№31 ექიმის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, რა შეიძლება იწვევდეს ენის წვერის დაბუჟებას?
პასუხი: ამ მდგომარეობას არაერთი მიზეზი შეიძლება იწვევდეს – დაწყებული პათოლოგიური მდგომარეობებით (ანემია, ენდოკრინული პათოლოგიები, ვეგეტატური ნერვული სისტემის დისრეგულაცია, ენა-ხახის ნერვის დაზიანება, მედიკამენტები), დამთავრებული ბანალური მიზეზებით: კბილის პასტა და საღეჭი რეზინა. პირველ რიგში, უნდა გააკეთოთ სისხლის ანალიზი დიაბეტისა და ანემიის გამოსარიცხად, თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს, სტომატოლოგს ან ენდოკრინოლოგს (ქალებში ასეთი შეგრძნება კლიმაქტერულ პერიოდში აღინიშნება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონალურ ცვლილებას უკავშირდება).
კითხვა: ვარ 17 წლის. ამ ბოლო დროს თავს უცნაურად ვგრძნობ: მიხშირდება გულისცემა და სუნთქვა, თითქოს რამეზე ვნერვიულობდე ან ექსტრემალურ სიტუაციაში ვიყო. რისი ბრალია ან რა არის. იქნებ მირჩიოთ რამე?
პასუხი: გირჩევთ, პირველ რიგში, ენდოკრინოლოგთან ვიზიტი დაგეგმოთ და ჩაიტაროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა.
კითხვა: უკვე დიდი ხანია, მაწუხებს დაბალი სიცხეები საღამოს საათებში – ტემპერატურა მერყეობს 37 დან 37,2 მდე, დილით 36, 6. რისი ბრალია? ფილტვებში არაფერია, ფარისებრი ნორმაშია, სისხლში მხოლოდ ლიმფოციტებია მომატებული. რა უნდა გამოვიკვლიო? ინფექციურიც არაფერი მაქვს.
პასუხი: გამოიკვლიეთ ღვიძლის ფუნქციები, გამორიცხეთ ვირუსული ჰეპატიტები.
კითხვა: ჩემს დას ამ ბოლო დროს უკვე ორჯერ დაემართა ასეთი რამ: ყბის ქვემოთ ოდნავ ჩამოუსივდა და გაუწითლდა, შემდეგ ეს სიწითლე და გასიება ავიდა ყურის უკან, ხოლო შემდეგ, ხელის დადებისას, რაღაც ძარღვის მაგვარი შეიმჩნეოდა. რა შეიძლება იყოს ეს? ამასთან ერთად ყბები სტკივა.
პასუხი: შესაძლოა, მიზეზი ლიმფური კვანძის ანთება იყოს, რასაც მკურნალობა სჭირდება. საწყის ეტაპზე ექიმ-თერაპევტს მიმართეთ, რომელიც განსაზღვრავს სხვა სპეციალისტის ჩარევის აუცილებლობას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე