№31 იძებნება სიკვდილით მოთამაშე
– სპირს, იცოდე, იგივე არ დაგემართოს, რაც მაშინ.
– არ დამემართება, – მიუგო სპირსმა ჰარისს.
– ქართულმა მხარემ თუ იცის რუსების ჩამოსვლის შესახებ?
– ალბათ, ეცოდინება, თუმცა შეფს ჩემთვის არაფერი უთქვამს.
– მოდი, მინისტრს დავურეკოთ და ვუთხრათ.
– შეფს ასეთი ბრძანება არ გაუცია და არ ვართ ვალდებულები.
– კეთილი. მასე იყოს. მაგრამ, თუკი უხერხული სიტუაცია შეიქმნება, მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე. ქართველებსაც შენ გაეცი პასუხი და ჩემი დახმარების იმედი ნუ გექნება, – უთხრა ჰარისმა სპირსს და სააბაზანოში შევიდა.
დილის რვა საათი რომ შესრულდა, სპირსი და ჰარისი აეროპორტში გაემგზავრნენ ერევნიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავის დასახვედრად. ამ რეისით საქართველოს დედაქალაქში რუსეთის სპეცსამსახურის დელეგაცია მოფრინავდა, რომელსაც „მეგობრობა“ ერქვა.
განრიგის მიხედვით, რუსები თბილისში ზუსტად დილის ცხრის ნახევარზე უნდა დაშვებულიყვნენ და ამერიკელები ვარაუდობდნენ, რომ ახალდაშვებულ ერევნის რეისს პირდაპირ ტრაპთან მიუყენებდნენ „ჯიპს“ და რუს კოლეგებს წამოიყვანდნენ. ხოლო თუკი ერთი მანქანა არ ეყოფოდათ, სხვა „ჯიპებსაც“ დაამატებდნენ. ამისთვის ამერიკელებმა წინასწარვე იზრუნეს და აეროპორტის მისადგომებთან კიდევ ხუთი „ჯიპი“ ჰყავდათ მობილიზებული.
ცხრის თხუთმეტი წუთი იყო და აეროპორტამდე ორიოდე კილომეტრიღა რჩებოდა. „ჯიპის“ მძღოლმა მოსახვევის მსგავსი კლაკნილი გაიარა, მანქანა გაასწორა და სისწრაფის მომატებას აპირებდა, მაგრამ პირიქით მოიქცა და სვლას უკლო. ასიოდე მეტრში მანქანების უზარმაზარი საცობი გამოჩნდა და აშკარა იყო, რომ მის დაღწევას არც თუ ისე მცირე დრო დასჭირდებოდა. სპირსმა საათს დახედა და თქვა:
– ფუი, ესღა გვაკლდა. აშკარაა, რომ დიდი საცობია და აეროპორტში დროულად მისვლას ვერ მოვახერხებთ. რა არეული ქალაქია. ვის გაუგონია აეროპორტის გზატკეცილზე ამხელა საცობი. ხომ შეიძლება, ამის გამო მგზავრს თვითმფრინავზე დააგვიანდეს?
– სულ დაგვიანებულ მგზავრებზე ზრუნავ, – ირონიით თქვა ჰარისმა და დააყოლა, – ვაშინგტონში ასეთი რამ არ ხდება ხომ?
– შეადარე ეს დამპალი ქალაქი ვაშინგტონს, – მედიდურად თქვა სპირსმა და ქედმაღლურად გადახედა ჰარისს, რომელმაც თავი გააქნია და კოლეგას მიუგო.
– სპირს, უკვე დაგავიწყდა, შენმა დამოკიდებულებამ ადგილობრივების მიმართ რა მოგიტანა?
– რა მომიტანა? – ჯიუტად იკითხა სპირსმა.
ჰარისს ცინიკურად გაეცინა და სპირსს უთხრა:
– პირველ რიგში, დაგამცირა. ეს კი იმ ქვეყნის პრესტიჟს ლახავს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ვითომდა შენ მას აღმერთებ, სინამდვილეში კი, არცხვენ. შენ ხომ კვალიფიციურად, მოკლედ აგიხსნეს, თუ ვინ არიან ქართველები და რა არის საქართველო? რატომ გაქვს ასეთი უარყოფითი განწყობა ამ ქვეყნისა და ხალხის მიმართ?
– ვითომ შენ არ გაქვს ასეთი განწყობა, – კითხვა შეუბრუნა სპირსმა ჰარისს.
– მქონდა, მაგრამ აღარ მაქვს და ვაღიარებ, რომ ვცდებოდი. სამწუხაროდ, შენ აგყევი არასწორ შეფასებებში. თუმცა, შენგან განსხვავებით, მალევე მივხვდი, რომ ვცდებოდი და ვაღიარებ კიდეც ამას.
– რა მალე იცვლი აზრებს... – ცინიკურად თქვა სპირსმა.
– მცდარ აზრს რაც უფრო მალე შეიცვლი, მით უკეთესი შენთვის და საქმისთვის, – თქვა ჰარისმა და დაამატა – ერთი ეს მითხარი, რატომ გაქვს ასეთი უარყოფითი წარმოდგენა ქართველებსა და საქართველოზე და რატომ არ გინდა რეალობა დაინახო?
– რომელი რეალობა? ხელგაწვდილი რომ გვემათხოვრებიან ლუკმა პურს და საკუთარი თავდის დაცვა არ ძალუძთ?
– ამას უფრო ღრმა ფესვები აქვს და ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა, – თქვა ჰარისმა და დააყოლა, – რადგან ღარიბები და სუსტები არიან, ჭიაყელებივით უნდა გავსრისოთ?
– სწორედაც რომ, ჭიაყელები არიან, ჰარის, სწორედაც და იმისთვის გვჭირდებიან, რომ მიწა გაგვიფხვიერონ, რომელშიც ჩვენ ჯანსაღ თესლს ჩავაგდებთ და ნოყიერ მოსავალს მივიღებთ. ეს ჭიაყელები კიდევ იმიტომ გვჭირდებიან, რომ ჩვენი ანკესის კაუჭზე წამოვაგოთ და წყალში რომ მოვისვრით, იქიდან მსხვილი თევზი ამოვიყვანოთ, – უთხრა სპირსმა ჰარისს. გაუღიმა და დააყოლა, – გლობალური ბრძოლა მიმდინარეობს პლანეტაზე, კოლეგავ, ასე ვთქვათ, ვეშაპების ბრძოლა და ამ ოჯახში პატარა ლიფსიტები თუ დაწყდებიან, დიდი ვერაფერი დანაკლისია ცივილიზაციისთვის.
– და შენ ცივილიზაციისთვის ზრუნავ?
– რა თქმა უნდა.
– მაინც, რომელი ცივილიზაციისთვის. რა ჰქვია მას?
– შენ რა, არ იცი?
– არა.
– რომელი ცივილიზაციისთვის და ამერიკულისთვის.
– ამერიკულისთვის?
– ჰო, ამერიკულისთვის.
– ამიხსენი ერთი, რას ნიშნავს ამერიკული ცივილიზაცია?
– კეთილდღეობას, პროგრესსა და თავისუფლებას.
– თავისუფლება, შემთხვევით, თავნებობასა და თავგასულობაში ხომ არ გეშლება. კეთილდღეობა, შენი გაგებით, სიხარბე და უხამსობა ხომ არაა? ნუთუ ვერ ხვდები ამდენს, რომ შეუზღუდავი პროგრესი და უკონტროლობა მსოფლიო აპოკალიფსის საწინდარია? შენ, სპირს, ტიპური პარაზიტი ხარ, რომელსაც ჯანსაღი გრძნობა არ გააჩნია და მზადაა, მილიონები გაიღოს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც კრეტინმა მას ჩააგონა – ეს ამერიკას სჭირდებაო. ამერიკას ახლა გონიერება სჭირდება. შენ და შენნაირი უსულო და უგუნურები კი მას უფსკრულისკენ მიაქანებენ და თუკი ვინმემ არ გაგაჩერათ, ყველასა და ყველაფერს დაღუპავთ.
სპირსმა თავი გააქნია. მხრები აათამაშა და ჰარისს უთხრა:
– შენ, ძმაო-კოლეგავ, შენი სამშობლოს მოწინააღმდეგე ყოფილხარ და ჩემი აზრით, დაკავებულ თანამდებობას არ შეეფერები. სამწუხაროა, რომ ბიუროს ხელმძღვანელობას ეს გამოეპარა და ნდობა გამოგიცხადეს.
