კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რის გამო ადარებენ თამარ მოდებაძის ნახატებს ლეონარდო და ვინჩის ხელწერას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთ ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან, მისი შემხედვარე დროს ხან უკან რჩები და ხანაც უსწრებ, ვერ ხვდები, რა განზომილებაში მოხვდი. რეალობას სწყდები და სხვა დროში მოგზაურობ... სწორედ ეს განცდა ეუფლება ადამიანს, როცა, მხატვარ თამარ მოდებაძის ნამუშევრებს აკვირდება. ქართველი მხატვარი უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნახატები გახდა იტალიელი პოეტის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო, მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომლის სახელწოდებაა „პოეტური ფიქრები”. მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ ლეონარდო და ვინჩის ხელწერას შეადარა. ქალბატონი თამარის ნახატი, სახელწოდებით „მისტიკური მზერა“, ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და შეტანილია „საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაში“.
თამარ მოდებაძე: მამა ჭიათურელი გახლდათ და სკოლა ჭიათურაში დავამთავრე. მხატვრობის ნიჭი მისგან დამყვა. მის მიერ დახატული შოთა რუსთაველის პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების სამოძრაო რუკა ერთ-ერთ სკოლაში დღემდეა შემონახული. მისი ნახატები დღემდე, ჩემზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. მეც ბავშვობიდან ვხატავდი და მაგიდის ჩოგბურთით ვიყავი გატაცებული. ძალიან მიყვარდა სპორტი, თუმცა, სპორტსმენობაზე არც მიოცნებია, მინდოდა ისტორიკოსი გამოვსულიყავი. მშობლები პედაგოგები მყავდა და ადრეული ასაკიდან შემაყვარეს წიგნები. კითხვა მეც მიყვარდა. ახლაც მიყვარს ისტორია და ლიტერატურა, თუმცა ხატვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. სკოლაში მათემატიკის რვეულები ნახატებით მქონდა აჭრელებული და დედაჩემი ამის გამო სულ მეჩხუბებოდა (იცინის). ძირითადად, კლასელების კარიკატურებს და პორტრეტებს ვხატავდი. ეს ყველაფერი გუშინდელივით მახსოვს. დედას უნდოდა, მუსიკოსი გამოვსულიყავი. მუსიკაც მიყვარს, მაგრამ პედაგოგების ბრალია, პიანინო რომ შემაძულეს. თუმცა, გიტარაზეც ვუკრავდი და ვმღეროდი. გაგაკვირვებთ და, პირველად სამხატვრო აკადემიაში რომ ვაბარებდი, გამოცდაზე არ დამიშვეს. შემდეგ, როცა ჩავაბარე, იგივე ადამიანმა, რომელმაც ადრე
გამოცდაზე არ დამიშვა, სახვითი ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა გივი მიზანდარმა, დიპლომის დაცვაზე ძალიან მაღალი ქულები დამიწერა და შემაქო (იცინის).
– რამდენი წელია, რაც უცხოეთში ცხოვრობთ და რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?
– 1996 წელს, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საბერძნეთში წავედი და ორი წელი ათენში ვმუშაობდი. მუშაობის პარალელურად, ვხატავდი და გამოფენებიც მქონდა. ახლა, ორი წელია, იტალიაში ვარ, ნეაპოლში. მოკლედ, 15 წელია, რაც უცხოეთში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ქართული ბუნება და ხასიათი ვერც იტალიამ შეცვალა და ვერც კვიპროსმა. ხშირად იდეა ამიტაცებს და სანამ არ განვახორციელებ, ჩემი მემართება, შემიძლია მთელი ღამე ვიმუშავო. ასე რომ, მუზა რომ შემაწუხებს, დროის შეგრძნებას ვკარგავ. როცა ვხატავ, თითქოს სხვა განზომილებაში, ასტრალში ვმოგზაურობ და თან არც რეალობას ვწყდები, რაღაცნაირად გაორებული ვარ – ორ სამყაროს შორის გაჭედილი. ამ დროს ორი ადამიანი ვხდები, ერთი ამქვეყნიურია, მეორე კი – იმქვეყნიური. ჩემს წარსულს და გასულ დროს ჩემი ნახატები ინახავს.
– როცა თქვენს ნახატებს ვაკვირდები, მგონია, წარსულში მოვხვდი და ამასთანავე, დროსაც გავუსწარი. ანუ, დროის შეგრძნება იკარგება. ამას როგორ ახერხებთ?
– ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე მხატვრობა მიყვარს და აღორძინების მხატვრობა – მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი მიზიდავდა. სიმბოლიზმისკენ მაქვს მიდრეკილება და ბევრი მეუბნება, შენს
ნახატებს რომ ვაკვირდები, დროში ვმოგზაურობო. მე კი პირიქით მგონია, რომ ჩემი მხატვრობით დრო გავაჩერე.
– მხატვრებს უცნაური ხედვა და ქცევები ახასიათებთ. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– ძალიან ინდივიდუალური ვარ. მიყვარს განმარტოება და ამაში ვპოულობ თავისუფლებას. როცა  ძალიან მტკივა და მიჭირს, მაშინ ვხატავ. ეს შვებას მგვრის, ჩემი ტკივილები და განცდები ტილოზე გადამაქვს. ყველა ჩემს ნახატს თავისი ისტორია აქვს და განსხვავებულია. ასეთი ბევრი ისტორია მაქვს შექმნილი. არ მიყვარს გრძნობების გამოხატვა, ამას ხატვაში ვდებ და ნახატებით ვინიღბები. მე განცდებს ვდებ ნახატში და ვინც ნახულობს, ვინც მას აკვირდება, ყველა ადამიანი მასში თავის განცდას ხედავს.
– თქვენი მხატვრობა, პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა, რებეკა როსეტიმ, ლეონარდო და ვინჩის ხელწერას მიამსგავსა. ამაზე რას იტყვით?
– მე კი მგონია, ლეონარდო და ვინჩი გავათანამედროვე. ზოგადად, ვთვლი, რომ ხელოვნებაში, ლეონარდოს და მიქელანჯელოს შთამომავალი ვარ. ჩემი საყვარელი მხატვრები კი, ფრანსისკო გოია და
სერგო ქობულაძე არიან. ზოგადად,  ჩემი მიმართულება სიურეალიზმია. სალვადორ დალი მომწონს, მაგრამ ჩემს შემოქმედებაში მის გავლენას გავურბივარ. მინდა, ჩემი ნახატებით ახალი სიტყვა ვთქვა. მაგალითად, დანიის ხელოვნების მუზეუმში ჩემი ნახატი საუკეთესოდ მიიჩნიეს და ჯილდო გადმომცეს. ეს დიდ აღიარებად მიმაჩნია. ასევე, ძალიან მოეწონათ  ის კატალოგი, სადაც ჩემი ბიოგრაფია და ნამუშევარია შესული. ადრე კვიპროსში მქონდა გამოფენა. იქ ცხრა წელი ვიყავი და ჩემს ნახატებს გალერეებში ვაბარებდი. ძალიან მინდა, საქართველოში სახელოსნო ვიყიდო, ჩამოვიდე და გავაგრძელო მუშაობა. დღეს კი, საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან მუდმივად ვიღებ შეკვეთებს. მონაწილეობა მივიღე, მილანში გამართულ გამოფენაში, სადაც ჩემს ორ ნამუშევარს – „მღელვარე ზღვას“ და „ხუთ განზომილებას“ ხელოვნებათმცოდნეებმა მაღალი შეფასება მისცეს.
– მართალია, რომ თქვენი ნახატები იტალიელი პოეტის, დანიელა ფერაროს შთაგონების წყაროა?
– მას პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ჩემი ნახატების მიხედვით ლექსები დაწერა. ჩემს შემოქმედებაში მთავარი თემა სიყვარულია, ასევე ჩართულია პოლიტიკაც და ყველაფერი, რაც უშუალოდ ცხოვრებას ეხება. ალბათ, ეს ყველაფერი ამოიკითხა ნახატებში და მისი პოეზიის შთაგონების წყარო გახდა.

скачать dle 11.3