კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ ადებინებენ ტოჩინოშინს ორსული ქალები მუცელზე ხელს და როგორ ჰყავთ ის იაპონელებს ღმერთის დონეზე აყვანილი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ქართველმა სპორტსმენმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, სუმო საქართველოში ყველაზე პოპულარულ და საინტერესო სპორტად აქცია. ტოჩინოშინი ქართველებისთვის გმირია, იაპონელებს კი ღმერთის დონეზე ჰყავთ აყვანილი. ტოჩინოშინი ფეხის ტრავმის გამო ბოლო ბაშოს გამოეთიშა და ახლა მკურნალობის პროცესშია.
ლევან გორგაძე: დაახლოებით შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ვარჯიში დავიწყე. რომ წამოვიზარდე, ნაკრებში მოვხვდი. ვჭიდაობდი ძიუდოსა და სამბოს, ასევე ქართულ ჭიდაობასაც. 2004 წელს კი მითხრეს, რომ თუ სურვილი მექნებოდა, წამიყვანდნენ მსოფილოს ჩემპიონატზე სუმოში. დავთანხმდი და 2005 წლიდან ასე დაიწყო ჩემი სუმოს კარიერა. მაშინ იაპონიაში უკვე დამკვიდრებული იყო ლევან ცაგურია, ნახევარი წლის ჩამოსული იყო გაგა მარუ და მეც დავრჩი.
– რამდენად რთული იყო იაპონიაში თავის დამკვიდრება?
– ძალიან რთული იყო. უცხო იყო ჩემთვის ხალხიც, ქვეყანაც, ჰაერიც და ყველაფერი. 2006 წელს ჩავირიცხე პროფესიონალებში. ნელ-ნელა შევისწავლე სუმოც, იაპონურიც, გავიცანი ხალხი, ეს ყველაფერი დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული. აქ არის დივიზიონები, ელიტა. ახალი დამწყები სუმოისტები იღვიძებენ ყველაზე ადრე. მე ვიღვიძებდი ოთხ საათზე. სანამ ვარჯიში დაიწყება, დოხიო არის გასასწორებელი. წარმოიდგინეთ, ერთი დიდი ოჯახი, სადაც მხოლოდ კაცები ცხოვრობენ. იქ მიმდინარეობს საჭმლის მომზადება, კლუბის დალაგება... დასარეცხი თუ დასასუფთავებელია, ამ ყველაფერს, დამწყები სუმოისტი აკეთებს. მათ კისერზე გადადის  ყველანაირი შრომა. ელიტული რანგის სუმოისტებს დაბალი რანგის სუმოისტები გვემსახურებიან. ჩემს კლუბში ორი სტილისტი გვყავს და ვარჯიშის შედეგ თმა რომ გვერევა, გვვარცხნიან. სუმოისტები დღეში ორჯერ ვჭამთ, ვარჯიშის შემდეგ და საღამოს შვიდის ნახევრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამხელები ვართ. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მეუბნებიან ხოლმე, მეტი არ გინდა თუ სპეციალურად არ ჭამო? ბევრს არ ვჭამ, მაგრამ იყო დრო, როდესაც წონის მომატება მინდოდა. აქ რომ ჩამოვედი, 115-120 კილო ვიყავი და ჩემი კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი მეუბნებოდნენ, მოიმატეო. ვჭამდი ძალით, რომ წონაში მომემატებინა.
– ფეხის ტრავმის გამო ბაშოს გამოეთიშე, ახლა როგორ გრძნობ თავს?