– სპირს, – ჰარისმა ირონიული მზერა ესროლა კოლეგას, – ჩემი სამშობლოსთვის მე პერმანენტულად ბეწვის ხიდზე დავდივარ და არაერთხელ ჩამიხედავს თვალებში სიკვდილისთვის. ეს ყველამ კარგად იცის. მენდობიან და სწორედ ამიტომაც ვარ იქ, სადაც ვარ. აი, შენ კი, შენი ასეთი მსოფლმხედველობითა და დამოკიდებულებით, ნამდვილად საშიში ხარ ირგვლივ მყოფებისთვის და თუკი ვინმე გამოეპარათ ბიუროში, პირველ რიგში, ის სწორედ შენ ხარ.
– ვინ ვის სად და როდის გამოეპარათ, ამას დრო გვიჩვენებს, ჰარის, – გესლიანად თქვა სპირსმა. საათს დახედა და დააყოლა, – უკვე ცხრის ნახევარია. რუსები, ალბათ, ჩამოფრინდნენ კიდეც. რაიმე უნდა ვიღონოთ, რომ დიდხანს არ ვალოდინოთ კოლეგები.
– თავის დროზე უნდა გეღონა, სპირს. რომ გითხარი, მინისტრს დაურეკე-მეთქი, უნდა დაგეჯერებინა. ახლა უკვე გვიანია და უხერხულიც კი არის – წამოსვლის წინ რომ შეხმიანებოდი მინისტრს, ახლაც დაურეკავდი და ვერტმფრენით მივიდოდით რუსი კოლეგების დასახვედრად. არ მგონია, რომ მინისტრს იმდენი არ შეეძლოს, ერთი ვერტმფრენი შეგვაშველოს, – თქვა ჰარისმა.
– კარგი იდეაა, ჰარის, ხომ იცი, – თვალები გაუბრწყინდა სპირსს, – ახლავე დავურეკავ.
ჰარისმა თავი გააქნია და თქვა:
– უსირცხვილო ადამიანი ხარ, სპირს და თავმოყვარეობა არ გაგაჩნია.
სპირსმა ყურადღება არ მიაქცია ჰარისის სიტყვებს და მინისტრის მობილურის ნომერი აკრიფა. ტელეფონი გამორთული იყო. შემდეგ, ჰიუსტონ სოდას დაურეკა მობილურზე, მაგრამ არც მისი ტელეფონი იყო ჩართული.
– ფუი, ამის დედაც... – შეიგინა სპირსმა და დააყოლა, – რა ჭირი სჭირთ, რომ ყველას ერთდროულად გამოურთავს მობილური?
ჰარისს გაეცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. სპირსმა კი აეროპორტის მისადგომებთან მობილიზებული ამერიკული „ჯიპების“ მძღოლებს დაურეკა, ტელეფონები მათაც გამორთული ჰქონდათ. ამან ბიუროს „მთავარი გამომძიებელი“ უკიდურესად გააცოფა და სოდას კაბინეტის ნომერი აკრიფა. ზარი გავიდა, თუმცა არავინ პასუხობდა. სპირსი სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა და უკიდურესი სიტყვებით იგინებოდა, თან წამოჭარხლებული ფიზიონომია ოფლით ეფარებოდა. ბოლოს მობილური ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ცხვირსახოცი ამოაცურა, რომ ოფლიანი სახე მოეწმინდა. ჰარისმა კი კოლეგას უთხრა:
– ეჭვი მაქვს, სპირს, რომ ეს ყველაფერი საგანგებოდაა მოწყობილი.
– რას გულისხმობ, ჰარის? – ვერ მიხვდა სპირსი.
– რას და ამ საცობს, სპირს, – თქვა ჰარისმა და დააყოლა, – გამორთულ ტელეფონებსა და მთელ ამ სიტუაციას.
– შენ ასე ფიქრობ? – თქვა სპირსმა.
