№31 რა საფრთხეს ხედავდნენ ვახტანგ გორგასალი და დაჩი მეფე აღმოსავლეთში და რატომ ცდილობდნენ დასავლეთის მოკავშირეობასა და ქრისტესთვის თავდადებას
ყოველთვის დიდი გეოპოლიტიკური და კულტურული არჩევნის წინაშე იდგა ხოლმე საქართველო. ხშირად უწევდათ ჩვენს წინაპრებს დილემის გადაჭრა. იმ დროსაც, ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ, ძირითადი გადასაწყვეტი იყო – დასავლეთი თუ აღმოსავლეთი.
ამიტომ დაგვიბარა ანდერძად ვახტანგ გორგასალმა ქრისტეს გზის ერთგულება.
სიკვდილის წინ, გორგასალმა სამეფოს პოლიტიკური ანდერძიც დაუტოვა. განაგო მემკვიდრეობის საკითხი. თავის უფროს შვილს მიმართა სხვების გასაგონად (თანამედროვე ქართულად თარგმნა ნიკო ნიკოლოზიშვილმა):
„შენ ხარ ჩემი პირმშო, შენთვის მომიცია ჩემი მეფობის გვირგვინი. შენი ძმებისთვის ნაწილად მიმიცია ტაშისკარიდან და წუნდიდან, ვიდრე სომხითამდე და საბერძნეთამდე. აფხაზეთის ტერიტორია, რომელიც ეგრისწყალსა და კლისურას შუა მდებარეობს, იგი შენი ძმების დედისა არის, ის მათ ჰქონდეს და იყვნენ ერისთავები შენი მორჩილების ქვეშ.
იხმო წუნდის ერისთავი, ნასარი და კლარჯეთის ერისთავი, არტავაზი, ოძრხისის ერისთავი, ბივრიტიანი და მათ მიანდო თავისი ცოლი ელენე და თავისი შვილები, რომელთაც ერქვათ ლეონი და მირდატი და ცრემლითა და ღმრთის მზერით შეავედრა სამთავე ერისთავს“.
და გარდაიცვალა ქრისტესთვის თავშეწირული დიდი ხელმწიფე – ვახტანგ გორგასალი.
ქართველებს გლოვის დღეები დაუდგათ. მწარედ ტიროდნენ, თავში ხელს იცემდნენ, თავზე ნაცარს იყრიდნენ, სიკვდილს ნატრობდნენ. მიწა იძროდა ტირილისა და ვაებისგან. ქრისტეს მორწმუნე ქართველი ხალხი შენატროდა სამაგალითო მეფეს, რომელიც ქრისტესთვის მოკვდა. მეფის მაგალითი ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.
დაკრძალეს ვახტანგ გორგასალი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათალიკოსო ტაძარში, სვეტთან, რომელიც ღმრთივაღმართული იყო წმიდა ნინოს დროს.
ასე შეეწირა ქრისტესა და შთამომავლობის ქრისტიანობას ჩვენი დიდი ხელმწიფე. ის რომ არ ყოფილიყო დიდი მეომარი და ჭეშმარიტი ქრისტიანი (და მერე კიდევ სხვა, დიდი მეფეები), დღეს სულ სხვანაირი ვიქნებოდით ქართველები, ან სულაც არ ვიქნებოდით.
დასავლეთს აქვს თავისი უარყოფითი თვისებები, როგორც აღმოსავლეთს აქვს დადებითი. მაგრამ, დასავლეთის სამყარო, მაინც თეთრი რასის სამყაროა, აღმოსავლეთის მსოფლმიმართება კი ჩვენგან ანთროპოლოგიურად და რასობრივად განსხვავებული ხალხების შექმნილია და გენეტიკურად არ არის ჩვენთან ახლოს.
აღმოსავლეთი უფრო დესპოტურია, ვიდრე დასავლეთი. დასავლეთი უფრო თავისუფალი სამყაროა, უფრო თავისუფალი ადამიანების სამყოფელი. დასავლეთმა მიიღო ქრისტიანობა, აღმოსავლეთმა კი ქრისტიანობას მტრობა გამოუცხადა.
ასე იყო ვახტანგ გორგასლის დროს.
ქრისტიანობამ აკრძალა ბიძაშვილთა შორის ქორწინება, ხოლო მაზდეანობა (და მერე ისლამი) ამას ჩვეულბრივ მოვლენად მიიჩნევდა. ქრისტიანი ქართველებისთვის ეს გაუგონარი რამ იყო. გარდა ამისა, ქრისტე მოყვასისათვის შენდობას ქადაგებს, ყველაზე ჰუმანური რელიგიაა, ხოლო დრომ დაამტკიცა, რომ მაზდეანობა, ცეცხლთაყვანისმცემლობა ყავლგასული რელიგია გახლდათ. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე მარხავდნენ მიცვალებულებს, ხოლო მაზდეანები, სპარსები კი ლეშის მჭამელ ფრინველებს უგდებდნენ საჯიჯგნად. მანამდე კი ხარის შარდში განბანდნენ (აღმოსავლეთში, ჰიმალაებში, ახლაც კვებავენ არწივებს მიცვალებულთა ხორცით, მიუხედავად იმისა, რომ მაზდეანები არ არიან). ამას ვერ მიიღებდნენ ქართველები. ეს ჩვენს წინაპრებს ველურობად და საშინელებად მიაჩნდათ. რადგან ათასწლეულების წინ დაიწყეს მიცვალებულთა დაკრძალვა. გარდა იმისა, რომ უკულტურობად მიაჩნდათ, ეს ჰიგიენურადაც გაუმართლებელია.
