№31 როგორი ადამიანისთვის იქნება უფლის სასჯელი სოდომ-გომორზე უფრო მძიმე და რატომ უნდა შეიმოწმონ სასულიერო პირებმა საკუთარი სინდისი
წმიდა წერილში, კერძოდ კი მათეს სახარების მეხუთე თავის 25-ე მუხლში წერია, სანამ გზაზე იმყოფებით, შეურიგდით თქვენს მეტოქეს, რომ თქვენმა მეტოქემ არ გადაგცეთ მოსამართლეს, მოსამართლემ – მსახურებს და მსახურებმა არ ჩაგაგდოთ საპყრობილეშიო. ანუ სანამ ცოცხლები ხართ, მანამდე უსმინეთ თქვენს მეტოქეს, თქვენს სინდისს, რომელსაც ყოველთვის სხვა რამ სურს, ჩვენ კი – სხვა რამ. სინდისის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ადამიანური ნება, სურვილები მუდმივად მიიდრიკება ვნებებისკენ, ცოდვისკენ. ამიტომაც უნდა მოუსმინო შენს სინდისს, რომ მან არ გადაგცეს ღმერთსა და ღმერთის მსაჯულებს, შემდეგ არ მოხვდე სასამართლოში. ყველა ადამიანში ღმერთმა ჩადო შინაგანი სჯული, რომელიც მას ყოველთვის ამხელს. ხშირად ადამიანი ფიქრობს: ამას, რომ ვაკეთებ, რამდენად მოეწონება ღმერთს?
– როგორ უნდა მივხვდეთ, რამდენად ვასრულებთ უფლის ნებას?
– როცა ჩვენი გონება და სინდისი თანხვედრაშია, მაშინ ჩვენ ვასრულებთ უფლის ნებას. მაგრამ თუ სინდისი ერთს გეუბნება და გონება – მეორეს, ესე იგი აქ რაღაც წინააღმდეგობას აქვს ადგილი და შესაბამისად, დაფიქრება გვმართებს. სინდისი ჩვენი კომპასია, რომელიც დაზიანებულია და ბოლომდე მასზე ნდობაც დაუშვებელია. რადგან შეიძლება, სინდისი საკუთარ თავზე მოვირგოთ და კიდევ უფრო მეტად დავაზიანოთ. ჩვენი რუკა ეს წმიდა წერილია. თუმცა წმიდა წერილმაც შეიძლება, შეგვაცდინოს, რადგან ბევრი სექტა სწორედ მისი არასწორი ინტერპრეტაციით სარგებლობს. ამიტომ საჭიროა მოვიშველიოთ წმიდა მამები, რომლებიც განმარტავენ წმიდა სახარებას. ამ ყველაფრის დახმარებით უნდა შევამოწმოთ, რამდენად მამხილებელია ჩვენი სინდისი, რამდენად სწორად მოქმედებს ის ჩვენში. შეიძლება, ხალხს მოვწონვართ, ფარისევლებივით გარეგნულად კარგად გამოვიყურებით, ვლოცულობთ, მაგრამ ღვთის წინაშე თეთრად შეფეთქლილი საფლავები ვიყოთ. ამიტომ ღვთის წინაშე სინდისი უნდა შევამოწმო, რამდენად ვაკეთებ იმას, რასაც ვსაუბრობ, რამდენად კარგი მლოცველი ვარ, ჩემი ქადაგება და საქმე რამდენად შეესაბამება ერთმანეთს. უნდა შევამოწმოთ ჩვენი დამოკიდებულება მოყვასისადმი. ვექცევით ისე, როგორც გვინდა, ჩვენ მოგვექცნენ? მაშინ, ცუდს არავისზე ვიტყოდით, არავის განვიკითხავდით. სინდისი რომ არ გვაწუხებს, ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში: ხელისუფლებას ხალხი არ აინტერესებს, ხალხს – ხელისუფლება და ორივეს ერთად – ქვეყანა. თანამდებობის პირი რომ ხარ, კაბინეტში შეხვედი, სარკეში ჰალსტუხი გაისწორე, ხალხს რასაც შეჰპირდი, იმას რატომ არ აკეთებ? მოძღვარმა კვირას რომ იქადაგა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, აკეთებ იმას, რაც იქადაგე? სინდისი ხომ ყველამ უნდა შევამოწმოთ – ჩინოვნიკებმა, მღვდლებმა... კვირას რომ ვიქადაგე, იმას ვაკეთებ ორშაბათიდან თუ ვილაპარაკე ფარისეველივით და ახლა რასაც მინდა, იმას გავაკეთებ? ცოტა დრო გვაქვს დედამიწაზე და სანამ სინდისი ცოცხალია ჩვენში, შევამოწმოთ. არავინ არაფერს რომ არ ვაკეთებთ, იმიტომ იმყოფება ჩვენი ქვეყანა მძიმე სიტუაციაში, იმიტომ არის დაბალი სულიერება. იმიტომ აღარ დადის ხალხი ეკლესიაში, რომ ხედავენ სასულიერო პირი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ხალხი აღარ დადის ეკლესიაში, დაიღალა: სხვა იქადაგება, სხვა სრულდება. სიყვარული აღარ არის, სინდისისმიერ აღსარებას არავინ ამბობს. დაიღალა ჩამოწერილი ფურცლების მოტანით – გადახიე, ეზიარე. აუცილებლად უნდა აღდგეს სინდისისმიერი აღსარება, სინდისისმიერი ცოლქმრობა, მეგობრობა. როცა აღსარებაზე მივდივართ, სწორედ სინდისის მიხედვით უნდა ვთქვათ, რას ვაშავებთ უფლის წინაშე, შემდეგ მოყვასთან მიმართებაში და მზად არის აღსარება. ვისაც ჰგონია, რომ სინდისი სუფთა აქვს და არ ცდება, სწორედ ის ცდება. სინდისი რომ წესრიგში გვქონოდა, ქრისტე აღარ მოვიდოდა. მაცხოვარი სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ დაზიანებული ბუნება გვაქვს, ჩვენი სინდისი რომ უხარისხოა, იმიტომ მოგვიტანა გამოცხადებითი სჯული, რელიგია. ადამიანი როგორიც არის, ისეთი აქვს სინდისი. დღეს რომ ადამიანს სინდისი ჰქოდეს, ასეთ რამეს ხომ არ ილაპარაკებდა ეკლესიაზე, ღვთისმშობელზე. ასეთ ადამიანს უნდა უთხრათ: შვილო, შენ არ გაქვს სინდისი, მოდი ეკლესიაში, მე აგიხსნი, რომ ცუდად იქცევი. კი არ დაგწყევლი, შეგაგონებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და თუ არ გაიგებ, მაშინ იყავი, როგორც წარმართი და მებაჟე. ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში არ უნდა შეხვიდეთ. ეკლესია დაარსების დღიდან წინააღმდეგობაშია ამსოფელთან და რატომ გვიკვირს, რომ გვლანძღავენ? აბა, ქება-დიდება გვინდა? ეკლესია მისტიკური სხეულია ქრისტესი, ამ სოფელმა მაცხოვარი ჯვარზე გააკრა, არ მიიღო და ჩვენ რატომ მიგვიღებენ, რატომ გვიკვირს, რომ ეკლესიას ლანძღავენ და არ იღებენ. ადამიანების გარკვეული ნაწილი სწორედ იმაში იღებს დაფინანსებას, რომ გალანძღონ ჩვენი სიწმიდეები, შეურაცხყოფა მიაყენონ ღვთისმშობელს, პატრიარქს. ჩვენ კი გვიკვირს. ყოველთვის ასე იქნება და თუ გვინდა, რომ ვცხონდეთ, წინააღმდეგობაში უნდა ვიყოთ საკუთარ ბუნებასთან, ამ სოფელთან. თუ ტაშს დაგვიკრავენ, შეგვაქებენ, ეს უფრო ცუდი იქნება.
– ასეთ დროს როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია?
– ასეთ დროს ჩვენ ვიწყებთ ლოცვას, შეგონებას. გულისტკივილი უნდა გამოვხატოთ, როდესაც ვხედავთ, ადამიანი როგორ ემსახურება ხილულად ეშმაკს და ის უფრო დიდ ბოროტებაში არ უნდა ჩავაგდოთ. მისი სახლის ზღურბლთან ფეხები უნდა დავიბერტყოთ და წამოვიდეთ. ქრისტე ამბობს: სადაც მიხვალთ და არ მიგიღებენ, მათთვის სამსჯავრო უფრო მძიმე იქნება, ვიდრე სოდომ-გომორისთვისო. სოდომ-გომორი ძველ აღთქმაში იყო და მაშინ ქრისტე ჯერ არ იყო მოსული. დღეს რომ შენ ქრისტეს არ იღებ, უფრო მეტი დამნაშავე ხარ, ვიდრე ისინი, ვინც რაღაც-რაღაცებს ამბობენ.
– როგორ უნდა გავზარდოთ ბავშვები, რომ მათ სინდისი არ დავუზიანოთ?
– ძალიან ბევრი ბავშვი თვალებში გიყურებს და ისე იტყუება, არც კი წითლდება. დააშავე და აღიარე. ვის არ მოგვიპარავს, ვის არ გაგვიცდენია სკოლა... მთავარია, ვასწავლოთ, რომ ამის აღიარება ვაჟკაცობაა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი შვილებისთვის არ გვცალია. რომ მოვიდა სკოლიდან, თვალებში უნდა ვუყუროთ, მისი სისულელე არ უნდა დავიჯეროთ. არადა, გვინდა და ვიჯერებთ. როცა მშობელი არ ცხოვრობს სინდისისმიერად, ის შვილს ვერაფერს მოსთხოვს. შვილების სინდისი ჩვენს თვალებში ირეკლება. სიცრუეში ცხოვრებით კმაყოფილები ვართ, სიცრუის მამა კი ეშმაკია. ამიტომ საკუთარი შვილის სინდისი მუდმივად უნდა შევამოწმოთ, როგორც საკუთარი. როცა შვილების აღზრდა გვინდა, ჯერ საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ. ბავშვს სკოლაში სხვა რამე ესმის, სახლში – სხვა რამე, ქუჩაში კიდევ – სხვა რამე. სამწუხაროდ, მშობლები მისთვის ავტორიტეტები აღარ არიან, რადგან ხედავს, დედა მამას ატყუებს, მამა – დედას. პატარა ბავშვი ამ ყველაფერს კარგად ირეკლავს. რომ ამბობენ: ბავშვი გაეშმაკდაო, შეისრუტა მან ოჯახის საეშმაკო საქმეები და ამიტომაც გაეშმაკდა. ბავშვი რომ ხედავს; მისი მშობლები ეკლესიაში სხვანაირად იქცევიან, მამაოსთან – სხვანაირად, ხედავს: დედა, რომელიც ეკლესიაში მამაოს ხელზე ემთხვეოდა, სახლში განიკითხავს, ამიტომაც დამახინჯდა უკვე მისი აზროვნება. ვამბობთ ხოლმე: ის სტიქაროსანი იყო, ამას ბერობა უნდოდა, მაგრამ ისინი არასწორი ქმედებით დამახინჯდნენ. ბავშვობაში სტიქაროსნები რომ იყვნენ, 24 საათი ეკლესიაში იყვნენ, რატომ აღარ დადიან. ისინი ყველაფერს აფიქსირებენ და მერე ისე იქცევიან, როგორც ვასწავლით.