– ამ ბაშოზე ვეღარ გავაგრძელებ გამოსვლას. ფეხი ცოტა დამიცხრა, ახლაც ყინულში მიდევს და ისე გესაუბრებით. სამწუხაროდ, ფეხზე ასე დამემართა, თან, სულ უბრალოდ, ისე რომ მე ვერც მივხვდი. რომ წავიქეცი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თითი მოგაძრონ.  წავიქეცი, დავხედე თითს და ვიფიქრე რა დამემართა-მეთქი, მეგონა, თითი ამომივარდა. იქ ჭიდაობის დროს ვერ გრძნობ ტრავმას. ჭიდაობის მერე მივდივართ, ვბანაობთ და აბანოში ვფიქრობდი, ეს არაფერია, ხვალ ისევ ვიჭიდავებ-მეთქი, მაგრამ საღამოს ისე ამტკივდა, პირდაპირ საავადმყოფოში წავედი, გადავაღებინე და ძვალზე არაფერი მქონდა, მყესი მაქვს გაწყვეტილი და თითი რომ ამომივარდა, ბუდე, სადაც თითი ზის, ის გამოგლიჯა, იქიდან სისხლი ჩაიქცა და გამისივდა. ცოტა დამიცხრა, ახლა უკვე დავდივარ. ბაშო სექტემბერში განახლდება, მანამდე, აგვისტოში, ოცდაათდღიანი საჩვენებელი გამოსვლებია, ნახევრად მისი გამოტოვებაც მიწევს. მთავარია, ტრავმა არ მივიღო და სექტემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსით რვა შეხვედრა მაინც უნდა მოვიგო, რომ ოზეკის ტიტული არ დავაგდო და არ დამაქვეითონ.
– წინა ბაშოზე მართლა მოტეხილი ხელით ჭიდაობდი?
–  წინა ბაშოზე მაჯაში მქონდა პატარა ორი ძვალი გატეხილი. ამ ბაშოზე ცოტა კი მტკიოდა, თავს მახსენებდა, მაგრამ არ ვიყავი ისე, რომ ვერ მეჭიდავა. კარგადაც ვიყავი. ყველაზე ძლიერი ტრავმა ნაგოიაში მივიღე. მუხლის ჯვარედინი მყესები გამიწყდა, ოთხი ბაშოს გამოტოვება დამჭირდა. რვა თვე დავისვენე, ელიტიდან ძალიან დაბლა ჩავვარდი, რის შემდეგაც, მართლა ნულიდან დავიწყე, მაგრამ მალევე, ოთხ ბაშოში დავბრუნდი ელიტაში. იმდენად რთული იყო ის პერიოდი, ბევრჯერ ვიფიქრე, თავი უნდა დავანებო და წავიდე აქედან-მეთქი, მაგრამ ეს ხალხი ისე მედგა გვერდით, თითოეული მათგანი ისე მგულშემატკივრობდა, არ დაანებო, შენ ისევ უნდა დაბრუნდე, გვინდა, რომ ერთხელ კიდევ გნახო დოხიოზეო... ვიფიქრე, ერთხელაც ვცდი-მეთქი და ღვთის წყალობით, გამომივიდა.
– შეჯიბრების წინ გაბრაზებული სახე გაქვს ხოლმე, მართლა გაბრაზებული ხარ, თუ ეგეთი გარეგნობა გაქვს?
– კი, მართლა გაბრაზებული ვარ. მოსაგებად ვბრაზდები ხოლმე. ვცდილობ, გავბრაზდე. მეუბნებიან ჭიდაობის დროს და ჩვეულებრივ ცხოვრებაში სხვადასხვანაირი ადამიანი ხარ და შენში ორნაირი ადამიანი არსებობს – ერთი კეთილი და მეორე ბოროტიო. ხან ისე ძალიან ვბრაზდები, რომ ტრავმა მივიღე. ამ ბაშოსთვის ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. მეძახეს, ჩემპიონი ხარ, ჩემპიონი ხარო და ჩემპიონი კი არა, ლოგინში ვწევარ.
– გათვალვას და მსგავს რაღაცებს თუ აქცევ ყურადღებას, ცრურწმენები გაქვს?
– კი, ძალიან ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას. დოხიოზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით ავდივარ, ხანდახან თუ შემეშალა, განვიცდი. კიმონოს ჩაცმის დროსაც,  ჯერ მარცხენა ხელს ვყოფ ორჯერ და მერე მარცხენას. ჩემს კლუბთან არის ის დარბაზი, სადაც ჭიდაობა მიმდინარეობს და ყოველთვის ერთი გზით მივდივარ, ერთსა და იმავე შუქნიშანზე გადავდივარ და ვბრუნდები. ძალიან ბევრი მაქვს ასეთი. კიმონოს შიგნიდან საცვლებივით გვაცვია და თუ იმ საცვლით მოვიგე, ამოჩემება ვიცი. რომ მოვიგებ, იმ დღეს რომელი საცვალიც მეცვა, იმ დღესვე ვარეცხინებ, მეორე დღესაც რომ იგივე ჩავიცვა.
