდერობთ არა თუ საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. ჩვენს კლინიკაში კი პაციენტებს ეძლევათ საშუალება, ჩაიტარონ აღნიშნული ოპერაცია და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე.
– ცნობილია, რომ თქვენ აკეთებთ ბარიატრიულ (გახდომის) ოპერაციებს...
– დიახ, ჩვენთან კეთდება ბარიატრიული (გახდომის) რამდენიმე ტიპის ოპერაცია. ამრიგად, ჩვენს კლინიკაში საშუალება გვაქვს პაციენტს შევთავაზოთ იმ ოპერაციის ტიპი, რაც მისი პრობლემების მოგვარების ოპტიმალური ვარიანტი იქნება. ზოგადად, არჩევის მეთოდს ბარიატრიულ ქირურგიაში წარმოადგენს ამერიკის მეტაბოლური და ბარიატრიული ასოციაციის მიერ რეკომენდებული ოპერაცია გასტრიკ By-Pass (Mini), რომელიც ამ ეტაპისთვის ქართული საზოგადოების ფართო ფენებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.
– თქვენი კაბინეტის კედლებს პეიზაჟებისა და ცხენოსნობის მრავალი ფოტო ამშვენებს, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
– ბუნების სიყვარული ბავშვობიდან მომდევს. ცხენოსნობა და ნადირობა კი მეხმარება სულიერი სიმშვიდისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.