– ასე ვფიქრობ და მე მგონი, სწორედაც რომ ასეა, ჩვენდა სამწუხაროდ, – თქვა ჰარისმა, რომელმაც მოძრაობის მოპირდაპირე ზოლზე დიდი სისწრაფით მქროლავ „ჯიპებს“ გააყოლა თვალი. საათს დახედა და დაამატა, – ვფიქრობ, რომ საცობი წუთი-წუთზე გაიხსნება.
და, მართლაც, ჰარისს სიტყვაც კი არ ჰქონდა დასრულებული, რომ საცობში გაჭედილი მანქანები აეროპორტის მიმართულებით დაიძრნენ. სპირსმა საათს დახედა დათქვა:
– ცხრას ათი წუთი აკლია. ალბათ, ჩვენი ლოდინი მობეზრდათ, – შემდეგ „ჯიპის“ მძღოლი დაცეცხლა:
– რაღას უდგახარ, ჩქარა წადი, რომ რაც შეიძლება, მალე მივიდეთ.
მძღოლმა სისწრაფეს უმატა. ჰარისმა კი სპირსს უთხრა:
– ვფიქრობ, ტყუილად ვირჯებით და რუსები უკვე ქალაქის ცენტრისკენ მიემართებიან.
– ეგ როგორ? – შეიცხადა სპირსმა.
– როგორ და, როგორც საცობი მოგვიწყვეს, ისევე აგვაცალეს ჩვენი კოლეგები ცხვირწინ. აი, როგორ, – თქვა ჰარისმა და დაამატა, – ახლავე დაგარწმუნებ ამაში, სპირს.
– როგორ დამარწმუნებ? – იკითხა სპირსმა, რომელიც ჯერ კიდევ სახეწამოჭარხლებული, ოფლიანი და დაბნეული იყო. ჰარისმა ირონიით შეხედა კოლეგას. შემდეგ მობილური ტელეფონი ამოაცურა და ხმამაღალზე ჩართო. მინისტრის ნომერი აკრიფა და დაელოდა. ზარი გავიდა და მინისტრმა უპასუხა:
– გისმენთ.
– გამარჯობა, გურამ. ჯონი ჰარისი გირეკავთ.
– დილა მშვიდობისა, კოლეგავ. როგორ ხართ?
– გმადლობთ, თქვენ?
– არა მიშავს, – თქვა მინისტრმა და დაამატა, – ბატონო ჰარის, აეროპორტში რატომ არ მობრძანდით თქვენ და ბატონი სპირსი? ჩვენი რუსი კოლეგები რომ ჩამოდიოდნენ ჩვენს დასახმარებლად ხომ არ დაგავიწყდათ? რომ არ მოხვედით, ვიფიქრეთ, ძალიან დაღლილები იყვნენ და ალბათ, მაგრად სძინავთო. ამიტომ აღარ შეგაწუხეთ და ჩვენი რუსი კოლეგები უთქვენოდ წამოვიყვანეთ.
– ბატონო გურამ, ჩვენ არ ჩაგვძინებია და ჩვენი რუსი კოლეგების დასახვედრად მივდიოდით, მაგრამ აეროპორტის გზაზე დიდი საცობი იყო და მხოლოდ ახლა გაიხსნა, – თქვა ჰარისმა.
– მერე და ვერ დამირეკეთ, ბატონო ჰარის. ვერტმფრენს გამოგიგზავნიდით ან, სულაც, ჩვენ წაგიყვანდით აეროპორტში სტუმარი კოლეგების დასახვედრად.
– სპირსი გირეკავდათ, გურამ, მაგრამ მობილური გამორთული გქონდათ და არც სოდას კაბინეტიდან გვპასუხობდნენ.
– ჰიუც ჩვენთან ერთად დახვდა კოლეგებს, ბატონო ჰარის. ამიტომ, ნუ იდარდებთ – ამერიკული მხარეც იყო წარმოდგენილი, – თქვა მინისტრმა.
– კიდევ კარგი, – თქვა ჰარისმა და სპირსს ირონიით შეხედა, რომელიც თვალებანთებული უსმენდა სატელეფონო საუბარს.
– ბატონო ჰარის, ამჟამად სად იმყოფებით?
– აეროპორტისკენ მივდივართ, – მიუგო ჰარისმა გურამს.
– მოაბრუნეთ მანქანა და მცხეთისკენ წამოდით. თქვენი „ჯიპის“ მძღოლმა იცის, სად.
– მცხეთა რა არის?
– საქართველოს ძველი დედაქალაქია, ბატონო ჰარის, აქვე ერთი მყუდრო და დიდებული რესტორანია. ჩვენი კოლეგები მშივრები არიან და უნდა ვასადილოთ. თქვენც შემოგვიერთდით. სუფრა უკვე გაშლილია და მალე მივალთ.
– კარგი, გურამ. მოვდივართ. შეხვედრამდე, – უთხრა ჰარისმა მინისტრს და მობილური გათიშა. შემდეგ კი მძღოლს მიუბრუნდა:
– გაიგეთ, ხომ?
– დიახ, სერ. ახლავე მოვაბრუნებ მანქანას და ოც წუთში მიგიყვანთ ადგილზე. იქ ისეთი საჭმელებია, რომ როგორც ქართველები იტყვიან, თითებს ჩაიკვნეტთ.
– შორსაა ეგ ადგილი?
– ორმოცდაათიოდე კილომეტრში აქედან... – მიუგო მძღოლმა ჰარისს, რომელმაც მძღოლს მკაცრად უთხრა:
– ოც წუთში რომ ორმოცი კილომეტრი გაიარო, თანაც, უმეტესი მანძილი ქალაქში, ესე იგი, ძალიან სწრაფად და წესების დარღვევით უნდა იმოძრაო. ამიტომ, მკაცრად გაფრთხილებ, რომ ამიერიდან ასე აღარ მოიქცე და წესი დაიცავი, გასაგებია?
– გასაგებია, სერ! – მიუგო ჰარისს „ჯიპის“ მძღოლმა, რომელიც მართალია, ყოველთვის დარღვევბით დადიოდა, მაგრამ ქართველებსაც პატივს სცემდა და საქართველოსაც და სპირსივით ქედმაღლურად არასოდეს მოქცეულა. პირიქით, „ჯიპის“ მძღოლს ქართველებზე ძალიან კარგი წარმოდგენა ჰქონდა და ისიც იცოდა, რომ ადგილობრივები მოყვარეს მოყვრულად ხვდებოდნენ და მტერს კი – მტრულად.
მელორ სპირსი კი, რომელმაც ჰარისისა და გურამის საუბარი მოისმინა, დარწმუნდა, რომ ქართველები მართლაც არ იყვნენ ხელწამოსაკრავები და რომ უკვე მეორედ, ზედიზედ, დამარცხდა მათთან. ამიტომ, უფრო მეტად დაიბოღმა. თუმცა, იმდენი ჭკუა ეყო, რომ ლანძღვა აღარ გაუგრძელებია და ხმას არ იღებდა. ჰარისმა კი სპირსს ალმაცერად შეხედა და უთხრა:
– კარგი იყო, ჩემთვის დაგეჯერებინა, სპირს, მაგრამ ახლა, რა გაეწყობა? ასე თუ ისე, მაინც შედარებით კარგად გამოვიდა ყველაფერი და კიდევ ერთხელ, ალბათ, ბოლოჯერ, გირჩევ – მსგავსი შეცდომა აღარ მოგივიდეს, ხომ დაინახე, რომ ქართველები ისეთები არ არიან, როგორებიც გგონია?
სპირსს პასუხი არ გაუცია ჰარისისთვის.
***
ვაშინგტონიდან მოვლინებული „ეფბეერელები“ აეროპორტიდან მცხეთის მყუდრო რესტორნამდე მისვლას ორმოცდახუთი წუთი მოუნდნენ. მწვანეში ჩაფლულ მაგიდას რომ მიუახლოვდნენ, შეჩერდნენ და იქაურობას თვალი მოავლეს. ჰიუსტონ სოდასთან ერთად, სუფრასთან ხუთი ქართველი იჯდა, დანარჩენი თორმეტი სტუმარი კი – მათ შორის ერთი ქალი, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი იყო. სუფრა დიდი ხელოვნებით იყო გაშლილი და ჩიტის რძეც არ აკლდა. რუსი კოლეგები დინჯად მიირთმევდნენ საჭმელს და შემოსწრებულებს ყველამ ერთად მიაპყრო მზერა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში