№30 რატომ თქვა „არმანიში” წარმატებულ კარიერაზე უარი გიორგი ქადარიამ, რომელსაც ჯორჯო არმანი საჩუქრებს უგზავნიდა და რა შეუთანხმა მან მეუღლეს იბიცაზე გადასახლებამდე
გიორგი ქადარია წლების განმავლობაში ანტვერპენში ცხოვრობდა და Armani Jeans-ის მაღაზიის მენეჯერადაც მუშაობდა. ცოტა ხნის წინ გიორგიმ წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა და საცხოვრებლად და სამუშაოდ იბიცაზე გადავიდა, თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და რამდენიმე ძალიან ცნობილ კლუბში უკრავს. მალე გიორგი მსოფლიოში ნომერ პირველ მუსიკალურ ფესტივალზე, Tomorrowland-ზე, დაუკრავს, რომელსაც მუსიკალურ სამოთხეს ეძახიან და მსოფლიოში საუკეთესო დიჯეები უკრავენ.
გიორგი ქადარია: ანტვერპენში საკმაოდ წარმატებულად ვმუშაობდი. იმდენად სტაბილური სამსახური იყო, შემეძლო, მომავალში კიდევ ბევრი რამ დამეგეგმა, ბევრი საშუალება იყო. მაგრამ ეს სტაბილურობა მომბეზრდა, თან, ჩემში არტისტულმა თვისებებმა გაიღვიძა და მოკლედ, „არმანიდან“ წამოსვლა გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. თუ წამოვიდოდი, უნდა მეკეთებინა მხოლოდ ის, რაც სულ უნდა ვაკეთო და ადგილიც სწორად უნდა შემერჩია. ასეთი ადგილი აღმოჩნდა იბიცა – 6 თვე ძალიან მაგარი სეზონია, ზამთარია ცოტა რთულად გადასატანი. სამაგიეროდ, შევძლებ ფოკუსირებას იმაზე, რაც მინდა. „არმანიდან“ წამოსვლა ქვეყნის შეცვლის ტოლფასია, ეს კი ოჯახიანად სხვაგან გადასვლასა და ყველაფრის თავიდან დაწყებას უდრის. თან, როგორია მეუღლეს უთხრა: მოდი, მე აქ ყველაფერს თავს დავანებებ და იბიცაზე წავიდეთო.
– როგორ შეხვდა შენი მეუღლე შენს გადაწყვეტილებას?
– დაახლოებით, თვე-ნახევარი ამაზე ვფიქრობდი. ერთ მშვენიერ დღესაც გავბედე და ვახშმობისას ვუთხარი: მითხარი, თუ შეძლებ, ამ იდეაში დამიჭირო მხარი-მეთქი. მომისმინა, შოკირებული კი იყო, მაგრამ ბოლოს მითხრა: ვხედავ, რომ ბოლო პერიოდი აღარ ხარ ბედნიერი, ეს თუ დაგეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, მე მზად ვარ. მაგრამ ყველაფერი ისე უნდა დაგეგმო, რომ მე ვერაფერი ვიგრძნო, ჩემს თავზე არაფერმა უნდა გადაიაროსო. ასეთ მხადაჭერას არ ველოდი და ეს რომ მითხრა, ჩემი ცოლი უკვე მეორედ შემიყვარდა.
– „არმანიში“ როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?
– ერთი მხრივ, გაუჭირდათ იმის გაგება, თუ რატომ მივდიოდი. თუმცა, ვუთხარი: გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ახლა თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად მალე გამიშვებთ-მეთქი. 29 მარტს, ჩემი წამოსვლიდან ორი დღით ადრე, ძალიან მაგარი ივენთი გვქონდა. მარტინ გარიქსი, ძალიან ცნობილი დიჯეი მყავდა ჩამოყვანილი, რომელიც წელს „არმანი ექსჩეინჯის“ სახეა. ჩვენი მაღაზიაც „არმანი ექსჩეინჯად“ გადაკეთდა და ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა. ჩემს უფროსს რომ დავემშვიდობე, მითხრა: ერთ-ორ წელიწადში თუ გადაიფიქრე, იცოდე, სამსახური გაქვსო. იმ საღამოზე ჩემი მეუღლეც თან მახლდა და იმხელა სიყვარული გამოავლინეს ჩემ მიმართ თანამშრომლებმა, მომხმარებლებმა და თავად მარტინმაც, შოკირებული ვიყავი.