– შენს პრეზიდენტთან გადაღებულ ფოტოს უარყოფითი კომენტარი მოჰყვა, რაზეც ძალიან გაბრაზდი, ცხოვრებაშიც ასეთი ფიცხი ხარ?
– ცხოვრებაში არ ვიცი, გააჩნია მომენტს, როგორ ხასიათზე ვარ. პრეზიდენტი იქნება თუ ვინ, რა მნიშვნელობა აქვს. შეურაცხყოფად მივიღე, რომ მიკომნეტარებს სახალხოდ – მეტი ვერავინ ნახე, სურათი რომ გადაგეღოო? ორი სიტყვით კი ვუპასუხე, მაგრამ მერე ისეთი ამბები მოჰყვა, ვიფიქრე, ნეტავ არაფერი არ დამეწერა-მეთქი.
– მსაჯიც რომ გადააგდე დოხიოდან, მოწინააღმდეგესთან ერთად, ახლა როგორაა ის მსაჯი?
– ეს მე „ფეისბუქზე“ ვნახე და მონტაჟია, მე არ ვარ ეგ. ესტონელი ბიჭია. გამიკვირდა, მე რატომ დამადეს ეს ვიდეო. ეგ მსაჯი რომ გადავარდა, მუხლებში მოტყდა ფეხები და დოხიოზე რომ ასულიყო, გამოჯანმრთელებას რვა თვე დასჭირდა. მსგავსი მომენტები ხშირად ხდება ხოლმე, მე მგონი, სუმოისტებს არ აქვთ იმდენი ტრავმები, რაც მაგათ. დოხიოსთან ხალხი ახლოსაა. ადრე ბავშვები და მოხუცები ძალიან ახლოს ისხდნენ. ახლა აკრძალეს. მართლა არ შეიძლება, ორასი კილო ამხელა ინერციით რომ გადავარდები და დაეცემი, მოხუციც რომ არ იყოს, ჩვეულებრივი ადამიანიც ტრავმას მიიღებს. მეც ჩავვარდნილვარ დაბლა, ვცდილობ, რომ არავის დავეცე, მაგრამ ისე ახლოს სხედან, რომ ვერ ააცილებ. მეც ბევრჯერ დავცემივარ ხალხს, ზოგმა ფეხი მოიტეხა, ზოგმა რაღაც იტკინა. „სასწრაფოს“ მანქანები სულ მზად არიან ხალხის წასაყვანად.
– მართლა ღმერთის დონეზე ჰყავხართ იაპონელებს?
– იოკუძუნას დოხიოზე გამოსვლისას თოკივით რომ უკეთია, მაგას მცნა ჰქვია. მათთვის წმიდა სიმბოლოა – სალოცავებში, კარში რომ შედიხარ, მასეთი თოკებისგან დაწნული მცნებია. სალოცავებშია და მხოლოდ იოკუძუნას შეუძლია გაიკეთოს. სუმოისტებს, როგორც ღმერთებს, ისე გვიყურებენ. ჩვენ ხშირად მივდივართ ავადმყოფი ბავშვების სანახავად და გვთხოვენ ხელი შევახოთ. ორსული ქალბატონების მეუღლეები გვეუბნებიან: მუცელზე ხელი დაადეთ ჩემს ცოლსო. ასეთი წარმოდგენები აქვთ. სუმო ძალიან უყვართ, ძველისძველი სპორტია, ამათი ფესვებია. იაპონელი ხალხი ძალიან თბილად გვხვდება, სადაც არ უნდა წავიდეთ, დიდ პატივში ვართ.
– ამბობენ, სუმოისტები ყველაზე სასურველ სასიძოებად ითვლებიანო, მართალია?
– კი, მართალია, ასეა. ხანშიშესულ ადამიანებს უფრო ვუყვარვართ, ვიდრე ახალგაზრდებს. სადაც არ უნდა ვიყო, გოგონები ცდილობენ, გამეცნონ, თავი მომაწონონ, დამელაპარაკონ, სურათის გადაღებას მთხოვენ და რომ გადავიღებ, მეუბნებიან, თუ გინდა ნომერს მოგცემ და დამირეკავ? ასეთი მომენტები ხშირად არის ხოლმე.
скачать dle 11.3