კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ გახდა მიხეილ სააკაშვილის წყალობით გარდაბნელი დათო ჭიჭინაძე თბილისელი და რატომ ყიდულობდა ის რესტორნებში მენიუებს

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

დეპუტატი დათო ჭიჭინაძე ქართული ოცნებიდან გარიცხულად კი გამოაცხადეს, მაგრამ თავად თავს გარიცხულად არ გრძნობს. იმის მიუხედავად, რომ ბოლო ერთი წელი, ხმაურიანი განცხადებების გამო, სკანდალების ეპიცენტრში ხშირად ხვდებოდა, ფიქრობს, რომ პოლიტიკური ოლიმპი წინ აქვს. მერე რა, თუ მმართველი გუნდის ლიდერშიპმა არ „დაინდო“ და პარტიასთან ერთად, საერთო „ჩატიდანაც“ ამოიღო, მთელი კვირა ავლაბარში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მოიპოვა, დაკვირებებს ახდენს და გაიგო, რომ ხალხის სიყვარულს  ბზარი არ შეჰპარვია, ისე როგორც მის სამუშაო კაბინეტს პარლამენტის მეშვიდე სართულზე. გაბზარული კაბინეტი რომ მიუჩინეს, ამას შემთხვევითობას აბრალებს და არა შეთქმულების თეორიასა და იმ ფაქტს, რომ თავის დროზე, როცა მეორე მოწვევის დეპუტატი გახდა, გიორგი კვირიკაშვილის რჩეული არ იყო. ასე იყო თუ ისე, მმართველი გუნდის მანდატგამოცლილი დათო ჭიჭინაძე თავად გიამბობთ.  
– ბატონო დათო, როგორ ხართ, როგორ გრძნობთ თავს პარტიიდან გარიცხული კაცის კვალობაზე?
–  ეს არ იყო ჩემი პირველი გარიცხვა, გამოცდილი მაქვს და ვიცი, რა არის გარიცხვა. მერვეკლასელი ვიყავი, როდესაც კომკავშირის მანდატის გამო სკოლიდან გამაგდეს. საქვეყნოდ ამოვხიე კომკავშირის ბილეთიდან ორი ფურცელი. მოიწვიეს პედსაბჭო. მეც დამიბარეს და მითხრეს, სკოლიდან ხარ გაგდებულიო. აქაც ხომ მოიწვიეს პედსაბჭო, ოღონდ იქ დავესწარი, აქ – არა, სიტყვის უფლება არ მომცეს. ჟურნალისტებისგან გავიგე ჩემი ამბავი. კომიკური იყო. ეს ხომ კომუნისტური პარტია არ არის, ადამიანები განიცდიდნენ კომუნისტური პარტიიდან გარიცხვას იმიტომ, რომ პრივილეგიებს, ბევრ რამეს კარგავდნენ. ჩემთვის ოცნებას, როგორც პარტიას, არაფერი მოუტანია და არც არაფერს ვკარგავ, მითხარით,  რატომ უნდა ვდარდობდე? ჩემი პოლიტიკური მწვერვალები წინაა. პოლიტიკა ახლა დავიწყე, სანამ პოლიტიკის ოლიმპზე არ ავალ, არ მოვეშვები. ყველაფრისთვის მზად ვარ, მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანი იმიტომ იბადება, რომ დივანზე იკოტრიალოს და ტელევიზორს უყუროს, არა, ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ კარგი და საინტერესო.
– არ გიცდიათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რომ პირადად მისგან მოგესმინათ, რა მოსაზრება აქვს თქვენს გარიცხვაზე, იქნებ მასაც აწყენინეთ, როცა პარტიის ლიდერშიპს არც თუ სასიამოვნო ეპითეტებით ამკობდით.
