კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ ვერ გახსნეს ჩინელებმა ჩინური მაღაზიები ერევანში და როგორ ეხმარებიან ქართველები უცხოელებს ქართული მიწის ყიდვაში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ეთნიკურად არაქართველები, ინტენსიურად იღებენ რუსეთის მოქალაქეობას, რასაც ჩვენი მეზობელი და ოკუპანტი ქვეყანა მათ ყოფილი საბჭოთა მოქალაქეობის საფუძველზეც სთავაზობს და პოლიტიკურადაცაა დაინტერესებული ამ ფაქტით, იმიტომ რომ რუსული პასპორტების დარიგება და შემდეგ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეგიდით საომარი მოქმედებების გაჩაღება რუსული სახელმწიფოს სტილია. ამასობაში კი ქართული სახელმწიფო, ნებსით თუ უნებლიეთ, მათ ხელსაც უწყობს, რადგან, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება. მეორე მხრივ, შეუიარაღებელი თვალისთვისაც ნათელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მეტად მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში და არა ტურისტებად, არამედ აქ, საქართველოში, საკუთრების მფლობელებადაც. ჩვენს ქვეყანაში საკუთრება არაერთი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, რომლებმაც სავსებით რეალურია, არც თუ შორეულ მომავალში საქართველოს მოქალაქეობაც მიიღონ. მით უფრო, რომ ჩვენთან იმ უცხოელსაც კი, რომელიც აქ თავისთვის იძენს კერძო საკუთრებას, ინტვესტორებად ვნათლავთ. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას და შემომსვლელთა დალხენილ დემოგრაფიულ ვითარებას, არც სინგაპურიზაციაა გამორიცხული, როდესაც ქვეყანაში აბორიგენი მოსახლეობა უმცირესობაა. მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ დემოკრატიისა და ღია კარის პოლიტიკის მუქ მხარეებს.
მამუკა არეშიძე: გლობალიზაცია და დემოკრატია ყოველთვის შეიცავდა იმ საფრთხეს, რომელზეც ვლაპარაკობთ. ძველი რომიდან მოყოლებული, განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც აქვს დემოკრატიული კანონები, ყოველთვისაა მიმზიდველი სხვისთვის. თან, ჩვენი მდებარეობა ისეთია, რომ ისტორიულად ყოველთვის ასე იყო. საქართველო და თბილისი მიმზიდველი იყო იმის გამო, რომ სავაჭროდ მოსახერხებელ ადგილასაა განლაგებული. ომების მიზანი ის კი არ იყო, რომ, მაინცდამაინც, ჩვენი ენა ან რელიგია არ მოსწონდა ვინმეს, არამედ ის, რომ სავაჭრო გზებს გაევლო არა აქ, არამედ ისპაჰანსა თუ სტამბოლზე, რადგან, სადაც ომია, იქ ვაჭრობა არ ვითარდება. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ცენტრალური გზების გასწვრივ, ჩვეულებისამებრ, ბევრი არაქართველი ცხოვრობდა, მათ შორის, ისინი, რომლებიც ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის გასწვრივ ყოველთვის ცხოვრობდა ბევრი ებრაელი და სომეხი. გაიხსენეთ სურამი. ასევე, სულ ჩნდება კითხვა, რატომ ცხოვრობდა ონსა და ცხინვალში ამდენი ებრაელი? იმიტომ რომ, თავის დროზე, ცხინვალიდან მიმავალი გზა მამისონით გადადიოდა ჩრდილო კავკასიაში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთი არც იყო ჩრდილო კავკასიაში. ზუსტად ამიტომაც სახლობდა იქ ამდენი მოვაჭრე. თბილისიც, ამ მხრივ, ყოველთვის იყო მიმზიდველი ქალაქი.
– და დღემდე ჭრელ ქალაქად დარჩა.
– ჩვენ გაუთავებლად ვლაპარაკობთ ჩვენს ტოლერანტობაზე და მართლაც ტოლერანტები ვიყავით, მაგრამ ჩვენი მეფეების დიდი ნაწილი გონიერი მმართველი იყო: გახსოვთ, აღმაშენებლის პერიოდში ყველაზე მაღალი გადასახადი ჰქონდა ქართველს, იმიტომ რომ ის იყო მეომარი, არ ვაჭრობდა და ყველაზე დაბალი კი – მუსლიმანებსა და ებრაელებს. ამიტომაც ჰქვია თბილისის ზოგიერთ უბანს არაქართული სახელები: სეიდაბადი, ისანი, ნარიყალა, ხარფუხი და რომელი ერთი ჩამოვთვალო. ისტორიულად მოცემულობა ასეთი იყო, მაგრამ გააჩნია, როგორ სამოქალაქო პოლიტიკას გაატარებ: ავიღოთ ორმაგი მოქალაქეობის საკითხი. მაგალითად, ძველ ბერძნულ ქალაქებში მოქალაქეობა პატივსაცემი იყო და მათ განსაკუთრებული პრივილეგიები ჰქონდათ. იქაც უამრავი ხალხი ირეოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, იმიტომ რომ ეს იყო წელში გამართული ქალაქი-სახელმწიფოები და იქ ცხოვრება ღირდა, მაგრამ სწორედ მოქალაქეს ჰქონდა პრივილეგიები და არა მათ, ვისაც, დღევანდელი ტერმინოლოგიით, მხოლოდ ბინადრობის უფლება ჰქონდა.
