№30 ნინო ძოწენიძემ ქმრის დაბადების დღე ბიონსესთან ერთად აღნიშნა
ბოლო დროს გავრცელდა ამბავი, თითქოს ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და წყვილმა თხუთმეტწლიან თანაცხოვრებას წერტილი დაუსვა. თუმცა, ახლახან, ნინო ბარსელონიდან დაბრუნდა, სადაც ქმრის დაბადების დღე აღნიშნა. მართლია, მისთვის ჯერ საჩუქარი არ შეურჩევია, მაგრამ დღესასწაული, არც მეტი, არც ნაკლები, ბიონსეს და მისი ფანების გარემოცვაში გაატარა. როგორც თავად ამბობს, თავისუფლების მოყვარული ადამიანია და ქმრისგან აკრძალვებს ვერ აიტანს. ხოლო, რის გამო მოუწია თაფლობის თვის მეორედ გატარება ქმართან და რატომ აქვს ხშირად მისგან განმარტოების დღეები, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.
– ახლახან ბარსელონაში ბიონსეს კონცერტს დაესწარი და ქმრის დაბადების დღე ასე აღნიშნე. ეს ვისი იდეა იყო?
– რომ გითხრათ, ბიონსეზე ვგიჟდები-მეთქი, მოგატყუებთ. მაგრამ, გიგას ძალიან უყვარს და მისი იდეა იყო, ბარსელონაში, დაბადების დღეზე, ბიონსეს კონცერტს დავსწრებოდით. ასე რომ, გიგამ, თავის თავს მიუძღვნა ბარსელონაში ვიზიტი, კარგი საჩუქარი გაიკეთა და დაბადების დღე, ბიონსესთან ერთად აღნიშნა. ვხუმრობდი, ჩემს ქმარს დაბადების დღე ბიონსემ გადაუხადა-მეთქი (იცინის). ჯეიზი და ბიონსე ერთად გამოდიოდნენ, ძალიან მაგარი სანახაობა იყო, მაგრამ ექვსი საათი ფეხზე დგომამ გადამღალა. თან, მთელი ღამის უძილო ვიყავი. მართალია, ბარსელონის ცენტრში ვცხოვრობდით, მაგრამ ხუთი საათი ვიფრინეთ, მერე მეგობარმა დაგვირეკა, დაჯავშნილი ბინა არ მოგვეწონაო, მთელი ღამე მათთვის ბინას ვეძებდით და გადავიღალე. სულ ოთხი დღე ვიყავით ბარსელონაში და ადაპტაციაც ვერ მოვასწარი. მერე ვხუმროდი, გიგას მილიონერობა ხომ დააბრალეს და ახლა რომ გაიგებენ, ბიონსესთან ერთად აღნიშნა თავისი დაბადების დღე, რა კუდებს მოაბამენ-მეთქი (იცინის).
– შენ თუ გაუკეთე ქმარს დაბადების დღის საჩუქარი?
– არა. არაფერი მიყიდია, ვერ მოვასწარი. ახლა ვფიქრობ, რამე შევურჩიო. საჩუქრის გარეშე დავტოვე, მაგრამ გამოვასწორებ.
– ამბობ, ჭორები იყო გიგას მილიონერობაზეო... ხმები დადიოდა, რომ შენ და გიგა, გარკვეული პერიოდი, გაბუტულები და გაშორებულები იყავით. პირად ურთიერთობებში გაურკვევლობები გქონდათ და ამ დროს, მეგობრები დაგიდგნენ გვერდით. ეს სიმართლეა?
– მე და გიგა თხუთმეტი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ის, რომ ურთიერთობებში გაურკვევლობა გვაქვს, ჭორი, და აბსურდია. არც გაშორებული ვყოფილვართ და არც გაბუტულები. თორემ, მე თუ ქმართან გაშორება მინდა, მეგობარი ვერ შემაჩერებს. ჟურნალისტმაც დამირეკა, კომენტარი გააკეთეთ თქვენს გაშორებაზეო და ძალიან გავბრაზდი. ვის სჭირდება ასეთი ჭორი, არ ვიცი. რასაკვირველია, კამათი მე და გიგასაც გვქონია, მაგრამ იქამდე არ მისულა, რომ დაშორებაზე ვიფიქროთ. ბოლო-ბოლო, ორი შემოქმედი ადამიანი ვცხოვრობთ ერთ ჭერქვეშ და რომ ვიკამათოთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, კამათი დაშორებამდე არ მისულა. ჩემი ქმარი, მართლა ჩემი ნაწილია და მას როგორ დავთმობ?! გიგას გარეშე ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია.
– ყველაზე ხშირად, რაზე კამათობთ?
– მაგალითად, გიგას ბიონსე უყვარს და სულ მეკამათება, შენ რატომ არ გიყვარსო. მაძალებს მის სიყვარულს და მეც არ ვუთმობ (იცინის). და, ვერ ეგუება იმას, რომ მიყვარს ტელევიზორის ყურება და შემიძლია, ვიჯდე ეკრანის წინ და გადაბმულად ვუყურო ხუთ ფილმს. მეჩხუბება, ნუ ზიხარ ამდენ ხანს ტელევიზორთანო და მერე, ჯდება და ჩემთან ერთად უყურებს (იცინის).
– ხანდახან საკმაოდ თამამად ხარ ჩაცმული. გიგასგან, ამ მხრივ, აკრძალვები არ გაქვს?
– იმიტომაც ვარ გიგასთან თხუთმეტი წელი, რომ მისგან აკრძალვები არ მაქვს. ქმარს კი არა, არავის აქვს უფლება აკრძალვები დამიწესოს. თუ ვინმე ჯინში ჩამიდგა, მით უმეტეს, გიგა, დამაკომპლექსებს და იძულებული გავმხდები, მის გარეშე ცხოვრებაზე დავფიქრდე. თავისუფლების შეზღუდვა არ მიყვარს და რომ მითხრას ქმარმა, ეს კაბა არ ჩაიცვაო, აუცილებლად ჩავიცვამ, ჯიუტი ვარ. თუმცა, იმასაც გააჩნია, როგორ მეტყვის.
– გავიგე, საკმაოდ განვითარებული გაქვს ინტუიცია და წინასწარ ხვდები მოსალოდნელ მოვლენებს, ასეა?
– ქალებს ინტუიცია მეტად განვითრებული გვაქვს, ვიდრე მამაკაცებს, ამიტომ, ხშირად მითქვამს რაღაც და გამართლებულა. კუდიანი კი არ ვარ და კუდი კი არ მაბია, მაგრამ რაღაცნაირად ვხვდები (იცინის).
– ადრე, მითხარი, აუცილებელია, რაღაც პერიოდი ცოლ-ქმარმა ცალ-ცალკე იცხოვრონ და ერთმანეთისგან დაისვენონო. ახლაც იგივე აზრზე ხარ?
– აუცილებელია, ცოლ-ქმარმა რაღაც პერიოდი დაისვენოს ერთმანეთისგან. თან, ეს საჭიროა შემოქმედი ადამიანისთვის, რომ მშვიდად იმუშაოს. ასეთი, დროებითი „განმარტოებები“ მე და გიგასაც ხშირად გვაქვს. მოაზროვნე ქმარი ცოლს უნდა ენდოს და წესები და დოგმები არ უნდა დაუწესოს.
– როგორც ვიცი, უცხო ენა არ იცი და არ გაგიჭირდა უცხოეთში კომუნიკაცია?
– ზაფხული და კურიოზები ჩემი განუყოფელი ნაწილია და ვერც ახლა ავცდი. მოკლედ, გიგა სწავლობს ინგლისურს, მეგონა, ენა კარგად იცოდა და ბარსელონაში მის იმედად წავედი. მაგრამ რად გინდა? ისე დაკომპლექსდა, მე მომიწია, ხელ-ფეხის ქნევა (იცინის). აღმოჩნდა, ამ მხრივ გიგას იმედი არ უნდა მქონდეს (იცინის). იქ სხვა ინგლისურით საუბრობენ და ვერაფერს იგებდა. გიგაზე მეტად მათ მე ვაგებინებდი. მივხვდი, ძალიან დიდი სირცხვილია, ინგლისური რომ არ ვიცი და სასწრაფოდ უნდა დავიწყო სწავლა. გიგა გაოგნებული მიყურებდა, გადავირიე, როგორ აგებინებ, რას ეუბნები ამ უცხოელებსო. მე კი ვეჭყანებოდი, ხელ-ფეხს ვიქნევდი და რაც მინდოდა, ყველაფერს, მეტყველების გარეშეც გადასარევად ვაგებინებდი (იცინის).
– შენ და გიგა, ერთად, იშვიათად დადიხართ უცხოეთში. ანუ, გამოდის, ქმრის დაბადების დღეზე, ბარსელონაში განმეორებითი თაფლობის თქვეც მოიწყვე. მეთანხმები?
– მართალია, სამოგზაუროდ ერთად ვერ დავიდვართ. გათხოვებიდან, თხუთმეტი წლის მერე, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, თაფლობის თვე მე და გიგას ბარსელონაში გვქონდა (იცინის). შვილს, სანდროს, ვეხვეწეთ: წამოდიო, მაგრამ არ წამოგვყვა. ამერიკაშიც ეპატიჟებიან, მაგრამ უცნაური ადამიანია – არც ბიონსე აინტერესებს, არც ამერიკა, არც ბარსელონა, ჯიხაიშში, ბებიასთან ურჩევნია დასვენება. ასე რომ, ცოლ-ქმარმა მეორე თაფლობის თვე ბარსელონაში შვილის გარეშე მოვიწყვეთ და ძალიან ვისიამოვნეთ. ფაქტობრივად, ოთხი დღე და ღამე არ მიძინია, სულ დავდიოდი ქუჩებში. იქიდან რომ მოვფრინავდით, თვითმფრინავში მეძინებოდა და იმდენს ელაპარაკებოდა გიგა სტიუარდესა გოგოს, არ დამაძინა. ხან ხელფასი გამოჰკითხა, ხან პოლოტთან შესვლას სთხოვდა... გამაგიჟა (იცინის).