– „არმანიში“ მუშაობისას რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– მე მანამდეც ძალიან კარგ კომპანიებთან მიწევდა მუშობა. თუმცა „არმანიში“ პირდაპირ ვისწავლე, რას ნიშნავს მსოფლიო სტანდარტი. ისეთ პროფესიონალებში, ისეთ გარემოში ვმუშაობდი, ეს იყო უდიდესი სკოლა. თან, თავად ბატონი ჯორჯო არმანი იმდენად იყო ყველა პროცესში ჩართული, ჩემთვის მთელი ცხოვრება დიდი მოტივატორი იქნება, როგორც ხელმძღვანელი, როგორც მამა, როგორც თანამშრომელი და ასევე, პირადი ცხოვრების მოწყობის კუთხით. ის ყოველკვირა გვიგზავნიდა სამოტივაციო წერილებს. მისგან, დაახლოებით, 7 პირადი საჩუქარი მაქვს მიღებული, თავისი ხელმოწერით, ბარათით. ძირითადად, ის მოდელები იყო, რაც ექსკლუზიურია და გასაყიდად არ იყო გათვალისწინებული. სხვადასხვანაირი სტილის ჩანთა მაჩუქა. არ ვიცი ვინ მიაწოდა ჩემ შესახებ ინფორმაცია, რომ ქრისტიანი ბიჭიაო, გამომიგზავნა ძალიან დიდი პასკა შოკოლადებით და ბებიის რეცეპტზე დამზარებული ჯემები. ერთხელ კი მისგან საშობაო საჩუქრების ძალიან დიდი შეკვრა მივიღე. ასეთი სასწაული კაცია. პირადად რამდენჯერმე მინახავს, უბრალოდ, ამ კომპანიაში პროტოკოლს, იერარქიას მუდმივად უმაღლეს დონეზე იცავენ. ერთხელ კომპანიის მსოფლიო მენეჯერმა მთხოვა, ჩემი ფოტოები გამეგზავნა, სადაც საკუთარ თავს კარგად გამოვხატავდი. როგორც შემდეგ გავიგე ჯორჯოსთვის პრეზენტაცია გაუკეთებიათ, მისთვის მენეჯერები რომ წარედგინათ. მათ შესახებ ბევრი რამ უნდა სცოდნოდა, სახეზეც უნდა ეცნო.
– როგორ განვითარდა იბიცაზე შენი კარიერა?
– 15 აპრილს ჩამოვედი და 20 აპრილს უკვე სამსახურში გავედი. ამ წუთისთვის სამ ადგილას ვუკრავ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ღამის კლუბის ხელმძღვანელი ვარ, რომელიც 22 წელია, არსებობს. ლეგენდარული კლუბია იბიცაზე და ამ გასაოცარი ადგილის მენეჯმენტი მხვდა წილად. უკვე ყველა ივენთი დავგეგმე და თავად ვკურირებ. დიჯეები, სპეციალური სტუმრების მოწვევა, მოკლედ ყველაფერი მოვაგვარე. ყველაზე გასაოცარი რაც არის, რამდენიმე დღეში Tomorrowland-ზე დავუკრავ. უკვე ყველაფერი გაწერილია: რომელ სცენაზე, რომელ საათზე, მაგრამ იმდენად აჟიტირებული ვარ, ჯერჯერობით დაჯერებაც მიჭირს. ივლისის ბოლოს დამიკავშირდნენ, აღარ ველოდებოდი, რადგან ასეთ ღონისძიებას გაცილებით ადრე გეგმავენ.
– პირველი და ერთადერთი ქართველი ხარ, ვინც ამ ფესტივალზე დაუკრავს.
– კი, ასეა. ის ადამიანები, ვინც მკიცხავენ, რატომ წამოხვედი „არმანიდან“, სად მიდიხარო, ახლა ამას რომ იგებენ: ყოჩაღ, ყოჩაღო. სტანდარტულად, ყველა დიჯეის საათ-ნახევარი ეთმობა. თუ არ ვცდები, წელს ფესტივალზე 27 სცენაა და 130 ათასი ადამიანი დაესწრება. ერთ-ერთ სცენაზე დაკვრა მე მომიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც: იბიცაზე ახალი ჩამოსული ვიყავი, კაფეში ქართველი დიზაინერი შემხვდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა და გამომიგზავნა მოდელები, რომელიც უნდა შემიკეროს და ჩავიცვა Tomorrowland-ზე. დიდი მადლობა მას, ასეთი ყურადღებისთვის. სიამოვნებით ჩავიცვამ და რაც მთავარია, თუ საშუალება მომეცა, ქართულ დროშასაც ავაფრიალებ. საინტერესო ივენთები უკვე საქართველოში ზამთარში იგეგმება.