მაგალითად, დღეს ბევრი ეთნიკურად სომეხი მოქალაქე გადის საქართველოს მოქალაქეობიდან, იღებს სომხეთის ან უმეტესად რუსეთის მოქალაქეობას და შემდეგ ისევ უკან ითხოვენ საქართველოს მოქალაქეობას. ჩვენი კანონმდებლობა მათ ამის საშუალებას აძლევს, ოღონდ ადამიანს, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა, უნდა ჰქონდეს შეზღუდული უფლებები.
– იმიტომ რომ შეიძლება, პოლიტიკაზე  დიდი გავლენა მოახდინოს და უცხო ქვეყნებს  მისცეს ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში ჩარევის პირდაპირი ბერკეტი.
– რასაკვირველია, ამიტომ ორმაგ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შეზღუდული უფლებები, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს კი – განსაკუთრებული უფლებები. აი, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი.
– თქვენ მოიტანეთ საბერძნეთის ქალაქი-სახელმწიფოების მაგალითი და გასაგებია, რომ საბერძნეთი არის დემოკრატიის აკვანი, მაგრამ თანამედროვე დემოკრატიის მესაჭეები როგორ წყვეტენ ამ პრობლემას? ვხედავთ, რომ მიგრანტები, მათ შორის, უკვე მოქალაქეებიც, მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. საბოლოოდ, არც ისაა გამორიცხული, რომ ევროპულ დემოკრატიას შეექმნას საფრთხე სწორედ დემოკრატიის გამო, რაკი უცხოებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას და მათ, უბრალოდ, თავიანთი წესები დანერგონ.
– დასავლეთის ყველა ქვეყანაში ასე არ ხდება, ასეთი მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩემი აზრით, ფსევდოტოლერანტულები არიან. როდესაც შენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებ რაღაცას და ამით ვითომ ტოლერანტობას იცავ, წამგებიანია. მაგალითად, გერმანიაში მუშაობს ერთი გერმანელი მუშა და იმდენს რიცხავს სახელმწიფო ფონდში, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის ხელშემწყობია, რომ თავისი შემოსავლით ინახავს ოთხ მშიერ მიგრანტს,  მაგრამ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არ ხდება ასე: მიუხედავად საშინელი.ზეწოლისა, ევროკავშირმა პოლონეთსა და უნგრეთში ვერ მიაღწია მიგრანტების შეშვებას. უნგრეთში სულ სამი ათასი მიგრანტია და ისინიც მუდმივ დისკომფორტში ჰყავთ, პოლონეთმა კი საერთოდ არც ერთი არ მიიღო, თითქმის არავინაა სტუდენტების გარდა. საინტერესო ისაა, რომ უნგრელები თვითონ არიან მიგრანტები: მეხუთე-მეექვსე საუკუნეში მოსული ჰუნების შთამომავლები არიან, რომლებიც ევროპაში დამკვიდრდნენ.
– როგორც ჩანს, საკუთარ მაგალითზე იციან, რა მოჰყვება მიგრანტობას და თადარიგს იჭერენ.
– იქ შესაბამისი პოლიტიკა ტარდება ამ მიმართულებით, თუმცა გარკვეული დოზით უნგრეთსა და პოლონეთში სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, საქართველოდან იღებენ მიგრანტებს. ერთი სიტყვით, რეალობის შესაბამისი პოლიტიკაა შესაქმნელი. მაგალითად, დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა: ნებისმიერი უცხოელი, ვინც 35 000 აშშ დოლარს ან უფრო მეტს დააბანდებს, არის ინვესტორი. არადა წავიდა ეს დრო და საჭიროა ამ თანხის გაზრდა, მაგალითად, 250 000 ან 500 000 აშშ დოლარამდე, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მოაწყდნენ საქართველოს, თავიანთ ქვეყნებში ღარიბად მიიჩნევიან. მაგალითად, ირანელები.
– ინდოელებიც.
– განსაკუთრებით ირანელებს ვგულისხმობ, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტი ირანელია შემოსული და ჩვენს ქვეყანაში ვიღებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ირანშიც არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრუბელი შეძლებითა და ინტელექტით, ჩვენი კანონმდებლობა კი მათ ბიზნესმენებად ასაღებს. ამდენად, უპირველესად, სწორი საემიგრაციო პოლიტიკაა შესაქმნელი და დროს უნდა აუწყო ფეხი, დამთავრდა 35 000 დოლარის პერიოდი. ფაქტია, დასავლეთის ზეწოლაც არის, მაგრამ ფორმაა შესაცვლელი. ავიღოთ იგივე ავსტრია, გერმანული მენტალობის ხალხია, მაგრამ დღეს ავსტრიაში ძალიან გამკაცრდა რელიგიური დაწესებულებების მიმართ დამოკიდებულება. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება ხვალინდელი დღისთვის უნდა მოემზადოს, აუცილებლად უნდა გადახედოს პოლიტიკას და ბევრად უნდა გამკაცრდეს მოქალაქეობის მიცემაც, ბინადრობის ნებართვის გაცემაც და ბიზნესსივრცის გახსნაც. იმიტომ კი არა, რომ ფული არ გვჭირდება, ძალიანაც გვჭირდება, მაგრამ მომავალში ამან პრობლემები არ უნდა შექმნას.
