კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როდის არის ონისე ონიანის ოჯახში განგაში და როგორ გამოიცვალეს მან და მისმა ცოლმა 24 სახლი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მსახიობი ონისე ონიანი მრავალწლიანი „მომთაბარე“ ცხოვრების შემდეგ საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც თავისი გემოვნებით და მეგობრების დახმარებით მოაწყო.
ონისე ონიანი: უკვე დიდი ხანია, მე და ჩემი ოჯახი სახლებს ვიცვლით. ოცდაშვიდწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ოცდაოთხი სახლი გამოვიცვალეთ. ნაქირავებიდან ნაქირავებში, ახლობლიდან ახლობლის სახლში გადავდიოდით. საკუთარი სახლიც გვქონდა, პირველად – საბურთალოს ქუჩაზე, მერე – ჩხეიძეზე, მოგვიანებით – ბერიტაშვილზე, რომელიც გავყიდეთ და ახლა ლისზე ავიშენეთ საკუთარი სახლი. ნელ-ნელა მივდიოდით საკუთარ სახლამდე, რაც ძალიან გვინდოდა. ჩვენი ახლობლები გვეუბნებან, ისე მიეჩვიეთ ამ ყველაფერს, ოთხ წელზე მეტი ერთ სახლში ვერ ჩერდებითო, თურმე, მართლა შეიძლება ბინების ცვლაზე დამოკიდებული გახდე.
– ყველა სახლში აწყობთ საკუთარ ბუდეს?
– აბსოლუტურად ყველგან, ნათხოვარი გქვონდა სახლი თუ ნაქირავები, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. ყველაფერს ჩვენი ხელით ვაკეთებდით. შეიძლება, დაგეზაროს სახლის მოწყობა, რადგან ერთ წელიწადში სხვაგან გადახვალ, რთულიცაა, მაგრამ იმდენად მივეჩვიეთ ამ ყველაფერს, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ერთხელ ფანასკერტელზე ვცხოვრობდით ნაქირავებში, მაშინ ჩვენი, საკუთარი უცხოელებზე გვქონდა გაქირავებული, რომლებიც გაიპარნენ და ისე დაგვტოვეს. ნაქირავებსაც ვეღარ გავწვდით და რამდენიმე თვეში მოგვიწია მისი დაცლა. მაშინ სახლი მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს, ჩხეიძის ქუჩაზე გვქონდა, თან გადმობარგების დღეს სპექტაკლი უნდა მეთამაშა. 12 საათზე დავიწყეთ – დიდ სატვირთო მანქანაზე მოვათავსეთ უამრავი ბარგი, ზემოდან ჩვენ შემოვასხედით და სამ საათზე უკვე ჩხეიძეზე ვიყავით გადმობარგებული. მხოლოდ პატარა დეტალები დამრჩა გადმოსატანი. რვის ნახევრისთვის თეატრში გადმოვირბინე, სპექტაკლში ვითამაშე და დამთავრების შემდეგ, სანამ დავიძინებდი ის დეტალებიც წამოვიღე და დღის ბოლომდე აბსოლუტურად ყველაფერი მილაგებული გვქონდა. ისე გაწაფულები ვართ ამ საქმეში, რომ ერთი დღეც არ გვჭირდება. ბოლოს და ბოლოს მივედით იქამდე, რომ საკუთარი სახლი გვაქვს ეზოთი, რომელიც ჩვენი გემოვნებით მოვაწყვეთ. უკვე გვეკითხებიან, ამ სახლსაც ხომ არ უპირებთ რამეს მომავალშიო და დააყოლებენ ხოლმე, არ გაბედოთ, ხომ დამთავრდაო, – შიშნარევი ხმით გვეკითხებიან (იცინის). ვერავის შევპირდები, რომ აქ ძალიან დიდხანს ვიცხოვრებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სურვილი მაქვს, რომ ამ სახლში ძალიან დიდხანს ვიცხოვრო. მყუდრო და კომფორტული გარემო შევქმენით. დიზაინს, ძირითადად, ჩვენვე ვქმნით, მაგრამ ამ და წინა სახლის შემთხვევაში ჭოლამ ითამაშა ძალიან დიდი როლი. ოთახების განლაგება, თითოეული კუნჭულის ათვისება და ჩვენს ხასიათზე მორგება მისი დამსახურებაა და საბოლოო ჯამში, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ვჯუჯღუნებდი, ძალიან დავიღალე, ყველა ხელოსანმა და მშენებელმა მომატყუა, არ დაინანეს შეცდომები... მაგრამ მეუღლემ მითხრა, გეხვეწები, ნუ ჯუჯღუნებ, თორემ სახლზე ცუდი აურა გადმოვაო და მართალიცაა, ამიტომ ვცდილობთ, დადებითი ემოციებით დავტვირთოთ ყველაფერი.
– როგორც ვიცი, ოჯახში სამზარეულო თქვენი ძლიერი მხარეა.
– ძალიან მიყვარს გემრიელი კერძების მომზადება და გამომდის კიდეც. ჩემს მეუღლეს რომ ეკითხებიან, შენ რატომ არ ამზადებ კერძებსო, – ონისე იმდენად კარგს ამზადებს, აღარ მინდა ხელი შევუშალოო და ამ ამბავზე ხელი აქვს ჩაქნეული. მაგრამ თვითონ იმდენად უყვარს სისუფთავე, დამლაგებელი რომ მოდის, ზოგჯერ იმასაც კი არ აცლის. ისეთ სიამოვნებას ანიჭებს ეს პროცესი, ლამის მეზობლებთან გადავიდეს დასალაგებლად. მოკლედ დაბალანსებული გვაქვს დალაგება-კერძების მომზადების ამბები, მაგრამ ჩვენი შვილები ვერ ჩავრთეთ ამ პროცესში. აბსოლუტურად არ აინტერესებთ. უხარიათ სტუმრის მოსვლა, მაგრამ მათი პატივისცემა მთლიანად ჩემი და მეუღლის კისერზეა. არადა, გოგოები არიან და შეიძლება, დახმარების ხელი გამოგვიწოდონ, მაგრამ იციან, რომ ისედაც ყველაფერი წესრიგში იქნება და ყოველ საღამოს, თუ ცოტა შეაგვიანდათ სტუმრებს, განგაშია ხოლმე, გოგოები იწყებენ, არავინ მოდის, დაურეკეთო (იცინის).
– საქართველოში მსახიობები განსაკუთრებული მატერიალური მდგომარეობით არ გამოირჩევიან. თუმცა წარსულში უფრო რთული წლებიც იყო.
– ძირითადად, ოთხმოცდაათიანი წლები იყო ასეთი. იმ პერიოდის გახსენებაზე სიმწრით გვეცინება. თეატრში 1993 წელს მოვედი, ორ წელიწადში დავოჯახდი და ჩემი შვილი რომ პატარა იყო, ყველაფერი გავყიდეთ. ნიშნობის ბეჭდები წავიძრეთ, ყველაფერი გავიხადეთ, იმიტომ რომ ის შემოსავალი არაფერში არ გვყოფნიდა. მემაწვნეს ერთი კვირით ნისიად რომ არ დაეტოვებინა მაწონი, არც ვიცოდით ბავშვისთვის რა უნდა გვეჭმია. არაფერი მითაკილია, წავედი და მუშაობა დავიწყე ელიავას ბაზრობაზე, საბურავებს ვყიდდი. ახალგაზრდა ვიყავი და მინდოდა, მიმტანადაც მემუშავა, რატომაც არა! არაფერს ვთაკილობდით. ჩემი მეუღლე ნამცხვრებს აცხობდა, მე გავრბოდი და ვაბარებდი, რაღაცას ვახერხებდით ოჯახის გადასარჩენად.
– თუმცა, საზოგადოების დამოკიდებულება მაინც არაერთოგვაროვანია, იმის მიუხედავად, რომ სათაკილო ნამდვილად არცერთი სამსახური არაა.
– თეატრი ჩემი სახლია, ამას სამსახურს არ ვეძახი. თუ რამე დამატებითი სამსახური მაქვს, ის ჩემთვის ჯამაგირის წყაროა. შეიძლება, ვინმეს სწყინს, მაგრამ ასეა. როცა იქ მუშაობ, სადაც ბოლომდე შენს „კამპოტში“ ვერ ხარ, კი არ გერიდება, მაგრამ ბუნებრივად ფრთაგაშლილი ვერ ხარ. ის, უბრალოდ, მატერიალური მხარის გასაძლიერებლადაა აუცილებელი. არის პერიოდი, როცა ფულის შოვნაზე ფიქრი გღლის. ერთგან ისესხებ, ორგან ისესხებ, მერე სხვა ვალით წინებს გადაფარავ, ხელფასს ვალებში დაარიგებ და ასე დაუმთავრებლად – ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია, ამიტომ გვიწევს შემოსავლისთვის დამატებითი სამსახურების მოძიება. საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ახლობელს აუხსნი, მაგრამ ყველას – ვერა. ადამიანი ეკრანზე, სცენაზე რომ გხედავს, ესე იგი, ბევრი გაქვს. მერე თუ სხვა სამსახურში დაგინახა, ესე იგი დაბალი ფენა ხარ, როცა გამყიდვლისგან ნისიად მიყიდია ბოსტნეული და მერე ტელევიზორში დავუნახივარ, თავისი მეუღლისთვის უთქვამს, ეს კაცი ჩვენთან დადის და ნისიად ყიდულობს ხილსო. ის არ უჯერებს – მაგას შენთან რა უნდაო... საბურავებს რომ ვყიდდი, ვინმეს დავინახავდი, ვიფიქრებდი, ეს ვერ გამიგებს-მეთქი და ვიმალებოდი.
– „ფეისბუქ-ამბებზეც“ გკითხავთ. ონისეს ასაკის ეშინიაო, ბოლო დროს რამდენიმე ფოტო დადეთ ფოტოშოპით გაკეთებული.
– ასაკის ნამდვილად არ მეშინია (იცინის). ხომ არის გასართობი პროგრამები, რომელიც „ფეისბუქზე“ გიხტება და გასართობად გავაკეთე, მერე ისე მომეწონა, რომ მეგობრებსაც გავუზიარე. ზოგმა თქვა, ვაიმე, ეს რა გაუკეთა თავსო – იფიქრეს, რომ ბოტოქსი გავიკეთე, ზოგმა: შენ არასდროს იცვლებიო, რაც ძალიან მომეწონა (იცინის), ზოგმა – რა არის, რა პროგრამით შეიბრიცე ეს თავიო და მოკლედ, ძალიან ვიხალისე კომენტარებზე. ბოლო დროს, ვცდილობ, ისეთი ფოტოები გამოვაქვეყნო, რომლითაც მეგობრებს გავახალისებ და მართლა ერთი ამბავია ხოლმე.
– ბოლოს ფოტო მიცვალებულის ფორმაშიც დადეთ.
– კიევში ვიყავი. ძველ ფარდებში გავეხვიე და მეგობარი ფოტოებს მიღებდა. მერე „ფეისბუქზე“ დავდე და მოჰყვა კომენტარები: ვაიმე, ნუ მაშინებ; დედა, დედა, ნუ შვები ასე, რა დროს შენი სიკვდილია და ასე შემდეგ. ვიღაცები მაშინვე მიხვდნენ ჩემს მაიმუნობას და ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი ვიხალისე (იცინის). მიხარია, როცა სხვებს პოზიტიურ განწყობას ვუქმნი.
скачать dle 11.3