მიუღებელი იყო ქართველებისთვის ასეთი აღმოსავლეთი და სიცოცხლეს სწირავდნენ ჩვენი წინაპრები მათგან განსხვავების შესანარჩუნებლად. მტერს აკვდებოდნენ, ოღონდ აღმოსავლელებს არ დამსგავსებონენ მათი შთამომავლები.
ჯუანშერის ავტორობის სახელით ცნობილ „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ ვახტანგ მეფის აღმოსავლეთისგან გათავისუფლების მოტივია გადმოცემული. ვახტანგ გორგასალი ყველაფერს აკეთებდა, რომ მისი ხალხი აღმოსავლეთს არ დამორჩილებოდა, არ დამსგავსებოდა.
კარგად იცოდა ვახტანგ გორგასალმა, თუ მისი შთამომავლობა აღმოსავლეთს დამორჩილდებოდა და თუ ქრისტეზე უარს ვიტყოდით, არა მარტო აღმოსავლეთის კულტურული არეალის ნაწილად ვიქცეოდით, არამედ ანთროპოლოგიურად გადავგვარდებოდით. აღარაა ლაპარაკი იმაზე, რომ ჭეშმარიტ გზას, ქრისტიანობას დავკარგავდით. სხვათა შორის, აღმოსავლეთის დესპოტურობა შეთვისებული აქვს რუსეთის იმპერიას. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ხალხი ქრისტიანია, მათი სახელმწიფო აღმოსავლეთის უარყოფით თვისებებს ატარებს და არა დადებითს.
სამეფო ტახტზე ავიდა დაჩი ვახტანგის ძე. ვახტანგ მეფის მეორე ცოლი, ბერძნის ქალი და მისი ორი ძე, სამმა ერისთავმა წაიყვანა და დაიკავეს ქართლის დასავლეთი, რაც მათ ვახტანგ გორგასალმა გამოუყო. ზაფხულს ქალაქ წუნდაში ატარებდნენ, ზამთარს – ოძრხეში. მათ არ უწოდებდნენ მეფეებს, არამედ ერისთავებს და მორჩილობდნენ ისინი უფროს ძმას – მეფე დაჩის.
დაჩი მეფემ დაიწყო სპარსთა მიერ აოხრებული იბერიის აღდგენა. იავარქმნილი იყო ყველა კუთხე, გარდა კახეთისა, კლარჯეთისა და ეგრისისა. ვახტანგის ძემ დაასრულა ტფილის ქალაქის ზღუდეების მშენებლობა. ქვეყნის დედაქალაქად გამოცხადდა ტფილისი, როგორც ეს უნდოდა დიდ სტრატეგს, მის სახელოვან მამას.
გარდაიცვალა ქართლის პირველი კათალიკოსი პეტრე პირველი და საკათალიკოსო ტახტზე ავიდა მისი მეგობარი, სამოელ პირველი. კათალიკოსების სადგომად განისაზღვრა მცხეთა, ესეც – მეფე ვახტანგ პირველის ბრძანების მიხედვით. ჯერ კიდევ წარმართობის ხანიდან, მცხეთა უდიდესი მნიშვნელობის ქალაქი იყო ქართველთათვის, როგორც იერუსალიმი – ისრაელთათვის (ამ თემაზე შესანიშნავი ესე აქვს დიდ პოეტს, გოგლა ლეონიძეს). მერე მცხეთაში დაივანა უფლის კვართმა. შემდეგ მცხეთაში მოაქცია ქრისტიანობაზე ქართველთა მეფე და დედოფალი წმიდა ნინომ. ამგვარად, ორი ცენტრი ჩამოყალიბდა იბერიაში, ერთი – სახელმწიფო, ტფილისში, მეორე კი – რელიგიური, მცხეთაში.
მეფე დაჩიმ მოიწვია მთიულები და სთხოვა ეღიარებინათ ქრისტე. მაგრამ მათ არ ინებეს და განდგნენ ნოპატელები, ვახტანგ მეფის ორ ძესთან ერთად, რომლებიც იყვნე ნაშობნი კეისრის ასულისგან, ვახტანგ გორგასლის მეორე ცოლისგან.
მაგრამ, ამასობაში, გარდაიცვალა ვახტანგის ძე, ლეონი და დარჩა მხოლოდ მირდატი. მეფე დაჩიმ, ძმას, მირდატს გარიგება შესთავაზა. მეფემ საგამგებლო გაუცვალა, ოდესღაც ბიზანტიის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, რომელიც კეისარმა დაუბრუნა ვახტანგ გორგასალს, ეგრისწყალსა და კლისურას შორის გამოართვა და სამაგიეროდ მისცა ჯავახეთი ფარავნის ტბამდე. მირდატ ვახტანგის ძემ დაიკავა ტერიტორია ფარავნიდან და ტაშისკარიდან, ვიდრე სპერის ზღვამდე და იქ ერისთავად დაჯდა. ის ემორჩილებოდა თავის სუზერენ ძმას, მეფე დაჩის. მირდატმა ჯავახეთში წყაროსთავის ეკლესია ააშენა.
გარდაიცვალა მეფე დაჩი. ტახტზე ავიდა მისი ძე, ბაკური.