– საქართველოში კერძო საკუთრებას იძენენ არაბები, ირანელები, რუსები, თურქები, იმიტომ რომ ეს მარტივია და გასაგებია, რას ემსახურება სამშენებლო ბუმიც თბილისში. დიდი ეჭვი მაქვს, რომ კოლოფებივით ჩადგმულ სახლებს სწორედ აღმოსავლელები ყიდულობენ. ისინი ჯერ მოქალაქეები არ არიან, თუმცა თუ მათ გადაგვაჭარბეს რაოდენობრივად, ესეც პრობლემა მგონია. თუ ვცდები?
– ეს ცოტა სხვა საკითხია. მაგალითად, ცნობილმა რუსმა წამყვანმა მურატაევამ შეიძინა ბინა ძველ თბილისში, ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე შეძლებულმა პროდიუსერმა თემურ ბეკმამბეტოვმაც. მათთვის ამ ბინების შეძენა მუდმივ ბინადრობას არ ნიშნავს, მხოლოდ ეგზოტიკაა. ბევრი იძენს კერძო საკუთრებას თბილისში ამავე მიზნით, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა ისაა, რომ ამ ადამიანების დიფერენციაცია მოახდინო. ერთი კატეგორიაა, ვისაც მცირე ბიზნესი აქვს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე და ესენი, ძირითადად, არიან ირანული და არაბული თაღლითური ფირმები. და მეორე კატეგორიაა, რომლებიც ძვირად ღირებულ ბინებს იძენენ ვაკეში. ვიცი, რასაც ვამბობ და ამიტომაც აუცილებელია დიფერენციაცია. ვიმეორებ, ინვესტიციის რაოდენობა უნდა იყოს იმდენი, რამდენიც ჩვენი ქვეყნისთვისაა მომგებიანი. ბარებისა და ოფისების გასახსნელად ფართებს რომ ქირაობენ, იმავე ვერაზე, ისინი წვრილფეხა თაღლითები არიან, ძირითადად თავრიზის მხარიდან.
– თავიანთ მოქალაქეებს ეთაღლითებიან?
–  დღეს თავიანთ თანამემამულეებს ეთაღლითებიან, მაგრამ არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. იმიტომ რომ თურქებიც, კრიმინალებს ვგულისხმობ, გერმანიაში თავდაპირველად, ანუ გასული საუკუნის 50-60-ან წლებში თავიანთ თანამემამულეებს ძარცვავდნენ და ამის შემდეგ მიადგნენ გერმანიისა სხვა მოქალაქეებს. რაც შეეხება სინგაპურიზაციას: ჯერჯერობით არ გვემუქრება. უფრო თბილისისა და ბათუმისთვისაა ეს პრობლემა, დანარჩენი საქართველოსთვის ეს პრობლემა არ არის.
– მაგრამ დანარჩენი საქართველოსთვის პრობლემაა მიწების გასხვისება.
– ჩვენ ახლა მხოლოდ უძრავ ქონებაზე ვლაპარაკობდით. რაც შეეხება მიწის გაყიდვას: ჯერ ერთი, არ უნდა იყიდებოდეს და ახლა მორატორიუმია გამოცხადებული, მაგრამ გამოსავალი იპოვეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც საქართველოში მიწების შეძენა უნდათ. ისინი ქართველებზე ქორწინდებიან, ან ფიქტიურად, ან ფაქტობრივად და იმ ქართველების მეშვეობით იძენენ აქ მიწას. ასე რომ, ციხე შიგნიდან ტყდება. სომხებმა არ მოინდომეს, რომ ერევანში ჩინური მაღაზიები ყოფილიყო და ამიტომ არავინ ყიდულობდა ჩინურ მაღაზიაში არაფერს. ქართველები კი იყიდებიან. მე მესმის საზოგადოების, როდესაც მთავრობას აკრიტიკებს, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ: ამ საფარქვეშ უარესი ხდება, თავიანთი მიზნების მისაღწევად აზიური ქვეყნები უამრავ ფულს ხარჯავენ და რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, მეორეხარისოვანი რისკია. უპირველესი რისკია ცნობიერების შეცვლა და ამის წინააღმდეგაა საჭირო ხმალამოღებული ბრძოლა, იმიტომ რომ ერთ დღეს შეგიძლია, ის მიწა ჩამოართვა, ნაციონალიზაცია მოაწყო ან პირობები შეცვალო, მაგრამ შეცვლილ მენტალიტეტს ვეღარ გამოასწორებ.
скачать dle 11.3