– არა. რად მინდა ეს შეხვედრა. ეს არაა ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომ შეხვედრას მოითხოვდეს. რამე რომ ყოფილიყო სათქმელი, იტყოდა. ხომ იცით, დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ვისაც როგორ უნდა, ეს ნათქვამი ისე გაიგოს. იმის მიუხედავად, რომ მიმტკიცებდნენ, ბანკებზე ასეთ განცხადებებს რომ აკეთებ, ბიძინა ივანიშვილს ეწყინებაო, დარწმუნებული ვიყავი, ჩვენი შეხედულებები, ბანკებთან დაკავშირებით, ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვეოდა, დახურულ სხდომაზე ვისაუბრეთ კიდეც ამაზე და ეს ბევრმა იცოდა. სანამ დეპუტატი გავხდებოდი, ბიძინა ივანიშვილს ერთხელ შევხვდი ტელეკომპანია „კავკასიის“ იუბილეზე, სოლოლაკში, კაფეში. მაშინ ის მოქმედი პრემიერ-მინისტრი იყო. იქამდე მას არ ვიცნობდი. ჩემი დეპუტატობისას კი, რაც ის პოლიტიკაში მობრუნდა, 2-3-ჯერ ვარ შეხვედრილი. არ ვფიქრობ, რომ ჩემი გამოსვლებით მას ჩრდილს ვაყენებდი, მისგან არაფერი გამიგია, სხვის ნათქვამს კი არ ვენდობი. ესეც უფრო ინტერპრეტირებული იყო, ვიდრე რეალური. მაგალითად, გლეხებზე, რომ ამბავი ატეხეს, სინამდვილეში, მე გლეხებზე ცუდი არ მითქვამს და ვერც ვიტყოდი. მათ შევხვდი და ყველა მიხვდა, რაც მე ვთქვი და როგორი ინტერპრეტაცია მისცეს ჩემს ნათქვამს.  მთელი ბავშვობა იმერეთში, სოფელში მაქვს გატარებული, ის ცხოვრება და სიყვარული, რაც იქ მქონდა და ვისწავლე, დღემდე გამომყვა.  მამაჩემსაც და დედაჩემსაც სოფელი იმერეთში, თერჯოლის რაიონში ჰქონდათ, ზაფხულობით ჩავდიოდი ხოლმე სოფელში, ფეხით მაქვს შემოვლილი იქაურობა. გლეხიც კარგად ვიცი და მათი ცხოვრებაც, მაგრამ მაშინ გლეხს კოლმეურნე ერქვა. როცა პატარა ვიყავი, მათთვის ბევრი სიმინდი და მკვახე ყურძენი სხვა ბავშვებთან ერთად მეც მომიპარავს.  
–  დღეს არ გაქვთ აგარაკი?  
– ქალაქგარეთ ვცხოვრობ, კაკლებში. კლასიკური გაგებით სოფელი არაა, მაგრამ მიწასთან ახლოს ვარ. ადრე კაკლები გარდაბნის რაიონს ეკუთვნოდა, მერე მიხეილ სააკაშვილს მოუვიდა გენიალური იდეა, ეს ტერიტორია თბილისს შემოუერთა და კაკლელები თბილისელები გაგვხადა. კარგი ეზო მაქვს, პატარა ბოსტანიც, დიდი მეურნეობით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ, თუ კაცს ეზო გაქვს, ხეხილი და ბოსტნეულიც უნდა გქონდეს. პატივსაცემ სტუმარს შენს ეზოში მოყვანილ პამიდორს რომ დაუჭრი და შენი ხილით რომ გაუმასპინძლდები, ამას სხვა ფასი აქვს.
– დეპუტატობის მეორე ვადა, ისე „მშვიდობიანი“ არ აღმოჩნდა, როგორიც იყო პირველი. პარლამენტში თქვენს სამუშაო კაბინეტს იმხელა ბზარები აქვს, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ აქ მოგიჩინეს ადგილი.
– ასეთი იყო ეს კაბინეტი, როცა შემოვედი, მერე არ გაბზარულა (იცინის). არ მჯერა ასეთი შეთქმულების თეორიების. რაც არის, ეს არის. ჩვენს ცხოვრებაში იმდენი ბზარია, იყოს ეს ბზარები ამ კაბინეტშიც, ეს უფრო ფიზიკის ამბავია, ვიდრე პოლიტიკის. ბოლო, მეშვიდე სართულზე ბზარი უფრო დიდი იქნება, ვიდრე პირველ-მეორე სართულებზე. ეს ყველაზე მზიანი მხარეა და ეტყობა, სეზონებზე ტემპერატურის ცვალებადობა, მზე, ნალექი, ბზარებზეც აისახება.
– როგორ გეტყობათ, ჰიდროინჟინრის დიპლომის გავლენა.
– იმ დიპლომის, სალაპარაკო რომ გახდა?! (იცინის) კი მეძახეს უდიპლომო და უსწავლელი, მაგრამ ეს ასე არაა. 12 გამოცდა გადავაბარე, რომ დიპლომი ამეღო. „გეპეი“ დამთავრებული მქონდა, მაშინ დიპლომის დაცვა ცალკე კურსად ითვლებოდა, სამი წელი განაწილებით უნდა გემუშავა, რომ დიპლომი აგეღო. სამი წელი დიპლომის ლოდინს, მუშაობის დაწყება ვარჩიე.  მამაჩემს ძალიან უნდოდა, მათემატიკოსი გავმხდარიყავი, მე – არა. წარმატებით ჩავაბარე გამოცდები, მამაჩემისთვის რომ დამემტკიცებინა, მათემატიკა კარგად ვიცოდი. მაგრამ იმაზეც შევუთანხმდი, რომ ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე უნდა მესწავლა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფაკულტეტი ჭიჭინაძემ დააფუძნა, მის სახელთან იყო დაკავშირებული პირველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში. ჩემს კურსზე ხუმრობდნენ ხოლმე, გვარიც კი ჰიდროტექნიკოსის გაქვსო. საბჭოთა კავშირის დრო იყო. სადმე აუცილებლად უნდა ყოფილიყავი გაფორმებული და „სამტრესტში“ გამაფორმეს, ვითომ ვმუშაობდი – მაშინ ყველა ასე იყო. იმ პერიოდში ფეხბურთს ვთამაშობდი პროფესიონალურ დონეზე თბილისის „სპარტაკში“, საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი და საბჭოთა კავშირის პრიზიორიც ვარ. იმ პერიოდში ბევრ ცნობილ სპორტსმენთან მქონდა ურთიერთობა. მაგალითად, ახლოს ვიცნობდი ჰოკეისტ ბობი ჰალის, რომელიც მოსკოვში გავიცანი. ფეხბურთს ადრე დავანებე თავი. საერთოდ, ყველაფერს სწრაფად ვუღებ ალღოს. 20 წლის ვიყავი, როდესაც ვიგრძენი, რომ ქვეყანაში სხვა დრო მოდიოდა – კოოპერატივები გაიხსნა. 1987 წელს გავაკეთე ჩემი პირველი კომპანია – საყოფაცხოვრებო მომსახურების საქონელს ვაწარმოებდი. მერე ნელ-ნელა გაიზარდა ჩემი ბიზნესი, სარკინიგზო გადაზიდვები დაემატა. ოღონდ, არაფერი მარტივად არ ყოფილა, ყველანაირი ქარტეხილები გადავიარე. ერთხელ რუსეთის გაუვალ ტყეში, კომის რესპუბლიკაში დავიკარგე, სამი დღე ტყიდან გამოსასავლელს ვეძებდი, ბავშვობაში ნასწავლმა გეოგრაფიამ მიშველა, რომ სამხრეთის ტყეების ხეს უფრო დიდი ტოტები აქვს, ვიდრე ჩრდილოეთში. დღეები მძინებია მანქანაში. ცუდი დრო იყო, იოლი არ იყო ბიზნესის კეთება. ყველაფერს ჩემით მივაღწიე. საშუალო შეძლების ოჯახი მქონდა, მამაჩემი ძალიან პატიოსანი კაცი იყო, ინჟინრის 180 ლარით ცხოვრობდა. დედაჩემი მასწავლებლად მუშაობდა, მერე – საკონსტრუქტორო ბიუროში. ჩვენს ოჯახს ზედმეტი არასდროს ჰქონია, ჩემთვის ფინანსურად რა უნდა გაეკეთებინათ?!  
– სამაგიეროდ, დღეს მილიონერი პარლამენტარების სიაში ხართ მოხვედრილი.
– რაც ამ სიაში მომახვედრეს, ჩემს ცოლს ვეკითხები, თუ სადმე აქვს დამალული მილიონები, კარგად მოძებნოს სახლში და გამოაჩინოს (იცინის). არ ვიცი, მილიონერობის შეფასების რა წყარო აქვთ. მქონდა სახლი სანკტ-პეტერბურგში, რომელიც ჩემს უფროს შვილს ვაჩუქე. ახლა ერთი სახლი მაქვს კაკლებში, მაგრამ სახლი, ჩემი აზრით, თუ როგორც „ვერის უბნის მელოდიებშია“, „სახლის კი არა, სახლების პატრონიო“,  ქონებად არ ითვლება, უძრავი ქონებაც ამიტომ ჰქვია – როცა იქ ცხოვრობ, ხარჯი მეტი აქვს, ვიდრე შემოსავალი. კიდევ მაქვს ერთი სახლი ავლაბარში, შავი ზღვის ქუჩაზე, სადაც გავიზარდე – ჩვეულებრივი ოროთახიანი ბინაა, სადაც დედაჩემი ცხოვრობს. ჩემს მეუღლესაც აქვს ბინა, მაგრამ მის მშობლებს რა აქვთ, არ ვკითხულობ, მე რა შუაში ვარ ჩემი სიდედრ-სიმამრის ქონებასთან. ჩემი სახლი არის ის, სადაც ვცხოვრობ. არასდროს მქონია სურვილი, განსაკუთრებულად მეცხოვრა, ამისკენ არანორმალური სწრაფვა არ მაქვს. ხომ მაქვს საშუალება, რამე ძვირფასი სამკაულები მეკეთოს, აგერ ხედავთ, საქორწინო ბეჭდის მეტს არაფერს ვატარებ. ადამიანი ნივთებზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. ერთი პერიოდი ვერთობოდი და უცხოეთიდან, იქაური რესტორნების მენიუ ჩამომქონდა. სადაც მოვხვდებოდი ხოლმე რესტორანში, იქიდან დაბეჭდილი მენიუ მომქონდა, თუ არ მაძლევდნენ, ვყიდულობდი, ბლომად მქონდა მოგროვილი, მაგრამ მერე მანქანა მომპარეს და ჩემი „კოლექციაც“ გააყოლეს. მას შემდეგ არაფერი მომიგროვებია. წლებთან ერთად ხვდები, რომ მეტი დრო და საშუალება ადამიანურ ურთიერთობებს უნდა დაუთმო, ეს უნდა „მოაგროვო“, ამას სხვა ხიბლი აქვს.
– მენიუებს რატომ აგროვებდით?
– მენიუ სამზარეულოს, სამზარეულო კი ქვეყნის ტრადიციის ნიშანია. საკმაოდ საინტერესო დაკვირვება მქონდა მენიუს მეშვეობით იმ ქვეყნების განვითარებაზე. ჩვენთან ტურიზმის განვითარებაში ყველაზე დიდ როლს სწორედ ჩვენი ბუნება და ჩვენი მენიუ თამაშობს. მე ქართული სუფრისა და კულინარიის დიდი მოყვარული ვარ. მიყვარს მეგობრებთან ერთად ქეიფი, თამადობაც. სუფრაზე ჭიქით ხელში უფრო კარგად და გულწრფელად შეიძლება დალოცო ადამიანები, ვიდრე ეკლესიაში. როცა იდეები შემომიტევს ხოლმე, თუ არ დამნიშნეს თამადად და უხერხული, უცხო სიტუაცია არ არის, ვითხოვ კიდეც, რომ თამადად დამნიშნონ, ამ მხრივ, კარგი გაქანება მაქვს, მაგრამ მთლად ისეთ ხალხს ვერ შეეჯიბრები, ვინც სმაშიც და თამადობაშიც ისეთი რეკორდსმენია, რომ შეერკინო, ცუდად დაამთავრებ (იცინის).        
скачать dle 11.3