№32 მოარჯულე უხასიათო ქმარი
როცა ოჯახის დანგრევის ძირითად მიზეზად ქმრის ცუდ ხასიათს მიიჩნევენ, ეს არც ისე დამაჯერებელია. თუმცა, უჟმურმა ქმარმა, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი, მშვიდი და გაწონასწორებული ქალიც კი გამოიყვანის წონასწორობიდან.
არსებობს ზედმეტად უხასიათო, ფაქტობრივად, აუტანელი მამაკაცის რამდენიმე ტიპი.
• პირველ კატეგორიას ფსიქოლოგები რეგიდოაგრესიულს უწოდებენ. რას ნიშნავს ეს:
მამაკაცი მიდრეკილია სიჯიუტისკენ. მკვთრად გამოხატული ეგოსიტია, ხშირად აგრესიულიც. ამ ტიპის მამაკაცის მთავარი მიზანია, ყოველთვის იმას მიაღწიოს და მიიღოს, რაც თავად სურს.
როგორ უნდა იცხოვროთ ასეთი მეუღლის გვერდით? ფსიქოლოგების აზრით, ეს შესაძლებელია, თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ:
1. თავიდანვე, ანუ ურთიერთობის პირველივე ეტაპზე, უნდა მოახერხოთ მისი „გამოფხიზლება“, თორემ რამდენიმე წლის შემდეგ ქმრის შეცვლაზე ფიქრიც არ ღირს. მერე ერთადერთი გზა რჩება – შეგუება.
2. ეცადეთ, ყოველთვის შესთავაზოთ პრობლემის მოგვარების თქვენეული ვერსია. ოღონდ ისე, რომ აქცენტი უშუალოდ მის პიროვნებაზე გაამახვილოთ. თითქოს ყველაფრის თავი და თავი ის არის.
3. შეგიძლიათ მეუღლეს ერთგვარი ბარტერი შესთავაზოთ, მაგალითად, მე შენ ამას გაგიკეთებ, შენ კი ასე მოიქცევი...
* მეორე ტიპი სტანდარტული, უხასიათო მელანქოლიკია. მისი სისუსტე იმაში გამოიხატება, რომ მუდმივად ყურადღებას, მზრუნველობას ითხოვს და ცოლიც ყოველთვის უნდა ამშვიდებდეს. ასეთი ტიპის მამაკაცს დადებითი თვისებებიც აქვს. თუმცა, არც ისე ბევრი და უმეტესად ძალიან დამოუკიდებელ ქალებს მოსწონთ – არასდროს ახდენს საკუთარი ძალების დემონსტრირებას.
როგორ უნდა იცხოვროთ ასეთი მეუღლის გვერდით?
ამ კონკრეტულ შემთხვევაში იუმორი უებარი წამალია. იცინეთ ქმრის შიშებზე, ოღონდ ეს დაცინვაში არ აგერიოთ. ანუ, თავად მას არასოდეს დასცინოთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი არიან.
• მესამე ტიპი – ფარული უჟმური.
არ უყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, ემოციებს ყოველთვის ფარავს. ფაქტობრივად, ყოველთვის უკმაყოფილოა და ცდილობს, ეს თქვენზეც გავრცელდეს. ისე, რომ ამას არც მალავს.
დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია ის, რომ ყურადღებიანია. არასოდეს გამოეპარება უმნიშვნელო დეტალიც კი. ყოველთვის ამჩნევს და სათანადო ყურადღებას აქცევს ცოლის განწყობას.
როგორ უნდა იცხოვროთ ასეთი მეუღლის გვერდით?
ყოველთვის გულწრფელად ეცადეთ, გაარკვიოთ, რეალურად რითაა უკმაყოფილო. თუ მიზეზი თქვენი მხრიდან მოდის და ეს არასაკმარისი ყურადღებაა, ეცადეთ, გაცილებით მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით.
როცა მამაკაცი
ქალს სიცოცხლეს
უმწარებს
რაც უფრო ძლიერი ხდება მსოფლიოში ფემინისტური მოძრაობა, ანუ რაც მეტად აქტიური ხდება ქალი, მამაკაცების მიმართ უფრო მეტი პრეტენზიები უჩნდება. იმისათვის, რომ თანამედროვე ქალისთვის სასურველი მამაკაცის იმიჯს მიესადაგებოდეთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და არ გამოავლინოთ ქალბატონთან ის ჩვევები, რომლებიც მანდილოსნების „ცხოვრების გამამწარებლად“ გაქცევთ.
როგორია კაცი, რომელიც ქალს ცხოვრებას უმწარებს:
1. ავიწყდება უნიტაზის თავსახურის დახურვა.
2. „შიშველი მამრი წინდებში” – შიშველი მამაკაცი წინდებში ქალში სიმპათიებს ნამდვილად არ იწვევს. ასეთ შემთხვევაში, მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კაცს მუდმივად სადღაც ეჩქარება.
3. მანქანის სიყვარულით „დამთვრალი“ – ქალი ისეთი არსებაა, რომ შეუძლია, საყვარელი მამაკაცის მანქანაზეც კი იეჭვიანოს. როდესაც მამაკაცი საკუთარ მანქანას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ქალი ამ დროს მიტოვებულად გრძნობს თავს და ეჭვიანობას იწყებს.
4. ბევრს ჭამს – ასეთ შემთხვევაში ქალი იძულებულია, დააკმაყოფილოს მამაკაცის გასტრონომიული მოთხოვნები და მუდმივად სამზარეულოში იტრიალოს.
5. უკბილო ხუმრობებს დახვეწილ იუმორად წარმოაჩენს – ქალის გამხიარულება ძნელია ისეთი ანეკდოტებით, რომლებიც მას შეურაცხყოფს. ქალთან საუბრისას ერიდეთ ისეთი ანეკდოტის მოყოლას, რომელიც მისთვის რთული აღსაქმელი იქნება.
6. დადის ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით – ქალმა შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს ძვირფას, ლამაზ ჰალსტუხს, მაგრამ მის თვალში მამაკაცის მიმართ სიმპათიები იკლებს, თუ ფეხსაცმელზე გაცვეთილ ქუსლს, გახსნილ ზონარებსა და ჭუჭყიან ზედაპირს ნახავს.
7. დედა ძალიან უყვარს – თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტზე ქალს შეუძლია თვალი დახუჭოს, დედის გამორჩეულ და განსაკუთრებულ სიყვარულს არ გაპატიებთ. ერიდეთ მასთან დედაზე გაუთავებელ ლაპარაკს და, მით უმეტეს, ნუ შეადარებთ დედას და ცოლს ერთმანეთს. ეს წითელი ზოლია ურთიერთობაში.
ქალის როლი
ქალის როლი მამაკაცის ცხოვრებაში შემდეგნაირია – მან კაცს კომფორტული და მშვიდი გარემო უნდა შეუქმნას. თუ ქალბატონს აქვს უნარი, ითამაშოს „კომფორტული“ პარტნიორის როლი, მაშინ მას ვერცერთი მამაკაცი ვერ შეელევა. როგორია „კომფორტული“ ქალი? გთავაზობთ დამახასიათებელ თვისებებს:
* ასეთი ქალი ყოველთვის უსრულებს მამაკაცს სურვილებს. შეიძლება, კაცმა ეს ბოროტად გამოიყენოს, მაგრამ ქალი სიმშვიდეს მაინც არ კარგავს;
* ქალმა იცის, რომ კაცს ის უფრო სჭირდება, ვიდრე უყვარს, მაგრამ ამის გამო არ წუწუნებს და მამაკაცს „ტვინს არ უბურღავს“ – მითხარი, როგორ გიყვარვარო;
* შეიძლება, ქალი გრძნობდეს, რომ კაცს ბევრი დანაშაული მიუძღვის მის წინაშე, მაგრამ ერთ საყვედურსაც არ ეუბნება;
* ყოველთვის ყველაფერს პატიობს, ოღონდ კი კაცი მის გვერდით იყოს;
* „კომფორტულ“ ქალს აღარც კი ახსოვს, ბოლოს როდის გააკეთა რამე საკუთარი თავისთვის;
* ყოველთვის ცდილობს, საკუთარი მიზნები და სურვილები უკანა პლანზე გადაწიოს.
P.S. ამ ტიპის ქალი კომფორტული მხოლოდ ეგოისტი და საკუთარ პერსონაზე შეყვარებული მამაკაცისთვის შეიძლება იყოს.