№31 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-30(917)
ირმას არ სწყენია ეს უხეშობა, რადგან მიხვდა, რომ კაცი ისევ ამ ხერხით ცდილობდა უხერხულობისა და სირცხვილის შენიღბვას. ამიტომ მაშინვე ამოიღო საფულე, თავისთვის მხოლოდ გზის ფული დაიტოვა, დანარჩენი კი გამოწვდილ ხელში ჩაუდო და თანაგრძნობით უთხრა:
– ამით სადმე საჭმელი იყიდეთ, ცოტა ხანს მაინც გეყოფათ.
კაცმა ფული გადათვალა და გაოცებით აზიდა წარბები:
– ოჰო! არ დაგენანათ ამხელა თანხა? – მერე ფული გულისჯიბეში შეინახა და ქალს არცთუ მორიდებით უპასუხა: – მე უკეთესად ვიცი, რაშიც გამოვიყენებ!
– შეიძლება, რაღაც გკითხოთ? – ირმამ წყენა არ შეიმჩნია.
– მკითხეთ, რაც გინდათ, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ, ოღონდ, ამ ფულს კიდევ უფრო ვრცელ ინსტრუქციას ნუ მოაყოლებთ.
– არა, სულ სხვა თემაზე უნდა შეგეკითხოთ.
– შემეკითხეთ, – გაეღიმა ბომჟს, მაგრამ, წინასწარ გაფრთხილებთ, ნუ შეეცდებით ჩემი ვინაობის გარკვევას, მაინც არ გეტყვით.
– რატომ? – გაუკვირდა ირმას, – თუმცა სიმართლე გითხრათ, სხვა რამე უნდა მეკითხა.
– სხვა რა გაინტერესებთ?
– ხომ არ გეწყინებათ, ჩასაცმელიც რომ მოგცეთ? მამაჩემს იმდენი ტანსაცმელი აქვს, კარადაში აღარ ეტევა. თან, ზუსტად თქვენი აღნაგობისაა...
– მამათქვენი ცოცხალია? – დაეჭვებით შეაწყვეტინა სიტყვა კაცმა.
– დიახ. რატომ მეკითხებით? – გაოცდა ირმა.
– რა ვიცი, საერთოდ, როგორც წესი, გარდაცვლილის ტანსაცმელს გასცემენ ხოლმე ასე დაუნანებლად, – ისევ ირონია გაერია ხმაში ბომჟს, – მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც გამოგართმევთ. ნახევარი საქართველო „სექენდ ჰენდში“ ყიდულობს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს და ვინ რა იცის, ცოცხლების გამონაცვალს იცვამს თუ მკვდრებისას?!
ირმა უხერხულად გაჩუმდა. თითქმის ინანა, რაც შესთავაზა და, ის იყო, ბოდიშის მოხდა დააპირა, რომ კაცმა პირდაპირ ჰკითხა:
– სად და როდის მოვიდე?
– ხვალ დილით მოდით, რვიდან ცხრა საათამდე. მერე სამსახურში მივდივარ. ამ საღამოს გადავარჩევ და დილისთვის გაგიმზადებთ პარკებით, – ირმამ დედამისის მისამართი ჩააწერინა და წასვლა დააპირა?
– ხომ არ ჯობია, გვიან ღამით მოვიდე? – ჰკითხა კაცმა და უხერხულად ჩაახველა.
– ბატონო?! – ვერ მიხვდა ირმა და ცოტა დაიძაბა.
– ღამით წავიღებ, რომ სადარბაზოდან ფუთებით გამოსული არავინ დაინახოს, – მაინც ტეხავს ხოლმე ხანდახან, – კაცმა ისევ ჩაახველა და ქალს დაჟინებით შეხედა სახეში, თითქოს ისიც ცდილობდა, მისი თვალები დაენახა და ვიღაცა თუ რაღაცა გაეხსენებინა.
– არა, ღამემდე ვერ მოვასწრებ. მაშინ, ან ხვალ დილის შვიდისთვის ან ხვალ ღამის 12 საათისთვის მოდით. გაწყობთ?
– კი ბატონო, მაშინ, ხვალ ღამით მოვალ, – ბომჟმა მისამართიანი ფურცელი გულისჯიბეში შეინახა და ისევ სახეზე დააკვირდა ქალს.
– ასე დაჟინებით რატომ მიყურებთ? – ვერ მოითმინა ირმამ.
– უცებ მომეჩვენა, რომ სადღაც მყავხართ ნანახი.
– მართლა? ძალიან მეეჭვება, – აილეწა ირმა, უხერხულობა რომ დაეფარა, სასწრაფოდ დაემშვიდობა და კაფესკენ ფეხით გაემართა, თუმცა უკვე ნამდვილად შეეპარა ეჭვი, სწორად იქცეოდა თუ არა, რომ ქმრისგან ორი დღის წინ წამოსული, პირველი დაძახებისთანავე გარბოდა პაემანზე თითქმის უცნობ მამაკაცთან, რომელიც არ უყვარდა და რომელზეც მხოლოდ დადებითი (თუმცა კი არასრული, ინფორმაცია ჰქონდა. მართალია, არასწორად მიაჩნდა თავისი საქციელი, მაგრამ თითქოს რაღაც უცნობი ძალა ექაჩებოდა მირიანისკენ. საათზე დაიხედა და აღმოაჩინა, რომ თითქმის ორმოცი წუთი დააგვიანა და შერცხვა. კინაღამ გადაიფიქრა კაფეში მისვლა, მაგრამ, თავისდაუნებურად, ფეხს აუჩქარა.
***
კაცი მიტოვებული თუ დაუმთავრებელი სახლის ნახევარსარდაფიდან ამოვიდა, თმა და ტანსაცმელი ხელით შეისწორა და თვალები მოიფშვნიტა. ნახევრად მონგრეული კიბის ქვეშიდან წყლიანი ბოთლი გამოიღო, წინ გადაიხარა, თავზე დაისხა და სახეზე ჩამოწუწული წვეთები ცალი ხელით ჩამოიწურა, კმაყოფილმა თავი ძლიერად გააქნია, დაიფრუტუნა და სახე კიდევ ერთხელ ჩამოიწურა ხელებით; მერე ბოთლს გახედა, შიგ ჩარჩენილი წყალი მოიყუდა და სულმოუთქმელად დალია. ცოტა რომ გამოფხიზლდა, სველი თმა თითებით გადაივარცხნა, დაკუნთულ, მაგრამ ცოტა ზედმეტად გამხდარ სხეულზე საკმაოდ შელახული და გაცრეცილი, მაგრამ სუფთა მაისური გადაიცვა; კიბის მოაჯირზე გადაკიდებული დიდჯიბეებიანი ჟილეტი მოიცვა და კიბის ქვეშ დადგმულ სკივრის მაგვარ ყუთს ახადა თავი.
– მარაგი გამოლეულა, – ჩაილაპარაკა თავისთვის, – საჭიროა შევსება, მაგრამ როგორ? – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ კი ორჭოფულად დაამატა: – მართალია, რაღაც თანხა მაქვს, მაგრამ იმის ხელის ხლება ჯერ არ შეიძლება. ამიტომ, რა დამრჩენია? რა და, ნისია, თუ, რა თქმა უნდა, მომცეს რამე, რადგან ჯერ წინა ვალიც არ გამისტუმრებია. თუმცა, როგორც იტყვიან, ცდა ბედის მონახევრეა, მით უმეტეს, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს. ეს მთლად კარგი გზა არ არის, მაგრამ არც ქვეყნიერების დასასრულია. ამაზე უარესი დროც მქონია და გადამიტანია, ჰოდა, ამასაც გადავიტან.
კაცმა კიბის მოაჯირზე მიმაგრებულ, ძველი მანქანის სარკეში ჩაიხედა, აბურდული წვერი ისევ თითებით გაისწორა, საკუთარ გამოსახულებას თვალი ჩაუკრა და თავისი მდგომარეობისთვის შეუფერებლად მხნედ, ოდნავ თეატრალიზებულად წარმოთქვა:
– ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, უფრო სწორად კი, ყველაფერი კარგადაა, რადგან ცოცხალი ვარ და სიარული და აზროვნება შემიძლია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ შიმშილით და სიცივით არ მოვკვდები, – მერე გაჩახჩახებულ მზეს ახედა, შუბლიდან ოფლი მაჯით მოიწმინდა და სიცილით დაამატა: – და, ღვთის მადლით, ალბათ, არც სიცხით. – ამის შემდეგ ოდესღაც სახლის გარშემო შემოვლებული, ახლა კი ალაგ-ალაგ გადაქცეული ღობისკენ წავიდა და ჩვეული რიტუალი ჩაატარა: ორი თუ სამი უზარმაზარი უჯრედებიანი ჩანთა გამოფერთხა, დაკეცა, ერთ ცელოფნის პარკში მოათავსა და იღლიაში ამოიჩარა, მერე ოდნავ დაჭედებულ ჭიშკრამდე მხედრული ნაბიჯით მივიდა, ასევე მხედრულად მოტრიალდა სახლისკენ, სახურავის ქვეშ გაჭიმულ თეთრ ნაჭერს პათეტიკური სიამაყითა და მოწიწებით ახედა და უკვე ნამდვილი რწმენით წაიკითხა ხმამაღლა:
– „ყოველთვის ასე არ იქნება!“ – მერე კი ჩაიჩურჩულა: – ის ნამდვილად მინიშნება იყო, ნიშანი იყო ზევიდან... – ბოლოს მხედრული სალამი აუღო თეთრ ტილოს, თითქოს ჩინით უფროსს მიესალმაო, ქუსლებზე შეტრიალდა და უახლოესი მაღაზიისკენ გაეშურა – მთელ უბანში ერთადერთი პაწაწინა მაღაზიისკენ, რომლის გამყიდველიც ხანდახან ნისიად აძლევდა ხოლმე მცირეოდენ პროდუქტსა და სიგარეტს, რადგან, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ენდობოდა და რაღაცით მოსწონდა კიდევ ეს უცნაური ბომჟი.
– ელო, გამარჯობა! როგორ ხარ, როგორ მიდის საქმეები? – მიესალმა არც მთლად ახალგაზრდა და არცთუ ლამაზ, გაუთხოვარ გამყიდველს, რომელიც ცალი თვალით იჭყიტებოდა კედელზე ჩამოკიდებულ პაწაწინა სარკეში და წამწამებს იტუშავდა, – რა იყო, სახლში ვერ მოასწარი გალამაზება?
– მე ისედაც ლამაზი ვარ, – დაყვედრებულად გაეპრანჭა გამყიდველი, აქაოდა, შენისთანა დაბალ დონეს ვუყადრებ თავს და ველაპარაკებიო, – თანაც, რამდენჯერ გითხარი, ელო კი არა, ელე დამიძახე!
– უკეთესი მოვიფიქრე, – მხიარულად უთხრა კაცმა, – ელის დაგიძახებ, უფრო ლამაზადაც ჟღერს და უფრო სვეცკურიც არის.
– კარგი, – ქალს აშკარად მოეწონა ახალი სახელი და გაინაზა, – მაგრამ ზუსტად ვიცი, რატომაც მეპადხალიმები.
– რატომ? – ვითომ დაინტერესდა ბომჟი.
– ნისია გინდა, მაგრამ ვერ მოგართვი, უკვე ისედაც ჩვიდმეტ ლარზე ხარ ასული, ოცდათხუთმეტ თეთრზე აღარაფერს ვამბობ.
– ვიცი. ახლა ცოტა რამე-რუმეს კიდევ მომცემ და ორ-სამ დღეში მთლიანად დაგიბრუნებ. ხომ იცი, რომ არ შევირჩენ.
– ჰო, ვიცი, მაგრამ მეც ხომ ცოდო ვარ – საქონელი მაქვს შემოსატანი და ერთი თეთრი არ მიგდია სალაროში, – თავი მოისაწყლა გამყიდველმა.
– ჩემო მშვენიერო ელი, შენ რომ ახლა პროდუქტი არ მომცე, რამდენიმე დღეში შიმშილით მკვდარს მიპოვნიან ჩემს სოროში, რის გამოც პანაშვიდზე და გასვენებაშიც მოგიწევს მოსვლა და, გარდა იმისა, რომ ის ჩვიდმეტი ლარიც გაუსტუმრებელი დამრჩება, საკუთარი ჯიბიდან ერთი ათი ლარი კიდევ დაგეხარჯება. ამიტომ აირჩიე, რა გირჩევნია.
– რაში უნდა დავხარჯო ათ ლარამდე? – დაიბნა ელი.
– ყვავილები ხომ უნდა მოიტანო პანაშვიდზე, ერთი სანთელი ხომ უნდა დამინთო. ამ მოსვლა-წასვლაში მგზავრობის ფულიც მიუმატე და აღარ დაასრულა კაცმა.
– ჰო, კარგი, ცოცხლად ნუ დაიმარხავ თავს ერთი პურის გამო და ჯანდაბას შენი თავი (ისეთი ენა გაქვს, ჩემნაირ გულჩვილ გოგოს კი არა, ეშმაკს შეაცდენ, – დანებდა გამყიდველი, – ოღონდ, ბევრს ვერ მოგცემ, იცოდე!
კაცმა მადლიერებით შეხედა გოგოს ასაკს კარგა ხნის წინ გადაცილებულ ელის, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და უთხრა:
– ბევრი არც მინდა: ოთხი ცალი კვერცხი, ერთი შავი პური – ყველაზე იაფიანი, ორი კიტრი, ორი პამიდორი, ორი „მაკკოფე“ და ორასი გრამი ყველი.
– კიტრი და პამიდორი ორ-ორი კილო? – ჩაეკითხა ქალი და ბოსტნეულისკენ გაემართა.
– კილო არა, ტონა! – გაეცინა კაცს, – ორ-ორი ცალი. ჰო, კიდევ. პატარა ბოთლით ზეთი და ერთი კოლოფი სიგარეტი.
– ეს გეყოფა ამხელა კაცს მთელი დღე? – გულწრფელად შეეცოდა გამყიდველს.
– ორი დღე, – შეუსწორა ბომჟმა, – ეს ჩემი ორი დღის ულუფაა, ზეთის გარდა. ფულიც რომ მქონდეს, მეტს მაინც არ ვიყიდი, – მაცივარი გამიფუჭდა და ვერ შევინახავ.
ქალმა ყველაფერი კოხტად ჩაულაგა პარკში და ზემოდან ნახევარლიტრიანი „კოკა-კოლაც“ დაადო, – ეს ჩემგან საჩუქრად.
კაცს მზერა გაუთბა, გამყიდველს გაუღიმა და მერე უცებ ძალიან სერიოზულად უთხრა:
– არ ვიცი, რამდენ ხანში, მაგრამ, სავარაუდოდ, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, როცა ისევ გავმდიდრდები, ანუ როცა ჩემს ქონებას დავიბრუნებ... შეშინებული ნუ მიყურებ, კანონიერი გზით დაბრუნებას ვგულისხმობ... იცოდე, მეფურად გადაგიხდი ამ სიკეთეს.
– ოღონდ შენ გამდიდრდი და ადამიანური საცხოვრებელი მოიწყვე და, არანაირი გადახდა არ მინდა, ალალი იყოს! – კეთილად გაეცინა ელის.
– არ გჯერა? – ეწყინა კაცს.
– კი, როგორ არა: ორი სასახლე გაქვს დასაბრუნებელი, მილიონ-ნახევარი ევრო – საბანკო ანგარიშზე და, კიდევ ერთი ასი ჰექტარი მამული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მანქანებზე და სხვა ასეთ წვრილმანებზე აღარაფერს ვამბობ, – გადაიკისკისა ელიმ.
– ახლა, მთლად მაგდენიც არ მაქვს დასაბრუნებელი, მაგრამ, იმდენი კი არის, რომ ღირდეს თავის შეწუხებად, – ჩაფიქრებით თქვა ბომჟმა, – მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება და ყველას ბოლომდე ვაგებინებ პასუხს ყველაფერზე, – ბოლო სიტყვებს მუქარა შეერია და სახე არასასიკეთოდ მოეღრუბლა.
– ვინ ყველა? – სერიოზულად დაინტერესდა გამყიდველი და ცოტა დაიძაბა, რადგან თავისდაუნებურად, იგრძნო, რომ კაცი არ თამაშობდა და სერიოზულად ლაპარაკობდა.
– ყველა, ვინც დამნაშავეა ჩემს ასეთ ყოფაში, – მუქარის ტონი მოემატა კაცის ხმას, – ამიტომ, ყველაფერს უნდა გავუძლო და მანამდე არ წავიქცე. სამაგიეროდ, იმას გავაბედნიერებ, ვინც ხელი არ მკრა, თანაგრძნობა გამიწია და, ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანად ჩამთვალა.
– ბევრია ასეთი? – ინტერესით ჩაეკითხა ელი.
– არა, სულ რამდენიმე იყო და მათ შორის შენც ხარ. ჰო, კიდევ, გუშინ დაემატა ერთი.
– ვინ არის?
– სახელი და გვარი მეც არ ვიცი, მაგრამ უკვე ისიც შევიყვანე ამ მოკლე სიაში.
– ქალია? – წარბის აწევით იკითხა გამყიდველმა.
– ჰო, – მოკლედ უპასუხა კაცმა და ახსნა-განმარტების მიცემა საჭიროდ არ ჩათვალა, მერე კი გამყიდველს მიუბრუნდა: – ელი, შენ არ გეგონოს, რომ ამას „კოკა-კოლას“ ან სიგარეტის გამო გეუბნები. ისინი კი, ვინც პასუხს აგებენ, გაცილებით მეტნი არიან, მაგრამ მთავაარია მოთმინება და მალე ყველაფერი კარგად იქნება.
– ეგ შენი კიბის თავზე არ გიწერია? – გაახსენდა გამყიდველს.
– არა. ჩემი, უფრო სწორად, დროებით ჩემი კიბის თავზე ცოტა სხვა რამე მიწერია: „ყოველთვის ასე არ იქნება“.
– რა უცნაური კაცი ხარ, რას არ მოიფიქრებ ხოლმე, – გაეღიმა ქალს.
– ეს, ჩემო ელი, მე კი არა, ერთმა ბრძენმა მოიფიქრა და ხმამაღლა განაცხადა, ალბათ, მძიმე დღეებში თავის გასამხნევებლად, მე კი, უბრალოდ, გავიმეორე მისი სიტყვები, თუმცა, იმედი მაქვს, ამის გამო არავინ დამძრახავს.
– რამდენი რამე იცი... ხანდახან მართლა მჯერა, რომ ბომჟი და მათხოვარი არ ხარ და ოდესღაც მართლა რაღაცას წარმოადგენდი, – თქვა ელიმ და უცებ ენაზე იკბინა, რადგან ახალგაზრდა კაცს მათხოვარი უწოდა, თუმცა არასდროს უნახავს ხელგაწვდილი.
– მართლა? ეს ძალიან კარგია, – კაცმა არ შეიმჩნია წყენა და ღიმილით განაგრძო: – შენ არც კი იცი, როგორ გამამხნევე ახლა ამ სიტყვებით, თორემ, ამაში ზოგჯერ უკვე თვითონაც მეპარება ეჭვი, – მერე პროდუქტებით სავსე პარკს წამოავლო ხელი და მაღაზიიდან გავიდა.
– თუ კიდევ რამე დაგჭირდა, არ მოგერიდოს! – მიაძახა ელიმ და ისე თბილად გაუღიმა, რომ ბომჟს გულის სიღრმეში კარგა ხნის წინ გაჩენილი და ჩარჩენილი ყინულის ნატეხი უცბად გაულღვა და ამხელა კაცმა კინაღამ ცრემლები გადმოყარა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში